ჯეფრი ჰინტონი: მალე ჩათბოტებს ადამიანზე დიდი ინტელექტი ექნებათ
ხელოვნური ინტელექტის ნათლიად წოდებულმა ჯეფრი ჰინტონმა Google დატოვა და საზოგადოება ამ სფეროში მოსალოდნელი მზარდი საფრთხეების შესახებ გააფრთხილა.
ხელოვნური ინტელექტის ნათლიად წოდებულმა ჯეფრი ჰინტონმა Google დატოვა და საზოგადოება ამ სფეროში მოსალოდნელი მზარდი საფრთხეების შესახებ გააფრთხილა.
75 წლის ჯეფრი ჰინტონმა Google-იდან გადადგომის შესახებ New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მუშაობას ნანობს.
«ამჟამად ისინი ჩვენზე ჭკვიანები არ არიან. მაგრამ ვფიქრობ, ეს მალე მოხდება». — თქვა მან.
ჰინტონმა ასევე აღიარა, რომ მის გადაწყვეტილებაში, დაეტოვებინა ტექნოლოგიური გიგანტი, ასაკმაც დიდი როლი ითამაშა. «მე 75 წლის ვარ, ასე რომ, დროა პენსიაზე გავიდე». — განუცხადა მან BBC-ის.
დოქტორ ჰინტონის პიონერულმა კვლევამ, ღრმა სწავლისა და ნერვული ქსელების შესახებ, ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე სისტემებს, როგორიცაა, მაგალითად, ChatGPT, გზა გაუხსნა.
კოგნიტურმა ფსიქოლოგმა და კომპიუტერულმა მეცნიერმა BBC-ის განუცხადა, რომ ჩათბოტებმა შეიძლება მალე ინფორმაციის ის დონე გადალახონ, რომელსაც ადამიანის ტვინი ფლობს.
«ამჟამად, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ GPT-4 მარტივ მსჯელობას უმაღლეს დონეზე ახერხებს და პროგრესის ტემპის გათვალისწინებით, ველით, რომ ყველაფერი საკმაოდ სწრაფად გაუმჯობესდება. ამიტომ ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ». — თქვა მან.
New York Times-ისთან ინტერვიუში ჰინტონმა «ცუდი მსახიობები» მოიხსენია, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას «ცუდი განზრახვით» აპირებენ.
«ეს ერთგვარი კოშმარული სცენარია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, მაგალითად, პუტინი, რომელიც რობოტებს საკუთარი მიზნების აღსრულებისთვის იყენებს. ჩვენ ბიოლოგიური სისტემები ვართ, ეს კი ციფრული სისტემებია. მთავარი განსხვავება ისაა, რომ თქვენ ერთი და იგივე შესაძლებლობის მქონე მრავალი ასლი გყავთ. და მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე ისწავლონ, თუმცა ცოდნა ერთმანეთს მყისიერად გაუზიარონ. წარმოიდგინეთ 10,000 ადამიანი. თუ მათგან ერთი რამეს ისწავლის ეს ინფორმაცია დანარჩენებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება. ასე შეიძლება ჩათბოტებმა იმაზე მეტი ცოდნა დააგროვონ, ვიდრე ადამიანებმა». — განაცხადა ჰინტონმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ Google-ის გაკრიტიკება არ სურდა. მისი აზრით, ტექნოლოგიური გიგანტი ყველაფერს პასუხისმგებლობით მიუდგა.
«მე Google-ის შესახებ ცუდს არაფერს ვიტყვი. და ისინი უფრო სანდოები არიან, როცა მე იქ აღარ ვმუშაობ». — თქვა მან.
Google-ის მთავარმა მეცნიერმა, ჯეფ დინმა თქვა: «ჩვენ ხელოვნური ინტელექტს პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ახალ რისკებს მუდმივად ვსწავლობთ და ინოვაციებსაც თამამად ვაკეთებთ».