ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Kartvelian Legends — ქართულ მოტივებზე დაფუძნებული RPG მობილური თამაში

ქართული მითოლოგია თუ ზღაპრები სავსეა არაერთი საინტერესო თავგადასავლითა და პერსონაჟით. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური ხასიათი და გამორჩეული ისტორია აქვთ. მზეო დევაძე, ბუბა რუსეიშვილი, ცოტნე ღლონტი და ელენე თედორაძე ქართული მითოსით დაინტერესდნენ და შექმნეს Kartvelian Legends — ახალი პროდუქტი, რომელიც მობილური თამაშის საშუალებით გეგმავს საზოგადოებას ქართული ისტორია, მითოლოგია და ზღაპრები გააცნოს. თამაშის ილუსტრაციები, ისტორია და მუსიკალური გაფორმება სწორედ ქართულ მოტივებს დაეყრდნობა. 

კომენტარის დატოვება

თამაშის შექმნის იდეა დაახლოებით ექვსი თვის წინ გაჩნდა. გუნდის წევრები წლების განმავლობაში მეგობრობდნენ და თამაშების შექმნის სფეროს სხვადასხვა ნაწილში იყვნენ ჩართული.

მზეო დევაძე
«ეს არის თამაში, რომელიც მთლიანად შთაგონებულია მდიდარი ქართული კულტურით — თავისი ლეგენდებით, ფოლკლორით, სირთულეებით, გმირებით. მაგალითად, ყველასთვის ნაცნობი დევთან მებრძოლი ამირანი, ნადირობის ქალღმერთი დალი — ასეთი კულტურული ნიშნებით». — ამბობს მზეო.
ბუბა რუსეიშვილი
«რეალურად, ყოველი ჩვენგანი ამ სფეროს სხვადასხვა ნაწილში იყო ჩართული. მე უფრო გრაფიკით ვიყავი დაკავებული. მზეო 3D მოდელირებით. ცოტნე და ელენე სოციალური მედიის მენეჯერები იყვნენ. ძალიან უცნაური იყო — რომ ვიკრიბებოდით, შეგვეძლო საერთო პროდუქტის შექმნა, მაგრამ გუნდის ჩამოყალიბება არასდროს გვიფიქრია». — ამბობს ბუბა.

ვინ ქმნის Kartvelian Legends-ს 

გუნდის წევრებს თამაშების ინდუსტრიის და ქართული მითოსისადმი ინტერესი საკმაოდ დიდი ხანია აქვთ.

მზეო დევაძე 3D მოდელირებასა და თამაშების შექმნის ძრავებზე მუშაობს.

«ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, როცა თამაშებს ვთამაშობდი, მეც შემექმნა რაღაც ჩემი. მაგ პერიოდისთვის არც კი წარმომედგინა, რა სირთულეებთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული».  — ამბობს მზეო. 

ცოტნე ღლონტი აქტიურად მუშაობს სოციალურ ქსელებში და ამასთან, თამაშისთვის Motion design-ს და ვიდეო კონტენტს ამზადებს. 

ელენე თედორაძე გუნდის ყველაზე პატარა წევრია. ის 17 წლისაა. ამჟამად გუნდს სოციალური მედიის მართვაში ეხმარება და აქტიურად იღებს მონაწილეობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. 

რაც შეეხება ბუბა რუსეიშვილს, ის გრაფიკული დიზაინერია. როგორც ყვება, ბავშვობიდან ხატავდა და მუდამ ჰქონდა სურვილი, შეექმნა პროდუქტი, რომელიც მითოლოგიასთან იქნებოდა დაკავშირებული.

«ძალიან მიყვარდა League Of Legends  და ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ LOL-ში მემუშავა. მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რატომ ვიმუშაო რაღაც სხვაზე, როცა შემიძლია ჩემი შევქმნა».  — ამბობს ბუბა. 

თამაშის იდეაც ძალიან სპონტანურად დაიბადა — ერთ-ერთი შეხვედრისას სხვადასხვა თამაშებს განიხილავდნენ და თქვეს — «მოდი, ვცადოთ Kartvelian Legends». 

მუშაობა იმავე დღიდან დაიწყეს.

რა ეტაპზეა თამაშის შექმნის პროცესი

ამჟამად გუნდი პროტოტიპირების ეტაპზეა და GITA-ს რეგიონული გრანტის პროექტშიც მონაწილეობს.

«ვცდილობთ, მოვიპოვოთ დაფინანსება, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ უშუალოდ პროტოტიპირება დავასრულოთ. რა თქმა უნდა, დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. თამაშის მექანიკა გარკვეულია. ვიზუალები, პერსონაჟები — დაწერილია. ახლა უბრალოდ გვჭირდება ის ბოლო, მნიშვნელოვანი დეტალები, რაც თამაშის  და პროტოტიპის დასრულებას რეალურად სჭირდება, იმიტომ რომ ბაზარზე გასატანად ვემზადებით.» — ამბობს მზეო დევაძე.

სამიზნე აუდიტორიად გუნდის წევრები ქართულ ბაზარზე თამაშებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს განიხილავენ. 

 «ვფიქრობთ და გვაქვს ამბიცია, რომ ქართულ ბაზარზე პირველები ვართ მსგავსი პროდუქტით. ჩვენი თამაში არამარტო ჩვენს ტოლებს და ჩვენზე პატარებს, არამედ საზოგადოებას მისცემს საშუალებას თავისთვის სახალისო კუთხით გაეცნონ იმას, რაც მართლა უყვართ და დააინტერესებთ». — ამბობს მზეო.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში თამაშით 9-დან 35 წლამდე ადამიანები დაინტერესდებიან, რაც RPG (role playing games) მობილური თამაშებით დაინტერესებულთა საშუალო ასაკია.

მიმდინარე პროცესებს თან სირთულეებიც სდევს. საწყის ეტაპზეც და ახლაც გუნდისთვის მთავარ სირთულეს შეზღუდულ ვადებში მუშაობა წარმოადგენს.

«სულ თავიდან, როცა Kartvelian Legends-ის შექმნა გადავწყვიტეთ, მივხვდით, რომ გვჭირდებოდა რაღაც დაფინანსება იმისთვის, რომ იდეა ბოლომდე მიგვეყვანა.

ერთი ან ორი კვირის შემუშავებული გვქონდა იდეა, როდესაც GITA-მ 15 000 ლარიანი დაფინანსების პროგრამა გამოაცხადა.

დავიწყეთ მუშაობა, ბიზნეს გეგმის დაწერა, ისტორიის ისე მობილიზება, რომ რეალურად გასაგები ყოფილიყო რისი შექმნა გვინდოდა.

ყველაზე დიდ სირთულეს, კონკრეტულად ბუბასთვის, ალბათ, ათასობით ილუსტრაციის ძალიან მოკლე ვადაში შექმნა წარმოადგენდა. ფიზიკურად შეუძლებელი იყო, მაგრამ როგორღაც შეძლო. იქვე ანიმაცია ავაწყვეთ.

პროტოტიპი, რამდენიმე ტური (Level) გავაკეთეთ, რომ გასაგები ყოფილიყო რა ხდებოდა. ეს იმ მომენტში, როცა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვხედავდით, რა შეიძლებოდა ეს პროტოტიპი ყოფილიყო. ამას თავისი სირთულეებიც ჰქონდა.

უარი მივიღეთ, თუმცა ამან უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა იმისთვის, რომ ჩვენი შეცდომები გაგვეთვალისწინებინა». — ამბობს მზეო დევაძე. 

Kartvelian Legends-ის გუნდი ამჟამად ცდილობს, რაც შეიძლება მოკლე დროში რაც შეიძლება მაღალი ხარისხის პროდუქტი შექმნას.

«ჩვენი ძირითადი სირთულე ის არის, რომ გვინდა, მაღალხარისხიანი პროდუქტი შევქმნათ, დრო კი ძალიან ცოტა გვაქვს. მაგრამ, ბევრ რაღაცას ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გავიმარტივოთ. ყველა ჩართულია როგორც გმირის შექმნაში, ასევე რჩევებით — როგორი ვიდეო გადავიღოთ, რა უნდა იყოს ტრეილერის არსი და ა.შ.» — ამბობს ბუბა რუსეიშვილი. 

გუნდი მოულოდნელობებთან გამკლავებასაც სწავლობს. ისინი ყოველდღიურად იმაღლებენ კვალიფიკაციას და ცდილობენ, იმედები არ გაუცრუონ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე დაინტერესდნენ პროდუქტით. 

ასევე, როგორც ამბობენ, არ სურთი, იმედები საკუთარ თავებს გაუცრუონ.

Kartvelian Legends-ს გუნდის თქმით, თამაშის შექმნას რამდენიმე მიზანი აქვს:

  • ქართული ისტორიის, მითების და ზღაპრების პოპულარიზაცია იმ თაობაში, რომელიც საქართველოს სხვა კუთხით უფრო იცნობს, 
  • გუნდს უნდა, საზოგადოებას აჩვენოს, რომ თამაშების შექმნის ინდუსტრიის განვითარება საქართველოშიც შეიძლება.
«ჩვენ გვინდა, ვაჩვენოთ ხალხს, რომ საქართველოში შეიძლება, დამოუკიდებლად, ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროს შექმნა პროდუქტი, რომელიც იქნება საინტერესო/ ჩვენ ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია ამისთვის, როგორც ხალხს, ასევე — კულტურას და ისტორიას. ეს იყო მთავარი მიზანი». — ამბობს მზეო.
  • ასევე, თამაშის მიზანია სახელი «საქართველოს» პოპულარიზაცია მსოფლიოში.
«თამაშს ჰქვია Kartvelian Legends და არა Georgian Legends. თამაშის ძირითადი მიზანია, რომ მსოფლიოს გააცნოს საქართველო ისე, როგორც საქართველო და არა — როგორც Georgia». — ამბობს ბუბა.

GITA-ს გრანტის მოპოვების შემთხვევაში, თამაშის გამოშვება 6 თვიდან ერთ წლამდე პერიოდში იგეგმება. თუმცა, მანამდე, უნდა გამოუშვან ტრეილერები, ანიმაციები და კომიქსები, რათა პროდუქტის შესახებ მოლოდინი და ინფორმაცია წინასწარვე არსებობდეს. 

თუმცა, დაფინანსებას ვერმოპოვების შემთხვევაშიც Kartvelian Legends დანებებას არ აპირებს.

«ჩვენ მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არ გვაქვს პრეტენზია — გვიდა, გლობალურ ბაზარზე გავიდეთ. ეს ყველაფერი გაწერილია. ველოდებით დაფინანსებებს. თუ ვერ მოხდება ისე, როგორც ამ კუთხით დაგეგმილი გვაქვს, მუშაობას მაინც არ შევწყვეტთ. მაინც გაკეთდება, ოღონდ ცოტა ვრცელ ვადებში. ანიმაციების და კომიქსების ნაწილში აუცილებლად ჩავეტევით დროში». — ამბობს მზეო.

თამაში მობილური აპლიკაციის სახით App Store-სა და Google Play-ზე იქნება ხელმისაწვდომი. ექნება რამდენიმე მოთამაშის (multy player) რეჟიმი და იქნება სრულიად უფასო ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები და როგორია ინდუსტრიის ქართული პერსპექტივა
როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები და როგორია ინდუსტრიის ქართული პერსპექტივა
თემის მიხედვით
როგორ იქმნება კომპიუტერული თამაშები და როგორია ინდუსტრიის ქართული პერსპექტივა
გაიცანით  თამთა ასათიანი — თამაშების 21 წლის დეველოპერი
გაიცანით თამთა ასათიანი — თამაშების 21 წლის დეველოპერი
თემის მიხედვით
გაიცანით თამთა ასათიანი — თამაშების 21 წლის დეველოპერი
აქ შენ ქმნი სამყაროს — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები
«აქ შენ ქმნი სამყაროს» — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები
თემის მიხედვით
«აქ შენ ქმნი სამყაროს» — გაიცანით ქართველი გეიმერი ქალები
დააჭირე Play-ს — ვიდეო თამაშების ისტორია
დააჭირე Play-ს — ვიდეო თამაშების ისტორია
თემის მიხედვით
დააჭირე Play-ს — ვიდეო თამაშების ისტორია

ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
პეკინის დაკვეთით, Apple WhatsApp-სა და Threads-ს ჩინეთის App Store-დან წაშლის
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.