ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
1 თებერვალი 2023, 11:33
2023-02-01
ტექნოლოგიური ომი: ბაიდენი ცდილობს, ამერიკული პროდუქტების Huawei-სთვის მიყიდვა აკრძალოს
აშშ-ს მთავრობამ ამერიკული კომპანიებისთვის, რომელთა პროდუქტის უმეტესი ნაწილიც ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Huawei-ზე იყიდებოდა, შესაბამისი საექსპორტო ლიცენზიის გაცემა შეწყვიტა.
ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთში ამერიკული ტექნოლოგიების ექსპორტის წესების გამკაცრებას აგრძელებს. ისინი Huawei-ის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ საფრთხედ აღიქვამენ და ბრალს ჩინეთის კომუნისტურ მთავრობასთან თანამშრომლობაშიც სდებენ.
თავად კომპანიამ და ჩინეთის მთავრობამ ბრალდება არაერთხელ უარყო.
Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა რამდენიმე კომპანიას განუცხადა, რომ მათი პროდუქტის Huawei-ში ექსპორტზე ლიცენზიას აღარ გასცემს.
გამოცემა ასევე მიუთითებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია Huawei-სთვის ამერიკული ტექნოლოგიების მიყიდვის სრული აკრძალვისკენ მიისწარფის.
«ენერგეტიკის, თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების ექსპორტის კონტროლის უწყებათაშორის პარტნიორებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ჩვენს პოლიტიკასა და რეგულაციებს მუდმივად ვაფასებთ და გარე დაინტერესებულ მხარეებს რეგულარულად ვუკავშირდებით» — განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
«კონკრეტულ კომპანიებთან საუბრებსა და განხილვებზე კომენტარს არ ვაკეთებთ». — დასძინა მან.
ურთიერთობა ვაშინგტონსა და პეკინს შორის, ტაივანთან დაკავშირებით, სადაც კომპიუტერული ჩიპების უმეტესობა მზადდება, კიდევ უფრო დაიძაბა.
ოქტომბერში აშშ-ის ვაჭრობის მდივნის მოადგილემ, ალან ესტევეზმა განაცხადა, რომ აშშ საკუთარი ღირსებისა და უსაფრთხოების დაცვისთვის ყველაფერს გააკეთებს.
«ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება დავიცვათ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო, დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხე თავიდან ავიცილოთ» — თქვა მან.
აშშ-ის მხრიდან Huawei-ის შეზღუდვის მცდელობა პირველი არ არის. 2019 წელს, ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა კომპანია ე.წ. «სუბიექტების სიაში» დაამატეს.
ეს ნიშნავს, რომ ამერიკულ კომპანიებს მთავრობისგან სპეციალური ლიცენზიის მიღების გარეშე ექსპორტის უფლება არ აქვთ. თუმცა, მაშინ ლიცენზიები ზოგიერთ ამერიკულ კომპანიაზე, მათ შორის Intel-სა და Qualcomm-ზე გაიცა, რათა Huawei ტექნოლოგიებით მოემარაგებინათ.