Twitter-ზე ორფაქტორიანი აუთენტიფიკაციის (2FA) SMS-ის საშუალებით გავლა ფასიანი გახდება. Twitter Blue-ს აბონენტებს ექნებათ პრივილეგია, გამოიყენონ ორმაგი ავთენტიფიკაციის ყველაზე ნაკლებად დაცული ფორმა.
პლატფორმის მომხმარებელმა და The Verge-ის რეპორტიორმა, ზოი შიფერმა გამოაქვეყნა ტვიტი, რომლითაც მომხმარებლებს აცნობა, რომ Twitter დაიწყებდა თანხის მოთხოვნას SMS ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციისთვის.
თქვენ უნდა გადაიხადოთ იმისთვის, რომ Twitter-ზე ყველაზე ნაკლებად დაცული ავთენტიფიკაცია გაიაროთ. იმ შემთხვევაში თუ Twitter Blue-ში თანხას არ გადაიხდით, ან არ შეცვლით თქვენს ანგარიშს უფრო საიმედო ავთენტიფიკატორის აპლიკაციით ან ფიზიკური უსაფრთხოების მოწყობილობით, Twitter 20 მარტის შემდეგ უბრალოდ გამორთავს თქვენს 2FA-ს.
აღსანიშნავია, რომ SIM ბარათების თაღლითობა ჩვენს რეალობაში ძალიან გავრცელებულია. Twitter-ის ჯეკ დორსიც აღმოჩნდა მსგავსი თაღლითობის მსხვერპლი ოთხი წლის წინ. არ არის სასურველი, ვინმეს ჰქონდეს წვდომა თქვენს ანგარიშებზე მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენი ტელეფონის ნომერი მოიპარეს.
Twitter-ს ამ სიახლეს შესაძლოა მარტივი მიზეზი ჰქონდეს: SMS შეტყობინებების გაგზავნა ფასიანია და Twitter ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. კომპანია ეტაპობრივად წყვეტდა SMS-ების გამოგზავნას მანამ, სანამ მას სათავეში ილონ მასკი ჩაუდგებოდა.
SocialProof Security-ის აღმასრულებელი დირექტორის, რეიჩელ ტობაკის თქმით, Twitter-ის გამჭვირვალობის მონაცემები აჩვენებს, რომ 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, Twitter-ის მომხმარებლების მხოლოდ 2,6%-ს ჰქონდა ჩართული 2FA და ამ მომხმარებლების 74% იყენებდა SMS-ს აუთენტიფიკაციისთვის.