ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
7 დეკემბერი 2022, 09:00
2022-12-07
ექნება თუ არა გავლენა დიდ კომპანიებში შემცირებებს ქართულ IT ბაზარზე
დიდი ტექნოლოგიური კომპანიები თანამშრომლებს ამცირებენ. რეორგანიზაცია დაწყებულია ისეთ გიგანტ კომპანიებში, როგორებიცაა Amazon, Google, Meta, Twitter და სხვა. ტექნოლოგიების სფეროში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სამსახური 120 ათასმა ადამიანმა დაკარგა.
საინტერესოა, რა გახდა მასობრივი გათავისუფლებების მიზეზი, რა დადებითი და უარყოფითი მოვლენები ახლავს თან და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს საქართველოზე.
კომპანიები თანამშრომლებს რამდენიმე მიზეზით ათავისუფლებენ. მათგან ყველაზე პოპულარულია ის, რომ პანდემიის და კარანტინის დროს ტექნოლოგიურ სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა და კომპანიებს ეგონათ, სულ ასე გაგრძელდებოდა. მაგალითად, ამ მიზეზით, Meta-მ 2022 წლის პირველ 9 თვეში 15 ათასი ადამიანი დაიქირავა. თუმცა, ახლა კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რაღაცები არასწორად დათვალეს და სწორედ ამიტომ უწევთ მასობრივი რეორგანიზაციის დაწყება.
პანდემიის პარალელურად რუსეთის უკრაინაში შეჭრა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებაც, რა თქმა უნდა, იწვევს კრიზისს მთელს მსოფლიოში. გამონაკლისი არც IT სფერო და გიგანტი კომპანიები აღმოჩნდნენ, რომლებსაც გაყიდვების შენელებული ტემპისთვის რამე უნდა დაეპირისპირებინათ.
დიდი ტექნოლოგიური კომპანიებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ზემოჩამოთვლილ მიზეზებს ყველგან შეხვდებით. თავად კომპანიები და შემდგომ უკვე მედია რეორგანიზაციის დაწყებას, ძირითადად, ამ ორ, უარყოფითი გავლენის მქონე, ფაქტორს მიაწერენ ხოლმე. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
IT ექსპერტი თორნიკე თოხაძე dev.ge -სთან ამბობს, რომ გათავისუფლებებზე საუბარი დადებით ჭრილშიც შეგვიძლია. მისი შეფასებით, რადიკალურად შეიცვალა კომპანიების საოპერაციო სტრატეგიები — მნიშვნელოვანია «ახალი სისხლი» და თაობათა ცვლა.
IT სფერო, ბოლო წლებში, ყველაზე პოპულარული და საიმედო «ადგილია» ადამიანებისთვის, სადაც შეუძლიათ სწავლაზე დახარჯული დრო ფულად აქციონ.
საინტერესოა, შემცირებების ამხელა ტალღა რა კუთხით ახდენს გავლენას IT სფეროში დამწყები ადამიანის ენთუზიაზმზე და რამდენად გამოიწვევს ეს მომავალში IT სფეროსადმი ნაკლებ დაინტერესებას.
ერთი შეხედვით, დამწყებისთვის მოტივაციის შენარჩუნება რთული უნდა იყოს, როცა ხედავს, რომ ისედაც უდიდესი კონკურენციის პირობებში, თავისი საოცნებო ადგილიდან ადამიანებს ათავისუფლებენ, მაგრამ თორნიკე თოხაძე ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ფიქრობს, რომ ეს დამწყებისთვის, პირიქით, აუცილებლად გამოსაყენებელი შანსია.
ჩამოყალიბებული პროფესიონალების შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია. მათ «გადარჩენისთვის ბრძოლაში» მოწინავე ადგილის დასაკავებლად ახალი ტექნოლოგიების შესწავლა მოუწევთ. იმაზე ფიქრიც არ არის მარტივი, რომ მუშაობისას მასობრივ შემცირებაში ნებისმიერ დროს შეიძლება მოყვე.
რა თქმა უნდა, გათავისუფლება ყველაფრის დასრულებას არ ნიშნავს. გათავისუფლებულ პროფესიონალს რამდენიმე ალტერნატივა აქვს. მაღალი დონისა და დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტები, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, თავს უფრო ნაკლები გავლენის მქონე კომპანიებს შეაფარებენ, რაც პატარა კომპანიების განვითარების პროცესს დააჩქარებს.
თორნიკე თოხაძე მიიჩნევს, რომ გათავისუფლებული სპეციალისტების ცოდნისა და გამოცლდილების სწორად გამოყენების შემთხვევაში პატარა კომპანიებს განვითარების დიდი შანსი აქვთ.
ქართული IT სფერო ეტაპობრივად ვითარდება და ცდილობს, საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვეს.
ჩვენ თორნიკე თოხაძეს ვკითხეთ, რა გავლენას ახდენს გლობალური გათავისუფლებები ქართულ IT გარემოზე.
მისი აზრით, დიდ კომპანიებში მიმდინარე მოვლენები ქართულ ბაზარზე ჯერ არ აისახება.
ცვლილება ყველა სფეროში ხდება და არც IT არის გამონაკლისი. თოხაძე მიიჩნევს, რომ ბოლო ათწლეულში მომხდარი ცვლილებები ძალიან საინტერესო და უპრეცედენტოა. მისი თქმით, დაწყებულია მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც კიდევ დიდი ხანი გაგრძელდება.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ.