ტექნოლოგიების განვითარებას გავლენა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე აქვს. მათ შორის ისეთ ნაწილებზეც, რომლებზეც ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დამოკიდებული. ტექნოლოგიების როლი მედიცინაში შეუფასებელია. სწორედ მათი დახმარებითაა შესაძლებელი ურთულესი ოპერაციების წარმატებით ჩატარება და უამრავი სიცოცხლის გადარჩენა.
რა არის ბიოტექნოლოგიები და რა როლი აქვს ტექნოლოგიას მედიცინასა და მის მომავალზე? ჯანდაცვის მომავალი ჩვენს თვალწინ ციფრული ჯანდაცვის ტექნოლოგიების მიღწევებით ყალიბდება. მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, VR/AR, რობოტიკა და ნანოტექნოლოგიები.
ყველაზე მარტივად რომ ავხსნათ, ბიოტექნოლოგია არის ისეთი ტექნოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ბიოლოგიაზე.
ის იყენებს ფიჭურ და ბიომოლეკულურ პროცესებს, რათა განავითაროს ტექნოლოგიები და პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი ცხოვრებისა და პლანეტის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ჩვენ მიკროორგანიზმების ბიოლოგიურ პროცესებს 6000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვიყენებდით სასარგებლო საკვები პროდუქტების (მაგალითად, პური, ყველი, რძის პროდუქტები) შესანარჩუნებლად.
თანამედროვე ბიოტექნოლოგია უზრუნველყოფს გამორჩეულ პროდუქტებსა და ტექნოლოგიებს მძიმე და იშვიათ დაავადებებთან საბრძოლველად, გარემოსდაცვითი დაბინძურების შესამცირებლად, მშივრების დასაპურებლად, ნაკლები და სუფთა ენერგიის გამოსაყენებლად და უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური სამრეწველო პროცესების წარმოებისთვის.
ვუმკურნალოთ სამყაროს
ბიოტექნიკა ხელს უწყობს სამყაროს განკურნებას ბუნებრივი ინსტრუმენტების — ჩვენი გენეტიკური შემადგენლობის გამოყენებით, რათა განკურნოს და წარმართოს კვლევები კონკრეტული მიმართულებებით:
ინფექციური დაავადებების სიხშირის შემცირება;
მილიონობით ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა;
სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის შანსების შეცვლა, რომელსაც გავლენა აქვს მილიონობით ადამიანზე მთელს მსოფლიოში;
ინდივიდუალური მკურნალობების შემუშავება ჯანმრთელობის რისკებისა და გვერდითი მოვლენების შესამცირებლად;
დაავადების გამომვლენი უფრო ზუსტი ინსტრუმენტების შექმნა;
სერიოზულ დაავადებებთან და ყოველდღიურ საფრთხეებთან ბრძოლა, რომელიც განვითარებად სამყაროს ემუქრება.
ტექნოლოგიას ჩვენი დახმარება და ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ მის მხარეს ვდგავართ და რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ. ამ წესების დაცვით, ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის თანამშრომლობამ, შესაძლოა, საოცარი მიღწევები გამოიწვიოს.
მედიცინაში და ჯანდაცვაში ციფრულმა ტექნოლოგიამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს არამდგრადი ჯანდაცვის სისტემების მდგრად სისტემებად ქცევას. ამასთან, გააუმჯობესოს ურთიერთობა პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის. უზრუნველყოს უფრო იაფი, სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები დაავადებებისთვის. ტექნოლოგიების დახმარებით შეგვიძლია დავამარცხოთ ისეთი დაავადებები, როგორიცაა კიბო, შიდსი და ებოლა. ტექნოლოგია შექმნის ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებიც ჯანმრთელ საზოგადოებაში ცხოვრობენ.
10 გზა, რომლითაც ტექნოლოგია მედიცინას ცვლის
ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნურ ინტელექტს ჯანდაცვის სისტემის სრული გადამუშავების პოტენციალი აქვს. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს შეუძლიათ სამედიცინო ჩანაწერების მოპოვება, მკურნალობის გეგმების შემუშავება ან მედიკამენტების შექმნა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ახლა ხდება.
Atomwise იყენებს სუპერკომპიუტერებს, რომლებიც აღმოაჩენს და შლის თერაპიებს მოლეკულური სტრუქტურების მონაცემთა ბაზიდან. 2015 წელს სტარტაპმა წამოიწყო ვირტუალური ძიება ისეთი არსებული და უსაფრთხო მედიკამენტებისთვის, რომელთა გადამუშავება ებოლას ვირუსის სამკურნალოდ შეიძლებოდა. შედეგად ორი პრეპარატი აღმოაჩინეს, რომლებმაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეამციროს ებოლას ინფექცია.
ახლახან, Google-ის DeepMind-მა შექმნა ხელოვნური ინტელექტი ძუძუს კიბოს ანალიზისთვის. ალგორითმი ადამიან რადიოლოგებზე წარმატებული აღმოჩნდა და ძუძუს კიბოს იდენტიფიცირებას წინასწარ შერჩეული მონაცემებით, საშუალოდ, 11,5%-ით ახერხებს.
ეს მხოლოდ ორია იმ მრავალი კომპანიის მაგალითიდან, რომელიც ჯანდაცვის განვითარებაში ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ხელოვნური ინტელექტის ადრეული გამოყენება საოცარ შედეგებამდე მიგვიყვანს.
ვირტუალური რეალობა
ვირტუალური რეალობა (VR) ექიმებისა და პაციენტების ცხოვრებას ცვლის. მომავალში შესაძლებლობა გექნებათ უყუროთ ოპერაციებს ისე, თითქოს სკალპელი გიჭირავთ.
VR გამოიყენება მომავალი ქირურგების მოსამზადებლად და მოქმედი ქირურგებისთვის ოპერაციების შესასრულებლად. ასეთი პროგრამები შემუშავებულია და უზრუნველყოფილია ისეთი კომპანიების მიერ, როგორიცაა Osso VR და Immersive Touch. ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება და პერსპექტიული შედეგები აქვს.
ჰარვარდის ბიზნეს მიმოხილვის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ VR-ზე გაწვრთნილ ქირურგებს საერთო შესრულება, ტრადიციულად მომზადებულ კოლეგებთან შედარებით, 230%-ით ჰქონდათ გაუმჯობესებული. ასევე, ისინი უფრო ზუსტ და სწრაფ პროცედურებს ატარებდნენ.
ტექნოლოგია ასევე ეფექტიანია პაციენტებისთვის და ეხმარებათ მათ ტკივილის მართვაში. ქალები იკეთებენ VR სათვალეებს დამამშვიდებელი პეიზაჟების გამოსახულებებით, რათა შეიმსუბუქონ მშობიარობის ტკივილები. VR გამოიყენება მტკივნეული სტიმულებისგან ყურადღების გადასატანად. 2019 წლის საპილოტე კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებსაც ოპერაცია უტარდებოდათ, შეუმსუბუქდათ ტკივილი და შფოთვა და საავადმყოფოში გატარებული დროც ნაკლებად სტრესული გახდა.
აუგმენტური რეალობა
აუგმენტური რეალობა (AR) VR-ისგან ორი პუნქტით განსხვავდება: მომხმარებლები არ კარგავენ რეალობასთან კავშირს და ინფორმაციას ძალიან სწრაფად იღებენ.
სამედიცინო პროფესიონალების შემთხვევაში AR შეიძლება დაეხმაროს სამედიცინო სტუდენტებს, უკეთ მოემზადონ რეალური ოპერაციებისთვის, ასევე საშუალებას მისცემს ქირურგებს, გააუმჯობესონ თავიანთი უნარები. ეს უკვე ხდება Case Western Reserve University-ში, სადაც სტუდენტები იყენებენ Microsoft HoloLens-ს ანატომიის შესასწავლად. ამ მეთოდის გამოყენებით, სამედიცინო სტუდენტებს უჩნდებათ წვდომა ადამიანის ანატომიის დეტალურ, ზუსტ და ვირტუალურ გამოსახულებებზე. საგნის შესასწავლად რეალური სხეულების საჭიროება ქრება.
კიდევ ერთი პერსპექტიული კომპანიაა Magic Leap, რომელიც შემოიტანს თავის შერეული რეალობის ოდნავ განსხვავებულ სათვალეს. Magic Leap თანამშრომლობს SyncThink-თან, XRHealth-თან და Brainlab-თან, რათა შემოიტანოს და დანერგოს ტვინის ჯანმრთელობისთვის საჭირო ტექნოლოგიები. მართალია, ჯერჯერობით, მათი პროდუქცია კომერციული არ არის. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ ბაზარზე ძალიან მალე ვიხილავთ.
ჯანდაცვის მაკონტროლებლები, სატარებლები და სენსორები
ვინაიდან მედიცინისა და ჯანდაცვის მომავალი მჭიდრო კავშირშია როგორც პაციენტების, ასევე სამედიცინო პერსონალის გაძლიერებასთან, მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ჯანმრთელობის მაკონტროლებლებზე, სატარებლებზე და სენსორებზე. ეს ხელსაწყოები დაგვეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობასა და ცხოვრებაზე კონტროლის დამყარებაში.
არ აქვს მნიშვნელობა, გსურთ მართოთ თქვენი წონა, სტრესის დონე, შესაძლებლობები, თუ გსურთ, მიაღწიოთ სისრულესა და ენერგიულ მდგომარეობას, მოწყობილობა ყველა საჭიროებისთვის არსებობს.
ამ ახალი ტექნოლოგიით აღჭურვილ მოწყობილობებს ის გამოარჩევს, რომ ისინი პაციენტებს ნამდვილად აქცევენ ყურადღებას. სახლში საკუთარი ჯანმრთელობის მონიტორინგისა და ექიმთან შედეგების დისტანციურად გაზიარების შესაძლებლობით, ეს მოწყობილობები საშუალებას აძლევს ადამიანს, აკონტროლონ თავიანთი მდგომარეობა და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.
სამედიცინო ტრიკორდერი
რაც შეეხება მოწყობილობებს და მყისიერ გადაწყვეტილებებს — ყველა ჯანდაცვის პროფესიონალის ოცნებაა, გვქონდეს ერთი ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი მოწყობილობა ყველა დაავადების დიაგნოსტიკისა და ანალიზისთვის. ოცნება რეალობად იქცა, თუმცა მხოლოდ კინოეკრანზე. ეს იყო სამედიცინო ტრიკორდერი Star Treck-ში. როდესაც ექიმმა მაკკოიმ ტრიკორდერი აიღო და პაციენტი დაასკანერა, ხელის პორტალურმა მოწყობილობამ მაშინვე დაასახელა სასიცოცხლო ნიშნები, სხვა პარამეტრები და დიაგნოზი.
ჩვენს რეალობაში სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილიც კი ძალიან მალე შეიძლება იქცეს, ან უკვე იქცა რეალობად. Viatom CheckMe Pro არის ხელის გულის ზომის მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია, გაზომოს გულისცემა, ჟანგბადის გაჯერება, ტემპერატურა, არტერიული წნევა და სხვა. ასევე, არსებობენ სხვა კომპანიები, რომლებიც მუშაობენ მსგავს მოწყობილობებზე, მაგალითად, MedWand, რომელიც მრავალი სასიცოცხლო მნიშვნელობის პარამეტრის გაზომვის გარდა, აწყობს კამერას ტელემედიცინური მიზნებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი პროდუქტები ტრიკორდერს ჩამორჩება, სავარაუდოა, რომ მას რეალობაში მალე ვიხილავთ. შესაძლოა ის ჩვენსავე სმარტფონებშიც კი გაჩნდეს.
გენომის სეკვენსირება
ადამიანის გენომის სეკვენსირების მთლიანი პროექტი აშშ-ის მთავრობას დაახლოებით 2,7 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც საოცრად დიდი თანხაა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2017 წლის იანვარში დნმ-ის სეკვევენირების გიგანტმა Illumina-მ წარმოადგინა ახალი მანქანა, რომელიც, კომპანიის თქმით, ერთ დღესაც ადამიანის გენომის მთლიან ანალიზს $100-ზე ნაკლებ ფასად ჩაატარებს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებმა შეიძლება გენეტიკურ ანალიზში სისხლის საერთო ანალიზზე ნაკლები გადაიხადონ.
ამ ანალიზით პაციენტებს და ექიმებს შეეძლებათ, გაეცნონ ინფორმაციას წამლისადმი მგრძნობელობის, მრავალფაქტორული ან მონოგენური სამედიცინო მდგომარეობისა და წარმომავლობის შესახებაც კი.
რევოლუცია წამლების განვითარებაში
ამჟამად, ახალი მედიკამენტების შემუშავების პროცესი ძალიან ხანგრძლივი და ძვირია. არსებობს წამლების განვითარების გაუმჯობესების გზები ხელოვნური ინტელექტიდან დაწყებული, სილიკო — ანუ ვირტუალური სამედიცინო ცდებით დამთავრებული მეთოდებით. ასეთი ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები უკვე არის და იქნება დომინანტი ფარმაცევტულ ლანდშაფტზე მომდევნო წლებში.
კომპანიები, როგორებიც არიან Turbine, Recursion Pharmaceuticals, Deep Genomics, იყენებენ AI-ის ძალას. შესაძლებელი იქნება რეკორდულ დროში შემუშავდეს ახალი წამლები და ახალი გადაწყვეტილებები ბაზარზე გასვლის დროის დასაჩქარებლად. ეს ყველაფერი დაზოგავს ხარჯებსა და სიცოცხლეს.
კიდევ ერთი პერსპექტიული ჯანდაცვის ტექნოლოგია წამლების სილიკო — ვირტუალური სამედიცინო გამოცდაა. ეს ინდივიდუალური კომპიუტერული სიმულაციებია, რომლებიც სამედიცინო პროდუქტის, მოწყობილების ან ინტერვენციის შემუშავებაში ან მარეგულირებელ შეფასებაში გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ტექნოლოგია და ბიოლოგიური გაგება სრულად სიმულირებული კლინიკური კვლევების საშუალებას არ იძლევა, სფეროში მაინც არსებობს მნიშვნელოვანი პროგრესი — ორგანოები ჩიპებზე, რომლებიც უკვე გამოიყენება.
HumMod, ანუ «ადამიანის ფიზიოლოგიის ყველაზე სრულყოფილი მათემატიკური მოდელი, რომელიც ოდესმე შექმნილა», რამდენიმე კვლევით პროექტში გამოიყენება. ასევე, შეიქმნა ვირტუალური მოდელები VPH (ვირტუალური ფიზიოლოგიური ადამიანის) ინსტიტუტის მიერ, რომლებიც გულის დაავადებებისა და ოსტეოპოროზის შესასწავლად გამოიყენება.
წარმოიდგინეთ, ჩვენ შეგვეძლება გამოვცადოთ ათასობით ახალი, პოტენციური წამალი მილიარდობით ვირტუალური პაციენტის მოდელებზე სულ რამდენიმე წუთში.
ნანოტექნოლოგიები
ჩვენ ნანომედიცინის განვითარების გარიჟრაჟზე ვცხოვრობთ. ნანონაწილაკები და ნანომოწყობილობები მალე წამლების მიწოდების ზუსტ სისტემებად, კიბოს სამკურნალო საშუალებებად და პატარა ქირურგებად იმუშავებენ.
ჯერ კიდევ 2014 წელს, მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევრებმა შეიმუშავეს სკალოპის მსგავსი მიკრობოტები, რომლებიც ჩვენი სხეულის სითხეებში ცურვისთვის გამოიყენება. პატარა და ჭკვიანი აბები, როგორიცაა PillCam, უკვე გამოიყენება მსხვილი ნაწლავის გამოკვლევის ჩაურეველი, პაციენტისთვის მოსახერხებელი გზით ჩასატარებლად.
2018 წლის ბოლოს MIT-ის მკვლევრებმა შექმნეს ელექტრონული აბი, რომლის კონტროლიც უსადენოდაა შესაძლებელი და შეუძლია გადასცეს ინფორმაცია ან გაუშვას წამლები სმარტფონის ბრძანებების საპასუხოდ.
ნანოტექნოლოგიები ასევე ჭკვიანი პაჩების სახითაც პროგრესირებს. CES 2020-ზე საფრანგეთში დაფუძნებულმა კომპანია Grapheal-მა წარმოადგინა თავისი ჭკვიანი პაჩი, რომელიც ჭრილობების მუდმივი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. მისი გრაფენის ბირთვს შეუძლია ჭრილობების შეხორცების სტიმულირება.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მედიცინაში ნანოტექნოლოგიების გამოყენების კიდევ უფრო პრაქტიკული მაგალითები გაჩნდება.
რობოტიკა
ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სწრაფად მზარდი სფერო რობოტიკაა. განვითარების სპექტრი რობო კომპანიონებიდან და ქირურგიული რობოტებიდან, ფარმაბოტიკამდე, სადეზინფექციო რობოტებამდე და ეგზოჩონჩხებამდე ვრცელდება.
ეგზოჩონჩხებმა განსაკუთრებულ წარმატებას 2019 წელს მიაღწიეს. ამ წელს ევროპაში პირველად ჩატარდა ოპერაცია ეგზოჩონჩხის დახმარებით და ტეტრაპლეგიურმა (ადამიანი, რომელსაც ოთხივე კიდურის დამბლა აქვს) ადამიანმა შეძლო ეგზოჩონჩხის თავის ტვინით კონტროლი.
რობოტ კომპანიონებს ასევე უკავიათ ადგილი ჯანდაცვის სფეროში, რათა დაეხმარონ მარტოობის შემსუბუქებას, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობას ან ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს. Jibo, Pepper,Paro,Buddy — ისინი ჩვენი რეალობის რობოტი კომპანიონების მაგალითებს წარმოადგენენ. ზოგიერთ მათგანს აქვთ სენსორები, კამერები და მიკროფონები, რათა მათ მფლობელებს დაუკავშირდნენ.
მაგალითად, ikki, ავსტრალიური სტარტაპი, რომელიც ეხმარება ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებს მედიკამენტების, ტემპერატურისა და სუნთქვის სიხშირის მონიტორინგში. ამავდროულად, ბავშვებს მუსიკას ასმენინებს და ისტორიებს უყვება.
3D ბეჭდვა
3D ბეჭდვას ჯანდაცვის სფეროში სასწაულების მოხდენა შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია, დავბეჭდოთ ბიოქსოვილები, ხელოვნური კიდურები, აბები, სისხლძარღვები და მრავალი სხვა.
2019 წლის ნოემბერში, Rensselaer პოლიტექნიკური ინსტიტუტის მკვლევრებმა ტროაში, ნიუ-იორკში, შეიმუშავეს ცოცხალი კანის 3D ბეჭდვის მეთოდი სისხლძარღვებთან ერთად. ეს ძალიან დიდი მიღწევაა დამწვრობის მსხვერპლთა კანის გადანერგვის სფეროში. ასევე, გაჭირვებულ პაციენტებს ეხმარებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 3D ბეჭდვით პროთეზებს აწვდის ომისგან განადგურებული ტერიტორიებიდან წამოსულ ლტოლვილებს.
ტექნოლოგიით სარგებლობს ფარმაცევტული ინდუსტრიაც. FDA-ის მიერ დამტკიცებული 3D წამლები რეალობად 2015 წელს იქცა. ახლა მკვლევრები 3D ბეჭდვის «პოლიტაბლეტებზე» მუშაობენ. ისინი შეიცავს წამლების რამდენიმე ფენას, რათა დაეხმაროს პაციენტებს თერაპიული გეგმის დაცვაში.
ჩვენ ნამდვილად ჯანდაცვის რევოლუციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ტექნოლოგია მედიცინას დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ჰპირდება.
ავტორი: თაკო ჟიჟილაშვილი, Space International
Space International ფინტექ კომპანიაა, რომელიც მოწინავე საბანკო პროდუქტებს ქმნის და სრულად ციფრულ საბანკო პლატფორმას უზრუნველყოფს, საქართველოდან უზბეკეთის ბაზარზე. ჩვენი გუნდი, რომელიც ამ დინამიურ, ტექნოლოგიურ ეპოქაში მუშაობს, მუდმივი პროგრესის მნიშვნელობას აცნობიერებს. სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ თანამშრომლობა დავიწყეთ ThoughtWorks-თან.
საქართველოში ტექ ტალანტების საერთაშორისო კომპანია, ALLSTARSIT გამოჩნდა
საქართველოში 2024 წლიდან ტექ ტალანტების საერთაშორისო კომპანია, ALLSTARSIT იწყებს მუშაობას. ქვეყანაში კომპანიის მიზნებისა და იდეების უკეთ გასაცნობად 13 თებერვალს ღონისძიება, AI&Wine Networking გაიმართება.