ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
22 ივნისი 2023, 11:24
2023-06-22
TikTok-მა დაადასტურა, რომ ამერიკელი მომხმარებლების მონაცემები ჩინეთში ინახება
TikTok-მა აშშ-ის მთავრობასთან აღიარა, რომ სენსიტიური ინფორმაცია ამერიკელი შემქმნელების შესახებ, რომლებიც პლატფორმაზე ფულის გამომუშავებისთვის დარეგისტრირდნენ, ჩინეთში ინახება.
კომპანიამ წერილს უპასუხა, რომელიც ახლახანს სენატის ორპარტიულმა ლიდერებმა TikTok-ის აღმასრულებელ დირექტორს, შუ ზი ჩუს გაუგზავნეს. წერილში მთავარი განსახილველი საკითხი იყო, თუ სად ინახავდა TikTok ამერიკელი მომხმარებლების მონაცემებს.
რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ჩუმ კომიტეტს განუცხადა, რომ «ამერიკელების მონაცემები ვირჯინიასა და სინგაპურში დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა», Forbes-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ TikTok თავისი უდიდესი ამერიკელი და ევროპელი ვარსკვლავების ფინანსურ ინფორმაციასაც ინახავდა. ამ გამორკვევების კვალდაკვალ, დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალი და რესპუბლიკელი მარშა ბლექბერნი პასუხებს ითხოვდნენ.
TikTok-მა განაცხადა, რომ აპის მიერ შეგროვებულ მომხმარებლის მონაცემებსა და იმ ინფორმაციას შორის, რომელსაც კრეატოერბი TikTok-ს აწვდიან, რათა მათ მიერ გამოქვეყნებული შინაარსისთვის თანხა მიიღონ, განსხვავებაა.
პირველი TikTok-ის მონაცემთა ცენტრებში, აშშ-სა და სინგაპურში ინახება. Forbes-ის მიერ მოპოვებულმა შიდა დოკუმენტების კრებულმა აჩვენა, რომ საგადასახადო ფორმები, სოციალური უსაფრთხოების ნომრები და სხვა ინფორმაცია ჩინეთში ინახება.
«ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი კომპანიის აღმასრულებლების მიერ კონგრესში გაკეთებულ განცხადებებს». — წერს TikTok წერილში. «ჩვენ გვკითხეს და ვუპახუხეთ. ჩვენება ფოკუსირებული იყო აპში შეგროვებული მომხმარებლის დაცულ მონაცემებზე და არა შემქმნელთა მონაცემებზე». — TikTok-ის 16 ივნისის პასუხი სენატის ლიდერებს.
«„დაცული მონაცემები» მომხმარებლის მონაცემებია, რომლებიც აშშ-ის მთავრობის მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც მონაცემები, რომლებიც დამატებით დაცვას საჭიროებს». — ნათქვამია წერილში. მაგრამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ «შეზღუდული გამონაკლისები» არსებობს, რომლებიც, კომპანიის თქმით, «CFIUS-თან TikTok-ის ვრცელი, მრავალწლიანი მოლაპარაკებების ფარგლებში განისაზღვრა». CFIUS — სამთავრობო ორგანო, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებშია ჩართული.
წერილში ნათქვამია, რომ ეს «შეზღუდული გამონაკლისები» ყველა შემდეგ კატეგორიას მოიცავს: «საჯარო მონაცემები, ბიზნეს მეტრიკა, თავსებადობის მონაცემები და შემქმნელის მონაცემები, თუ შემქმნელი კომერციულ პროგრამაზე ნებაყოფლობით დარეგისტრირდება».
CFIUS-მა არ უპასუხა კითხვებს იმის შესახებ, არის თუ არა შემქმნელებისთვის ეს გამონაკლისები TikTok-თან ეროვნული უსაფრთხოების კონტრაქტის ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული.
კითხვაზე, თუ როგორ განასხვავებს TikTok მონაცემების ორ კატეგორიას, დაცული მონაცემები და მონაცემები, რომლებიც გამონაკლისს ექვემდებარება, ბლუმენტალმა და ბლექბერნმა, განაცხადეს, რომ ზუსტი პასუხი არ აქვთ.
«ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ, რომ TikTok ამერიკელების პირად მონაცემებს ინახავს და ისინი ჩინეთის მთავრობისთვის ხელმისაწვდომია». — ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში. «TikTok-ის აღმასრულებლებმა, როგორც ჩანს, კონგრესი არაერთხელ და განზრახ შეიყვანეს შეცდომაში, როდესაც პასუხობდნენ, თუ როგორ იცავს კომპანია ამერიკელების მონაცემებს».
ისინი კონგრესის ერთადერთი ლიდერები არ არიან, რომლებმაც TikTok-ის ლიდერის ცრუ განცხადებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. სენატის დაზვერვის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე მარკო რუბიომ ამ თვის დასაწყისში გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს გამოძიების დაწყება სთხოვა იმის თაობაზე, მისცა თუ არა ცრუ ჩვენება TikTok-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. მოგვიანებით ინიციატივას 13 რესპუბლიკელი მიჰყვა.
კითხვაზე, წაიშალა ან თუ წაიშლება ჩინეთში შენახული TikTok მონაცემები სერვერებიდან, კომპანიამ თქვა, რომ ამ საკითხზე მუშაობს და მონაცემებს ეტაპობრივად ანადგურებს.