საქართველო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2022 წელს
2022 წელს საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა — გაჩნდა უამრავი სტარტაპი, რომლებმაც მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს. ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე და დინამიკურ რეჟიმში აგრძელებს განვითარებას.
გთავაზობთ გამორჩეული ტექნოლოგიური მოვლენების ჩამონათვალს, რომლებმაც 2022 წელი საქართველოსთვის გამორჩეული გახადეს:
Theneo-ს გამარჯვება PITCH-ის კონკურსზე
ქართული სტარტაპი Theneo, რომელიც ანა რობაქიძემ დააფუძნა, 2022 წლის ნოემბერში ყველაზე მნიშვნელოვანი სტარტაპ კონკურსის, PITCH-ის გამარჯვებული გახდა.
პროექტი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია Web Summit-ის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც 70 000 ადამიანი, ასეულობით სტარტაპი და ტექნოლოგიური კომპანია ესწრებოდა მთელი მსოფლიოდან.
»…ჩვენ ვართ პირველი ქართული კომპანია, რომელმაც მოახერხა ამდენი ეტაპის გავლა ნებისმიერი სტარტაპ კონკურსის განმავლობაში. ვგრძნობ, რომ ეს სცდება ჩემი და კომპანიის წარმატებას. ეს ჩემი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული სტარტაპების ეკოსისტემაზე ბევრი არ არის ინფორმირებული. ჩვენ გვაქვს უამრავი საოცარი სტარტაპი და მგონია, რომ მე მათაც წარმოვადგენ.» — თქვა ანა რობაქიძემ.
მოგვიანებით ანა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დააჯილდოვა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციური სტარტაპია, რომელიც მაღალხარისხიან ინტერაქციულ API დოკუმენტაციას ქმნის.
Google Wallet საქართველოშია
ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონების საქართველოში მცხოვრებ მომხმარებლებს უკონტაქტო გადახდის ამ ფორმით 2022 წლის ნოემბრის თვიდან სარგებლობენ.
აპლიკაციას შეგიძლიათ მიაბათ თქვენი საბანკო ბარათები და გამოიყენოთ ის ყველგან, სადაც ამ ფორმით გადახდაა შესაძლებელი. ასევე თქვენი საშვები, კინოსა და თეატრის ბილეთები, თვითმფრინავისა და მატარებლის ბილეთები, ბორდინ პასები, პირადობის მოწმობები და სხვ.
Touch22
კავკასიის რეგიონის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კონფერენციის Touch22-ის ფარგლებში, 7 და 8 დეკემბერს ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართა. ტექნოლოგიურ სტარტაპებს მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი იდეები და მიღწევები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დამსწრე საზოგადოებისთვის გაეცნოთ. ასევე, მოესმინათ მათი შეფასებები, შეექმნათ ბიზნეს-კონტაქტები და შეეძინათ ინვესტირების ახალი შესაძლებლობები.
Touch22-ის ფარგლებში გაიმართა ვორქშოპები, რომლებიც პანელური დისკუსიებისა და ძირითადი სესიების პარალელურად მიმდინარეობდა. მათ შორის, ვორქშოფი ინდივიდუალური პროდუქტის დიზაინის შესახებ, როგორ გავზარდოთ მარკეტინგის ეფექტურობა ქცევითი მეცნიერების 9 ძირითადი პრინციპის მეშვეობით, შესავალი საპირისპირო ინჟინერიასა და iOS უსაფრთხოებაში და ფოკუსირება ყურადღების გაფანტვაზე — როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ხელის შემშლელი გარემოებებით სავსე სამყაროში?
ჩატარდა კონკურსიც, რომელშიც Calen AI-მ გაიმარჯვა. Calen AI ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტია, რომელიც მიწერილი სიტყვებით აღიქვამს სათქმელს, გპასუხობს და სერვისის მიღებაშიც გეხმარება.
DataFest
DataFest თბილისი მონაცემთა ყველაზე მასშტაბური ფესტივალია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ის აერთიანებს ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მარკეტინგის სპეციალისტებს, ბიზნეს პროფესიონალებს, საჯარო მოხელეებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, დეველოპერებსა და დიზაინერებს, რომლებიც მუშაობენ მონაცემებზე. ღონისძიება 2022 წლის 17-19 ნოემბერს გაიმართა.
ღონისძიების მიზანი იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც სხვადასხვა პროფესიის მონაცემებთან მომუშავე ადამიანები გაერთიანდებოდნენ და ერთმანეთს გაუზიარებდნენ გამოცდილებებს.
ღონისძიების ფარგლებში 2 ტიპის დატათონი (შეჯიბრება) ჩატარდა — მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსი და დემტექის ჰაკათონი დემოკრატიის გადასარჩენად.
ვიზუალიზაციის დატათონის თემები ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა მეწარმეობა და ადამიანის უფლებები იყო. ამ მიმართულებით დატაფესტს პარტნიორობას ევროპის საბჭო უწევდა.
ორგანიზაცია ForSet-ის წარმომადგენელი ლალი ცერცვაძის თქმით, DataFest Tbilisi-ის მიზანს მონაცემების გამოყენების პრაქტიკის გაზრდა წარმოადგენდა.
Arrival-ის მეტავერს კონფერენციები
კომპანია ARRIVAL-ის ორგანიზებით, ჩატარდა რამდენიმე ჰიბრიდული ღონისძიება. დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება მიეცათ, ამ ივენთებს ფიზიკურთან ერთად, მეტავერს სივრცეში დასწრებოდნენ.
Web3 კონფერენციის ჰიბრიდული მოდელი გულისხმობს ვირტუალური და რეალური სამყაროების სინთეზს, რაც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაესწრონ იმავე ღონისძიებას, რომელიც ფიზიკურ ადგილას ტარდება.
Viber-ის ოფისი საქართველოში
2022 წლის დასაწყისში თბილისში rakuten viber-ის ოფისი გაიხსნა.
როგორც გვეუბნებიან, მათ მთავარ მიზანს ქვეყანაში საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარება წარმოადგენს.
მიმოწერითი და ხმოვანი კომუნიკაციის მომუშავე საერთაშორისო კომპანია Viber მსოფლიოს გარშემო 190-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
«Viber Georgia არის Viber-ის ოფისების ნაწილი, რადგან კომპანია აგრძელებს გაფართოებას. კომპანიას აქვს სხვადასხვა ამბიციური გეგმები საქართველოში, მათ შორის მომხმარებელთა საზოგადოების გაფართოება, პოზიციების გაძლიერება რეგიონში და წვლილის შეტანა საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში, რომელიც მოიცავს ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობას და მათთან ერთად სხვადასხვა უნიკალური, ინოვაციური პროექტების განხორციელებას». — გვეუბნებიან კომპანიაში.
BitCamp ყველაზე დიდი Tech საზოგადოებრივი გაერთიანებაა საქართველოში. ის დამწყები პროგრამისტებისთვის ოთო ზალაკაშვილმა და ჰერმან საბომ დააარსეს.
BitCamp უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს და მრავალი ადამიანის წარმატების საწინდარიც გახდა. მუშაობა 2023 წელსაც გაგრძელდება, როცა BitCamp 101-ის პროგრამა სრულფასოვნად ამოქმედდება და გასაჯაროვდება ამ დრომდე ჩატარებული ყველა ლექცია და კურსი.
BitCamp-ის კიდევ ერთი წამოწყებაა პროგრამირება ბავშვებისთვის, რომლის ფარგლებშიც, 2023 წლიდან BitCamp პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს.
პროგრამა იმ მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის იქნება, ვინც დაინტერესდება ბავშვებს პროგრამირება თავად ასწავლოს. პროგრამის დასაძლევად, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ვიდეო ლექციები ჩაიწერება და ასევე სამენტორო სივრცეც გაიხსნება, სადაც მასწავლებლებს BitCamp-ისვე მომზადებული პროფესიონალები უმენტორებენ და გადაამზადებენ.
ქალები ტექნოლოგიებში
2022 წელს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, მასშტაბური გადამზადების პროექტი «500 ქალი ტექნოლოგიებში» ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა 1000-ზე მეტი ქალი. მესამე ნაკადის სწავლება კი 2023 წლის პირველ ნახევარში ჩატარდება.
პროგრამა გულისხმობს ქალებისთვის frontend და backend დეველოპმენტის, ასევე, ციფრული მარკეტინგის, UI/UX დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგის და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით.
რეგულაციები სახელმწიფოს მხრიდან
2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ. ექსპერტის, Cyber Trust-ის თანადამფუძნებლის, გიორგი იაშვილის თქმით, 2022 წელი იყო პირველი, როდესაც კერძო სექტორს დაეკისრა კონკრეტული ვალდებულებები სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან
2022 წელს დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების თანამშრომლობის პროგრამა დაიწყო. სამწლიანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაზრდას კიბერ სივრცესა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში ქვეყნის კიბერ შესაძლებლობების გაძლიერებას უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
გარკვეული ნაბიჯები გადადგეს პატარა კომპანიებმაც.
ქართული კომპანიები და საერთაშორისო ბაზარი
2022 წელს რამდენიმე დიდი ტექნოლოგიური კომპანია შემოვიდა საქართველოში, რომელმაც გავლენა იქონია ქართულ ტექ. ინდუსტრიაზე.
რამდენიმე კომპანია შევიდა უზბეკეთის ბაზარზე. ქართული კომპანიები გავიდნენ ევროპის ბაზარზეც. გიორგი იაშვილის შეფასებით, რა თქმა უნდა მსგავსი პრეცედენტები წარმატებას წარმოადგენს, თუმცა არა სერიოზულ გარღვევას.
მიუხედავად ამისა, 2022 წელი წინა წლებთან შედარებით გაცილებით აქტიური აღმოჩნდა. დაინტერესება იყო ამერიკულ და აზიურ ბაზარზე. იყო აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე გასვლის მცდელობებიც. წლის დასაწყისში გაჟღერდა რამდენიმე საინტერესო უკრაინულ-ქართული იდეა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან გამომდინარე, პროექტების განხორციელების ვადებმა გადაიწია.
TBC-ისა და Binance-ის პარტნიორობის მემორანდუმი
2022 წელს TBC-იმ თანამშრომლობა დაიწყო უდიდეს კრიპტო ბირჟასთან.
Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო 30 ნოემბერს საქართველოში პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ხოლო შემდეგ თიბისის გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძეს შეხვდა.
თიბისი უზრუნველყოფს კრიპტოვალუტის კონვერტირებასა და ადგილობრივ ვალუტაზე გადაცვლას, რათა ადგილობრივმა მომხმარებლებმა შეძლონ Binance-ის საქართველოს პლატფორმაზე კრიპტოვალუტის შეძენა და გაყიდვა ლარში.
ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, Binance საქართველოში ოფისის გახსნასაც გეგმავს.
საქართველოში რეპო ბაზრის ახალი E-bond პლატფორმა დაინერგა
2022 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც Bloomberg-ის ახალ, გაუმჯობესებულ რეპო პლატფორმაზე გადავიდა. რეპო ფასიანი ქაღალდების გაყიდვაა შემდგომში იმავე ან მსგავსი ფასიანი ქაღალდების წინასწარ შეთანხმებული უკან ყიდვის ვალდებულებით.
Bloomberg-ის E-bond პლატფორმის საშუალებით ადგილობრივი ბაზრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, რეპო ოპერაციები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელონ.
e-bond პლატფორმა დაცული ინტერფეისის საშუალებით ინტეგრირებულია ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ადგილობრივ GSSS (Georgian Securities and Settlement System) სისტემასთან, რომლის მეშვეობით დადებული გარიგებების სწრაფი და უსაფრთხო ანგარიშსწორება ხორციელდება.
გაიცა პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია
2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს პეისერა საქართველოზე პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, «პეისერა საქართველოს» ბიზნესმოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს. «პეისერა საქართველოს» საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება.
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, პეისერა საქართველოს დირექტორი ირაკლი ვეკუაა, ის ფლობს კომპანიის 40%-იან წილსაც. კიდევ ერთი 40%-იანი წილის მფლობელი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილია, დარჩენილი 20%-ის კი — ივანე თევდორაშვილი.
Dev.ge — პირველი ქართული მედია IT-სა და ტექნოლოგიების შესახებ
ჩვენი მედია 2022 წლის 27 ოქტომბრიდან აწვდის მკითხველს ინფორმაციას საქართველოსა და მსოფლიოში ტექნოლოგიების სფეროს მთავარ ამბებზე.
Dev.ge-ის მთავარი მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოში ტექ საზოგადოების ზრდას.
Dev.ge-ის გამომცემელი არის Dev.media — საერთაშორისო მედია-კომპანია.
ჩვენი მიზანია, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით, ხელი შევუწყოთ მოქალაქეების ინფორმირებულობის ზრდას ტექნოლოგიების შესახებ, ასევე, მოვამარაგოთ ტექ-საზოგადოება ქართული IT ინდუსტრიის წარმატებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციით.
ჩვენი ღირებულებები ემყარება თავისუფალი ბაზრის, გამოხატვის თავისუფლების, ტოლერანტობის პრინციპებს. dev.ge დაცლილია დისკრიმინაციისგან.
dev.ge-ს გამომცემელი არის dev.media — საერთაშორისო მედია-კომპანია.
ის 2008 წელს დაარსდა და ამჟამად ფუნქციონირებს კიევში, ვარშავასა და თბილისში.
კომპანიის მფლობელები არიან: დამფუძნებელი არტიომ კონცევოი და კომპანია VP Capital, რომელმაც გამოცემაში ინვესტიცია 2017 წელს განახორციელა.
dev.ge-ის რედაქცია დამოუკიდებელია დამფუძნებლისა და ინვესტორებისგან, მოქმედებს მკითხველების და IT საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ემსახურება არცერთი კომპანიის კორპორატიულ ან რომელიმე პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ჩვენ არანაირ მომსახურებას არ ვუწევთ რუსეთში მომუშავე კომპანიებს. dev.media დგას უკრაინის და მისი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს დართო სურათის დასანახად და უკეთ აღსაქმელად Dev.ge-ის გუნდი ამზადებს დოკუმენტურ ფილმს, რომელიც აერთიანებს სტარტაპერებს, დიდი კომპანიების დამფუძნებლებს, უნივერსიტეტებსა და მოხალისეებს.
Dev.ge-ის 2 თვეში 50 ათასზე მეტი ინდივიდუალური მკითხველი ჰყავს.
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.