ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
21 თებერვალი 2023, 19:00
2023-02-21
The Economist: შესაძლოა WI-FI-ის სიგნალებმა ჯაშუშებს საქმე გაუმარტივოს
რადიოტალღების მსგავსად, დახვეწილ დეფორმაციას Wi-Fi-ის სიგნალებიც განიცდიან, როდესაც ობიექტებს, მათ შორის ადამიანებს, ეხებიან. მათ ინფორმაციის მოწოდება შეხების ფორმისა და მოძრაობის შესახებ დაახლოებით იმ ტექნიკის დახმარებით შეუძლიათ, რომელსაც ღამურა დაბრკოლებებისა და საფრთხის გამოვლენისთვის იყენებს.
ამიტომ, პიტსბურგში, კარნეგი მელონის უნივერსიტეტის სტუდენტები, ჯიაკი გენგი, დონგ ჰუანგი და ფერნანდო დე ლა ტორე დაინტერესდნენ, შეეძლოთ თუ არა Wi-Fi-ის გამოყენება იმისთვის, რომ ადამიანების გადაადგილება და ქცევა ჩაეწერათ. მალევე მიხვდნენ, რომ მათი აზრი რეალობასთან საკმაოდ ახლოს იყო.
ისინი Wi-Fi-ის სიგნალებს შესაბამისი მარშრუტიზატორებითა და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის დახმარებით აწარმოებდნენ. ალგორითმს ოთახში მყოფი პირების მოძრავი ციფრული პორტრეტების რეკონსტრუქცია და მათი პოზების შეფასება შეეძლო.
გენგი, ჰუანგი და დე ლა ტორე პირველები არ არიან, ვინც მსგასვი იდეა პრაქტიკაში განახორციელა, თუმცა, მათ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადეს. ადრე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა პოზების მხოლოდ ორგანზომილებიანი (2d) შეფასება მოახერხეს — ის სხეულზე 17 ვექტორულ წერტილს აკონტროლებდა, როგორიცაა თავი, მკერდი, მუხლები, იდაყვები და ხელები.
ჰუანგის თქმით, მისმა გუნდმა წინამორბედების შედეგი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. მათ გამოიყენეს ტექნოლოგია, რომელსაც სხეულის სრული 3D რეკონსტრუქციის გენერირება და ათასობით ვექტორული წერტილის კონტროლი შეუძლია. მეტიც, პროექტში სტანდარტული ანტენები გამოიყენეს, რომლებსაც საყოფაცხოვრებო Wi-Fi მარშრუტიზატორებშიც ვხვდებით. წინა მცდელობები აღჭურვილობის დახვეწილ ვერსიებს ეყრდნობოდა.
Wi-Fi-ზე დაფუძნებულ სხეულის დეტალური თვალყურის დევნების ტექნოლოგიას რამდენიმე გამოყენება ექნება. დე ლა ტორეს თქმით, WI-FI როუტერების გამოყენება ხანდაზმული ადამიანების კეთილდღეობის მონიტორინგისთვის შეიძლება. ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი, ილი რენი, რომელიც მსგავს ტექნოლოგიაზე მუშაობს, ფიქრობს, რომ ამის გამოყენება ინტერაქციული თამაშებისა და ვარჯიშის მონიტორინგისთვის იდეალური იქნება.
2016 წელს დინა კატაბიმ, მინგმინ ჟაომ და ფადელ ადიბმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიიდან აჩვენეს, თუ როგორ შეუძლია WI-Fi-ის მსგავს რადიოსიგნალებს ადამიანის გულისცემის (და შესაბამისად მისი ემოციური მდგომარეობა) დისტანციურად ამოცნობა.
თუმცა, ეს იდეები, ცხადია, იმ მთავარი მიზნიდან ყურადღების გადასატანადაა, რისთვისაც, ნებისმიერი ასეთი სისტემა იქმნება, კერძოდ თვალთვალისთვისა და ჯაშუშობისთვის. მაგალითად, 2018 წელს, სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა იანზი ჟუმ და მისმა კოლეგებმა წარმატებით აჩვენეს, თუ როგორ შეეძლოთ კრაკერებს WI-FI სიგნალების დახმარებით ადამიანის გადაადგილებისთვის თვალყური დევნება (თუმცა, პოზებს ვიზუალურად ვერ გადმოსცემდნენ).
ადვილი წარმოსადგენია, ვინ შეიძლება დაინტერესდეს ნებისმიერი შენობის სათვალთვალო ყუთად გადაქცევის შესაძლებლობით. დოქტორმა ჰუანგმა კითხვას, თუ ვინ აფინანსებს მის გუნდს, არ უპასუხა. მათ კიდევ ერთი პროექტი აქვთ, რომელიც ვიდეოთვალთვალის ტექნოლოგიის გაუმჯობესებას ემსახურება. მას აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის კვლევითი ცენტრი, iarpa აფინანსებს, რომელიც ამერიკის ჯაშუშებს მეთვალყურეობს.