ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძესტარტაპები
5 იანვარი 2024, 16:50
2024-01-05
5 ქართველი ჯენ ზი სტარტაპერი
ჯენ ზი ტექნოლოგიური ოსტატობითა და ინოვაციური აზროვნებით გამორჩეული თაობაა — ისინი დაწესებულ ნორმებს ცვლიან, საჭირო კითხვებს სვამენ და სასარგებლო პროდუქტებს ქმნიან.
წარმოგიდგენთ 5 ქართველ ჯენ ზი სტარტაპერს, რომელთა იდეამაც წარმატებას უკვე მიაღწია ან ამისკენ ეტაპობრივად მიიწევს.
* გიორგი ურუშაძე მილენიალი აღმოჩნდა, თუმცა სტატიას უცვლელად ვტოვებთ.
გიორგი ურუშაძე — Tasteit
Tasteit გაცნობის აპლიკაციაა, რომელიც აქამდე ამ კუთხით არსებულ პრინციპს ცვლის და ადამიანებს შორის მთავარ დამაკავშირებელ ელემენტად საჭმელი შემოაქვს. გიორგი ურუშაძის თქმით, სტარტაპის შექმნის იდეა დაახლოებით სამი წლის წინ დაებადა, როდესაც ბერლინში, სარეკლამო კომპანია Ogilvy-ში Burger King-ისა და Food Panda-ს სარეკლამო კამპანიებზე მუშაობდა.
«ერთმანეთს ორი სიტყვა — Dating და Food დავუკავშირე და იდეაც მოვიდა. მაშინვე მივხვდი, კარგ რამეს მივაგენი და ადამიანების დაკავშირება კერძების/სასმელების გემოვნების მიხედვით, შეიძლება ახალი, დიდი სტარტაპის დასაბამი გამხდარიყო». — ამბობს გიორგი.
გაცნობის სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, Tasteit-ის მომხმარებლები ერთმანეთს კულინარიული გემოვნების მიხედვით პოულობენ. გიორგი ურუშაძის თქმით, Tasteit საკვების სოციალური ქსელია, რომელიც გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, რომანტიკულ კონტექსტს აქრობს.
აპლიკაცია tinder-ის მსგავსი პრინციპით მუშაობს. თუმცა, აქ ადამიანების ნაცვლად მომხმარებლები იწონებენ ან არ იწონებენ კერძებს ან სასმელებს, რომლებიც რეალურ რესტორნებში, კაფეებსა და ბარებშია გადაღებული.
Tasteit-ის აუდიტორია შეზღუდული არ არის, თუმცა, მთავარი აქცენტი მილენიალებსა და ჯენ ზიზე კეთდება. ამასთან, მთავარ ფოკუსში გურმანები არიან, იმიტომ რომ, აპლიკაცია, უპირველეს ყოვლისა, კვების პლატფორმაა.
გიორგიმ პირველი არხის სატელევიზიო შოუ Shark Tank Georgia-ს პროექტში 100 000 ლარის ინვესტიციაც მოიპოვა.
ნათია ქუხილავა — Helio.AI
ხელოვნური ინტელექტი, ეტაპობრივად, ყველა სფეროს განუყოფელი ნაწილი ხდება. გამონაკლისი არც რეკრუტინგია — ქართულ ბაზარზე პირველი ინოვაციური სტარტაპი Helio.AI გამოჩნდა, რომელიც HR ეკოსისტემაში ახალ ნაბიჯებს დგამს და მის გაციფრულებას იწყებს. ცხადია, კომპანია ამას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახერხებს.
ნათია ქუხილავა, რომელიც ჯენ ზის წარმატებული და ამბიციური წარმომადგენელია, Helio.AI-ის თანადამფუძნებელია. ნათიასა და მის გუნდს რეკრუტირების პროცესში რევოლუციის დაწყება სურთ.
Helio.AI რეკრუტინგის მართვის სისტემაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კომპანიებს პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება. ის კონკრეტულ პოზიციაზე შესაბამისი ადამიანების შერჩევის პროცესს ამარტივებს და აჩქარებს.
«ჰელიო 2023 წლის ზაფხულში დაფუძნდა. დღეს მსხვილ რითეილ კომპანიებთან უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ». — გვიყვება ნათია.
Helio.AI-ს გამოყენებით რეკრუტერი ზოგავს ყველაზე მთავარს — დროს და უჩნდება რესურსი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისთვის, როგორიცაა კანდიდატებთან კომუნიკაცია, სამუშაო პროცესის სწორად დაგეგმა და წარმართვა.
«სისტემას შეუძლია, სულ რამდენიმე წამში ასობით ქართული და ინგლისური რეზიუმე გადაარჩიოს, ბაზა მოამზადოს და მოთხოვნებთან შესაბამისობის მიხედვით დაალაგოს». — ამბობს ნათია.
სტარტაპს ამბიციური მიზნები აქვს — დამფუძნებლებს სურთ, რომ რეკრუტინგის პროცესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში სრულიად შეცვალონ.
გიორგი დარასელია — Bnollar
Bnollar ქართველი ახალგაზრდების სტარტაპია — სოციალური ქსელი, რომელიც ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული.
Bnollar-ის გუნდი მთლიანად Gen Z-ის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. 19 წლის front-end დეველოპერის, Bnollar-ის თანადამფუძნებლის, გიორგი დარასელიას თქმით, იდეაზე მუშაობა უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.
«მინდოდა ჩემი სტარტაპის დაწყება. წამოიწია WEB3-ისა და NFT-ის საკითხები და ვიფიქრე — რატომაც არა? მოდი, სოციალურ ქსელს შევქმნი. „მოხალისეობრივად“ შევკრიბე დაახლოებით 20-წევრიანი გუნდი. მათ შორის, დიზაინერი, დეველოპერი, ბლოკჩეინ დეველოპერი. ასე დავიწყეთ ამ ყველაფრის კეთება». — ამბობს გიორგი დარასელია.
გიორგი ყვება, რომ მათ გაითვალისწინეს, მათ შორის, Facebook-ის პრობლემები, როცა ჰაკერული თავდასხმის შემდეგ მისი მომხმარებლების ინფორმაცია მოიპარეს. ამიტომ, გადაწყვიტეს, შექმნან ისეთი სოციალური ქსელი, რომლის გატეხვის შესაძლებლობაც ჰაკერებს არ ექნებათ.
«ეს იქნება დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი. სერვერები საერთოდ არ გვექნება. ჰეშირებული ინფორმაცია გავა ბლოკებით. შენს პროფილს ვერ გატეხავენ, რაღაც ინფორმაციას შენგან ვერ გაიგებენ. ბლოკჩეინი — ეს არის მონაცემთა ბაზა, რომელიც აბსოლუტურად დეცენტრალიზებულია. ბლოკჩეინში დაუშვებელია ყველანაირი მესამე პირის ჩარევა, ანუ შენსა და მეორე პირს შორის მესამე პირი არ ერევა». — გვიყვება გიორგი.
ანი კაზარიანი — Arrival
Arrival 3D ვირტუალური სივრცეების ქართული გენერატორია, რომელიც კომპანიებისა და კონფერენციებისთვის შეიქმნა. პლატფორმა უამრავ შესაძლებლობასთან ერთად, ვირტუალურ სამყაროში ღონისძიების ჩატარების საშუალებას იძლევა. სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი 22 წლის ანი კაზარიანია, რომელიც ინოვაციურ იდეას წარმატებით უძღვება და ანხორციელებს.
Arrival-ის შექმნის იდეა კოვიდის პერიოდში გაჩნდა — მაშინ, როცა ყველანი ჩაკეტილები ვიყავით, სამსახური ონლაინ გვქონდა და ვერც ღონისძიებებს ვესწრებოდით. ვიდეო ზარები კი დროთა განმავლობაში მოსაწყენი გახდა და ეფექტურობა დაკარგა. ამიტომ სტარტაპის დამფუძნებლებმა შეხვედრების ჩატარება Metaverse სივრცეებში გადაწყვიტეს, სადაც მონაწილეობა უფრო საინტერესო და სახალისო იქნებოდა.
«იდეა იმდენად მოგვეწონა, რომ მალევე გავედით საერთაშორისო ბაზარზე და დიდი კონფერენციების ჩატარებაც დავიწყეთ. ჩვენ კომპანიებს ჰიბრიდულ და სრულიად ვირტუალურ ღონისძიებებს ვთავაზობთ». — გვიყვება ანი.
იქიდან გამომდინარე, რომ Arrival ინოვაციური იდეის მქონე, ტექ სტარტაპია ძირითადი სამიზნე აუდიტორია Web3 და Fintech ორგანიზაციები არიან. ამ ინდუსტრიების წარმომადგენლები შედარებით მეტ ცოდნას ფლობენ Metaverse ვირტუალურ სამყაროზე. შესაბამისად, საქმიანი ურთიერთობა ორივე მხარისთვის მეტად საინტერესო და ეფექტურია.
«სანამ ჩვენი პლატფორმა მზად იქნება, გვსურს, რომ თვეში მინიმუმ სამი ღონისძიება ჩავატაროთ. მაგალითად, ნოემბერში ორი ღონისძიება ჩავატარეთ. შემდეგი თვიდან ამ შედეგის გაუმჯობესება გვსურს. გვჯერა, რომ სამომავლოდ მასშტაბებიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. საუკეთესო შემთხვევაში ყველა, ვისაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ფინანსების დაზოგვით და ინოვაციური გზებით ენდომება, ჩვენს პლატფორმას გამოიყენებს». — ამბობს ანი.
სანდრო თავხელიძე — Wempler
სანდრო თავხელიძე 22 წლის სტარტაპერია, რომელმაც თანატოლებთან ერთად, დავით ბერძნიშვილთან და გიორგი ჯავახიძესთან ერთად 2022 წელს Wempler დააფუძნა.
თავისი არსით, Wempler არის აპლიკაცია, რომელიც ორი ტიპის ადამიანს აკავშირებს — იმათ, ვისაც დავალებების შესრულება სჭირდებათ და მზად არიან, ამისთვის თანხა გადაიხადონ და იმათ, ვისაც კონკრეტული სერვისის შესრულებით თანხის გამომუშავება სურთ.
სანდრო თავხელიძე ამბობს, რომ ვემპლერის დაარსების იდეა დაახლოებით 1 წლის წინ დაიბადა — ის უნივერსიტეტის დავალებას აკეთებდა, როცა დედამ დაურეკა და სარემონტო მასალების ყიდვა სთხოვა. სანდრო ვერ ასწრებდა, ამიტომ ისეთი ადამიანის მოძებნა დაიწყო, ვინც ამას მის ნაცვლად გააკეთებდა. იმ მომენტში ასეთი ადამიანი ვერ იპოვა. მოგვიანებით მეგობარმა უთხრა, რომ მას სურდა, თავად დახამრებოდა სხვას ანაზღაურების სანაცვლოდ. მიხვდნენ, რომ საერთო პრობლემა ჰქონდათ და ვემპლერის იდეაც დაიბადა.
ვემპლერმა კონკურს Shark Tank Georgia-ში გაიმარჯვა, რის შემდეგაც 5 ინვესტორი მოიძიეს. დამფუძნებლებისთვის ეს პროდუქტის მალე შექმნის მოტივაცია გახდა.
სტარტაპის სამომავლო გეგმებზე საუბრისას სანდრომ აღნიშნა, რომ 2024 წლის მეორე ნახევარში Wempler უკვე ორ ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი.
«პირველი, რაც ყველაზე ახლოსაა — Wempler-ის ახალი ვერსიაა, რაც ინტერფეისის სრულ განახლებას და არსებული პროცესების გაუმჯობესება. მეორე კი ისაა, რომ ახლახან დავხურეთ ე.წ. „Pre-Seed“ რაუნდი, რომელიც პირველი საინვესტიციო რაუნდია სტარტაპებში. ამ ინვესტიციით, პირველ რიგში, ქართულ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად ათვისებას ვგეგმავთ, რადგან ამ დროისთვის, მხოლოდ გამოცდილების გაზიარებით ვმუშაობდით, მოგვიანებით კი ექსპანსიას ვფიქრობთ, რომელიც, სავარაუდოდ, 2024 წლის მეორე ნახევარში დაიწყება».
მოკლედ, ეს ხუთი, ერთმანეთისგან განსხვავებული წარმატების ისტორია ამტკიცებს, რომ Gen Z-ის ინოვაციურ გონებას აქვს პოტენციალი, გარდაქმნას ინდუსტრია და გაუმკლავდეს გლობალურ გამოწვევებს, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოში არსებობს.
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს?
სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.