ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს მუსიკალურ ინდუსტრიაზე

მუსიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენთან ერთად იზრდება და ვითარდება. იცვლება მიდგომები, ინსტრუმენტები, ხასიათი, თუმცა მუსიკის სიყვარული რჩება. მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში ტექნოლოგიების სფეროს უდიდესი როლი აქვს. ჩნდება ახალი მოწყობილობები, რომლებიც ცვლის ჩვენს აღქმას და მუსიკისადმი დამოკიდებულებას.

კომენტარის დატოვება
რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს მუსიკალურ ინდუსტრიაზე

მუსიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენთან ერთად იზრდება და ვითარდება. იცვლება მიდგომები, ინსტრუმენტები, ხასიათი, თუმცა მუსიკის სიყვარული რჩება. მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში ტექნოლოგიების სფეროს უდიდესი როლი აქვს. ჩნდება ახალი მოწყობილობები, რომლებიც ცვლის ჩვენს აღქმას და მუსიკისადმი დამოკიდებულებას.

საპროდიუსერო კომპანია ADDMUSIC დამფუძნებელი და მთავარი პროდიუსერი, გიორგი სიბაშვილი გვიყვება მუსიკაში ტექნოლოგიების მნიშვნელობასა და ისტორიაზე.

ტექნოლოგიები მუსიკაში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოვიდა. სწორედ ამ დროს შეიქმნა პირველი ტექნოლოგიური ინსტრუმენტები. ადამიანები სწავლობდნენ ტალღებისა და დენის თვისებებს, რომლებიც ტექნიკური მანიპულირების შედეგად კონკრეტულ ხმებს გამოსცემდა. თუ ხმის დამორჩილებას შევძლებთ ისე, რომ ტონალობა ჩვენი ნებისამებრ შევუცვალოთ, გამოდის, რომ საქმე ინსტრუმენტთან გვაქვს.

ტექნიკის განვითარებასთან ერთად, განვითარდა შესაძლებლობები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტონალობის დამორჩილებისა და კონტროლის კუთხით.

«მაგალითად, პიანინოს შემთხვევაში, ღილაკები გვაქვს და ამ ღილაკებზე ხელის დაჭერით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ტონალობა, ხოლო ტექნოლოგიების შემთხვევაში, რაღაც მომენტში საჭიროება გაჩნდა, შექმნილიყო სამართავი სისტემა კონკრეტული დანადგარისთვის, რომელიც გამოაცემინებდა ჩვენს სასურველ ხმას».

70-იან წლებამდე არსებობდნენ არტისტები, რომლებიც ატარებდნენ ექსპერიმენტებს. მაგალითად, თანამედროვე კლასიკა, რომელშიც ელექტრონული ინსტრუმენტები მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გაჩნდა და უამრავი კომპოზიტორი ატარებდა ექსპერიმენტებს. 70-იანი წლებიდან ელექტრონული ინსტრუმენტები პოპ კულტურაშიც ჩნდება, ხოლო 80-იან წლებში უკვე წამყვან ადგილს იკავებს.

«რომ ვრთავთ, მაგალითად, Depeache Mode-ის სიმღერას და ვხვდებით, რომ ეს არის 80-იანების მუსიკა, ვხვდებით იმის ხარჯზე, რომ გვესმის ამ პერიოდის ელექტრონული ინსტრუმენტები, სინთეზატორები (დანადგარი, სადაც ხმის სინთეზი ხდება). სინთეზური ხმებით გაკეთებული მუსიკა მთლიანად შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. ახლა არ არსებობს ჟანრი, გარდა სიმფონიური კლასიკური მუსიკისა, სადაც არ არის გამოყენებული რაიმე სინთეზური ხმა» — ამბობს გიორგი სიბაშვილი.

საინტერესოდ ვითარდებოდა მუსიკის შექმნისა და ჩაწერის პროცესი. მაგნიტური ფირების გამოჩენა და მათზე მუსიკის ჩაწერის საშუალება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. წარმოვიდგინოთ ოთხკაციანი ბენდი, მაგალითად ბიტლზები, სადაც არის დრამერი, ორი გიტარა, ერთი ბასი და ვოკალი. შესაბამისად, საჭიროა 5 სხვადასხვა ბილიკი (Track). შესაძლოა, გვქონდეს ერთი ფირი, რომელიც ხუთ ნაწილად იქნება დაყოფილი. ხუთივე ერთდროულად იწერება. თუ სტუდიაში ჩაწერის პროცესში, მაგალითად, ლენონს შეეშალა ნოტი, სიტყვა, აკორდი ან სხვა, მთელი ჩანაწერი გაფუჭდება.

The Beatles
«შესაბამისად, ყოველთვის იყო პრობლემა, რომ სტუდიაში მუშაობა საკმაოდ ძვირი ღირდა, რადგან ნებისმიერი პატარა შეცდომა იწვევდა ფირების გაუქმებას, ეს ფირები კი ძვირი ღირდა. იხარჯებოდა დროც. დრო ფულია, რადგან დროში იგულისხმება, რომ სტუდია გაქვს დაქირავებული, სტუდიის მუშაკი გყავს, ხმის რეჟისორი, პროდიუსერი, ძალიან რთული იყო» — ჰყვება გიორგი სიბაშვილი.

მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა მუსიკის გაციფრულება. მუსიკა იქცა ინფორმაციის გროვად, რომლის გადატანაც ნებისმიერ ციფრულ მატარებელზეა შესაძლებელი, იქნება ეს კომპაქტ დისკი, მაგნიტური მეხსიერება, მეხსიერების ბარათი თუ სხვა. როგორც გიორგი სიბაშვილი ამბობს, ამან ძალიან დიდი ნახტომი გამოიწვია.

მუსიკის გაციფრულებამ ჩაწერის პროცესი ბევრად მოქნილი გახადა.

«შეგიძლია ყველაფერი სათითაოდ ჩაწერო და მოუსმინო. თუ რამე არ მოგეწონება, კონკრეტული მონაკვეთი ჩაასწორო, შეცვალო და ვთქვათ, რაღაც ნაწილი დატოვო, რაღაც — დაამატო და ა.შ. განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობები შეიქმნა. შეგიძლია კონკრეტული ნოტი ჩაასწორო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს უკვე ციფრული ინფორმაციაა» — ამბობს გიორგი სიბაშვილი.

მუსიკას ეს პერიოდი 2000-იანი წლების დასაწყისში დაუდგა, როდესაც სტუდიებში ყველაფერი გაციფრულდა და პროცესებიც უფრო სწრაფად წავიდა. თუმცა ეს არ იყო დასასრული. მოხდა ის, რაც მოხდა ყველა დარგში — კონკრეტული პროცესის შესასრულებლად აღარ იყო საჭირო კონკრეტული აპარატურის შეძენა და გამოყენება. მასობრივად დაიწყო ციფრული დანადგარების წარმოება. ახლა ტელეფონებში გვაქვს მცირე ზომის ჩიპები, რომლებიც იტევს 100-ჯერ მეტ ინფორმაციას, ვიდრე წარსულში ნახევარი მეტრის სიგრძის მეხსიერება იტევდა. ჩვენი ტელეფონის კამერას შეუძლია ისეთი ვიდეოს გადაღება, რომელსაც წარსულში 100 000 დოლარის აპარატურა, 10-15 კაციანი გუნდი და განათებები სჭირდებოდა.

«მუსიკაშიც იგივე მოხდა. შეგეძლო რაღაც კომპრესორი მოგეტანა, დაგედო სტუდიაში დანადგარის სახით და გადაგეხადა თანხა. ახლა ეს კომპრესორი შეგიძლია გქონდეს ციფრულად, გადმოწერო და დაამონტაჟო შენს კომპიუტერში» — ამბობს გიორგი სიბაშვილი.

პროცესების ასეთმა განვითარებამ შექმნა ე.წ. ბედრუმ სთუდიოები. დღეს თავისუფლადაა შესაძლებელი სახლში გააკეთო ისეთი ხარისხის მუსიკა, რომელსაც ლოს ანჯელესის უმაღლესი ხარისხის სტუდია გააკეთებს. ამის მაგალითად შეგვიძლია ბილი აილიშის და მისი ძმის სტუდიაც ავიღოთ. მომღერალმა უამრავი რეკორდი მოხსნა, «ყველაფერს აჯობა, რისთვისაც შეიძლებოდა ეჯობნა» და ეს ყველაფერი თავისი ძმის «ბედრუმ სთუდიოდან» გააკეტა.

«ყველაფერი, რაც ადრე ფიზიკური სახით არსებობდა, დიდ სტუდიებში ელაგა და თავისი სპეციალისტი სჭირდებოდა, ახლა გახდა პროგრამული და შენს კომპიუტერშია».

ბილი აილიში და მისი ძმა ფინეასი

გამარტივებულია მუსიკალური ცოდნის მიღებაც. წარსულში ამა თუ იმ დანადგართან სამუშაოდ უნდა წასულიყავი, გესწავლა და ამასთან, რიგით ადამიანებს არამარტო ცოდნა, არამედ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ეს მოწყობილობა არსებობდა. დღეს შეგვიძლია ცოდნა Youtube-ის, ონლაინ კურსების ან უბრალოდ ონლაინ მოძიებითა და კითხვით მივიღოთ.

«მგონია, რომ ესეც ტექნოლოგიების ნაწილია მუსიკაში. ის ცოდნა, რომელიც შენ გჭირდება რაღაც ფუნქციის შესასრულებლად ხმის ინჟინერიაში, შეგიძლია ისევ და ისევ ტექნოლოგიების საშუალებით მიიღო» — ამბობს გიორგი სიბაშვილი.

ამ მოვლენებმა ინდუსტრია მთლიანად შეცვალა. წარსულში თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქტის შექმნა შეეძლო მხოლოდ მას, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ამა თუ იმ პროდუქტზე. იყო ლეგენდები, რომ მაგალითად Arctic Monkey-ს ბარში უკრავდნენ, ვიღაც მაგარმა პროდიუსერმა აღმოაჩინა, წაიყვანა სტუდიაში, გაუკეთა ჩანაწერი და მუსიკოსები მილიონერები გახდნენ. ახლა მსგავსი სისტემა აღარ არსებობს, რადგან აღარავის სჭირდება აღმოჩენა.

«ყველა თავისთვის მზად არის, სახლში, თავის სტუდიაში, ფანტაზია სადამდეც ეყოფა, რომ ყველაფერი ტექნიკურად უმაღლეს დონეზე შექმნას და თვითონვე უზრუნველყოს თავისი ქმნილების ხალხთან მიტანა ისევ ტექნოლოგიების საშუალებით. მერე რა მოხდება უკვე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ორიგინალურ რაღაცას გააკეთებ» — ამბობს გიორგი სიბაშვილი.

დღეს კონკურენცია გამჭვირვალე გახდა. ყველას ყველაფერი შეუძლია და წარმატებას მიაღწევს ის, ვინც გამორჩეულ პროდუქტს შექმნის.

მუსიკის შექმნის ასეთმა ხელმისაწვდომობამ, ერთი მხრივ, გაამარტივა პროცესი, გამომდინარე იქიდან, რომ აღარ დგას საჭიროება, ფანტაზია მხოლოდ კონკრეტული ინსტრუმენტებით შემოვსაზღვროთ და შევზღუდოთ. მეორე მხრივ, ყველაფერზე ხელმისაწვდომობა კრეატიულ პროცესზე შეიძლება დამაბნევლად აისახოს.

«ამდენი შესაძლებლობა მაქვს და ახლა რა ვქნა? რა გამოვიყენო? ვენის სიმფონიური ორკესტრის როიალი თუ ნიუ ორლეანში ჩაწერილი ჩასაბერი ინსტრუმენტის პარტიები? გააჩნია ვის როგორი სტილი აქვს აზროვნების და ვის საით წაიყვანს შემოქმედებითი პროცესი. არიან ვიღაცები, ვისაც ციფრული ტექნოლოგიებისკენ გახედვაც არ უნდა და აგრძელებენ თავისთვის გიტარაზე მუშაობას და არიან ადამიანები, რომლებმაც არაფრის დაკვრა არ იციან და მაქსიმალურად იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს, რომ თავიანთ ფანტაზიებს ხორცი შეასხან» — ამბობს გიორგი სიბაშვილი.

დღევანდელ მუსიკალურ სამყაროში მნიშვნელოვანი როლი აქვთ სტრიმინგ პლატფორმებს. ისინი ძალიან ადვილი გამოსაყენებელი და მომხმარებელზე მორგებულია.

«სტრიმინგ პლატფორმების მთავარი იდეა ისაა, რომ რეალურ რეჟიმში ინტერნეტიდან ქაჩავ მუსიკას და შენ თვითონ არანაირ ციფრულ მატარებელზე ჩაწერილი არ გაქვს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი რაღაც ხელმისაწვდომია, როგორც რადიო, ჩართო და უსმინო, ოღონდ კონტროლი რომ შეგეძლოს. მეორე არის ის, რომ სტრიმინგ პლატფორმებს შეუძლიათ შენი ქცევა დააფიქსირონ და მოგერგონ — დააკვირდნენ, როგორ მუსიკას უსმენ ბოლომდე და ჩათვალონ, რომ ასეთი მუსიკა მოგწონს და მომავალში შემოგთავაზებენ სწორედ იმ მუსიკას, რომელიც მოგწონს» — ამბობს გიორგი სიბაშვილი.

მსგავს პლატფორმებს, მაგალითად Spotify-ის, გიორგი სიბაშვილის აზრით ის უარყოფითი მხარე აქვს, რომ ჩვენს მუსიკალურ დიაპაზონს ავიწროებს.

«ერთი მხრივ, გიხარია, რომ შეგიძლია ისეთ მუსიკას უსმინო, რომელიც აუცილებლად მოგეწონება, მაგრამ რაღაც მომენტში აღმოაჩენ, რომ ძალიან დავიწროებულია შენი გემოვნება და ძალიან სწორხაზოვნად ხარ მოქცეული რაღაც გარემოში».

პროდიუსერის შეფასებით, საქართველოში მუსიკალური ტექნოლოგიების მხრივ ძალიან კარგი სიტუაცია გვაქვს. ქვეყანას არ მიუღია მონაწილეობა ტექნოლოგიურ განვითარებაში, თუმცა ტექნოლოგიის ყველაზე დიდ მიღწევებს მოვკიდეთ ხელი და მათი შესწავლა დავიწყეთ.

«15 წლის წინ ელემენტარული ცოდნაც კი არ არსებობდა ქვეყანაში, რომ, ვთქვათ, სარეპეტიციო ისე მოგეწყო, რომ რასაც უკრავდი, ნორმალურად გაგეგო შენ თვითონ მაინც. დღესდღეობით მცოდნე ადამიანიც ბევრია, კურსებიც და აღიარებული სპეციალისტებიც, რომლებმაც თავისი ბრწყინვალება ქვეყნის საზღვრებს გარეთაც დაამტკიცეს» — ამბობს გიორგი სიბაშვილი.

რაც შეეხება მუსიკის მომავალს და ხელოვნურ ინტელექტს, გიორგი სიბაშვილის აზრით, მუსიკაში AI-ის გამოჩენა შთამბეჭდავია.

არსებობს ახალი ციფრული სერვისი, რომელსაც შეუძლია არსებული ჩანაწერისგან გამოაცალკეოს ინსტრუმენტები, ვოკალი და ა.შ.

«ეს არის მაგია. ჩვენს ფანტაზიაში არსებობს რაღაცები, რასაც ძალიან მარტივად წარმოვიდგენთ, მაგალითად, ტელეპორტაცია. წარმოსადგენად მარტივია, მაგრამ საკმარისია დასვა კითხვა — „როგორ გავაკეთოთ ეს?“, რომ მიხვდე, ან მაგიასთან უნდა გქონდეს საქმე, ან მაგაზე ფიქრს თავი უნდა გაანებო. ასეთი დონის ფანტასტიკის სფეროა, რომ არსებული ჩანაწერიდან აიღო და გიტარა გამოაცალკეო. ამას 5 წამში აკეთებ შენით, შენივე კომპიუტერით და არა ნასას რომელიღაც ლაბორატორიაში».

რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს როგორც კომპოზიტორს, გიორგი სიბაშვილის შეფასებით, ის შეძლებს ჩაანაცვლოს, მაგალითად, ისეთი პროდუქტი, როგორიცაა ერთფეროვანი, არაფრით გამორჩეული სარეკლამო რგოლისთვის გამოსაყენებელი 15-20 დოლარად გაყიდული მუსიკა. ხელოვნური ინტელექტის დავალებაა, გაამართლოს ჩვენი მოლოდინი და ის ამას შეძლებს.

რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის ხელოვნებაში შემოსვლას, აქ საქმე რთულდება.

«ჩვენ მოგვწონს არტისტები, რომლებიც თავიანთი სულის ნაწილს გვიზიარებენ და ცდილობენ, რაღაც ახალი შექმნან. ისინი ამოდიან ზედაპირზე, თავიანთ სიტყვას ამბობენ და ინდივიდუალიზმს გამოავლენენ. ხელოვნურ ინტელექტს გაუჭირდება ამის გაკეთება. ის იქნება იმაზე ორიენტირებული, რომ შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენს მოლოდინებს გაამართლებს, ხოლო არტისტები, რომლებიც ჩვენ მოგვწონს და გვიყვარს, ჩვენს მოლოდინებს კი არ ამართლებენ, არამედ გვაოცებენ, გვაკვირვებენ და ამიტომ ხდებიან ისინი საყვარელი არტისტები» — ამბობს გიორგი სიბაშვილი.
თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის
თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის
თემის მიხედვით
თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის


ასევე წაიკითხეთ
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
რატომ უშვებს Spotify საკუთარ შრიფტს
2024 წლის ივლისში Winamp განახლებული ვერსიით გამოვა
2024 წლის ივლისში Winamp განახლებული ვერსიით გამოვა
2024 წლის ივლისში Winamp განახლებული ვერსიით გამოვა
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.