„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
«ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება? რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება?» — იკითხა dev.ge-ის მკითხველმა ერთ-ერთი ახალი ამბის კომენტარში. ამბავი საერთაშორისო პროექტ Technovation Girls საქართველოს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 13-18 წლის ასაკის რამდენი ასეული გოგო მომზადდა პროგრამირებასა და მეწარმეობაში.
ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ მას ამ სტატიით ვუპასუხებთ.
საქართველოში არ არსებობს სტატისტიკა, რომლითაც ICT და STEM (Science — მეცნიერება, Technology — ტექნოლოგიები, Engineering — ინჟინერია და Mathematics — მათემატიკა) სფეროში გენდერული თანაფარდობის შესახებ გავიგებთ.
სამაგიეროდ, არსებობს ინფორმაცია შრომის საერთაშორისო ბაზრების შესახებ.
ავიღოთ აშშ-ის მაგალითი, რომელიც უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიების სამშობლოა.
მსოფლიო ბანკის 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, აშშ-ში ქალები STEM სფეროში დასაქმებულთა 35%-ს შეადგენენ.
უმსხვილეს ტექ კომპანიებში ქალები უმცირესობას წარმოადგენენ. Amazon-ში, Facebook-ში, Apple-ში, Google-სა და Microsoft-ში ქალების რაოდენობა პროპორციულად ასეთია: 45%, 37%, 34%, 33%, და 33,1%
როცა საქმე ლიდერულ, მენეჯერულ პოზიციებს ეხება, ქალები წარმოადგენენ: 29%-ს Amazon-ში, 34%-ს Facebook-ში, 31%-ს Apple-ში, 28%-ს Google-ში, and 26%-ს Microsoft-ში.
გენდერული დისბალანსი მკვეთრია, როცა საქმე ეხება STEM-ის სწავლას აკადემიურ დონეზე.
ისევ აშშ-ის მაგალითზე, National Science Foundation-ის მონაცემებით, კომპიუტერული და ინფორმაციული მეცნიერებების ბაკალავრის დიპლომის მფლობელებს შორის ქალები შეადგენენ 21,3%-ს; ინჟინრული ტექნოლოგიების ბაკალავრის ხარისხის მფლობელებს შორის — 22%-ს, ეკონომიკის შემთხვევაში ეს რიცხვი 35%-ია, ფიზიკის შემთხვევაში — 39%.
აშშ-ში C დონის [აღმასრულებელ] პოზიციებს იკავებს ქალების 25%; ხოლო ერთსა და იმავე პოზიციებზე დასაქმებული ქალებისა და კაცების ანაზღაურებებს შორის მინიმუმ 1,6%-იანი სხვაობაა, კაცების სასარგებლოდ.
საქართველოში შეუიარაღებელი თვალით და დაკვირვებით ჩანს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქალების მონაწილეობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ეტაპობრივად იზრდება. თუმცა, კაცები დღემდე სფეროს უმეტეს ნაწილს შეადგენენ.
წიგნში The Gendered Brain ნეირომეცნიერი ჯინა რიპონი ხაზს უსვამს, რომ სქესობრივი განსხვავებების შესახებ კვლევების ისტორია სავსეა უზუსტობებით, არასწორი ინტერპრეტაციებით, მწირი სტატისტიკით და ა.შ.
რიპონის თქმით, გაკეთებული დასკვნები ხშირად არასწორია და მალევე ხდება მათი გაქარწყლება. წიგნის თანახმად, თუ ქალის ტვინის 140-გრამიან განსხვავებას არ ჩავთვლით, რომელზეც მე-19 საუკუნიდან საუბრობენ, თანამედროვე მეცნიერები კაცისა და ქალის ტვინის აგებულებებს შორის ვერავითარ არსებით სხვაობას ვერ პოულობენ.
ტვინის ზომა სხეულის ზომასთან ერთად იზრდება. თუმცა, მაგალითად, თეთრი-რუხი ნივთიერების ურთიერთმიმართება ამ ზრდაზე პირდაპირ მიბმული არ არის.
შესაბამისად, როგორც ავტორი მიუთითებს, პატარათავიან კაცებს დიდთავიან ქალებს შევადარებთ, მნიშვნელოვან განსხვავებას ვერ ვიპოვით. ასე რომ, ტვინის ზომა ინტერესებთან თუ ანაზღაურებასთან არავითარ კავშირში არ არის.
ქალებს სტერეოტიპების გამო ხშირად უწევთ, ამტკიცონ, რომ აქვთ კვალიფიკაცია, პოტენციალი და იმსახურებენ ტექნოლოგიების სფეროში ყოფნას და მუშაობას.
«ერთ-ერთ პროექტზე ვმუშაობდი. მისი კაცი ხელმძღვანელი ჩემთვის დამაკნინებლად მომმართავდა. მაგალითად: პატარა გოგომ ამდენი რამ საიდან იცი და სხვა. ამის გამო გამოვეთიშე პროექტს ჩემი სურვილით». — გვიყვება მარია წულუკიძე — ქალი, რომელიც უკვე 13 წელია, განათლების სფეროში მუშაობს და ვებ ტექნოლოგიებს ასწავლის ქობულეთისა და ბათუმის კოლეჯებში და ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში ასწავლის, ასევე, უძღვება საავტორო კურსებს. ზოგ შემთხვევაში კი საერთაშორისო პროექტებშიც ერთვება და მათზე თავის სტუდენტებთან ერთად მუშაობს.
მარიას თქმით, მის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის სხვა შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა, მუდმივად ხედავს პრობლემებს, როცა საქმე მის სტუდენტებს ეხებათ.
მარია ამბობს, რომ მისი სტუდენტების უდიდესი ნაწილი ბიჭია, ხოლო გოგოები მუდმივად არიან გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლები, როცა საქმე სამსახურის მოძებნას ეხება.
მარია ამბობს, რომ ამის გამო, გოგოები ნაკლებად იჩენენ ინიციატივას, გააკეთონ განაცხადები ამა თუ იმ კომპანიის ვაკანსიებზე და ფრილანსერობას ირჩევენ, რათა თავი აარიდონ სტერეოტიპულ და დისკრიმინაციულ გარემოს.
მისივე თქმით, ხშირად პროგრამისტის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიების სამუშაოს აღწერილობაში IT სპეციალისტის ფუნქციების შესრულებასაც ითხოვენ და ავტომატურად მიიჩნევენ, რომ ეს ქალს არ გამოუვა მაშინ, როცა ეს ნაწილი საერთოდ არ უნდა შედიოდეს პროგრამისტის მოვალეობაში.
მარიას რჩევაა, გოგოებმა გაბედონ და აირჩიონ, ისწავლონ ციფრული ტექნოლოგიები. ხოლო თუ დამსაქმებელი მათ ირიბად მიუთითებს, რომ ამ სამუშაოს კაცი უკეთ შეასრულებს, «ქალმა დაუმტკიცოს, რომ მასაც შეუძლია, შესთავაზოს, რომ უფასო სტაჟირებით იმუშავებს და თავისი პროფესიონალიზმი აჩვენოს».
მტკიცება, რომ ჭკვიანი და იმსახურებს, ანი ჩაგელიშვილსაც მოუწია, თუმცა, არა საქართველოში, არამედ აზიაში, სადაც ტექნოლოგიების სფერო ერთ-ერთი მოწინავეა. ანი პროდუქტის მენეჯერი და ქოუჩია და უკვე 10 წელია, აზიის ქვეყნებში ცხოვრობს და მუშაობს.
ანი საქართველოდან 16 წლის ასაკში წავიდა. სკოლა და უნივერსიტეტი ინგლისში დაამთავრა. ისწავლა ფაკულტეტზე, რომლის საგნების 50% ბიზნესს შეეხებოდა — მარკეტინგი და ა.შ. 50% — ტექნოლოგიას: პროგრამირება, მონაცემთა მართვა.
შემდეგ კი მუშაობა ტაილანდში დაიწყო, ვიეტნამში გააგრძელა და და ახლა სინგაპურშია. მის ანგარიშზე უმსხვილესი კომპანიების არაერთი მაღალი თანამდებობაა. თუმცა, რა თქმა უნდა, კარიერის პირველ ეტაპზე ისიც გახდა გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი.
«ზოგჯერ ირიბად, ზოგჯერ კი პირდაპირ უთქვამთ, რომ გოგო ვარ და შეიძლება, ამის გამო ვერ გავართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას». — გვეუბნება ნათია ხუხუნაიშვილი — ქალი, რომელიც უკვე 20 წელია, IT სფეროშია. ახლა საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს, ხელმძღვანელობს გუნდებს, მსოფლიოს სამ კონტინენტზე და მათთან ერთად 15 სხვადასხვა ქვეყანაში IT სერვისების უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს.
ნათიას დიდი წვლილი მიუძღვის მაღალი დონის სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში, მათ შორის პორტალ My.gov.ge-ის შექმნაში. 2021 წელს ის «გრეის ჰოპერის ჯილდოს» ფინალისტიც იყო კატეგორიაში, რომელიც ICT სფეროში ქალების როლის გაძლიერებას ეხება.
ნათია ხუხუნაიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მფლობელია კომპიუტერულ მეცნიერებებში. თუმცა, სწავლას კვლავ აგრძელებს და ახლა ლუქსემბურგის ბიზნეს უნივერსიტეტში MBA თეზისზეც მუშაობს.
სტერეიტიპებზე ლაპარაკისას ნათია აქცენტს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ გოგოებზე აკეთებს.
ნათია გამოსავალს მაგალითების ჩვენებასა და გოგოებისთვის სხვადასხვა რესურსის შეთავაზებაში ხედავს.
გენდერული თანასწორობა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ გაძლიერებასთან. სქესის გამო ადამიანის ტალანტის გამოუყენებლობა როგორც ზოგადად ქვეყნებს, ისე ცალკეულ სფეროებს აზარალებს.
STEM-ში მეტი ქალის ჩართვით ქვეყნებს და კომპანიებს შეუძლიათ, წვდომა ჰქონდეთ მეტ ნიჭსა და კრეატივზე, რაც ეკონომიკას გააძლიერებს.
ქალებს და კაცებს ერთსა და იმავე საკითხზე, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გზებზე შეიძლება განსხვავებული პერსპექტივები და მიდგომები ჰქონდეთ, აზრების შეჯერებამ კი კომპანიები და იდეები საუკეთესო შედეგებამდე მიიყვანოს.
Tailor.ge ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც სამკერვალო ბიზნესის პოპულარობის გაზრდასა და მის გაციფრულებას ისახავს მიზნად. Სტარტაპის დამფუძნებლები კონსტრუქტორ-დიზაინერი მანია ვაშაკიძე, Fullstack დეველოპერი მარია წულუკიძე და ციფრული პროცესების ცენტრის დამფუძნებელი ია თავდიშვილი არიან.
Tailor.ge-მ GITA-ს 25 000-ლარიანი გრანტიც მოიპოვა.
Tailor.ge-ის თანადამფუძნებლებს შექმნილი აქვთ საიტის დემო ვერსია. ის სრულყოფილად 2 თვეში ამოქმედდება. მანამდე კი Tailor.ge-ს ბევრ კომპანიასთან და პოტენციურ მომხმარებელთან კავშირი უკვე აქვს.
ანი ჩაგელიშვილი პროდუქტის მენეჯერი და ქოუჩია. უკვე 10 წელია, აზიაში ცხოვრობს და მუშაობს. საზღვარგარეთ 16 წლის ასაკში წავიდა — სკოლა და უნივერსიტეტი ლონდონში დაამთავრა, მუშაობა კი ტაილანდში დაიწყო. ახლა სინგაპურშია და მეგობართან ერთად თავისი კომპანიის დაფუძნებაზე მუშაობს. თუმცა, მანამდე იყო პროდუქტის მენეჯერი რამდენიმე უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიაში.
ანი თავის გამოცდილებას dev.ge-ის მკითხველს უზიარებს.