ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
31 მარტი 2023, 10:30
2023-03-31
The Economist: დიდი ტექნოლოგიური კომპანიები და AI დომინაციისკენ სწრაფვა
რა ვისაუბრეთ, შევაჯამეთ, გადავწყვიტეთ ვიდეო ზარში, რომელიც Microsoft Teams-ში განხორციელდა? — ამის გასარკვევად Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯარედ სპარატოს რამდენიმე დაწკაპუნება სჭირდება. ჩვენ 30-წამიანი პაუზის გასვლას ველოდებით მაშინ, როცა სადღაც, კომპანიის ერთ-ერთ უზამაზარ მონაცემთა ცენტრში ხელოვნური ინტელექტი ვირტუალური შეხვედრის ჩანაწერს აანალიზებს, კითხვებსა და პასუხებს აჯამებს და საუბრის მოკლე შინაარს გვთავაზობს. სპატარო აღფრთოვანებას ვერ მალავს.
Teams ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომელშიც Microsoft მანქანურ ინტელექტს ნერგავს. 16 მარტს პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა განაცხადა, რომ თითქმის ყველა პროდუქტში, მათ შორის Word-სა და Excel-ში, ხელოვნური ინტელექტი ნაწილობრივ დაინერგება. ორი დღით ადრე, Google-ის მშობელმა კომპანია Alphabet-მა მსგავსი განახლება საკუთარ პროდუქტებში, Gmail-სა და Sheets-ში დააანონსა.
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები «ომში» არინ ჩაბმულნი. OpenAI-მ, სტარტაპმა, რომელიც ნაწილობრივ Microsoft-ს ეკუთვნის, ახალი, უძლიერესი AI მოდელი, GPT-4 გამოუშვა. Amazon Web Services-მა (aws) თქვა, რომ პარტნიორობას Hugging Face-თან და ხელოვნური ინტელექტის სხვა სტარტაპებთან კიდევ უფრო გააფართოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, Apple ახალი AI მოდელების გამოყენებას თავის ბიზნესში აპირებს, მათ შორის, ვირტუალ ასისტენტ Siri-ში. Meta-ს ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ მას კომპანიის პროდუქტების ხელოვნური ინტელექტით დამუხტვა სურს. 21 მარტს კი Google-მ ChatGPT-ის კონკურენტი, Bard გამოუშვა.
ეს გიჟური აქტიურობა ხელოვნური ინტელექტის მოდელების ახალი ტალღის შედეგია, რომლებიც ლაბორატორიიდან პირდაპი რეალურ სამყაროში მიდიან. ვერავინ მიიღებს იმაზე დიდ სარგებელს ვიდრე გიგანტი კომპანიები — ხუთივე აცხადებს, რომ მათი ყურადღება, ფული, მოტივაცია, AI-ზეა ორიენტირებული. ორი რამ უკვე ნათელია. ხელოვნური ინტელექტისთვის რბოლა დაწყებულია. და გამარჯვებულის გამოვლენამდე ის გზა რადიკალურად იცვლება, რომლითაც დიდი ტექნოლოგიური კომპანიები არსებობდნენ და დომინაციას ინარჩუნებდნენ.
ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიური ტიტანებისთვის ახალი არ არის. Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა თავის გუნდს ჯერ კიდევ 2014 წელს ჰკითხა, როგორ აპირებდნენ AI-ის კომპანიის პროდუქტებში ჩართვას. ორი წლის შემდეგ Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ თავის კომპანიას «პირველი AI კომპანია» უწოდა.
Gpt-4-ის მსგავსი გენერაციული AI მოდელები გარდამტეხ წერტილს ჰგავს. პირველი გასროლა ნოემბერში, Chatgpt-ის გამოშვებისას გაისმა, რომელიც მომხმარებლებში უდიდესი პოოპულარობით სარგებლობს. ამ ყველაფრის უკან დიდი ენობრივი მოდელები დგას. ისინი ინტერნეტში არსებულ კონტენტს აანალიზებენ და მომხმარებლის მოთხოვნებს ძალიან სწრაფად პასუხობენ. ამ თვალსაზრისით, AI ტექნოლოგიის ფენა გახდება, რომლის თავზეც ყველანაირი პროგრამული უზრუნველყოფის აგება იქნება შესაძლებელი.
ტექნოლოგიურ გიგანტებს ყველაფერი გააჩნიათ — მონაცემები, გამოთვლითი სიმძლავრე, მილიარდობით მომხმარებელი — რათა AI ინდუსტრიაში დომინაცია გააძლიერონ. ისინი ოდესღაც დომინანტური კომპანიების, Kodak-დან BlackBerry-მდე, ბედს იხსენებენ, რომლებმაც ციფრული ცვლილებები გამოტოვეს, შესაბამისად გაკოტრდნენ და ჩაიძირნენ. მსგავი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად 2022 წელს, საფონდო ბაზრის კრიზისის ფონზე, დიდმა ხუთეულმა ხელოვნური ინტელექტის კვლევასა და განვითარებაში 223 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.
თანხის ნაწილი საწყობებზე, საოფისე შენობებსა და მონაცემთა ცენტრებზე დაიხარჯა. თუმცა, ხარჯების დიდი ნაწილი ყოველთვის ტექნოლოგიური კომპანიების სამომავლო განვითარებაზე იხარჯება.
დღეს ფსონი აუცილებლად AI-ზე უნდა დაიდოს, რასაც კომპანიები არ ერიდებიან. ცოტა ხნის წინ, ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი Meta-ს ინვესტიციის მთავარი კატეგორიაა.
იმის გასაგებად, თუ როგორ დებენ კომპანიები AI-ზე ფსონებს და რამდენად დიდია ფსონების რაოდენობა, აუცილებელია, მათი ინვესტიციების, შესყიდვების, განცხადებების, პატენტების, კვლევითი ნაშრომების მონაცემები გავაანალიზოთ.
ექსპერტიზა ცხადყოფს, რომ ტექნოლოგიაზე სერიოზული რესურსები იხარჯება. კვლევითი კომპანიის, PitchBook-ის მონაცემების მიხედვით, 2019 წლიდან გიგანტი კომპანიების ერთობლივი შესყიდვებისა და ინვესტიციების დაახლოებით მეხუთედი AI კომპანიებს მოიცავს.
დაიხარჯა იმაზე მეტი, ვიდრე კრიპტოვალუტების, ბლოკჩეინის, დეცენტრალიზებული ვებისა და ვირტუალური რეალობის შემთხვევაში. კიდევ ერთი კვლევითი კომპანიის, PredictLeads-ის მონაცემების მიხედვით, ტექნოლოგიური სამუშაოების დაახლოებით მეათედი AI უნარებს მოითხოვს.
თუმცა, ეს საერთო რიცხვები ხუთ ტექნიკურ გიგანტს შორის დიდ განსხვავებებს მალავს. Microsoft და Alphabet, როგორც ჩანს, წინ მიიწევენ, Meta კი მათ ფეხდაფეხ მიჰყვება. 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, დიდი ხუთეული თვეში დაახლოებით ერთ ინვესტიციას AI სპეციალისტებში აკეთებდა, რაც წინა სამი წლის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.
Microsoft, ცალსახად, ლიდერია. მათი ყოველი სამი გარიგებიდან ერთი ხელოვნურ ინტელექტთან არის კავშირში. ეს Alphabet-ისა და Amazon-ის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემეტება, დაახლოებით 6-ჯერ — Meta-ს და უსასრულოდ — Apple-ს, რომელსაც მსგავსი ინვესტიცია საერთოდ არ განუხორციელებია.
Microsoft-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფსონი OpenAI-ზე დევს, რომლის ტექნოლოგიაც ჯერ-ჯერობით საუკეთესოდ ითვლება. გავრცელებული ინფორმაციით, 11 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც Microsoft-მა OpenAI-ში ჩადო კომპანიას ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოგებას მოუტანს.
Microsoft-მა ინვესტიცია d-Matrix-შიც განახორციელა, რომელიც AIiტექნოლოგიას მონაცემთა ცენტრებისთვის აწარმოებს, და Noble.ai-ში, რომელიც ალგორითმებს ლაბორატორიული სამუშაოებისა და სხვა R&D პროექტების გასამარტივებლად იყენებს.
Microsoft ასევე AI სტარტაპების დიდ მყიდველადაც ითვლება. მას ისეთი საინტერესო და პერსპექტიული სტარტაპის შესყიდვა სურს, როგორიცაა Nuance, რომელიც ჯანდაცვის სექტროში მოქმედებს. Meta-ს სტარტაპების პირდაპირ ყიდვა უფრო იზიდავს, ვიდრე მათში რაიმე ინვესტიციის ჩადება.
Alphabet-ის შესყიდვები Microsoft-ს 2019 წლიდან ჩამორჩება, თუმცა, Google-მა 2014 წელს ლონდონში დაფუძნებული AI ლაბორატორია, DeepMind იყიდა, რომლის განვითარებაზეც დიდ ფულს ხარჯავს.
Apple შესყიდვებს პრაგმატულად უდგება. მათი შესყიდვების თითქმის ნახევარი ხელოვნურ ინტელექტთან არის კავშირში — ai.Music-დან Credit Kudos-მდე. Bank of America-ს წარმომადგენელი, ვასმი მოჰანი აღნიშნავს, რომ Apple-ის შესყიდვები ისტორიულად ყოველთვის მცირე იყო, თუმცა სიახლეების არსებულ პროდუქტებში დანერგვაში საუკეთესოები არიან.
ინვესტიციებთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის მცოდნე პროფესიონალებზე მოთხოვნაც იზრდება. Google-ის, Meta-სა და Microsoft-ის მიერ ჩამოთვლილი სამუშაოების დიდი წილი AI-ის ექსპერტიზას მოითხოვს.
PredictLeads-ის მონაცემების მიხედვით, 2019 წლიდან მოყოლებული, Alphabets-ის ოთხი ვაკანსიიდან ერთი ხელოვნურ ინტელექტთან არის კავშირში. ამ მაჩვენებლით, მეორე ადგილზე Meta გავიდა. LinkedIn-ის მონაცემებით, Alphabet-ის ყოველი მეექვსე თანამშრომელი თავის პროფილზე AI-სთან დაკავშირებულ უნარებს ამატებს.
სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების რაოდენობაც გაიზარდა. 2020-დან 2022 წლამდე Alphabet-მა 9000-მდე სტატია გამოაქვეყნა, რაც უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა კორპორატიული ან აკადემიური ინსტიტუტის მაჩვენებელი. Microsoft-მა 8000, ხოლო Meta-მ 4000 მასალა დააგროვა.
Meta რეპუტაციას იქმნის, თითქოს ხელოვნური ინტელექტი ნაკლებად აინტერესებს, ვიდრე ამას კონკურენტების შემთხვევაში ვხვდებით. შეიძლება ასეც არის. Meta-ს AI-პროგრამული ბიბლიოთეკა, სახელწოდებით PyTorch, დიდი ხანია, ყველასთვის ხელმისაწვდომია; თებერვლიდან მოყოლებული აკადემიურ მკვლევრებს შეუძლიათ, კომპანიის დიდი ენობრივი მოდელი, Llama თავისუფლად გამოიყენონ.
დაბალფასიან ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია, რომ კრეატორებს კონტენტის შექმნა გაუადვილოს, რაც Meta-ზე დადებითად აისახება. ამან შეიძლება Alphabet-ის, Amazon-ისა და Microsoft-ის ბიზნესი შეაფერხოს, რომლებიც ცდილობენ, AI მოდელები თავიანთი ღრუბლოვანი პლატფორმების საშუალებით გაყიდონ.
AI-სთან დაკავშირებული სიგიჟე ჯერ პიკში არ შესულა, თუმცა ტექნოლოგიური კომპანიები განხორციელებული ფსონებიდან მოგებას უკვე ნახულობენ. ხელოვნური ინტელექტის ბუმი იმაზე დიდია, ვიდრე აქამდე უკვე ნანახი ტექნოლოგიური გარღვევები.
სულ რაღაც 4 თვის შემდეგ, რაც ChatGPT-მ მსოფლიო დაიპყრო, Microsoft-მა და Google-მა თავისი პროდუქტები Bing და Bard გარდაქმნეს, მათ სიცოცხლე დაუბრუნეს.
Alphabet და Meta ინსტრუმენტებს გთავაზობთ, რომელიც სარეკლამო კამპანიას თავად ახორციელებს და მომხმარებლების მოზიდვისთვის იდეალურია.
Microsoft ნაწილობრივ OpenAI-ის ხელშეწყობაზეც ზრუნავს. Apple კი ხელოვნურ ინტელექტს უკვე არსებულ პროდუქტებში წარმატებით ნერგავს. Amazon-ის ჩათბოტი თქვენს სურვილებზე მორგებულ იდეალურ პროდუქტს შემოგთავაზებთ.
მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გახდება პირველი, ფაქტი ერთია — ეს რევოლუციის მოკრძალებული დასაწყისია. ჩვენ უკვე ვიხილეთ ისეთი არანორმალური პროდუქტები, რომელთა მსგავსიც არასდროს გვინახავს. მთავარი სანახაობა და ინტრიგა, რა თქმა უნდა, წინ გველოდება.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.