ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაბლოგი
22 თებერვალი 2024, 12:38
2024-02-22
ტექ ლიდის როლი Space International-ში
ავტორი: თაკო ჟიჟილაშვილი, Space International
Space International ფინტექ კომპანიაა, რომელიც მოწინავე საბანკო პროდუქტებს ქმნის და სრულად ციფრულ საბანკო პლატფორმას უზრუნველყოფს, საქართველოდან უზბეკეთის ბაზარზე. ჩვენი გუნდი, რომელიც ამ დინამიურ, ტექნოლოგიურ ეპოქაში მუშაობს, მუდმივი პროგრესის მნიშვნელობას აცნობიერებს. სწორედ ამიტომ, ერთი წლის წინ თანამშრომლობა დავიწყეთ ThoughtWorks-თან.
ამ კოლაბორაციის მთავარი მიზანი მუშაობის თანამედროვე მეთოდების დანერგვა ჩვენი სტრუქტურისა და არქიტექტურისთვის სტანდარტების შექმნა იყო. ეს პროცესი კომპანიის მოქნილობას უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, საშუალებას გვაძლევს, სწრაფად და შეუფერხებლად მოვახდინოთ ცვლილებებსა და სიახლეებთან ადაპტაცია.
მოდერნიზაციის გზაზე ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი გუნდებისთვის ახალი პოზიციის დამატება იყო. Space International-ში ტექ ლიდის პოზიციის გასააზრებლად და გასაგებად, მოდი დასაწყისს დავუბრუნდეთ. სფეისის პროექტი 5-6 კაციანი მცირე ჯგუფით დაიწყო, რომელმაც საქართველოში პირველი ციფრული ბანკი შექმნა.
ეს იყო იდეით შეპყრობილი ინოვატორების, ამასთანავე ძალიან ცივილიზებული ადამიანების გუნდი.
კომპანიის ზრდასთან ერთად, გაიზარდა გუნდიც, შესაბამისად ახალი პოზიციების დამატება გახდა საჭირო. თავიდან Chapter ლიდის პოზიციის დანერგვით დაიწყო. კომპანიაში დეველოპერების რაოდენობის ზრდასთან ერთად, Chapter ლიდის პოზიციის საჭიროება გაიზარდა და შესაბამისად უფრო მეტი Chapter ლიდი შეუერთდა გუნდს.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩეპტერ ლიდი ასე თუ ისე ყველა რგოლთან ურთიერთობდა, მისი ჩართულობა დიდი იყო, მაგრამ გაძნელდა კონტექსტის დანახვა. პროდუქტის შექმნის პროცესში ჩეპტერ ლიდი უშუალოდ ჩართული აღარ იყო, უფრო პროექტის პროგრესის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გუნდებისთვის კომპეტენტური დეველოპერების შერჩევაზე იყო ორიენტირებული. აქ წარმოიშვა ტექნიკური წამყვანი როლის (Tech Lead role) დანერგვის აუცილებლობა.
ტექ ლიდის საჭიროება მზარდ გუნდში
ტექნიკური ლიდერი დეველოპერების გუნდს მეთვალყურეობს და პროდუქტის შექმნაში უშუალო მონაწილეობას იღებს. ის ამოცანებს და დედლაინებს აანალიზებს, არქიტექტურას არჩევს და დეველოპერების გუნდს მართავს. ტექ ლიდის როლი არის T-ფორმატის, რაც კონკრეტულ სფეროებში ღრმა გამოცდილებასა და სხვებთან ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით კროს ფუქციულ გუნდებში.
ეს პოზიცია გამოცდილ დეველოპერებს საშუალებას აძლევს, უფრო მეტად ჩაერთონ პროდუქტის შექმნაში და პროცესი მათთვის საინტერესო იყოს. თუ დეველოპერთან შეხება გქონიათ, გეცოდინებათ, რამდენად გატაცებულნი არიან ისინი თავიანთი პროფესიით და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის პრობლემის ამოხსნა — უფრო მეტად, ვიდრე მუშაობის დროს სტაბილურობისა და რუტინის განცდა. ჩვენ ხუმრობით ვამბობთ, რომ ტექნიკური ლიდერები საკუთარ Chapter-ებში მინი CTO-ები არიან.
ტექ ლიდის როლის უპირატესობები
ტექ ლიდის როლის დამატების უპირატესობა ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანების გამოცდილების ეფექტურად გამოყენებაა, რადგან ისინი პროდუქტის შექმნაზე არიან პასუხისმგებელნი. გუნდები გაცილებით სწრაფები გახდნენ, ნაკლები ტექნიკური პრობლემები ექმნებათ. მანამდე, თუ გუნდს პრობლემა ჰქონდა, ისინი თავის ჩეპტერ ლიდს მიმართავდნენ; ახლა ამას ტექ ლიდი პრევენციულად აგვარებს, მანამ სანამ პრობლემა წარმოიშვება.
გარდა ამისა, გაუმჯობესდა დისკუსიაც. გუნდში ტექ ლიდის ყოლა ნებისმიერ პრობლემაზე ტექნოლოგიურად გამართული მოსაზრების გარანტიაა, განსხვავებით წარსული გამოცდილებისგან, როდესაც დისკუსიის პროცესში საკმაოდ ბევრი არატექნოლოგიური პოზიცია იყო ჩართული. ასე რომ, ტექ ლიდი ტექნოლოგიურ და ბიზნეს გუნდებს შორის შუამავალის როლშია. ტექ ლიდი ამ ორ მიმართულებას შორის ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების საწინდარია.
იქიდან გამომდინარე, რომ ტექ ლიდs მენეჯერული უნარ-ჩვევებიც სჭირდება, პირველ რიგში, სხვადასხვა ტრენინგს და პრაქტიკულ აქტივობებს მივმართეთ.
მომავალი კანდიდატების შემთხვევაში, ვცდილობთ ვიპოვოთ ადამიანები, რომლებსაც ტექნოლოგიური გამოცდილება და მენეჯერული უნარები აქვთ.
მოკლედ, ტექ ლიდი Space International-ში არის ადამიანი, რომელსაც ღრმა ტექნოლოგიური ექსპერტიზის უნარი, ეფექტიანი ლიდერობის უნარები, მკაფიო და ლაკონიური კომუნიკაციის უნარი აქვს — როგორც ტექნოლოგიურ, ისე არატექნოლოგიურ რგოლებთან.
და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ ცვლილება მარტივი არასდროსაა, განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. თუმცა, ცვლილებების გარეშე გაუმჯობესებას, სწრაფ ზრდასა და თანამედროვე სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას ვერ შევძლებთ. ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, რომელიც ტექ ტალანტებისთვის არა მხოლოდ ძალიან კომფორტული, არამედ საინტერესო, გამოწვევებით სავსე იქნება.
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.