ქართული თამაშები, რომელთა შესახებაც ბევრმა არ იცის
ბოლო წლებში ვიდეო თამაშის ინდუსტრია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. გლობალურად, ყოველწლიურად ეს სფერო მილიარდობით აშშ დოლარს გამოიმუშავებს.
თამაშების შექმნისა და გამოყენების ზრდას გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე, ინოვაციებსა და კრეატიულობაზე, საერთაშორისო აღიარებაზე, განათლებასა და უნარების განვითარებაზე.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ქართულ თამაშს, რომელთა შესახებაც შეიძლება არც გსმენიათ:
თამაშის მთავარი პერსონაჟი საქართველოს მე-2 პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძეა.
თამაშის შემქმნელს, ლევან გელიაშვილს იდეა გაუჩნდა, ედუარდ შევარდნაძისა და 90-იანების შესახებ რამე სახალისო, მარტივი «Endless runner» შეექმნა.
თამაშზე იმუშავეს არტისტებმა ლაშა მეტრეველმა და ვარლამ ჯმუხაძემ. ეს ყველაფერი დემეტრე შონიამ გააერთიანა.
თამაშის აღწერაში ვკითხულობთ:
«90-იანი წლები საქართველოსთვის ურთულესი პერიოდი იყო, რადგან ქვეყანა საბჭოთა კავშირის ნარჩენებს ებრძოდა — სრული ქაოსი ეკონომიკაში, პოლიტიკაში და საერთოდ ყველა მიმართულებაში. დაინგრა ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო თითქმის ყველა სფერო, მათ შორის ეკონომიკა, რამაც გამოიწვია ინფლაცია, სიღარიბე, უმუშევრობა, შიდა დაპირისპირება, კრიმინალის გაზრდა და კორუფცია ყველა დონეზე. ამას დაემატა დენის და წყლის, საკვების დეფიციტი და გაუთავებელი პურის რიგები.
მაშინ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელიც თამაშის მთავარი გმირია. ის რჩება 90-იანი წლების ერთ-ერთ მთავარ მოგონებად, მისმა პრეზიდენტობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩვენს ცხოვრებასა და ქვეყნის მომავალზე. თამაშის დროს თქვენ იმოგზაურებთ 90-იან წლებში და იხილავთ იმ პერიოდის მახასიათებლებს, როგორიცაა:
«კერასინკა» — გამათბობელი, რომელიც მუშაობდა ნავთზე, რადგან ელექტროენერგია და გათბობა არ არსებობდა.
ცეცხლი — ხშირად შეხვდებოდით ქუჩაში დანთებულ ცეცხლს, რომლის გარშემოც ბავშვები და მშობლები სოციალიზაციას ცდილობდნენ.
სიგუას ნამცხვარი — უმარტივესი ინგრედიენტებით დამზადებული იაფი ნამცხვარი, რომელიც მაინც ყველასთვის საყვარელი და უგემრიელესი იყო, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობდა.
«პლიტა» — ეს იყო ელექტროენერგიაზე მომუშავე ნივთი, რომელიც ძირითადად გამოიყენებოდა საჭმლის მოსამზადებლად ან გასათბობად.
«მიტინგები» — ქუჩის პროტესტი, ხშირად ბანკიდან მოპარული დეპოზიტების დაბრუნების, პოლიტიკოსების გადადგომის ან ელექტროენერგიის ჩართვის მოთხოვნით».
თამაში უფასოა ყველასთვის.
Marketertan საუბრისას თამაშის ავტორი სამომავლოდ იმედოვნებს, რომ ArtUp Games უფრო განვითარდება და ინდი-თამაშების კუთხით, კიდევ მეტ ქართულ ამბავს მოჰყვება.
Medulla
ქართული ინდი-თამაში «მედულა» გია ბოხუამ და Lemondo Games-მა 2020 წელს შექმნეს. გუნდი თამაშზე 5 წელი მუშაობდა.
«მედულამ» საერთაშორისო კონკურსზე Indigo Awards-ზე 4 ჯილდო მოიპოვა. ნამუშევარმა 3 კატეგორიაში — Mobile Games 2020, Illustration for Games 2020, Character Design 2020 — ოქრო დაიმსახურა, ხოლო კატეგორია Sound Design & Use of Music for Games 2020-ში ვერცხლი მიიღო.
მედულა არის თავსატეხებით სავსე სათავგადასავლო თამაში, სადაც მოქმედება სიზმრის მსგავს პეიზაჟებში ხდება. ახალგაზრდა პერსონაჟი სახელად ტაკიტო მოგზაურობს იმ ადგილებში და გარემოში, სადაც სხვადასხვა უცნაური დაბრკოლებები და ერთი შეხედვით ალოგიკური თავსატეხები ხვდება. თამაშის პეიზაჟები ქმნის დამაბნეველ და იდუმალ აურას, საიდანაც ტაკიტო უნდა გაიქცეს. თამაშის ვიზუალი თანამედროვე მხატვრობის სტილს ჰგავს. ზოგიერთი სიურრეალიზმის ასახავს, ზოგი სავსეა ტრადიციული მეთოდებითა და უნიკალური სტილებით, რომლებიც ჯადოსნური რეალიზმის საერთო განცდას ქმნიან.
ერთხელ იყო დემონი სახელად აზერონი, რომელსაც სურდა დედამიწის განადგურება. აზერონმა გაანადგურა ძალიან ბევრი სამეფო, ყველას ეშინოდა მისი სახელის გაგონების, ზოგი მას სიკვდილსაც კი უწოდებდა. აზერონს გააჩნდა შავი მაგია, მას ჰქონდა უზარმაზარი ხმალი და ჯოჯოხეთის გვირგვინი. აზერონმა ამ ძალების მეშვეობით შეძლო მკვდარი და სხვა საშინელი არსებების გაცოცხლება, სწორედ აზერონმა გაავრცელა შავი ჭირი სამყაროში, რომელმაც უკვე ასობით ათასი ადამიანი მოკლა და ამ სამყაროს უკანასკნელი იმედი უკანასკნელი მფარველია.
ნელა, ზვიადი
«ნელა, ზვიადი» გიორგი ბურჯანაძის და გიორგი ქიტიაშვილის მიერ შემუშავებული თამაშია, რომელმაც დიდი პოპულარობა მალევე მოიპოვა. მოქმედება ქართულ ადგილებში ხდება და თამაშში ქართული ინტერნეტსივრცის ბევრ პოპულარულ ფრაზასა და პერსონაჟს შეხვდებით.
მთავარი გმირი პერსონაჟი სერგიაა, რომლის ვიდეოც ინტერნეტში ძალიან პოპულარული იყო. თამაშის სახელიც მისი ნათქვამი ცნობილი ფრაზა «ნელა ზვიადია».
თამაში, ბარიერებთან ერთად, ისტორიის თხრობაცაა.
მასში რამდენიმე პერსონაჟია:
კირა — ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მოთამაშეს ეხმარება დაბრკოლებების გადალახვაში. კირას გააჩნია გრძნობები და შეყვარებულია მოთამაშეზე. კირა გამოხატავს თავის შეხედულებებს და გრძნობებს გარე სამყაროსა და ადამიანების მიმართ. ის ებრძვის ბოროტ სისტემას.
ანა — ის, კირას მსგავსად ებრძვის ბოროტ სისტემას. ნეკო, რომელიც გატაცებულია. და «შემქმნელი», რომელიც ამ ბოროტი სისტემის შემქმნელია. თამაშში გამოყენებულია ცნობილი ქართული მიმები, რაც უფრო სახალისოს ხდის მოთამაშისთვის დაბრკოლებების გადალახვას. ფინალური სცენა კი რადიკალურად განსხვავდება დასაწყისისგან.
Kartvelian Legends
Kartvelian Legends-ის იდეის ავტორები არიან მზეო დევაძე, ბუბა რუსეიშვილი, ცოტნე ღლონტი და ელენე თედორაძე. ისინი ქართული მითოსით დაინტერესდნენ და შექმნეს Kartvelian Legends — ახალი პროდუქტი, რომელიც მობილური თამაშის საშუალებით გეგმავს საზოგადოებას ქართული ისტორია, მითოლოგია და ზღაპრები გააცნოს. თამაშის ილუსტრაციები, ისტორია და მუსიკალური გაფორმება სწორედ ქართულ მოტივებს დაეყრდნობა.
ამჟამად გუნდი პროტოტიპირების ეტაპზეა და GITA-ს რეგიონული გრანტის პროექტშიც მონაწილეობს.
GITA-ს გრანტის მოპოვების შემთხვევაში, თამაშის გამოშვება 6 თვიდან ერთ წლამდე პერიოდში იგეგმება. თუმცა, მანამდე, უნდა გამოუშვან ტრეილერები, ანიმაციები და კომიქსები, რათა პროდუქტის შესახებ მოლოდინი და ინფორმაცია წინასწარვე არსებობდეს.
თუმცა, დაფინანსებას ვერ მოპოვების შემთხვევაშიც Kartvelian Legends დანებებას არ აპირებს.
თამაში მობილური აპლიკაციის სახით App Store-სა და Google Play-ზე იქნება ხელმისაწვდომი. ექნება რამდენიმე მოთამაშის (multy player) რეჟიმი და იქნება სრულიად უფასო ნებისმიერი მომხმარებლისთვის.
დიდგორი
2022 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის სამინისტრომ კომპიუტერული თამაშის, «დიდგორის» ტრეილერი გამოუშვა.
სამინისტრო წერდა, რომ მათ «გაითვალისწინეს 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს».
თამაშის პირველი ეტაპის გამოშვება 2022 წლის მაისში იგეგმებოდა, მაგრამ თითქმის ერთი წლის შემდეგაც «დიდგორის» შესახებ არანაირი სიახლე არ გავრცელებულია.
ჩვენ ვცდილობთ, კულტურის სამინისტროს დავუკავშირდეთ და თამაშის შესახებ ინფორმაცია მივიღოთ. ჯერჯერობით, უშედეგოდ.