სემ ალტმანი ჩიპების მწარმოებელი ქარხნების ქსელის შექმნას აპირებს
OpenAI-ის CEO, სემ ალტმანი ჩიპების წარმოების ქსელის შექმნას აპირებს და შესაბამის მოლაპარაკებებსაც აწარმოებს კომპანიებთან, რომლებიც საუდის არაბეთსა და იაპონიაში მუშაობენ.
OpenAI-ის CEO, სემ ალტმანი ჩიპების წარმოების ქსელის შექმნას აპირებს და შესაბამის მოლაპარაკებებსაც აწარმოებს კომპანიებთან, რომლებიც საუდის არაბეთსა და იაპონიაში მუშაობენ.
Bloomberg-ის თანახმად, სემ ალტმანი აპირებს, ნახევარგამტარების ქარხნების ასაშენებლად ინვესტორებისგან მიღებული მილიარდობით დოლარი გამოიყენოს. გამოცემა წერს, რომ რამდენიმე მსხვილ ინვესტორს ალტმანი უკვე ელაპარაკა.
იმ კომპანიებს შორის, რომლებთანაც სემ ალტმანი მოლაპარაკებებს მართავს, არის ხელოვნური ინტელექტის აბუ დაბიში დაფუძნებული კომპანია G42 Group და იაპონური ტელეკომ ჰოლდინგი SoftBank Group Corp.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, პროექტი ჩიპების წამყვან მწარმოებლებთან თანამშრომლობას გულისხმობს. ქარხნების ქსელს გლობალური მასშტაბი ექნება.
გამოცემა წერს, რომ OpenAI-ის აღმასრულებელ დირექტორსა და ინვესტორებს შორის მოლაპარაკებები ჯერ ადრეულ ეტაპზეა და მოზიდული პარტნიორების სრული სია ცნობილი არ არის.
სემ ალტმანის მიერ ჩიპების წარმოებისთვის დაფინანსების მოზიდვის მცდელობა გამოხატავს მის შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი ვითარდება, ჩიპების რაოდენობა კი საკმარისი არ არის მისი ფართო გავრცელებისთვის.
Bloomberg წერს, რომ AI-თან დაკავშირებული ჩიპების წარმოების ამჟამინდელი რაოდენობა ჩამოუვარდება პროგნოზირებულ მოთხოვნას.