ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაბლოგი
9 იანვარი 2023, 12:09
2023-01-09
ნანა დიხამინჯია: რა ხდებოდა CES 2023-ზე — სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენაზე ლას ვეგასში
— ავტორი: ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი
8 იანვარს ლას ვეგასში დასრულდა Consumer Electronics Show — სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა, რომელიც უკვე 56 წლისაა. პირველი კონფერენცია ნიუ-იორკში 1967 წელს ჩატარდა და მას 17 000 ადამიანი ესწრებოდა, 2019 წელს კი ამ კონფერენციაზე 180 000 იმყოფებოდა, ათასობით კომპანიასთან ერთად. წლევანდელი CES ჰიბრიდულად — პირისპირ და ონლაინ ჩატარდა. ლას ვეგასში დაახლოებით 100 000 დამსწრე ჩავიდა.
დამწყები სტუდენტური სტარტაპები და ცნობილი კომპანიები ყოველ წელს CES-ზე წარადგენენ უახლეს პროდუქტებს, რომელთაგან ზოგი ჯერ მხოლოდ პროტოტიპია, ამიტომ, ეს გამოფენა შემდგომი წლების ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.
პროაქტიური ჯანდაცვის შესაძლებლობას სჭირდება ადამიანზე მუდმივი დაკვირვება და ამ მონაცემების გაანალიზება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო პროდუქტი იყო წარმოდგენილი: მაგალითად, Withing-ის უნიტაზში დასამაგრებელი სკანირების აპარატი, რომელიც შარდის ანალიზს აკეთებს და მომხმარებელს სმარტფონზე უგზავნის შედეგებს რეკომენდაციებთან ერთად.
ჯერჯერობით, აპარატი მხოლოდ ძირითად მახასიათებლებს ადგენს, თუმცა, მომავალში ანალიზების რაოდენობა გაიზრდება და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დაავადებების პრევენციისთვის.
სკანირების აპარატმა ბევრი მსჯელობა გამოიწვია, რაც ზოგადად სახლში ანალიზების ჩასატარებელ მოწყობილობებს უკავშირდება: შეუწყობს თუ არა ხელს შარდზე მუდმივი დაკვირვება ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ შფოთვებს და იპოქონდრიას, რამდენად ზუსტი იქნება სახლში ჩატარებული ანალიზები, როგორ იქნება დაცული მომხმარებლის პირადი მონაცემები, რაც მაგალითად აშშ რიგ შტატებში აბორტის აკრძალვის გამო აქტუალურია, ვინაიდან შარდით შესაძლებელია ფეხმძიმობის დადგენა.
თუმცა, ასეთი განხილვები ნებისმიერ ახალ პერსონალურ დიაგნოსტიკურ მოწყობილობას მოჰყვება ხოლმე ადაპტაციის პროცესში.
როგორც სამედიცინო სენსორების ფართო სტენდიდან ჩანდა, შემდეგ წლებში სულ უფრო იოლი გახდება მცირე ზომის მოწყობილობებში, ტანსაცმელში, საათებში და სათვალეებში ადამიანის სამედიცინო მაჩვენებლების გაზომვა არაინვაზიური ხერხით, რაც გარდაქმნის თანამედროვე ჯანდაცვის ინფრასტრუქტურას და პირველადი ჯანდაცვის საგრძნობ ნაწილს გადმოიტანს სახლის პირობებში ტელემედიცინის დახმარებით.
ტელემედიცინაც აქტიურად იყო წარმოდგენილი გამოფენაზე — პირდაპირ ჭკვიან ტელევიზორებში ინტეგრირებული პლატფორმები იოლი მოხმარებისთვის, კლინიკებისთვის მართვის სისტემები და საკუთარი ჯანმრთელობის მართვის აპლიკაციები უკვე მარტივად აღსაქმელია და ამ მიმართულებით მხოლოდ სხვადასხვა სისტემების ინტეგრაციის და მონაცემთა ანალიტიკის ხარისხის გაუმჯობესებაა შესაძლებელი.
გამოფენაზე ნაჩვენები იყო მოწყობილობები, რომლითაც ხდება დეპრესიის და დემენციის დიაგნოსტირება სისხლის ანალიზით, სისხლში შაქრის გასინჯვა ჩხვლეტის გარეშე, კამერით ყოველდღიური დაკვირვება ადამიანის ემოციებზე და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენა, ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის დადგენა გენეტიკური ბიომარკერებით.
მასიური ხელმისაწვდომობა ბიოსაინჟინრო და ბიოტექნოლოგიურ კომპონენტებსა და ცოდნაზე, რაც ბოლო წლებში გახდა შესაძლებელი და პანდემიის შედეგად დაჩქარდა, შემდეგ წლებში უამრავ მსგავს პროდუქტს შემოგვთავაზებს, რომელთაგან ზოგი უზარმაზარ კვლევით ცენტრებში, უფრო მეტი კი უნივერსიტეტების ტექშოფებსა და საკუთარ გარაჟებში კეთდება, იმავე დროს კი ახალ ეთიკურ დილემებს გაგვიჩენს მონაცემთა დაცულობისა და ინსტრუმენტთა სანდოობის კუთხით.
გამოფენაზე ასევე ბევრი მოწყობილობა იყო წარმოდგენილი, რომელიც ელექტროობით ანაცვლებს ბიოქიმიურ წამლებს, იქნება ეს ტკივილის მართვა, ქავილის შემცირება თუ ყურადღების კონცენტრაციის გაზრდა მიმართული ელექტრული იმპულსებით. ჯერ კიდევ 2010 წლიდან სამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება გამოთქმა, რომ «ელექტროობა ახალი წამალია». მის შედარებით უხეშ გამოყენებებს მეოცე საუკუნეშიც ვხედავდით, მაგრამ, დღეს ეს მიმართულება ძალიან დაიხვეწა და მეცნიერთა აზრით, მკურნალობის სრულიად ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
აღსანიშნავია, რამხელა ყურადღება ეთმობოდა გამოფენაზე მენტალურ ჯანმრთელობას, ძილის და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების მართვას აპლიკაციებით, ჭკვიანი საათებით, ჭკვიანი მოწყობილობებით და არა მარტო სატარებელი მოწყობილობებით, არამედ ლეიბებითაც კი, რომელთაც ჩაშენებული აქვთ ძილის მონიტორინგის სისტემები.
დაბერების ტექნოლოგიები — AgeTech — ცალკე დიდი მიმართულებაა, რომელსაც გამოფენაზე ფართო სივრცე დაეთმო.
თუმცა, ცოტათი სევდიანი იყო იმის დადასტურება, რომ დღეს დაბერების მთავარი პრობლემა მარტოობაა და მხოლოდ რობოტი-კომპანიონების შექმნაა გამოსავალი, რომლებიც მრავალფეროვანი სახით იყო წარმოდგენილი ინოვაციების სექციაში — მოვიბრირე ბალიშიდან მოლაპარაკე რობოკატამდე, რომელიც ხანშიშესული ადამიანის საუბარსაც იწერს, აქედან ბიოგრაფიას ქმნის და ახლობლებისთვის ინახავს.
რობოტი-კომპანიონები ჩვილი ბავშვებისთვისაც მრავლად იყო — მათი უსაფრთხოების დაცვისთვის, კომუნიკაციის უნარების განვითარებისთვის, სწავლისთვის და ჯანმრთელობაზე დაკვირვებისთვის.
ინოვაციების სექციაში იყო წარმოდგენილი Gluxkind-ის ფაქტობრივად თვითმართვადი ეტლი, რომელიც დაცულია დაგორებისგან, არ სჭირდება აღმართზე მიწოლა, თვითონ არწევს ჩვილს. ქცევის და ჯანმრთელობის მონიტორინგის გაჯეტები ადამიანებზე არ ჩერდება და სპეციალური საყელოები შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვისაცაა შექმნილი.
დიდი კომპანიების ძირითადი მიმართულება კი ეკრანების უკეთესი გამოსახულება, მეტასამყაროში უწყვეტი გადასვლა, მანქანების და განსაკუთრებით სახლების დაჭკვიანებაა. ტუალეტების ინტერნეტით, რაც ნივთების ინტერნეტის გადათამაშებაა (IoT — Internet of Things — Internet of Toilets) და ჭკვიანი აბაზანებით დაწყებული, როგორიც ბევრჯერ გვინახავს სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში, ჭკვიანი მაცივრები და ჭკვიანი მიქსერები, სენსორებიანი წყალგაყვანილობა, ბალახის მჭრელი და ფანჯრის მწმენდავი რობოტები ერთობლივად ქმნიან გარემოს, რომელიც ჩვენს ფიზიკურ მეს ციფრულ მესთან აერთიანებს და ფიზიკური თვალსაზრისით გვიმცირებს საზრუნავს დალაგებისა თუ საჭმლის მომზადების მიმართულებით.
ციფრული სრულყოფილი მეს შედგენაზეც ბევრი კომპანია ზრუნავს — საკუთარი გამოსახულების, ხმის, ჩვევების, ბიოლოგიური მახასიათებლების დასკანერება და სხვადასხვა მეტასამყაროებში იოლი ინტეგრირება განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის შემდეგ გახდა.
ცხადია, ამ პროცესში ისევ ვაწყდებით პერსონალური მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების დილემებს, რაც ამ ტექნოლოგიურ ეპოქას ახასიათებს, მაგრამ სრულყოფილი ვირტუალური კომუნიკაციის სურვილი ფიზიკური შეზღუდვების გარეშე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდოდ, შემდეგ ათწლეულში პირადი მონაცემების ცნებაც შეიცვლება.
თუმცა, ჯერჯერობით, როგორც EFF აღმასრულებელი დირექტორი, კონი აღნიშნავს, გაჯეტის თუ მოწყობილობის შერჩევისას მაინც ერთი კითხვით უნდა ვიხელმძღვანელოთ: «მე ვყიდულობ კომპანიისგან რაღაცას თუ ეს კომპანია მყიდის მე სხვა ადამიანებზე?»
ამ ყველაფერს კი — პერსონალიზირებული მედიცინა იქნება, ბავშვის განმავითარებელი სათამაშო თუ ტექსტიდან საკუთარი ვიდეოპერსონაჟის შექმნა — ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები ამოძრავებს, რომლის სხვადასხვა პლატფორმები, მათ შორის წამლის შექმნის პლატფორმებიც — მრავლად ჩანდა გამოფენაზე.
მცირე მიმოხილვაში ძალიან რთულია ათასობით საინტერესო პროდუქტის განხილვა, რაც გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, მაგრამ ერთი რამ შეგვიძლია დავასკვნათ — მომავლის ყველაზე მთავარი უნარი იქნება სხვადასხვა კომპონენტებით — აპლიკაციებით, პლატფორმებით თუ სენსორებით — ახალი სისტემების შექმნის და სხვა სისტემებთან ინტეგრირების უნარი.
ამიტომაც არის CES 2023-ის სლოგანი: «წარმოიდგინე უფრო შეუძლებელი მომავალი — იყავი მასში» (Imagine a more impossible future — Be in It).
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო
«ალტე უნივერსიტეტის» ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. ნანა საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს.
Technovation Girls Sakartvelo 2023 — რა ხდებოდა ტექნოლოგიურ ბანაკში
Technovation Girls 2023-ის მონაწილეთათვის ბანაკი დასრულდა. 17-20 აგვისტოს ბანაკში ჯუნიორ მოსწავლეები იყვნენ, ანუ მე-7 — მე-9 კლასელები, 21-24 აგვისტოს კი — უფროსები — მე-10 — მე-12 კლასის მოსწავლეები.