NFT (Non-fungible Token) — შეუცვლელი ჟეტონი, უნიკალური ციფრული იდენტიფიკატორი, რომლის კოპირება, ჩანაცვლება ან დაყოფა შეუძლებელია. იგი ჩაწერილია ბლოკჩეინში და გამოიყენება ავთენტურობისა და საკუთრების დასადასტურებლად.
2022 წელი NFT-ის ენთუზიასტების, მხატვრებისა და ინვესტორებისთვის მოულოდნელად უარესობისკენ შეიცვალა. 2021 წელს ბაზრის მზარდი ზრდის შემდეგ, NFT ვაჭრობის მოცულობა და გაყიდვები შემცირდა FTX-ის, ერთ-ერთი უდიდესი გლობალური კრიპტო ბირჟის, და არასტაბილური კრიპტოვალუტის ბაზრის კრახის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ NFT 2014 წლიდან არსებობდა, მხოლოდ 2021 წელს დაიწყო გაყიდვები და მასიური ზრდა. ერთი წლის შემდეგ კი გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა.
რუსო წიგნაძე NFT-ების რამდენიმე პროექტზე მუშაობდა. თუმცა, საჯაროდ მხოლოდ ორი გამოიტანა. აქედან ერთ-ერთ პროექტმა (AORAC) პირველივე დღეს დაახლოებით ათი ნამუშევარი გაყიდა. როგორც თავად ამბობს, ცუდი პერიოდი დაემთხვა, რადგან მაშინ უკვე NFT-ის გაყიდვა საკმაოდ რთული იყო.
რუსოს ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ მის FaceBook გვერდზე — Ruso Tsig.
როგორც ამბობს, რაც გაიყიდა, იმასაც არ მოელოდა. თუმცა, მისი აზრით, ეს თემატიკისა და ნახატების შესრულების დამსახურებაა.
მისივე თქმით, ამავდროულად, როგორც ციფრული მხატვრობის მიმდევარი, NFT საშუალებას აძლევდა, მის ნამუშევრებს ფასი ჰქონოდა — NFT-მ ციფრული ხელოვნების პოპულარიზაციასა და მოთხოვნას შეუწყო ხელი.
რუსო წიგნაძის NFT პროექტი პანიკურ შეტევებზე იყო, სახელად AORAC. ქალს სურდა, შეექმნა კომუნა, სადაც ადამიანები ერთმანეთს სასარგებლო რჩევასა და ინფორმაციას გაუზიარებდნენ.
რაც შეეხება მოგებას, რუსოს თქმით, დიდი შემოსავალი არ ჰქონდა, რადგან იმ დროს ETH-ს ფასმა დაიწია. ხალხი აღარ ყიდულობდა ნამუშევრებს. მიუხედავად ამისა, მას არ უზარალია.
რუსო წიგნაძის პროექტი დღეს აღარ გრძელდება. თუმცა, გვეუბნება, რომ იმედს არ კარგავს და თუ საშუალება მიეცემა, მას განაახლებს.
არტისტი გვიზიარებს მომავლის გეგმებსაც — იგი სხვა პროექტის გაშვებას აპირებს ბიზნეს პარტნიორთან ერთად, რომელსაც ბევრად მასშტაბური სახე უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ეს იქნება ე.წ. Utility, რის გამოც ხალხი აუცილებლად იყიდის.
«ჯერჯერობით, დეველოპმენტის სტადიაზე ვართ, ნამუშევრები მზად არის, გამოქვეყნებაღა დარჩა. თუმცა, ამის პარალელურად პროექტის სამომავლო განვითარებაზეც ვმუშაობთ». — ამბობს რუსო წიგნაძე.
მისი აზრით, NFT-ს ანტი პოპულარიზაცია ბევრი ყალბი პროექტის შექმნამ გამოიწვია. პროექტებში მთავარი არის Utility (თუ რატომ უნდა იყიდონ NFT, რას სთავაზობ ამის სანაცვლოდ) — ადამიანები ყიდულობდნენ ნამუშევრებს, რადგან ეგონათ, რომ თუ დღეს პოპულარული იყო, ხვალაც ძალიან დიდი ფასი ექნებოდა. რუსოს თქმით, პროექტების უმეტესობას Utility არ გააჩნდა. საბოლოოდ კი, როდესაც გააანალიზეს, რომ შეძენილ ტოკენებს ვერაფერში გამოიყენებდნენ, მყიდველიც აღარ იყო. რუსო ამბობს, რომ ტოკენები, რომელიც ხალხმა შეიძინა, ბევრმა ვეღარ გაყიდა და ინტერესიც დაიკარგა.
რუსო წიგნაძე საუბრობს NFT-ების მომავალზეც. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ NFT იმდენად პოპულარული აღარ არის, ხალხი ნელ-ნელა სწავლობს, რის მიხედვით იყიდონ ტოკენები. აქედან გამომდინარე, NFT-ს პოპულარიზაციაც გაიზრდება.
თუმცა, ხალხი ყალბ პროექტებს ვეღარ გაყიდის, რადგან მყიდველს ეცოდინება, რომ ამას ვერაფერში გამოიყენებს. საბოლოოდ კი სერიოზული პროექტები ძალიან დიდ წარმატებას მოიპოვებენ. როგორც რუსო ამბობს, არავინ იცის, როდის მოხდება ეს. თუმცა, ბევრი NFT პროექტი ისევ წარმატებით ყიდის ნამუშევრებს.
ნიკა ორჯონიკიძის ამბავი
ნიკა ორჯონიკიძემ NFT-ის ყიდვა-გაყიდვა 2022 წლის იანვარში დაიწყო. როგორც თავად ამბობს, მაშინ ამ სფეროზე არაფერი იცოდა და ყველაფერი ინტერნეტით ისწავლა. უყურებდა YouTube ვიდეოებს, ეძებდა პასუხებს Google-ში და Discord-ზე ხალხთან კომუნიკაცია ჰქონდა. მისი თქმით, სხვების გამოცდილებიდან იღებდა კითხვებზე პასუხებს, რაც მისი თქმით, ძალიან კარგია, ვინაიდან, ხშირად, შეიძლება ისეთი ინფორმაცია მიიღო, რასაც ინტერნეტში ვერ ნახავ.
ნიკა გვიყვება, როგორ დაინტერესდა NFT სფეროთი.
ნიკაც ამბობს, რომ ცუდ დროს დაიწყო ეს საქმიანობა, რადგან იმ დროს ყველაფერმა დაღმასვლა დაიწყო, ფასები დაახლოებით 60-80%-მდე დაეცა.
ნიკას თქმით, ხალხის რჩევები და სტრატეგიები დაეხმარა, ფული მთლიანად არ წაეგო. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიაა დივერსიფიკაცია, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ პროექტში არ უნდა დააბანდო ფული — სხვადასხვაში გადაანაწილო.
ადამიანები ბევრ საშუალებას იყენებს, მაგალითად, ტროლებს, რათა გამოუცდელი ინვესტორები მოტყუებით მიიზიდონ და ფული დააკარგინონ. სწორედ ასეთი ინვესტიციებისგან თავის ასარიდებლად ნიკამ უცხოელ მეგობრებთან ერთად შექმნა ჯგუფი. იქ განიხილავენ სხვადასხვა პროექტს, არჩევდნენ რომელ პროექტზე იყო ნამდვილი ინტერესი და რომელზე არა. წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში აკეთებდა ინვესტიციებს. ზოგჯერ იგებდა ფულს, ზოგჯერ კი აგებდა.
მისივე თქმით, დროსთან ერთად აღარ უწევდა საკუთარი ფულის ინვესტირება — ყიდულობდა NFT-ებს და მიღებული ფულით აგრძელებდა საქმეს. საკუთარი ბიუჯეტიდან მხოლოდ 600-700 დოლარის ინვესტიცია ჩადო. ნიკას თქმით, იყო მოგებაც და წაგებაც. გვეუბნება, რომ რაც მეტ დროს დაუთმობს ადამიანი საკითხის შესწავლას, უფრო მეტი მოგება ექნება.
ნიკას პირველი NFT სოლანას Blockchain-ზე იყო, რომელსაც The Octo ჰქვია. ეს ეხებოდა Google Play-ის პოპულარულ თამაშებს, როგორებიცაა League of Legends, Fortnite და სხვა. აქ შენს თავზე შეგეძლო ციფრული მონეტების დადება. თუ მოიგებდი, მოწინააღმდეგისგან იღებდი იმავე რაოდენობის მონეტებს, წაგების შემთხვევაში — პირიქით.
ნიკა ორჯონიკიძე გვიყვება, რომ ამ პროექტის ფარგლებში სხვა პოპულარული თამაშების დამატებაც იგეგმებოდა, მაგალითად Minecraft-ის და ისიც სწორედ ამან მიიზიდა. Discord-ზე ამ პროექტზე დიდი დაინტერესება იყო. როგორც თავად ამბობს, ნიკა ამ დროს გამოუცდელი იყო და ამ პროექტისგან მოგება არ ჰქონია.
ნიკას თქმით, მან ის გააკეთა, რაც შეუძლებელი ეგონა — სამსახურიდან წამოვიდა და ახლა Web3-ზე, სხვადასხვა NFT პროექტზე მუშაობს — პარტნიორობის მენეჯერია და კოლაბორაციებს აკონტროლებს. რაც შეეხება NFT-ების ყიდვა-გაყიდვას, ამას ხშირად აღარ აკეთებს.
როგორ ხდება NFT-ის ყიდვა/გაყიდვა?
ყველა ტრანზაქცია, რომელიც მოიცავს NFT-ებს, აღირიცხება და დამოწმებულია საჯარო ციფრულ წიგნებში, blockchain-ში. ციფრული აქტივის შეძენისას, იქნება ეს ხელოვნების ნიმუში, სურათი, GIF ან თუნდაც აუდიო კლიპი, საკუთრების დეტალები კოდირდება Blokchain-ში. ტოკენები, როგორც წესი, ინახება Ethereum-ის Blockchain-ზე, რადგან ის ყველაზე უსაფრთხოა.
როდესაც ვინმე NFT-ს ყიდულობს, იხდის უნიკალურ ჟეტონს, რომელიც წარმოადგენს აქტივს. მათი სახელი გარკვეულწილად უკავშირდება შემოქმედის ხელოვნებას. ამ ნიშნის გაყალბება ან დუბლირება არ შეიძლება, რაც მას უაღრესად ღირებულს ხდის. NFT-ის შექმნა ყველას შეუძლია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელოვანი.
NFT-ების ოქროს ხანა
DappRadar-ის ინდუსტრიის ანგარიშის მიხედვით, NFT ინდუსტრიამ 2021 წელს 23 მილიარდ დოლარზე მეტი შეაგროვა. მხოლოდ პირველ ექვს თვეში, ვაჭრობის შემოსავალმა 2.5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
NFT გაყიდვების წლიურმა მოცულობამ 2021 წელს 24.9 მილიარდი აშშ დოლარი იყო. 2020 წელს კი — 94.9 მილიონი აშშ დოლარი.
2021 წელს NFT სივრცეს ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ, მათ შორის ემინემი, რომელმაც გამოუშვა თავისი NFT კოლექცია — Shady Con.
მსხვილმა აუქციონის სახლებმა, მათ შორის Christie’s-მა და Sotheby’s-მა, დაიწყეს NFT-ების აუქციონზე გაყიდვა.
Christie’s-მ დაამყარა რეკორდი Beeple-ის კოლაჟის გაყიდვით. ეს არის NFT სახელწოდებით Everydays: The First 5000 Days. Christie’s-მ 69,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 2021 წლის ბოლოს კი Nifty Gateway-იმ ცნობილი ციფრული მხატვრის Pak-ის NFT Merge 91,8 მილიონ დოლარად გაყიდა.
პოპულარობის დაკარგვა
2022 წლის მეორე კვარტალში NFT-ის გაყიდვები გლობალურად 47%-ით დაეცა.
მესამე კვარტალში კი 77%-ით დაეცა. პირველად აღირიცხა წმინდა კვარტალური ზარალი 450 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.
აუქციონის მსხვილ სახლებში 2022 წელს NFT-ები ისე კარგად აღარ იყიდებოდა, როგორც წინა წელს.
Christie’s-ს, Sotheby’s-ს, Phillips-სა და Bonhams-ს NFT-ის გაყიდვებმა 9.41 მილიონი აშშ დოლარი მოუტანა, რაც 2021 წელთან შედარებით 153.5 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა.
კრიტიკოსები სკეპტიკურად უყურებენ NFT მომავალს. Glitch-ის აღმასრულებელი დირექტორი, Anil Dash ამბობს, რომ NFT-ის ამჟამინდელი ბაზარი თაღლითებს იზიდავს.
«ადამიანები ქმნიან მხატვართა ნამუშევრების NFT-ებს ნებართვის გარეშე. ჩვენ, როდესაც შეუცვლელი ჟეტონები გამოვიგონეთ, ვცდილობდით დაგვეცვა მხატვრები. მაგრამ ტექნოლოგიურ სამყაროს „ოპორტუნიზმმა“ შეუტია». — ამბობს ის.