ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
5 ივნისი 2023, 14:57
2023-06-05
ABC News: TikTok-ის რეალური სახე — ტოქსიკურობა, მონაცემთა მოპოვება, რასიზმი და დისკრიმინაცია
ლორენ ჰემინგსმა TikTok-ის ათვისება დაიწყო, როგორც სხვებმა — ოჯახის წევრების ცეკვის მოკლე ვიდეოები, კომედიური ფილმი პანდემიის შესახებ და ნამცხვრების ცხობა.
ისევე, როგორც თითქმის მილიარდმა ადამიანმა მთელს მსოფლიოში, აპლიკაცია მანაც გასართობად ჩამოტვირთა.
«ეს იყო გულუბრყვილო იმედი იმისა, რომ უბრალოდ გავერთობოდი». — ამბობს 19 წლის ჰემინგსი.
როდესაც უწყვეტი სქროლვა დაიწყო, მისი feed უფრო ბნელი გახდა.
TikTok-მა შეცვალა ინტერნეტი — ეს კულტურული ფენომენია. აპლიკაციის ალგორითმი ისეთია, როგორიც მსოფლიოში აქამდე არ ყოფილა.
Triple j Hack-ისა და Four Corners-ის ერთობლივმა გამოძიებამ დაადგინა, რომ TikTok ალგორითმი ავსტრალიელებს სახიფათო შინაარსს განზრახ სთავაზობს და აკონტროლებს, თუ რომელი პოლიტიკური მოძრაობები მიიქცევენ მომხმარებლების ყურადღებას.
TikTok ამბობს, რომ მისი მისია შემოქმედების შთაგონება და სიხარულის მოტანაა, თუმცა პლატფორმა ახალგაზრდების შეხედულებებსა და აზრებს, ცალსახად, ამახინჯებს.
TikTok-ზე თქვენ არ ირჩევთ, რას უყუროთ — ვიდეოები უსასრულო ნაკადით მოგეწოდებათ. თითოეული მომხმარებლის არხი უნიკალურია, ჰეშთეგით «შენთვის». რასაც ხედავთ, ალგორითმით აირჩევა — კომპიუტერიზებული ინსტრუქციების ნაკრები, რომელიც თეორიულად ამუშავებს იმას, რისი ნახვაც გსურთ.
როგორც კი დარეგისტრირდებით, TikTok თქვენი მდებარეობის, სქესისა და ასაკის შესახებ მონაცემების შეგროვებას იწყებს და მეტიც, თქვენი სახის მონაცემების შესახებ ინფორმაციასაც ფლობს.
რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ პლატფორმაზე, მოიწონებთ ვიდეობს, ალგორითმი თქვენი ინტერესების შესახებ მით უფრო მეტს გაიგებს.
«რაც TikTok-ს გამოარჩევს, არის ის, თუ რამდენად ზუსტი და თანამედროვეა For You-ს სარეკომენდაციო სისტემა». — ამბობს QUT-ის მკვლევარი, დოქტორი ბონდი ქეი. «ამ ციკლის გარღვევა ძალიან რთულია — დიზაინის მიხედვით, თქვენ დასასრულამდე ვერასდროს მიხვალთ».
რაც უფრო დიდ დროს ატარებთ პლატფორმაზე, მით მეტ რეკლამას ხედავთ. სწორედ ამან გამოიწვია TikTok-ის ჩინური მშობელი კომპანია ByteDance-ის ფასის 250 მილიარდ აშშ დოლარამდე ზრდა.
დამოკიდებულება
როდესაც ლორენ ჰემინგსმა TikTok ჩამოტვირთა, ალგორითმმა მას პოპულარული ფიტნეს ინფლუენსერის ვიდეო შესთავაზა, რომელსაც ლორენის მსგავსი სხეულის ფორმა ჰქონდა.
«როდესაც მე მისი მიმდევარი გავხდი, Tik Tok-მა მსგავსი კონტენტის მქონე უამრავი ვიდეო შემომთავაზა. ჩემს სხეულზე ამდენი უარყოფითი აზრი არასდროს მქონია. ვეღარ ვხედავდი სასაცილო საცეკვაო ვიდეოებს ან სხვა რამეს. ეს იყო სრული აქცენტი ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე». — თქვა ჰემინგსმა.
ჰეშთეგს «რას ვჭამ» TikTok-ზე 7 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. ის სავსეა ადამიანების ვიდეოებით, რომლებშიც კალორიებზე და სხეულის პროგრესზე საუბრობენ.
«დამოკიდებული და შეპყრობილი გავხდი. ვგრძნობდი, რომ კალორიების გამოთვლის გარეშე ვერაფერს ვიღებდი. თვეების განმავლობაში, აწონვის გარეშე პირში ლუკმას არ ვიდებდი. TikTok-მდე ეს არასდოს გამიკეთებია». — ამბობს ლორენი.
ოთხი თვის შემდეგ ლორენს კვებითი აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. მკვლევრები ამბობენ, რომ მრავალი ფაქტორი არსებობს, რომელიც კვების დარღვევას ხელს უწყობს, მაგრამ სოციალური მედია შეშფოთების საგანი სულ უფრო მეტად ხდება.
სვინბერნის უნივერსიტეტის დოქტორი, სუკუ სუკუნესანი TikTok-ს ურჩევს, როგორ გახადოს აპლიკაცია უფრო უსაფრთხო:
«ექსპერიმენტისთვის ერთი ვიდეო დავალაიქე და მას ბოლომდე ვუყურე. რამდენიმე საათის შემდეგ, TikTok-მა 30 სხვადასხვა ანგარიშის თვალყურის დევნება შემომთავაზა და მათგან ყველა კვებითი აშლილობის მქონე ადამიანი იყო». — ამბობს ის.
დოქტორი სუკუნესანი ამბობს, რომ პლატფორმას ადამიანი ხშირად თვითდაზიანებისკენ მიჰყავს.
«ეს უფსკრულია, რომელსაც ბოლო არ აქვს. მალე აღმოაჩენთ, რომ ახალგაზრდები საკუთარ თავს დიდ ზიანს აყენებენ». — განაცხადა მან.
ტოქსიკური გამომწვევები
კლერ ბენსტედი TikTok-ის გადმოწერას დიდი ხნის განმავლობაში ყოყმანობდა. მან იცოდა, რომ ეს კვების დარღვევის მქონე ადამიანებისთვის იდეალური ადგილი არ იყო.
22 წლის გოგო ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში საავადმყოფოს ყოველთვიურად სტუმრობდა. თუმცა, უკვე გამოჯანმრთელების პროცესში იყო, როდესაც აპლიკაცია ჩამოტვირთა.
კერლამ ვიდეოების ყურება დაიწყო, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.
კომპანიის პოლიტიკაში ნათქვამია, რომ TikTok კრძალავს კონტენტს, რომელიც ასახავს ან ხელს უწყობს იმ აქტივობების განდიდებას, რამაც შეიძლება თვითმკვლელობა, თვითდაზიანება ან კვების დარღვევა გამოიწვიოს.
«ეს პლატფორმის წესებს ეწინააღმდეგება. კვების დარღვევას სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, TikTok კი მსგავსი კონტენტის პრევენციისთვის არაფერს აკეთებს». — ამბობს კლერი.
ამ პრობლემასთან საბრძოლველად TikTok-მა კვებით აშლილობასთან დაკავშირებული ჰაშთაგები აკრძალა, რათა მომხმარებლებს მსგავსი კონტენტის მოძიება გაუჭირდეთ.
კვებითი აშლილობის მქონე ადამიანები და მკვლევრები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პოზიტიური ნაბიჯია, მომხმარებლებს სრულფასოვნად მაინც ვერ დაიცავს — განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანებს ჰაშთაგების აკრძალვისგან თავის არიდება მარტივად შეუძლიათ.
«ჩვენი გუნდები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან კონსულტაციებს ატარებენ, რათა საკვანძო სიტყვების სია მუდმივად განაახლონ». — ამბობს TikTok-ის წარმომადგენელი.
TikTok-ის კიდევ ერთმა მომხმარებელმა განუცხადა Hack and Four Corners-ს, რომ როდესაც მან პლატფორმას ვირუსული ვიდეოს შესახებ აცნობა, სადაც მამაკაცი თავს იკლავს, აღმოჩნდა, რომ ეს აპლიკაციის წესებს არ ეწინააღმდეგებოდა.
ვიდეო თავდაპირველად Facebook-ზე გამოჩნდა, მაგრამ მალევე ყველა ძირითად სოციალურ მედია პლატფორმაზე გავრცელდა.
TikTok უკანასკნელი იყო, რომელმაც ვიდეო წაშალა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის პლატფორმაზე ვირუსულად გავრცელდა.
«ჩემთვის, როგორც მკვლევრისთვისა და როგორც მშობლისთვის იმის ცოდნა, რომ ასეთი შინაარსი მათ მითითებებს არ არღვევს, შემაშფოთებელია». — ამბობს დოქტორი სუკუნესანი.
ტექმოლოგიურმა ორგანიზაცია Reset Australia-მა ექსპერიმენტები ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ალგორითმს დაახლოებით ოთხი საათი სჭირდება იმის გასაგებად, რომ 13 წლის მოზარდი რასისტული შინაარსით არის დაინტერესებული.
აკრძალვები და მიკერძოება
ბევრ სხვა ზეწოლასთან ერთად, TikTok-ს ალგორითმისა და ცენზურის არასწორად გამოყენებაშიც ადანაშაულებენ.
TikTok კრეატორმა, უნიცე ვანიმ ერთ წელიწადში თითქმის 600,000 გამომწერი მოაგროვა — ის მომხმარებლებს პოპულარულ ცეკვებსა და ჰიპ-ჰოპ სიმღერებს სთავაზობდა.
18 წლის გოგო პლატფორმას ცნობიერების ასამაღლებლად და საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელად იყენებს.
«რაც უფრო პოპულარული ვხდები, მით უფრო დიდია შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდა თაობას მეტი აფროამერიკელი ვუჩვენო — ვაგრძნობინო, რომ საკუთარ კანში თავს კომფორტულად ვგრძნობ». — ამბობს ვანი.
თუმცა, მან შენიშნა, რომ მისი ვიდეოები ხშირად TikTok არხიდან ქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვერავინ ხედავს. ეს არის ის, რასაც TikTok-ის მომხმარებლები «ჩრდილოვან აკრძალვას» («shadow banning») უწოდებენ და, მათი თქმით, ეს ალგორითმის მიკერძოებულობის ანარეკლია.
«ვფიქრობ, ჩრდილოვანი აკრძალვა რასიზმს უკავშირდება. მგონია, რომ TikTok უფრო მეტ ყურადღებას თეთრკანიან გოგოებზე ამახვილებს». — ამბობს უნიცე ვანი.
მელბურნის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი, დოქტორი ნილს უოტერსი ამბობს, რომ TikTok-ის არხი ავტომატიზირებულია — ისევე როგორც ნებისმიერი ალგორითმი, ის ადამიანების მიერ არის შექმნილი.
«როგორც ინდივიდები ჩვენ, ცხადია, რაღაც საკითხებში მიკერძოებულები ვართ. ამიტომ, როცა ალგორითს ვქმნით, დიდია რისკი, რომ მასზე ჩვენი გავლენა შესამჩნევი იყოს». — თქვა მან.
ცოტა ხნის წინ, რამდენიმე აფროამერიკელი ინფლუენსერი პლატფორმიდან წავიდა — მათ პოპულარული ცეკვების ქორეოგრაფიაზე უარი თქვეს. ყოფილმა კრეატორებმა პლატფორმა რასიზმში და ალგორითმის უსამართლოდ გამოყენებაში დაადანაშაულეს.
«ხალხი ამბობს, რომ იმისთვის, რომ TikTok-ზე ნახვები გქონდეს, იმისთვის, რომ ვინმეს მოეწონო, ნიჭი უნდა გქონდეს. როდესაც ამ ნიჭს ვავლენთ, არავინ გვიფასებს». — ამბობს უნიცე.
2020 წლის მარტში TikTok-ის პოლიტიკის დოკუმენტები გავრცელდა, სადაც ნაჩვენებია, რომ მოდერატორებს მითითება მიეცათ, იმ კრეატორების პოსტები ჩაეხშოთ, რომლებიც «მახინჯი, ღარიბი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ» იყვნენ მიჩნეულნი.
დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ვიდეოები, სადაც «ჭუჭყიანი ან მსუქანი», «მახინჯი ან ძალიან ბევრი ნაოჭის მქონე» «სახის დეფორმაციის მქონე» ან «სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე» ადამიანი ჩანს, ეტაპობრივად უნდა წაიშალოს.
«თუ პერსონაჟის გარეგნობა ან ვიდეოში არსებული გარემო არ არის კარგი, ვიდეო ახალი მომხმარებლებისთვის ნაკლებად მიმზიდველი იქნება». — ნათქვამია დოკუმენტებში.
TikTok-მა იმ დროს თქვა, რომ ამ სახელმძღვანელოების უმეტესობას აღარ იყენებდნენ, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე TikTok კრეატორებმა კომპანია ამ პრაქტიკის გაგრძელებაში დაადანაშაულეს.
ერთ-ერთი ასეთი შემქმნელია პანიორა ნუკუნუკუ, რომლის TikTok-ებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ცხოვრებაზე წარმოდგენას გვიქმნის და ცნობიერებას გვიმაღლებს.
«არ ველოდი, რომ კონტენტი, რასაც ახლა ვაკეთებ, იმ თაყვანისმცემლებს გამაცნობდა, რომლებიც ახლა მყავს. ახალგაზრდების მოსმენა გულს მითბობს. არასდროს მეგონა, რომ ამდენ ჩემნაირ ადამიანს ვნახადი «. — ამბობს ის.
ერთ დღეს ნუკუნუკუმ პლატფორმაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ვიდეო განათავსა, რომელიც მალევე წაიშალა.
«ვიდეო წაიშალა… არ ვიცი, რატომ».
პანიორამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ვიდეო დააბრუნა, მაგრამ ამჯერად TikTok-მა კრეატორის სხვა ვიდეობი წაშალა.
ექსპერტები, როგორიცაა, მაგალითად, ბონდი ქეი, ამბობენ, რომ აპლიკაციამ ეს პრობლემები მალე უნდა მოაგვაროს.
«თუ TikTok რესურსების გამოყოფას არ დაიწყებს, რომლებიც ნებისმიერი სოციალური პლატფორმისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აპლიკაციას ბევრი ადამიანი დატოვებს». — თქვა მან.
ყველაფრის მიუხედავად, ვთანხმდებით, რომ TikTok ყველაზე წარმატებული სოციალური მედიის პლატფორმაა, რომელსაც უკვე თითქმის ყველა იყენებს — პლატფორმის გაუთავებელ არებს მილიარდზე მეტი მომხმარებელი ადევნებს თვალს და მან პოპულარობა უამრავ ადამიანს მოუტანა.
თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ ის ხალხის საკეთილდღეოდ არ შექმნილა.
«TikTok არ არის აქ ხალხის დასახმარებლად. არ მგონია, რომ ის სამყაროში ხალხის დასახმარებლად შემოვიდა.». — ამბობს TikTok-ის ერთ-ერთი მომხმარებელი.
უსაფრთხოების ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მომხმარებლებმა საცეკვაო ვიდეოების მიღმა უდა გაიხედონ და გააცნობიერონ, რა ხდება მხიარული ფასადის მიღმა. მათი აზრით, ქვეყნების მთავრობებმა ეროვნული უსაფრთხოების დაცვაზე მეტად უნდა იფიქრონ.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.