ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძესტარტაპები
26 სექტემბერი 2023, 09:00
2023-09-26
Helio.AI — რეკრუტინგის ინოვაციური სისტემა — ინტერვიუ თანადამფუძნებელთან, ნათია ქუხილავასთან
ხელოვნური ინტელექტი, ეტაპობრივად, ყველა სფეროს განუყოფელი ნაწილი ხდება. გამონაკლისი არც რეკრუტინგია — ქართულ ბაზარზე პირველი ინოვაციური სტარტაპი Helio.AI გამოჩნდა, რომელიც HR ეკოსისტემაში ახალ ნაბიჯებს დგამს და მის გაციფრულებას იწყებს. ცხადია, კომპანია ამას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახერხებს.
dev.ge-სთან ინტერვიუში Helio.AI-ის თანადამფუძნებელმა, ნათია ქუხილავამ დეტალურად ისაუბრა, რა არის და როგორ მუშაობს სტარტაპი და რას შეცვლის ის დასაქმების ქართულ ბაზარზე.
Helio.AI რეკრუტინგის მართვის სისტემაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კომპანიებს პროცესების ავტომატიზაციაში ეხმარება. ის კონკრეტულ პოზიციაზე შესაბამისი ადამიანების შერჩევის პროცესს ამარტივებს და აჩქარებს.
ჰელიო სულ რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა. დღეს მსხვილ რითეილ კომპანიებთან უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ.
როგორ გაგიჩნდათ იდეა, შეგექმნათ ეს პლატფორმა?
რუტინულ, ყოველდღიურ საქმიანობაში ასობით რეზიუმეს მიღება, გადარჩევა, ბევრი რეკრუტერის პრობლემაა.
ჩემი გუნდის წევრებს და თანადამფუძნებლებსაც მსგავსი პრობლემა ხშირად ჰქონიათ — მიღებული ასობით რეზიუმე, დახარჯული საათები და დღეები უბრალოდ რუტინული საქმის შესასრულებლად.
სწორედ ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევის დროს დაიბადა იდეაც, დავიწყეთ მსგავსი სისტემების ძებნა. თუმცა, ქართულ ენაზე გაწვრთნილი ხელოვნური ინტელექტის არ არსებობის გამო ჩვენს რეალობას ვერცერთი პლატფორმა ვერ მოვარგეთ.
ბევრი არ გვიფიქრია და Helio.AI-ის შექმნას შევუდექით.
რა არის ამ სერვისის მთავარი იდეა და მიზანი?
თავდაპირველი იდეა მხოლოდ ის იყო, რომ რეკრუტერებისთვის რეზიუმეების კითხვის რუტინული პროცესი აგვერიდებინა და მათ სამუშაო პროცესში უფრო კრეატიული და საინტერესო საქმეებისთვის მეტი დრო ჰქონოდათ. თუმცა, მუშაობის პროცესში მივხვდით, რომ პრობლემა ბევრად მასშტაბურია — კომპანიები სტანდარტულად ეძებენ თანამშრომლებს, ვერ ითვალისწინებენ მათ პიროვნულობას და ხშირად ხდება, რომ შერჩეული ადამიანები ახლოს არ არიან კომპანიის კულტურასთან, ხედვასთან და ღირებულებებთან.
ამიტომ, გადავწყვიტეთ, რეკრუტინგის პროცესში დამატებით შემოვიტანოთ პიროვნებისა და კომპანიის თავსებადობის განსაზღვრა, რაც რეკრუტერებს კიდევ უფრო სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
დღესჰ ელიოს მიზანია, რეკრუტერებს ყოველდღიური სამუშაო გაუმარტივოს და მათ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს.
რა უპირატესობა ექნება HR-ს, რომელიც ტრადიციული მეთოდების ნაცვლად, თქვენს პლატფორმას გამოიყენებს?
Helio.AI-ს გამოყენებით რეკრუტერი ზოგავს ყველაზე მთავარს — დროს და უჩნდება რესურსი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისთვის, როგორიცაა კანდიდატებთან კომუნიკაცია, სამუშაო პროცესის სწორად დაგეგმა და წარმართვა.
ასევე, რეკრუტერს ერთ სისტემაში ყველა მიღებული კანდიდატის CV ექნება და მათ მარტივად მოძებნასა და გამოყენებას ნებისმიერ დროს შეძლებს.
გყავთ თუ არა კონკურენტები და რით განსხვავდებით მათგან?
საქართველოს ბაზარზე ჩვენი მსგავსი კომპანია არ არსებობს, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით, რასაკვირველია, გვყავს კონკურენტები.
ჰელიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომ მას, კონკურენტებისგან განსხვავებით, ინგლისურთან ერთად, ქართული ვაკანსიებისა და რეზიუმეების ანალიზიც შეუძლია.
თუმცა, მთავარი განმასხვავებელი მაინც ის სიტუაციური თამაშებია, რომელსაც ჩვენი გუნდი ახლა უნიკალურ და ინოვაციურ მეთოდებზე დაყრდნობით ქმნის, რითაც პოტენციური თანამშრომლის რბილი უნარები, პიროვნულობა და კომპანიასთან კულტურული შესაბამისობა.
რა არის Helio.Ai-ს სამომავლო გეგმები და მიზნები?
Helio.AI სულ რამდენიმე კვირის წინ გაეშვა და უახლოესი გეგმები პროდუქტის დახვეწასთან ერთად ქართულ ბაზარზე ზრდას უკავშირდება, თუმცა ჩვენი მიზნები ბევრად მასშტაბურია და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ. გვსურს, რეკრუტინგის პროცესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში სრულიად შევცვალოთ.
ეს არ იქნება მარტივი პროცესი, თუმცა იქნება ძალიან საინტერესო, მით უფრო ისეთ გუნდთან ერთად, როგორიც ჰელიოშია.
რას ფიქრობთ AI-ის როლზე თქვენს საქმიანობაში?
AI აღარაა მომავლის ტექნოლოგია, მიუწვდომელი და შორეული, რომელზეც უბრალოდ მითები არსებობდა ან კინოებში ვხედავთ, ის უკვე დღევანდელობაა და თითოეული ადამიანი პირდაპირ თუ ირიბად მას ყოველდღიურად იყენებს.
ყველაზე მეტად ამ ტექნოლოგიაში ის მხიბლავს, რომ არ აქვს საზღვრები და ნებისმიერ სფეროზე შეიძლება უდიდესი გავლენა იქონიოს.
ბოლო დროს ChatGpt-ის გამოჩენამ ხელოვნური ინტელექტისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებით შეცვალა, რაც ავტომატურად ახალი ტექნოლოგიების შექმნას გამოიწვევს.
AI-სთან ერთად ტექნოლოგიების სფეროს მომავალი იმაზე უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ჩანს, ვიდრე ოდესმე.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.