ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძემსოფლიო
7 თებერვალი 2023, 20:00
2023-02-07
VOX: სად წავლენ ტექნოლოგიური კომპანიებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები
ფაქტია, რომ დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისგან შემცირებების გამოცხადება ცხოვრების ნაწილად იქცა გასული წლის და განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობებში. ტექნოლოგიური კომპანიები თანამშრომლებს ათავისუფლებენ. ის, თუ სად წავა ათიათასობით გათავისუფლებული თანამშრომელი, ბუნდოვანია. Vox გვიზიარებს სტატიას იმის შესახებ, თუ რა მომავალი ელით გათავისუფლებულ თანამშრომლებს.
კარგი ამბავი ის არის, რომ ამ ადამიანებისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოს კარია ღია, არა მარტო ტექნოლოგიური ინდუსტრიის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთ.
გაიზარდა ახალი ბიზნესების დაწყების მიმართ ინტერესი.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანს სწორედ შემცირებები უბიძგებს, დატოვოს ტექნოლოგიური ინდუსტრია, ან დამოუკიდებლად დაიწყოს საქმიანობა, საჭიროა ყურადღება მივაქციოთ თავად ინდუსტრიის შიგნით არსებულ პრობლემებსაც, გადაწვით დაწყებული, შემცირების არასასიამოვნო პრაქტიკებით დამთავრებული — სწორედ ეს პრობლემები უადვილებს ადამიანებს, აირჩიონ ცხოვრება ტექნოლოგიური ინდუსტრიის მიღმა.
«რითაც დიდმა ტექნოლოგიებმა ყველას ყურადღება მიიპყრო, არის ის, რომ ხალხს სთავაზობდა ძალიან ბევრ უპირატესობას და ეს ძალიან მიმზიდველია — ყველა დაინტერესდა ამით», — თქვა პროფესიონალური პერსონალის ფირმა RGP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კეიტ დიუშენმა. — «მინუსი ისაა, რომ დილის სამ საათზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგათავისუფლებენ. ან თქვენი საშვი აღარ მუშაობს და ასე გაიგებთ, რომ გაგათავისუფლეს».
ეს ყველაფერი იმ კულტურული სახეების ნაწილია, რომელიც დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებში იხატება. ისინი წლების განმავლობაში სპობდნენ მაღალკვალიფიციურ მუშაკებს, ხიბლავდნენ მათ დიდი ანაზღაურებითა და შეღავათებით.
ახლა ეს კომპანიები საუბრობენ სიმკაცრეზე და გიგანტურ სამუშაო ძალას სთხოვენ, რომ ისევ სტარტაპებივით იმუშაონ.
ამავდროულად, ტექნოლოგიური გიგანტები საინტერესო სამუშაო ადგილებიდან ჩვეულებრივ კორპორაციულ სამუშოდ გადაიქცნენ, რის გამოც ზოგიერთი ეჭვქვეშ აყენებს იმას, რაც თავდაპირველად ნახეს ინდუსტრიაში.
მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლების თემამ მრავალი მთავარი სიახლე მოიცვა, ბოლო პერიოდების შემცირებები უფრო მეტად კურსის კორექტირებას დაემსგავსა, ვიდრე აფეთქებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი ნაკლებად მტკივნეულია.
Layoffs.fyi-ის თანახმად, 2023 წელს ტექნიკური ინდუსტრიის 78, 000-მა თანამშრომელმა დაკარგა სამსახური, 2022 წელს 160 000-მა. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება ნამდვილად ცუდი ფაქტია, შემცირებები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ გამოიწვიოს მასიური რღვევები ტექნოლოგიურ სამუშაო ბაზარზე.
მთლიანობაში, აშშ-ს ტექნოლოგიურმა ინდუსტრიამ, რომელიც მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Google და Apple, ინდუსტრიის ასოციაცია CompTIA-ის მონაცემების მიხედვით, დეკემბრის ჩათვლით, 25 თვის განმავლობაში გაუჩერებლად დაიმატა თანამშრომლები. ასოციაციის თქმით, ტექნოლოგიურ პროფესიაში მომუშავე ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 6.5 მილიონ ადამიანს აღწევდა, ხოლო მათი უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ ნიშნულს — 1,8%-ს. რა თქმა უნდა, რიცხვები შეიძლება შეიცვალოს. თუმცა, ინდუსტრიაში, სადაც მილიონობით თანამშრომელია, ათიათასობით თანამშრომლის გათავისუფლება დიდ ცვლილებებს ვერ მოიტანს.
CompTIA-ის მონაცემებით, ტექნოლოგიური პროფესიის მქონე ადამიანების 59% რეალურად არ მუშაობა ამ ინდუსტრიაში. ეს მაჩვენებელი სტაბილურად ნარჩუნდება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ამის მიზეზი ისაა, რომ მაშინ, როცა ფინანსების, ჯანდაცვისა და საცალო კომპანიებმა დაიწყეს ტექნიკური მუშახელის მოთხოვნა თავისი ბიზნესის გაციფრულების მიზნით, ტექნოლოგიური ინდუსტრიაც გაიზარდა. თუმცა, ეს ბალანსი შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გადაიხაროს იმ ინდუსტრიებისკენ, რომლებიც არ ფოკუსირდებიან ტექნოლოგიურ სფეროზე.
«იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც ახლა ხდება, არ გამიკვირდება, თუ 2023 წელს ტექნოლოგიების სფეროს მუშახელს ტექნოლოგიური სფეროს გარეთ ვიხილავთ». — ამბობს CompTIA-ის კვლევის მთავარი ოფიცერი ტიმ ჰერბერტი Recode-სთან საუბარში.
მან აღნიშნა, რომ არ ელის მუშახელის უზარმაზარ გადინებას, მაგრამ ტექ დასაქმების მასშტაბების გათვალისწინებით, თუნდაც, 1%-იანი ცვლილება შესამჩნევი იქნება.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგიური ინდუსტრია ყველა სახის მუშაკს ასაქმებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ტიპის სამსახურებიდან ათავისუფლებდნენ ტექ. კომპანიები თანამშრომლებს, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მათი დიდი ნაწილი მუშაობს ისეთ პოზიციებზე, რომლებიც არ საჭიროებს კომპიუტერული მეცნიერის ხარისხს, მაგალითად, გაყიდვები ან ადამიანური რესურსების მართვა.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ Google-ის თანამშრომლებიდან გათავისუფლებულებს შორის იყვნენ ინჟინრები, გათავისუფლებულების რიცხვი ასევე მოიცავდა მასაჟის 30 სპეციალისტს, რომლებიც ოფისში მუშაობდნენ. იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ბოლო კვირებში დაითხოვეს, გადაწყვეტილება — დარჩებიან ტექნოლოგიების სფეროში, დაიწყებენ სტარტაპს თუ დატოვებენ ტექნოლოგიების სფეროს, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას აკეთებდნენ.
მოთხოვნადი ტექნოლოგიური უნარების მქონე მუშაკებს, კერძოდ ინჟინრებს, სავარაუდოდ, მეტად გაუადვილდებათ სამუშაო ადგილების პოვნა. დეკემბერში დაახლოებით 300 000 განცხადება გამოქვეყნდა, რომელიც ტექნიკურ პროფესიონალებს ეძებდა.
ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ინდუსტრიები ტექნოლოგიური პროფესიონალებისთვის არის ფინანსები, წარმოება და ჯანდაცვა.
ამავდროულად, ტექნოლოგიური ტალანტების უმსხვილესი დამსაქმებლების სიაში შედიან დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, მაგალითად, Google და Amazon ისეთ კორპორაციულ გიგანტებთან ერთად, როგორებიც არიან Wells Fargo, General Motors და Anthem Blue Cross.
«ტექნოლოგიების შემცირების ფარგლების და გადაწყვეტილების მიღების კარგად ცნობილი მიზეზების გათვალისწინებით, ჩვენ დიდი ალბათობით დავინახავთ, რომ ბევრი ტექნოლოგიური პროფესიონალი კარგად დაფიქრდება, სანამ რომელიმე ტექნოლოგიურ გიგანტში ან სტარტაპში დასაქმებას დათანხმდება». — განუცხადა Recode-ს Dice-ის მთავარმა რედაქტორმა, ნიკ კოლაკოვსკიმ.
მაიკლ სკაფმა ტექნოლოგიური ინდუსტრიის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე დატოვება გადაწყვიტა. მან თავისი 30-წლიანი კარიერის პირველი ნახევარი სხვადასხვა IT პოზიციებზე ტექნოლოგიურ სექტორში, ხოლო მეორე ნახევარი — მის ფარგლებს გარეთ გაატარა.
ის ამჟამად უმაღლეს ტექნოლოგიური პოზიცაიას, CIO-ს იკავებს Jewish Senior Living Group-ში, ჯანდაცვის მართვის კომპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს, რომ ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპი სფეროს გარეთ გაცილებით ნელია, არ ფიქრობს, რომ ტექნოლოგიების სფეროში გავრცელებული ეთოსი — «სწრაფად იმოძრავე და რაღაცები გააფუჭე» შესაფერისი იქნება ისეთ ინდუსტრიაში, როგორიცაა ჯანდაცვა. თუმცა, საუბრობს იმაზეც, რომ სფერო ტექნოლოგიურ ცვლილებებს საჭიროებს.
იმ კომპანიებს, რომლებიც არ არიან ტექნოლოგიების სფეროში და რომლებიც პროფესიონალებს მაღალ ხელფასებს ვერ სთავაზობენ, ახლა აქვთ შანსი, დაიქირაონ თანამშრომლები, რომლებთან მუშაობაც დიდი ხნის განმავლობაში სურდათ.
თუმცა, ეს დაქირავებები მაინც არ იქნება იაფი.
ანაზღაურება მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური მუშახელისთვის, ხოლო მეორე მნიშვნელოვანი და შედარებით ახალი პრიორიტეტია — პირადი და სამსახურებრივი ცხოვრების ბალანსი.
«ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობაა ტრადიციული დამსაქმებლებისთვის — ბანკები, საცალო მოვაჭრეები, ჯანდაცვის კომპანიები — გამოიყენონ და შესაძლოა, დაიბრუნონ ზოგიერთი თანამშრომელი». — თქვა Gartner Research-ის VP ანალიტიკოსმა, გრეჰემ უოლერმა.
თანამდებობიდან გათავისუფლება ასევე იძლევა შესაძლებლობას, ამ ადამიანებმა დამოუკიდებლად დაიწყონ მუშაობა.
2022 წელს სტარტაპების წამოწყების განაცხადები ერთ-ერთ უმაღლეს ნიშნულზე იდგა ისტორიაში.
წლების განმავლობაში გაურკვეველი დარჩება, რას გააკეთებენ ის ადამიანები, რომლებსაც ბოლო ტექნოლოგიური შემცირებები შეეხოთ. შესაძლებელია, რომ ეს მხოლოდ ხანმოკლე პროცესი იყოს მზარდ ტექნოლოგიურ სექტორში, ან ხალხი გაერიდება დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და დაიწყებენ სტარტაპების შექმნას. ან, შესაძლოა, რომ ყველა კორპორაციული კომპანია ახლა უკვე ნამდვილად ტექნოლოგიური კომპანიაა და ეს გათავისუფლებები ყველას თანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
დავით იაკობოვიცი თითქმის მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობდა. ბოლოს TikTok-ში გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით დასაქმდა. თუმცა, თანამდებობის დათმობა ნებაყოფლობით გადაწყვიტა და საკუთარი, უშაქრო შოკოლადის ბიზნესი Nebula Snacks წამოიწყო. როგორც ამბობს, მას უკვე ჰქონდა თავის თავზე გამოცდილი სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები და იცოდა, რომ «ერთგულება ყოველთვის არ ჯილდოვდება».
ამას გარდა, მან გააცნობიერა, რომ შესაძლოა, ტექნოლოგიური ინდუსტრია სულაც არ ყოფილიყო მისთვის.
«მე გადავხედე ტრაექტორიას და ცხოვრების წესს, რომლითაც შემდეგი 10-15 წლის განმავლობაში უნდა მეცხოვრა, თუ ტექნოლოგიური კორპორაციული კიბის უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას გადავწყვეტდი. როდესაც ამ კიბეს ჩამოვშორდი, თავად ვუპასუხე კითხვას: მე არ მინდა ამის გაკეთება».