Google-ის მშობელი კომპანია Alphabet 12 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google-ის მშობელი კომპანია Alphabet გათავისუფლებების უახლესი ტალღის ფარგლებში, რომელმაც უკვე მთელი ტექნოლოგიური ინდუსტრია მოიცვა, 12 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს.
Google-ის მშობელი კომპანია Alphabet გათავისუფლებების უახლესი ტალღის ფარგლებში, რომელმაც უკვე მთელი ტექნოლოგიური ინდუსტრია მოიცვა, 12 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს.
ეს ხდება მას შემდეგ, რაც Microsoft-მა 10 000 სამუშაო ადგილი შეამცირა, ხოლო Amazon-მა ჯერჯერობით რეკორდული, 18 000 თანამშრომელი გაათავისუფლა.
ტენდენცია გრძელდება. Layoffs.fyi-ის მიხედვით, რომელიც დასაქმების სექტორს აკვირდება, 1000-ზე მეტმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ მხოლოდ 2022 წელს, 154 336 თანამშრომელი გაათავისუფლა.
Google-ისა და Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ განაცხადა, რომ ის შემცირებებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს.
შემცირება გავლენას Alphabet-ის მუშახელის 6%-ზე მოახდენს. მათ შორის, ინჟინერიასა და კადრების შერჩევის განყოფილებაში დასაქმებულ ადამიანებზე.
პიჩაიმ თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მათი წვლილი ფასდაუდებელია.
«საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლებს ახალი შესაძლებლობების პოვნაში მაქსიმალურად დავეხმაროთ. მანამდე, გთხოვთ, საკუთარ თავზე იზრუნოთ.» — ამბობს პიჩაი თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში.
გათავისუფლებულები მინიმუმ 16 კვირის ხელფასს, 2022 წლის კუთვნილ პრემიას, ანაზღაურებად შვებულებასა და ექვსთვიან ჯანმრთელობის დაზღვევას მიიღებენ.
Wall Street-ზე დაყრდნობით, Alphabet-ის აქციები ელექტრონულ ვაჭრობაში ბირჟის გახსნამდე 3,5%-ით გაიზარდა.
ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ შემცირებების სერია კვლას გაგრძელდება და 2023 წლის მესამე კვარტლის ბოლოს დასრულდება.
ასობით ტექნოლოგიურმა კომპანიამ, მათ შორის სექტორის უმსხვილესმა წარმომადგენლებმა, როგორიცაა Amazon და Meta, ბოლო კვირების განმავლობაში, რეორგანიზაცია განაახლეს.
მოსალოდნელი შემცირება Cloud Computing-ის გიგანტმა Salesforce-მაც დააანონსა, რადგან გავრცელებულმა ინფლაციამ და მზარდმა საპროცენტო განაკვეთებმა ზრდა საგრძნობლად შეაჩერა.