ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
18 იანვარი 2023, 13:18
2023-01-18
Twitter აუქციონზე საკუთარი ლოგოს ქანდაკებასა და საოფისე ავეჯს ყიდის
Twitter-მა სან-ფრანცისკოს შტაბ-ბინიდან ონლაინ აუქციონზე ასობით ნივთი გაიატანა. პლატფორმის ფრინველის ცნობილი ლოგო ამჟამად 11 000 აშშ დოლარადაა შეფასებული და ახალ შეთავაზებამდე 24 საათზე ნაკლებია დარჩენილი.
ყვავილებით მორთული @ სიმბოლოს ფორმის ნივთი, რომელიც სიმაღლეში 190 სანტიმეტრია, უკვე 4300 დოლარად ფასდება.
ნივთების გაყიდვა Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის ილონ მასკის გეგმის ნაწილია, რომელსაც კომპანიის თანამშრომლების შემცირება სურს.
ოქტომბრის ბოლოს, მასკმა კომპანიის თითქმის ნახევარი, 7500 თანამშრომელი გაათავისუფლა.
თანამშრომლებისთვის Twitter-ის რამდენიმე უპირატესობაც შეზღუდა, როგორიცაა, მაგალითად, უფასო კვება.
სამზარეულოს გასაყიდი ტექნიკა რამდენიმე მაღალი დონის ყავისა და გაზიანი სასმლის აპარატს მოიცავს.
ტექნოლოგიური გიგანტი Herman Miller-ის ყავის მაგიდასაც ყიდის, რომელიც 2000 დოლარი ღირს.
Twitter საბეჭდ აღჭურვილობასა და პატარა უჯრების კომპლექტებსაც კი ყიდის, ამჟამად 6 დოლარად.
ილონ მასკმა ნოემბერში დატვიტა, რომ კომპანიიდან რამდენიმე სპონსორის წასვლის შემდეგ შემოსავლების დიდი ვარდნა დაიწყო.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეიძლება კომპანია გაკოტრდეს.
Twitter-მა რამდენიმე ოფისში ქირის გადახდაც კი ვერ მოახერხა, მათ შორის სან-ფრანცისკოს შტაბ-ბინაში, სადაც მეპატრონე კომპანიას გადაუხდელობის გამო უჩივის.
თუმცა, Heritage Global Partners-ის წარმომადგენელმა (კომპანია, რომელიც აუქციონს მართავს), ნიკ დოვმა ჟურნალ Fortune-ს განუცხადა, რომ ავეჯისა და სხვა ნივთების გაყიდვას 44 მილიარდი დოლარის შესყიდვის ხარჯების ანაზღაურებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
«თუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ რამდენიმე კომპიუტერისა და სკამის გაყიდვით ყველაფერს გადაიხდის, მაშინ ის სულელია». — თქვა მან.
***
ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვა 2022 წლის ოქტომბერში დაასრულა და მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა. სამსახურიდან გაათავისუფლა ასობით ადამიანი, მათ შორის, ხელმძღვანელი პირები.
გაათავისუფლა ის ადამიანები, რომლებიც მას აკრიტიკებდნენ. ილონ მასკი ამ პირებს საჯაროდ «არცხვენდა» და ლანძღავდა.
შეცვალა სამუშაო რეჟიმი.
ასევე, ვერიფიკაციის ნიშანი ფასიანი გახადა — ის $8 და $11 ღირს. ადრე ლურჯი ნიშანი გამოიყენებოდა, როგორც მაღალი დონის ანგარიშების დასტური. მას Twitter უფასოდ გასცემდა, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თავად შეარჩევდა გამომწერების რაოდენობის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით.
Twitter-მა ასევე შეაჩერა Mastodon-ის ოფიციალური ანგარიში შეაჩერა, რომელიც Twitter-ის ალტერნატივად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ილონ მასკმა პლატფორმა 44 მილიარდ დოლარად იყიდა.
ილონ მასკმა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავისუფალი სიტყვის აბსოლუტისტია, გააუქმა რამდენიმე ჟურნალისტის ანგარიში, რომლებიც მას და მის ქმედებებს აშუქებდნენ. არგუმენტად მან Twitter-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის ახალი წესები მოიყვანა, რომლის თანახმადაც, მომხმარებლებს არ შეუძლიათ, გამოაქვეყნონ სხვა ადამიანების პირადი ინფორმაცია მათი პირდაპირი ავტორიზაციისა და ნებართვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ტვიტერზე ეს პოლიტიკა მოულოდნელად და გაუფრთხილებლად შეიცვალა.
დაბლოკილთა შორის ისეთი დიდი მედიების წარმომადგენლებიც აღმოჩდნენ, როგორიცაა The New York Times, CNN და Washington Post. თუმცა, მის ამ ნაბიჯს მწვავე კრიტიკა მოჰყვა და მომდევნო დღეს ჟურნალისტების ანგარიშები აღდგა.
ბოლო ცვლილებების თანახმად, ილონ მასკმა დაბლოკა ყველა სხვა სოციალური მედიის ანგარიში, ასევე, აიკრძალა ამ სოციალური მედიების ლინკების გაზიარება.