BBC: რა დაემართა NFT-ებს?
როდესაც ჰომერ სიმპსონი მაყურებლის წინაშე გამდიდრების სწრაფი სქემით გამოდის, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება.
როდესაც ჰომერ სიმპსონი მაყურებლის წინაშე გამდიდრების სწრაფი სქემით გამოდის, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება.
The Simpsons-ის უახლეს ეპიზოდში მამა თავის შვილს, ბარტს და შემდეგ საკუთარ თავს NFT-ებად აქცევს, რათა მილიონები გამოიმუშაოს.
ყველაფერი თავდაყირა დგება, როდესაც ჰომერი პიცის ფორმის კატისგან იგებს, რომ «NFT სიგიჟე დასრულდა».
ეპიზოდმა NFT-ის გულშემატკივრებისგან და სკეპტიკოსებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა — კრიპტო სამყაროს იმ მხარეზე წარმატებით ხუმრობისთვის, რომელიც რამდენიმე წლის წინ აფეთქდა, მაგრამ ახლა ძალიან მშვიდად მიედინება.
საინტერესოა, რამდენად მართალია პიცის ფორმის კატა და მართლა მკვდარია თუ არა NFT?
ანალიზი აჩვენებს, რომ ოდესღაც პიკში მყოფი Non Fungible Token ბაზარი ბოლო დროს ბოლო დონეზე დაეცა. მაგრამ ზოგიერთი ფიქრობს, რომ იმედი არსებობს.
NFT საკუთრების ციფრული ნიშნებია, რომლებსაც ჩვეულებრივ კრიპტოვალუტით ყიდულობენ.
ისინი ხშირად სურათებთან ან ვიდეოებთან არის დაკავშირებული, მაგრამ NFT-ის ფლობა არ ნიშნავს, რომ მყიდველი საავტორო სურათს იღებს. მისი ონლაინ ნახვა, კოპირება და შენახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მაგრამ ტოკენის ოფიციალური მფლობელის სტატუსი მხოლოდ მყიდველს აქვს.
Dapp Radar-ის მკვლევრებზე დაყრდნობით, NFT ტრანზაქციების ღირებულებამ ახლახან ყველაზე დაბალ წერტილს მიაღწია, მას შემდეგ, რაც NFT ბაზარი პიკში იმყოფებოდა.
ვაჭრობის მოცულობა 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე 89%-ით დაეცა. 2022 წლის პირველ კვარტალში ეს 12,6 მილიარდი აშშ დოლარი (10,4 მილიარდი ფუნტი) იყო, ახლა კი, 2023 წლის მესამე კვარტალში, ეს მხოლოდ 1,39 მილიარდი აშშ დოლარია.
ინდუსტრია დაბლა მოდის. გასულ თვეში, ცნობილი Bored Ape NFT-ების შემქმნელებმა, Yuga Labs-მა განაცხადეს, რომ უკვე მცირე მოგებაზე გასვლაც უჭირთ.
Bored Ape Yacht Club ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიაა. ისინი ოდესღაც NFT-ებს მილიონობით დოლარად ყიდდნენ, რასაც ცნობილი მყიდველები ეხმარებოდნენ, მათ შორის თოქ-შოუს წამყვანი, ჯიმი ფალონი.
NFT Price Floor-ის ვებსაიტის მიხედვით, Bored Ape NFT-ების ყველაზე იაფიანი კოლექციის ფასმა პიკს 2022 წლის მაისის დასაწყისში მიაღწია შემდეგ კი დაახლოებით $268,000 (144 Ethereum მონეტა) ღირდა. ახლა ის $56000-მდე დაეცა.
კოლექციონერი და მხატვარი, ტეილორ უიტლი იძულებული გახდა თავისი შვიდი Bored Ape NFT-დან ექვსი გაეყიდა, რადგან შეთავაზებები, რომლებსაც ის იღებდა, სულ უფრო და უფრო უარესდებოდა.
«მე ნამდვილად არ მინდოდა გაყიდვა, მაგრამ მომიწია. ვფიქრობ, რომ NFT ბაზარმა შეიძლება უფრო დაბლაც კი დაიწიოს». — განუცხადა მან BBC-ის.
გასულ თვეში ტეილორმა თავისი ყველაზე ძვირფასი Bored Ape $212,000-ად გაყიდა მას შემდეგ, რაც მანამდე ბევრად უკეთესი შეთავაზებები უარყო.
მას შეეძლო 10-ჯერ მეტი მოგება მიეღო, თუ NFT-ის უფრო ადრე გაყიდიდა. ამის გამო წუხს, მაგრამ, როგორც ადრეულმა ინვესტორმა, მან მაინც წარმოუდგენელი მოგება მიიღო. მან ბოლო გაყიდვით საწყისი 200 დოლარის ინვესტიციიდან 1000-ჯერ მეტი დაიბრუნა.
შოტლანდიელი ენჯი ტეილორი თავის NFT ნამუშევრებს 8000 აშშ დოლარად ყიდდა, მაგრამ ახლა ის დაახლოებით 600 აშშ დოლარს იღებს. მას საკუთარი სამსახურის გაგრძელება მოუწია.
«მე ჯერ კიდევ ვყიდი NFT-ებს, მაგრამ ასევე ყოველდღიური სამუშაოს კეთება მიწევს. მხოლოდ NFT-ებით ცხოვრება აღარ შემიძლია». — ამბობს ის.
თუმცა ამბობს, რომ სცენარის ასეთი განვითარებისთვის ყოველთვის მზად იყო.
«მე ფულს ვაგროვებდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა». — ამბობს ის.
უამრავი ბედნიერი მყიდველია, რომლებიც ვარდნას მაქსიმალურად იყენებენ.
ადამმა (ონლაინ ცნობილი როგორც Little Fish) ცოტა ხნის წინ 663 000 აშშ დოლარად კრიპტოპანკის ნამუშევარი NFT შეიძინა. საინტერესო ის არის, რომ მფლობელმა წინა შეთავაზება, რომელიც $1,18 მილიონი იყო, უარყო.
«NFT სწორედ ინდუსტრიის დაღმასვლის გამო ვიყიდე. ხალხი სასოწარკვეთილია. ზამთარში ზაფხულის ტანსაცმლის იაფად ყიდვა შეგიძლია». — ამბობს ის.
ადამს სჯერა, რომ ზაფხული ისევ დადგებ და ის «აუცილებლად ისიამოვნებს», როცა ეს მოხდება.
ციფრული ფული, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი (ETH), 2022 წლის ვარდნის შემდეგ არ გამოჯანმრთელებულა. ამ დროს მონეტების ღირებულება მკვეთრად დაეცა, შემდეგ სტაგნაცია მოხდა, რასაც კრიპტოზამთარს უწოდებენ.
ბოლო დროს სიტუაციის გამოსწორების ნიშნები იკვეთება, ბიტკოინი 34 000 აშშ დოლარამდე მატულობს, მაგრამ ზრდა შეფერხდა და 2022 წლის ბოლოს დაფიქსირებულ საუკეთესო მაჩვენებელთან (70 000 აშშ დოლარი) ახლოსაც არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ NFT-ები განსხვავებული პროდუქტია, ისინი იმავე ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზეა აგებული, როგორც კრიპტოვალუტები. როდესაც კრიპტო მეტი ღირს, NFT-ების ფასის ზრდის ალბათობა მაღალია.
ყველაზე დიდი NFT ინვესტორი ვიგნეშ სუნდარესანია, ცნობილი როგორც MetaKovan.
მან ამერიკელი მხატვრის, ბიპლის მიერ შექმნილი NFT 69 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, რამაც 2021 წლის მარტში ბაზარზე დადებითად იმოქმედა.
სუნდარესანს ჯერ კიდევ სჯერა, რომ NFT-ებს ნათელი მომავალი კიდევ აქვთ, მაგრამ მისი აზრით, საუკეთესო დღეები დასრულდა.
ის კრიტიკულად არის განწყობილი ინდუსტრიის მიმართ, რომელიც კაპიტალიზირებულია სპეკულაციურ სიგიჟეზე.
«მე არ მინახავს კარგი მდგრადი ბიზნესი NFT-ების გარშემო». — ამბობს ის.
ერთ-ერთი NFT ბიზნესი, Pudgy Penguins-ია — ბრენდი, რომელმაც ახლახან NFT პერსონაჟების მიხედვით რბილი სათამაშოების გაყიდვა დაიწყო.
თითოეული გაყიდული სათამაშოდან Pudgy Penguin NFT-ის მფლობელს ჰონორარი შესდის.
ბრიტანელი NFT მეწარმე, რომელიც ცნობილია როგორც პრანქსი, ფიქრობს, რომ ექსპერიმენტები ბაზრის აღდგენის გასაღებია.
«ვარაუდობ, რომ მცირე რაოდენობის ინოვაციური ინდივიდები და ბრენდები ბაზარს გამოაცოცხლებენ». — ამბობს ის.
ის ბაზრის კიდევ ერთხელ გაზრდას პროგნოზირებს, მაგრამ ფიქრობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ინდუსტრია ძველ შედეგებზე გავიდეს.