ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა უნდა იცოდე, თუ IT-ში წასვლა გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს

მიუხედავად იმისა, ახლა ირჩევთ პროფესიას თუ იცვლით, IT-ში წასვლისთვის ყველას თავისი მიზეზი აქვს. დღეს IT სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნაა და დასაქმების უამრავი შესაძლებლობა არსებობს.

კომენტარის დატოვება
რა უნდა იცოდე, თუ IT-ში წასვლა გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს

მიუხედავად იმისა, ახლა ირჩევთ პროფესიას თუ იცვლით, IT-ში წასვლისთვის ყველას თავისი მიზეზი აქვს. დღეს IT სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნაა და დასაქმების უამრავი შესაძლებლობა არსებობს.

თუ ხართ დამწყები, გამოცდილება არ გაქვთ, მაგრამ ცდილობთ შეუერთდეთ IT-ის, არ ინერვიულოთ — თქვენ პირველი არ ხართ. dev.ge ესაუბრა ამ სფეროში უკვე წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე რჩევას მოგცემენ იმისთვის, რომ ეს პროცესი უფრო გაგიმარტივდეთ.

IT დიდია. რომელი მიმართულება ავირჩიო?

ხშირად, მიმართულების არჩევისას, ყველაზე მაღალანაზღაურებადს ანიჭებენ უპირატესობას. ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია გვეუბნება, რომ IT-ში ყველა პროფესია მაღალანაზღაურებადია, თუ ძლიერი ექსპერტი ხარ. ძლიერი ექსპერტი კი ხდები მაშინ, როცა შენთვის საინტერესო საქმეს აკეთებ. ამიტომ, ნანა ადამიანებს, რომლებსაც სურთ მათი პირველი პროფესია IT გახდეს, ურჩევს, აირჩიონ ის, რაც მოსწონთ და აინტერესებთ.

ნანა დიხამინჯია
«მაგალითად, თუ უფრო მოსწონთ მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემების და აპლიკაციების შექმნა, ამ შემთხვევაში ვებ ან მობაილ დეველოპმენტი უნდა ისწავლონ და ა.შ. გარდა ამისა, არსებობს მიმართულებები, რომლებსაც შეგიძლია სამაგისტრო საფეხურზე მიაღწიო. მაგალითად, ბიო ინფორმატიკა, ბიო ტექნოლოგიები ან სამედიცინო ტექნოლოგიები. ეს სწრაფად განვითარებადი და მაღალმოთხოვნადი სფეროებია. ამ შემთხვევაში ადამიანს მოუწევს ისწავლოს კომპიუტერული მეცნიერებები და მაინორად აიღოს ბიოლოგია, ან პირიქით. საქართველოში მაინორის არჩევის ბევრი შესაძლებლობა არ არის და თუ უნივერსიტეტი ამის საშუალებას გაძლევთ, უნდა აირჩიოთ. შემდეგ უკვე სამაგისტრო საფეხურზე იმ სპეციალობით უნდა წახვიდეთ, რომელიც ორ სფეროს აერთიანებს».

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იცვლიან პროფესიას, მათ ნანა დიხამინჯია ურჩევს, რომ სრულიად ახალს არ შეეჭიდონ და მათ პროფესიასთან ახლოს მდგომი ტექნოლოგიები იპოვონ.

ნანა დიხამინჯია
«თუ ადამიანი არის სამართალში, ძალიან პოპულარულია ხელოვნური ინტელექტი სამართლისთვის; თუ ადამიანის სპეციალობა არის ბიზნესი, შეუძლია აირჩიოს მონაცემთა ანალიზის ირგვლივ მონაცემთა ინჟინერია; თუ ადამიანი მუშაობს ხელოვნების მიმართულებით, კრეატიული აზროვნება აქვს და შეუძლია ხატვა, თამაშების შექმნაზე იფიქროს. აუცილებლად იპოვის ტექნოლოგიების ისეთ სფეროს, რომელსაც თავის წინარე ცოდნას დააშენებს. ამ შემთხვევაში ის ამ ტექნოლოგიის ძალიან კარგი ექსპერტი იქნება, რადგან ექნება დისციპლინური ცოდნა».

პირველი რამდენიმე თვე სფეროს კვლევას უნდა დაუთმოთ და აირჩიოთ ის, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი, სანდრო ასათიანი გვეუბნება, რომ დამწყებისთვის შედარებით მარტივი და გასაგები არის ვებ პროგრამირება. აქ ენების ბევრი ნაკრებია: სკრიპების ენა, მარკირების ენა და ა.შ. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ვებ გვერდების კეთება ძალიან მოთხოვნადია, ის დამწყებისთვის რთული შესასწავლიც არ არის.

სანდრო ასათიანი

«საინტერესოა, რომ ეს სფერო განსხვავდება სხვა პროფესიებისგან. მაგალითად, სამედიცინოში შეუძლებელია ადამიანმა ცოტა ისწავლოს და თქვას, რომ დანარჩენს მუშაობის პროცესში ისწავლის. ვებ პროგრამირებაში კი შეიძლება პირველ ეტაპზე ბევრი არ იცოდეთ, იყოთ დამწყები პროგრამისტი და მუშაობის პროცესში განვითარდეთ».

Omedia-ს დამფუძნებელი, ნოდარ დავითურიც დამწყებებს ურჩევს, რომ პირველ ეტაპზე, ყველაზე ადვილი ვებ დეველოპმენტია, რადგან სწავლის დაწყება ნებისმიერი სიმძლავრის კომპიუტერით შეგიძლიათ. ამავდროულად, არ დაგჭირდებათ დამატებითი მოწყობილობები, სპეციფიკური ოპერაციული სისტემა და ა.შ. თუმცა ამბობს იმასაც, რომ როდესაც დეველოპმენტის პროფესიაზე ვსაუბრობთ, ერთი ენის სწავლა საკმარისი არ არის. მისივე თქმით, თანამედროვე პროგრამირების ენებში ყველა მეტ-ნაკლებად თანაბარი სირთულისაა.

სმარტ აკადემიის გენერალურ მენეჯერ მაკო ქურთიაშვილს მიაჩნია, რომ დამწყებებისთვის IT-ში ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი არის Front-End Development, რომელიც გულისხმობს UI/UX დიზაინერის მიერ დახატული ვებ-გვერდის, აპლიკაციის ან სხვა ინტერფეისის აწყობას HTML, CSS და Javascript-ის გამოყენებით.

ასევე ხშირია Back-End დეველოპმენტით დაწყება და ყველაზე აქტუალურია Python-ის ენა, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. მასაც, როგორც Javascript-ს, აქვს დიდი გამოყენება, არსებობს სხვადასხვა მიმართულება და განვითარების გზა. მათ შორის, Python-ის გამოყენება ხშირია მანქანურ სწავლებაში და ხელოვნურ ინტელექტში .

მაკო ამბობს, რომ ისინი, ვინც ახლა ფიქრობს IT-ის შესწავლას, პირველ რიგში უნდა დარწმუნდნენ, რომ ეს ნაბიჯი გამოწვეული არ არის მხოლოდ სამეგობროს ან ოჯახის წევრის გავლენითა და რჩევით, მხოლოდ მაღალანაზღაურებადი სამუშაოს გამო. აუცილებელია, ადამიანის გატაცებები, უნარები და პროფესიის მახასიათებლები ერთმანეთს ემთხვეოდეს.

მაკო ქურთიაშვილი

«როდესაც გაინტერესებთ, რა მიმართულებაა თქვენთვის შესაფერისი, უმჯობესია, იფიქროთ კვეთაზე — თუ რაში ხართ კარგი, რა სჭირდებათ ორგანიზაციებს და რისი კეთება გსიამოვნებთ. ამ სამის კვეთა არის იდეალური შესაძლებლობა, განვითარდეთ კარიერულ გზაზე. ეს ფიქრი მიგიყვანთ იმ სამუშაომდე, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ. […] თავდაპირველად ძალიან რთულია იმის გაგება, რომელი საქმეა ის, რასაც უნდა დავუკავშიროთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ კარიერის საწყის ეტაპზე ძალიან ბევრ ტექნოლოგიასთან გქონდეთ შეხება, ბევრ პროფესიონალს მოუსმინოთ და გაიგოთ კონკრეტული პროფესიის როლი».

კომპანია Azry-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, დავით ჯაფარიძე დამწყებებს ისეთი სფეროს არჩევას, საითკენაც გული მიუწევთ და შემდეგ შრომას. მისი თქმით, თუ ამას წლებს დაუთმობთ, სულ სხვანაირ შედეგს მიიღებთ.

მიმართულება ავირჩიე. სად ვისწავლო?

ნოდარ დავითურის თქმით, იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ, რომელია თქვენთვის უკეთესი — საუნივერსიტეტო განათლება თუ კურსების გავლა, ჯერ მიზანი უნდა დაისახოთ: გინდათ დაამთავროთ უნივერსიტეტი და შემდეგ გახდეთ კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი თუ უბრალოდ გსურთ პროგრამისტობა. Omedia-ს დამფუძნებლის თქმით, თუ გსურთ, რომ გახდეთ პროგრამისტი და დაიწყოთ მარტივი სამსახური, ამისთვის კურსები და თვითგანათლება საუკეთესო გზაა, ხოლო თუ არჩეული გაქვთ კარიერა კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, გაქვთ ოთხი წლის განმავლობაში სწავლის ფუფუნება და სამსახური ძალიან სწრაფად არ გჭირდებათ, უმჯობესია, საუნივერსიტეტო განათლება მიიღოთ.

ნოდარ დავითური
«აღსანიშნავია, რომ არის უამრავი მაგალითი, როცა ადამიანი ძალიან მაგარი სპეციალისტი გახდა საუნივერსიტეტო განათლებით და არსებობენ ისეთებიც, ვისაც საერთოდ არ დაუმთავრებია უმაღლესი, თავად აითვისეს ყველაფერი, რასაც ნაწილ-ნაწილ გაძლევს ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამა. გააჩნია ადამიანის მონდომებასა და ინტერესებს». 

მაკო ქურთიაშვილის თქმით, კარგი საუნივერსიტეტო განათლება იძლევა კომპლექსურ ცოდნასა და თავდაჯერებულობას, მაგრამ მას მაშინ აქვს დიდი მნიშვნელობა, როცა გამყარებულია პრაქტიკული გამოცდილებით. რაც შეეხება კურსებს, მაკო ამბობს, რომ მათი საშუალებით, ინტენსიურ რეჟიმში შესაძლებელია კარიერული გზის დაგეგმვა და ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარება.

მაკო ქურთიაშვილი
«დღესდღეობით, ფორმალურ განათლებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკაზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობაც და მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი მენტორების ხელმძღვანელობით სხვადასხვა კურსის გავლა, კარიერის დაგეგმვა და დაუღალავი შრომა თვითგანვითარებისთვის. იმ ტექ. ტალანტებმაც ეს გზა გაიარეს, რომლებიც ძალიან მოგვწონს და მოთხოვნადები არიან შრომით ბაზარზე, ისინიც მუდმივად განიცდიან პროგრესს, რადგან ტექნოლოგიები ყოველდღიურად იქმნება და ვითარდება». 

კომპანია Azry-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, დავით ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ თუ ადამიანი თავის კარიერას უკავშირებს პროგრამირებას, მაშინ საუნივერსიტეტო განათლება ძალიან მნიშვნელოვანია.

დავით ჯაფარიძე
«ფუნდამენტური ცოდნა რთულად შესაცვლელია მოკლევადიანი კურსებით. თუმცა დღეს არის უამრავი სხვადასხვა საინტერესო ონლაინ კურსი. უნივერსიტეტის დადებითი მხარეა, რომ ბევრი ისეთი საგანი ისწავლება, რომელსაც ამ დარგის პროფესიონალი მომავლისთვის უნდა ფლობდეს»

ნანა დიხამინჯია ამბობს, რომ თუ ადამიანს აქვს ამის შესაძლებლობა, სასურველია, სკოლის შემდეგ საბაკალავრო საფეხური გაიაროს. მისივე თქმით, უნივერსიტეტი, როგორც ფინანსურად, ისე დროის თვალსაზრისით მოითხოვს დროის ინვესტიციას. მეორე მხრივ, კურსებით სწავლა ძალიან დიდ თვითდისციპლინასთანაა დაკავშირებული, რაც ყველას არ შეუძლია.

ნანა დიხამინჯია

«დასაქმებულების 20-30%-ს დიპლომი არ აქვს და ძალიან კარგად მუშაობენ. ამიტომაც არის კამათი, გვჭირდება თუ არა საუნივერსიტეტო განათლება».

სწავლის კურსებით დაწყების მომხრეა სანდრო ასათიანი, რადგან ის არ ითხოვს იმდენ დროს, რამდენსაც საუნივერსიტეტო განათლება. მისი თქმით, თუ ადამიანი მზად არის, რომ ღრმად შევიდეს პროფესიაში, საფუძვლიანად შეისწავლოს სფერო, ამ შემთხვევაში უნდა ისწავლოს უნივერსიტეტში.

სხვა რა უნარები მჭირდება IT-ში წარმატებისთვის?

სანდრო ასათიანი ამბობს, რომ განათლების მიღებასთან ერთად, IT-ში გვჭირდება ლოგიკური აზროვნება, ასევე, საკუთარ თავზე მუშაობა.

სანდრო ასათიანი
«IT სფეროში მოთხოვნა ძალიან დიდია, ბევრი ადამიანი ცდილობს, დაეუფლოს ამ პროფესიას. თუ საკუთარ თავზე მუშაობა შეგიძლია და ორიენტირებული ხარ განვითარებაზე, რაც დრო გავა, უფრო დაიხვეწები და მეტი შესაძლებლობა მოგეცემა».

ნოდარ დავითურის თქმით კი, მართალია, კავშირების გაბმა ყველა სფეროში მნიშვნელოვანია, თუმცა მაგალითად, სტარტაპ და პიარ ეკოსისტემებისგან განსხვავებით, IT სფეროში ადამიანს შეუძლია საერთოდ არ ჰყავდეს კონტაქტი და, უბრალოდ, თავისი საქმის კარგი მცოდნე iყოს.

ნოდარ დავითური
«დეველოპმენტ სამყარო საზოგადოებებზე დგას.  საზოგადოებებისთვის სასარგებლო ონლაინ საქმიანობებში ჩართვა ყველასთვის კარგი იდეაა. ასე გამოცდილებასაც მიიღებთ, კონტაქტებსაც შეიძენთ და ახალ შესაძლებლობებსაც მოიპოვებთ».  

მაკო ქურთიაშვილი კი აღნიშნავს, რომ ტექნოლოგიები იქმნება და ვითარდება ყოველდღიურად, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, თავისი პროფესიული ცხოვრება დაუკავშიროს ტექს, ჰქონდეს ცვლილებების მარტივად მიღების უნარი. ის დამწყებებს რამდენიმე რჩევას აძლევს:

  1. ინგლისურის ცოდნა აუცილებელია, თუმცა საწყის ეტაპზე საკმარისია საშუალო დონეზე ცოდნაც. ძალიან ბევრი მასალა ინგლისურ ენაზეა და IT-ით დაინტერესებულ ადამიანს მათი წაკითხვა უნდა შეეძლოს.
  2. ყოველდღიურად ძალიან ბევრი ტექნოლოგიური სიახლე ქვეყნდება და უნდა იყოთ ამ სიახლეების სადარაჯოზე, რადგან შეიძლება რომელიმე მათგანმა თქვენს კარიერაზე იქონიოს გავლენა. თუ დროულად იმოქმედებთ, შეიძლება ტექნოლოგიური განვითარების საწყის ეტაპზევე მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და ერთი ნაბიჯით დაასწროთ სხვებს.
  3. «ნეთვორქინგი», ანუ თქვენთვის საინტერესო სფეროში მოღვაწე ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება აუცილებელია. უნდა იცოდეთ მათი შეხედულებები მომავალ ტექნოლოგიურ ცვლილებებზე და საჭიროებებზე, გაეცნოთ და გააცნოთ თქვენი შესაძლებლობები, რათა მათი საჭიროებისას, შეთავაზებაც მიიღოთ. ასევე, ამ საქმეში შეიძლება დაგჭირდეთ ვინმე და დიდი სანაცნობო წრის მეშვეობით, მარტივად დაუკავშირდეთ.

გარდა ამისა, მაკო ქურთიაშვილი ამბობს, რომ სირთულეების გადალახვისთვის აუცილებელია თვითმოტივაცია — არასოდეს უნდა იყო დამოკიდებული სხვის შეფასებაზე, სხვის შექებაზე. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, სირთულეებს მივუდგეთ რწმენით, რომ ეს პატარა გამოწვევაა, რომელსაც ვუპოვით გამოსავალს.

დავით ჯაფარიძე კი დამწყებებს ურჩევს, განათლების გარდა, განივითარონ სოციალური უნარები, რომელიც ყველა სფეროში საჭიროა.

სად ვიპოვო ვაკანსიები?

ნოდარ დავითურის თქმით, გამოცდილების არ ქონის გამო პირველი სამსახურის შოვნა ყოველთვის რთულია. ის დამწყებებს ურჩევს, რაც შეიძლება მეტი საკუთარი პროექტი ჰქონდეთ გაკეთებული, თუნდაც არაკომერციული.

ნოდარ დავითური
«მთავარია, იყოთ მოტივირებული და არ შეწყვიტოთ სამსახურის ძებნა, როდესაც პირველ ოც ვაკანსიაზე არ გამოგეხმაურებიან. პირველია რთული, შემდეგ, ერთ კომპანიაში ნამუშევარი გამოცდილებით, დამსაქმებლები უფრო სერიოზულად გიყურებენ».

სანდრო ასათიანი დამწყებებს ურჩევს, შექმნან Linkedin-ის ანგარიში, სადაც განათავსებენ ბიოგრაფიას, ერთგვარ პორტფოლიოს. ამ სოციალურ ქსელში ბევრ ვაკანსიას იპოვით. გარდა ამისა, სანდროს თქმით, პროგრამისტებისთვის არსებობს პლატფორმა GitHub, რომელზეც ხუმრობით ამბობენ, რომ პროგრამისტების Facebook-ია.

სანდრო ასათიანი
«თუ Facebook-ზე ადამიანები ფოტოებს, პოსტებს დებენ, GitHub-ზე პროგრამისტები აზიარებენ თავის პროგრამულ კოდს. გასაუბრების დროს ხშირად სთხოვენ ადამიანს GitHub-ის პროფილის ჩვენებას, რათა ნახონ მისი ნამუშევრები წლების განმავლობაში. გრაფიკული დიზაინერებისთვის მსგავსი პლატფორმა არის Behance».

ვაკანსიების მოსაძიებლად და ნეთვორქინგისთვის მაკო ქურთიაშვილიც Linkedin-ს გირჩევთ. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ აქ ყოველდღიურად შეხვდებით სხვადასხვა მიმართულებით ვაკანსიებს, თქვენც შეგიძლიათ დაწეროთ, რა ცოდნა და გამოცდილება გაქვთ, რა სახის სამსახურს ისურვებდით და ხშირია ამ სახის პოსტებზე HR მენეჯერების გამოხმაურება, ამ სახით სამსახურის პოვნა.

ბევრისთვის ცნობილ ვაკანსიების საიტების (Jobs.ge, Hr.ge, awork.ge, sfero.ge და სხვა) გარდა, მაკო გირჩევთ ფრილანს პროექტებისთვის განკუთვნილ პლატფორმებსაც: Upwork და fiverr.

გარდა ამისა, ის ხაზს უსვამს, რომ დასაქმების მსურველს ყოველთვის შეუძლია სასურველ კომპანიას დაუკავშირდეს და შესთავაზოს მისი კანდიდატურის განხილვა.

წარმატებებს გისურვებთ!



ასევე წაიკითხეთ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო 
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო 
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო 
«ალტე უნივერსიტეტის» ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. ნანა საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს. 
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.