ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნინი ვანიშვილიმსოფლიო
26 იანვარი 2023, 11:26
2023-01-26
Spotify თანამშრომლების 6%-ს ათავისუფლებს
Spotify თანამშრომლების 6%-ს ათავისუფლებს. კომპანიას 9800-ზე მეტი სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ჰყავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამსახური 600-მდე ადამიანმა დაკარგა. ასევე, კომპანიას ტოვებს კონტენტისა და რეკლამების ხელმძღვანელი, დონ ოსტროფი, რომელმაც Spotify-ის პოდკასტინგის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მის პოზიციას მთავარი ბიზნეს ოფიცერი, ალექს ნორსტრომი დაიკავებს.
გლობალური ეკონომიკური ვარდნის პერიოდში ბევრმა დიდმა კომპანიამ შეამცირა თანამშრომლები, მათ შორისაა Google, Amazon, Microsoft და Meta.
Spotify-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ ეკმა თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად ორგანიზაციული რესტრუქტურიზაციის პროცესი დაასახელა, რაც მიზნად ისახავს ეფექტურობის გაზრდას, ხარჯების შემცირებას და გადაწყვეტილების მიღების დაჩქარებას.
დაზარალებული თანამშრომლები საშუალოდ ხუთ თვეში სამსახურს დატოვებენ. ამ დროის განმავლობაში კომპანია მათი ჯანდაცვის ხარჯების დაფარვას გააგრძელებს.
მიუხედავად იმისა, რომ Spotify მსოფლიოში ყველაზე დიდი მუსიკის სტრიმინგ სერვისია, ის ფოკუსირებულია ზრდაზე და არა კვარტალურ მოგებაზე. კომპანიამ მეტი მომხმარებლის მისაზიდად ბოლო წლებში პოტკასტებსა და აუდიო წიგნებში დიდი ინვესტიცია ჩადო. ბოლო მონაცემებით, Spotify-ის 195 მილიონი პრემიუმ გამომწერი და 456 მილიონი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
ბოლო კვარტალური მოგების მიხედვით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი 3 მილიარდი ევროა. აქედან 2,7 მილიარდი ევრო პრემიუმ გამომწერებისგანაა. რეკლამით მხარდაჭერილი შემოსავალი 385 მილიონი ევროა. Spotify-ის კვარტალში 228 მილიონი ევროს საოპერაციო ზარალი ჰქონდა.