ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
19 იანვარი 2023, 10:30
2023-01-19
Tesla-ს ინჟინერმა აღიარა, რომ თვითმართვადი მანქანის ვიდეო დადგმულია
Tesla-ს უფროსი ინჟინრის თქმით, 2016 წლის ვიდეო, რომელშიც თვითმართვადი მანქანის შესაძლებლობებია დემონსტრირებული, როგორიცაა, მაგალითად, წითელ შუქზე გაჩერება, დადგმულია. მისი მტკიცებით, სისტემას მსგავსი ფუნქცია საერთოდ არ გააჩნდა.
ვიდეოს, რომლის ნახვაც Tesla-ს ვებსაიტზე ახლაც შეგიძლიათ, ილონ მასკმა Twitter-ზე რეკლამა გაუკეთა და წარწერაც დაურთო: «მტკიცებულება იმისა, რომ Tesla-ს ავტოპილოტი საუკეთესოდ მუშაობს».
Tesla-ს ავტოპილოტის პროგრამული უზრუნველყოფის დირექტორმა, აშოკ ელუსვამიმ თქვა, რომ Model X კომპანიის მიერ დანერგილი ტექნოლოგიით არ მუშაობდა.
ეს განცხადება Tesla-ს წინააღმდეგ სარჩელში მტკიცებულებად გამოიყენეს. სარჩელი 2018 წლის ფატალურ ავარიას ეხება, რომელმაც Apple-ის ყოფილი ინჟინრის სიცოცხლე შეიწირა.
ელუსვამის აქამდე გამოუქვეყნებელი ჩვენება პირველია, როცა Tesla-ს ოფიცილაური წარმომადგენელი პირი ადასტურებს და დეტალურად ხსნის, კომპანიამ ვიდეო როგორ გადაიღო.
ვიდეო აღწერას შეიცავს: «ადამიანი მძღოლის სავარძელში მხოლოდ იურიდიული მიზეზების გამო ზის. ის არაფერს აკეთებს. მანქანა თვითონ გადაადგილდება».
ელუსვაის თქმით, Tesla-ს ავტოპილოტის გუნდმა სისტემის შესაძლებლობების სადემონსტრაციო ვიდეო ილონ მასკის ბრძანებით ჩაწერა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მომხმარებლებს მოუწოდა, რომ ავტოპილოტის გამოყენების დროსაც, ხელები საჭესთან ახლოს ჰქონოდათ და კონტროლი შეენარჩუნებინათ.
კომპანიის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ Tesla-ს ტექნოლოგია მანქანას დამუხრუჭებაში, სიჩქარისა და ზოლის შეცვლაში ეხმარება, თუმცა მას სრულიად ავტონომიურს არ ხდის.
ელუსვამის თქმით, კომპანიამ 3D რუკები წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტებზე გამოიყენა, კონკრეტული სახლიდან Tesla-ს მაშინდელ შტაბ-ბინამდე.
«როდესაც ვცდილობდით, გვეჩვენებინა, რომ Model X-ს მძღოლის გარეშე დაპარკინგება შეეძლო, სატესტო მანქანა Tesla-ს ავტოსადგომზე ღობეს რამდენჯერმე შეეჯახა». — თქვა ელუსვამიმ.
«ვიდეოს მიზანი Tesla-ს რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა არ ყოფილა, იმის, რაც მომხმარებლებისთვის 2016 წელს იყო ხელმისაწვდომი. ვიდეო ასახავდა, მომავლისთვის სისტემაში რისი ჩაშენება შეგვეძლო». — განაცხადა მან.
Tesla-ს ავტოპილოტის სისტემას საჩივრები და მარეგულირებლის კონტროლი ემუქრება.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, რამდენიმე ავარიისა და სისტემის გაუმართავობის დაფიქსირების შემდეგ, კომპანიის შესაძლებლობები ეჭქვეშ დააყენა და მის წინააღმდეგ კრიმინალური გამოძიება დაიწყო.
ელუსვამი 2018 წელს თანამდებობიდან ფატალური ავარიის შემდეგ გაათავისუფლეს, რომელმაც კალიფორნიაში Apple-ის ინჟინერი, ვოლტერ ჰუანი შეიწირა.
ენდრიუ მაკდევიტმა, ადვოკატმა და ჰუანგის ცოლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ელუსვამი 2022 წლის ივლისში დაკითხა.
«აშკარად და ცალსახად შეცდომაში შემყვანი ვიდეოს გამოქვეყნება, რომელმაც შესაძლოა ბევრი დააზარალოს, დანაშაულია» — თქვა მაკდევიტმა.
სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ 2020 წელს დაადგინა, რომ ჰუანგის ფატალური ავარია სავარაუდოდ მისი ყურადღების გაფანთვამ და ავტოპილოტის არასრულყოფილმა მუშაობამ განაპირობა.