ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგრძლად საკითხავი
3 იანვარი 2023, 09:30
2023-01-03
პირველი ვიდეოთამაშებიდან NFT-მდე: როგორ ვითარდებოდა პიქსელ-არტი და სად შეგიძლიათ ხატოთ ახლა
პიქსელ-არტი ციფრული ხელოვნების ფორმაა, სადაც გამოსახულება ხილული პიქსელებისგან არის შექმნილი.
პიქსელის უცხოპლანეტელები უკვე იპყრობენ ევროპის ქალაქებს, ამ ხელოვნების მოყვარულები კი მშვიდად კითხულობენ პიქსელის ჟურნალს და ათასობით დოლარს გამოიმუშავებენ პიქსელიანი NFT-ებით.
პიქსელის გრაფიკა გასული საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა — პირველ ვიდეოთამაშებში. ერთ-ერთი ადრეული მაგალითია სამაგიდო ტენისი Pong. სურათი მარტივი იყო: უბრალოდ წრე-ბურთი, ხაზები, მოთამაშეების აღმნიშვნელები და ციფრები ანგარიშის წარმოებისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი პიქსელებისგან შედგებოდა.
1972 წელს თამაში ავტომატებისთვის გამოუშვეს, ხოლო 1975 წელს გამოჩნდა სახლის ვერსია კონსოლერით, რომელსაც ტელევიზორს უერთებდნენ.
80-იანებში, კომპანია Nintendo-ს გამოჩენის შემდეგ, პიქსელის გრაფიკა ახალ დონეზე ავიდა. მათი კონსოლების თამაშებში გრაფიკა უკვე რთული იყო: პიქსელების საშუალებით გადმოსცემდნენ ფერების ჩრდილებსა და საგნების დეტალურ ფორმებს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაშია Super Mario Bros, რომელიც 1985 წელს ასე გამოიყურებოდა:
კონსოლების პროცესორის სიმძლავრის (და მხატვრების მოთმინების) ზრდასთან ერთად, გრაფიკა სულ უფრო რთულდებოდა. აღმოჩნდა, რომ პიქსელებით საკმაოდ რეალისტურად შეიძლება ხის ტექსტურის ან ადამიანის კუნთების დახატვაც. აი, კადრი Street Fighter 2-დან, რომელიც 1991 წელს გამოუშვეს:
პარალელურად, პიქსელურ გრაფიკასთან ერთად, ვითარდებოდა სხვა მიმართულებაც — 3D. 90-იანების შუა პერიოდში სამგანზომილებიან გამოსახულებებს უკვე საკმაოდ კარგ დონეზე აკეთებდნენ. 3D-მ პიქსელური გამოსახულებები განდევნა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არც ისე დიდი ხნით.
პიქსელ-არტის აღზევება
90-იანი წლების შემდეგ პირველი პიქსელური თამაში 2011 წელს გამოვიდა — Binding of Isaac.
პიქსელებით ხატვა ციფრული გრაფიკის შექმნის ერთადერთი საშუალება კი აღარ იყო, არამედ წინასწარ განსაზღვრული მხატვრული ხერხი, რათა მოთამაშეებში ნოსტალგიური გრძნობები გაეღვიძებინათ. აუდიტორიასაც მოეწონა პიქსელ-არტის დაბრუნება. მას შემდეგ, უკვე 10 წელზე მეტია, პიქსელურ გრაფიკას აქტიურად იყენებენ თამაშებში და არა მხოლოდ.
პიქსელ-არტი გადარჩენის საშუალებად იქცა თამაშების ინდი-დეველოპერებისთვის, რომლებსაც თანამედროვე სპეცეფექტებისთვის საკმარისი ბიუჯეტი არ აქვთ. მაღალი ხარისხის, დეტალიზებული გრაფიკის მქონე თამაშის შექმნა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ თუ 3D რენდერებს ფერადი კვადრატებით ჩავანაცვლებთ, საკმაოდ ეკონომიური გამოვა. პიქსელური გრაფიკის მქონე ერთ-ერთი ცნობილი თანამედროვე ინდი-თამაშია Flynn: Son of Crimson, რომლის რელიზი 2011 წელს იყო.
პიქსელებით დეტალიზებული ხატვა შრომატევადი სამუშაოა, რომელსაც მხატვრის დიდი დრო მიაქვს, მაგრამ ეს მაინც უფრო მარტივია, ვიდრე თანამედროვე 3D. თუმცა პიქსელ-არტს იყენებენ არამხოლოდ ეკონომიისთვის — ეს უბრალოდ ცალკე რეტრო-სტილია, რომელსაც ჰყავს თავისი გულშემატკივრებიც.
თამაშებიდან პიქსელ-არტი პრაქტიკულად CG-ისა და დიზაინის ყველა სფეროში გადავიდა: პიქსელ ნახატები გვხვდება რეკლამებში, ანიმაციებსა და თანამედროვე ხელოვნებაში. გრაფიკაში მარტივია მისი სირთულის ხარისხის შეცვლა — ლაკონიური სურათების დამზადება შეიძლება სწრაფად, თითქმის მემეების მსგავსად. ავტორები ქმნიან რამე სახალისოს ან პირადს, ასევე, რეაგირებენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და კონტენტს Reddit-ზე აზიარებენ:
ხანდახან ტექნიკურად აბსოლუტურად მარტივი პიქსელური ნახატები მთელ ქსელში ვრცელდება, ასეთი რეკლამები კი უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. რა თქმა უნდა, პროფესიონალმა მხატვრებმა პიქსელებისგან ისეთი დეტალიზებული ნამუშევრების შექმნა ისწავლეს, რომ გვერდს გულგრილად უბრალოდ ვერ აუვლი.
საინტერესო მაგალითები
შეგვიძლია, შევხედოთ კომერციულ და არაკომერციულ თანამედროვე პროექტებს, სადაც პიქსელ გრაფიკაა გამოყენებული.
პიქსელის კოსმოსური სადგური
მომხმარებელი Pikabu 0×00 გრანდიოზულ პროექტზე მუშაობს — ეს პიქსელებისგან შექმნილი ანიმირებული კოსმოსური ხომალდი Floor 796-ია. გმირები საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ: აუზში ცურავენ, ჭამენ, ცეკვავენ, სეირნობენ — აკეთებენ ყველაფერს, როგორც ადამიანები.
მიახლოებისას შეგიძლიათ გაარჩიოთ თვალები, ტანსაცმლის პრინტები და აქსესუარები. ყოველი ბალახი და ყვავილი პიქსელებით ყურადღებითა და სიფრთხილით არის დახატული. თუ დიდხანს დააჭერთ Ctrl-ს, ერთდროულად რამდენიმე ასეულ პერსონაჟს დაინახავთ, რომლებიც თავის საქმეში არიან გართულნი. მხატვრის მოთმინება შთამბეჭდავია — ის აგრძელებს სხვადასხვა ოთახის დამატებას და ავრცობს ამ პიქსელურ სამყაროს.
პერსონაჟები და სიუჟეტები შემთხვევით არ არის შერჩეული — პროექტში მრავალი მინიშნებაა ნაცნობ ფილმებზე, წიგნებზე, მასკულტურაზე. ზედა სურათზე, მაგალითად, ატრაქციონზე შეგიძლიათ ნახოთ ბავშვი ცნობილი მიმიდან. მას იგივე ტანსაცმელი აცვია, რაც მიმში და მიმიკაც კი მიუხატეს. დეტალების უკეთ გარჩევა საიტზე სურათის გადიდებით შეიძლება.
შემდეგ ფრაგმენტში ლეონი მატილდასთან ერთად რგავს ყვავილს, გვერდით კი მუხაზე ქალთევზა ზის და კატა ჯაჭვზე დადის.
დიზაინერი პროექტზე მარტო არ მუშაობს — ის ღიაა ყველა მსურველისთვის. არსებობს ონლაინ რედაქტორი Floor 796, სადაც შესაძლებელია დახატოთ პიქსელის ოთახი საკუთარი გემოვნებით. რა თქმა უნდა, სურათები ავტომატურად არ ქვეყნდება — გადაწყვეტილებას პროექტის შემქმნელი იღებს.
პიქსელებიანი ბურგერები
პიქსელის ტექნიკა გასაოცარია იმით, რომ გაჩვენებს, რამდენად ცოტა დეტალი გვჭირდება ნაცნობი ობიექტის ამოსაცნობად — რამდენიმე კრემისფერი პიქსელი ადამიანის უკვე ნაცნობი სილუეტია, ხოლო კიდევ რამდენიმე -კრემისფერი-წითელი-მწვანე პიქსელი — ნაცნობი ბურგერი ხდება.
სწორედ ამაზე გააკეთეს გათვლა McDonald’s-ში. მათ ადრეც გაუტესტავთ რეკლამა ლოგოს გარეშე, 2021 წელს კი საფრანგეთში გადაწყვიტეს ლოგოტიპის უკან პროდუქტიც დაემალათ. წვრილი ტექსტით დააწერეს «გამოიცანი, ვინ დაბრუნდა». ასე აუდიტორიას ქსელში ყველაზე პოპულარულ კერძებს ახსენებენ. ნახეთ რამდენიმე სარეკლამო ბანერი ამ კამპანიიდან:
პიქსელებიანი ჟურნალი
პიქსელური გრაფიკის მოყვარულებს საკუთარი მედია აქვთ — Retronator. ეს არის ონლაინ-ჟურნალი, რომელსაც ჩვეულებრივი გაზეთის სტილი აქვს და ის, რა თქმა უნდა, ანიმირებული პიქსელური გრაფიკისგან შედგება. წაკითხვა ცოტა რთულია, მაგრამ შესაძლებელი. სტატიები პიქსელური შრიფტით არის ნაწერი და გეიმ-ინდუსტრიის სიახლეებზე გვიყვება. იქვეა გაზეთების დასტა, საიდანაც ძველი ნომრის აღება და წაკითხვა შეიძლება.
ჟურნალის გამოშვება 2010 წელს შვედმა მხატვარმა და პროგრამისტმა, Matej Jan-მა დაიწყო. ეს მისი პირადი ბლოგი იყო, მაგრამ მალე მის გარშემო გარკვეული სოციუმი შეიკრა და ახლა პროექტი ვიწრო წრეებში საკმაოდ პოპულარულია. თვითონ Matej-მა ფსევდონიმი Retro აიღო. ჟურნალის გარდა, ის გეიმ სტუდიებთან თანამშრომლობს, პირად პროექტებს ქმნის და ზეთის საღებავებითაც ხატავს — არაპიქსელური გამოსახულებით:
პირველ ეტაპზე, როდესაც Retronator ბლოგი იყო, იქ სხვადასხვა კონტენტი ქვეყნდებოდა. მაგრამ ახალ Matej საკუთარ ნამუშევრებს სხვა პლატფორმებზე ათავსებს, ხოლო ჟურნალს მხოლოდ პიქსელ-არტს უთმობს, სადაც მოგვითხრობენ ახალი თამაშების შესახებ და აუდიტორიას საინტერესო მხატვრებს აცნობენ. ასევე არსებობს Retronator Pixel Art Academy — ეს არის პიქსელებით შექმნილი თამაში, რომელიც გასწავლის, როგორ შექმნა პიქსელ გრაფიკა.
ნეიროქსელების პიქსელ-არტი
როგორც აღმოჩნდა, ნოსტალგია სასიამოვნოა არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ხელოვნური ინტელექტისთვისაც. რეტრო-ტექნიკაში მუშაობა იცის მხატვრების ერთ-ერთმა ცნობილმა ნეიროქსელმა Midjourney-მ:
არსებობს ნეიროქსელი პიქსელ-არტში ვიწრო სპეციალიზაციით — Pixray, თუმცა მას ჯერ კიდევ ბევრის სწავლა მოუწევს — როდესაც ვითხოვეთ პროგრამისტი და კატა დაეხატა, გაურკვეველი რაღაც გამოვიდა.
მაგრამ პერიოდულად კარგ კონტენტსაც იძლევა — მარტივი მოთხოვნის შესაბამისს. მაგალითად, ასე გამოყურება პიქსელებში «სიყვარული და კომპიუტერი»:
პიქსელ-არტი ოფლაინში
თავდაპირველად, გასული საუკუნის ბოლოს, პიქსელებით რეალური ობიექტების იმიტაციას ცდილობდნენ, გრაფიკის შეზღუდული შესაძლებლობებით. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა — ზოგიერთი მხატვარი იმდენად შთაგონებულია პიქსელებით, რომ მათ საღებავებით «ანალოგიურ» სამყაროში იმიტაციას ახდენს.
ქუჩის მხატვარი Space Invader პიქსელებიან უცხოპლანეტელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ხატავს და თანდათანობით პლანეტასაც იპყრობს. რუკის ნახვა, სადაც უცხოპლანეტელები უკვე არიან, მის პირად საიტზე შეიძლება.
აი, მაგალითი იმისა, როგორ დაამარცხა პიქსელებიანმა სამყარომ ბელგიის მოსაწყენი არქიტექტურა:
დედამიწაზე მხატვარმა უკვე დატოვა 3000-ზე მეტი ნამუშევარი, ერთ-ერთი მათგანი კი კოსმოსში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა — ეს უკვე არა კედლის მხატვრობა, არამედ მოზაიკაა:
პიქსელის სტილისტიკას რიგითი მხატვრებიც იყენებენ. მაგალითად, eBay-ზე ახლა კვადრატებით შესრულებულ ჯეიმს დინის სურათი იყიდება:
პიქსელ-არტი NFT-ში
NFT-ის პოპულარიზაციამ ციფრული ხელოვნების განვითარებას ხელი შეუწყო. გამონაკლისი არც პიქსელ-არტია. გახსოვთ, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი — Nyan Cat? ეს ძველი პიქსელური გრაფიკა კრის ტორესმა 2011 წელს დახატა, 2021-ში კი ტოკენი $561 ათასად გაყიდა.
NFT-ში ძალიან ბევრი პიქსელ-არტია — რეალურად, ტოკენების ისტორიაც მისგან დაიწყო. პირველი NFT იყო ნამუშევარი CryptoPunks — 100 უნიკალური პიქსელური სახე კომპანია Larva Labs-სგან. ისინი 2017 წელს ცალობით გასაყიდად გამოუშვეს. ახლა ყველაზე იაფიანი პანკი რამდენიმე ასეული ათასი დოლარი ღირს, ყველაზე ძვირიანი — მილიონები.
შესაძლოა, პიქსელ გრაფიკასთან ინტერესის დაბრუნება სწორედ NFT-ის გამოჩენას უკავშირდება. ბირჟაზე ბევრი ათავსებს სერიულ ნამუშევრებს, როგორიცაა, CryproPunks. საინტერესოა ერთმანეთის მსგავსი, მხოლოდ ცალკეული ნიშნებით განსხვავებული პერსონაჟების თვალიერება, მათი გაყიდვა კი მომგებიანად შეგიძლიათ — ცალ-ცალკე. პიქსელური NFT-ის კიდევ ერთი პოპულარული მაგალითია რამდენიმე მაიმუნი ApeGang-ის კოლექციიდან.
სქემატური ნახატების ათასებად გაყიდვის შესაძლებლობა მოსვენებას ბევრს არ აძლევს. არსებობს სპეციალური გრაფიკული რედაქტორები და მარკეტპლეისები შეთავსებით. შესაძლებელია პიქსელური ნახატის გაკეთება Nifty Pixels-ზე და იქვე გაყიდვა — რა თქმა უნდა, თუ ვინმეს მოუნდება ყიდვა.
საიდან უნდა დაიწყოთ პიქსელ-არტის გაკეთება
ალბათ არ უნდა იფიქროთ, რომ მყიდველი პირველივე სურათს გამოუჩნდება. მიუხედავად ამისა, პიქსელ-არტი შესაძლოა სასიამოვნო ჰობი გახდეს. არის არაჩვეულებრივი რედაქტორი Pixel Art Maker, სადაც უჯრედებზე ხატვა მარტივია. ხოლო თუ გსურთ უკეთესად აკონტროლოთ ფუნჯი, ფერებზე იმუშაოთ ან გიფები შექმნათ — ფოტოშოპი დაგეხმარებათ. ის ბევრი ამოცანისთვის უნივერსალური პროგრამაა, და პიქსელ-არტისთვისაც: უბრალოდ დიდ გაფართოებაზე უნდა იმუშაოთ.
თუ გაქვთ სურვილი, მსოფლიოს უსასყიდლოდ გაუზიაროთ თქვენი პიქსელ-შემოქმედება, შედით Everyone Draw-ზე. ეს რედიტის მომხმარებლის პროექტია, სადაც ნებისმიერს შეუძლია უზარმაზარ ტილოზე ხატვა რეალურ დროში.
კურსები Domestika-სგან, სადაც პიქსელ-არტს დაეუფლებით: