ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
17 თებერვალი 2023, 11:12
2023-02-17
The Economist: ჰუმანოიდი რობოტები სულ უფრო რეალურები ხდებიან
შეკითხვის დასმისას ჰუმანოიდი რობოტი Ameca ლურჯი თვალებით გიყურებს. ნუთუ ამ სახეს ღიმილის ელფერი დაჰკრავს? — «დიახ მე რობოტი ვარ» — გეუბნება ის. კიდევ ერთი Ameca იქვე, რამდენიმე სხვა რობოტთან ერთად დგას. ცნობისმოყვარე მზერა აქვს და ცდილობს, საუბარს შეუერთდეს. «ჯერჯერობით ის წვეულებაზე ყველაზე ცუდი სტუმარია. ყველა საუბარში მონაწილეობს და არასდროს ჩუმდება» — ამბობს Ameca-ს შემქმნელი, უილ ჯექსონი.
უილ ჯექსონი სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, ფალმუთში რობოტების მწარმოებელი კომპანიის, Engineered Arts-ის უფროსია. მისი ერთადერთი საზრუნავი უსაფრთხო და კომუნიკაბელური რობოტების შექმნაა.
Ameca-ს თვალები კამერებია, რომლის საშუალებითაც ჯექსონი მათ სახეების ამოცნობასა და საუბრის დროს თვალით კონტაქტის დამყარებას ასწავლის. რობოტებისთვის სხვადასხვა მანერების ამ გზით სწავლება გრძელვადიან, რთულ პროექტში წინგადადგმული ნაბიჯია.
რეალურია, რომ მათ ადამიანებთან ერთად ცხოვრება და მუშაობა შეუძლიათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — უსაფრთხოდ. როგორც Ameca და სხვა რობოტები აჩვენებენ, ამ მიზნისკენ დიდი ნაბიჯები გადაიდგმება.
ბიზნესში სხვა დიდი კომპანიებიც აქტიურად არიან ჩართულნი. 2022 წლის 30 სექტემბერს, Tesla-ს, SpaceX-ისა და Twitter-ის უფროსმა, ილონ მასკმა უსახური პროტოტიპი Optimus წარადგინა, რომელიც სცენაზე კოჭლობითა და ხმაურით დადიოდა და შეკრებილ საზოგადოებას დისკომფორტს უქმნიდა. იგი ადვილად ხელმისაწვდომი ნაწილებისგან აშენდა. მიუხედავად იმისა, რომ რობოტს გამართულად სიარული ჯერ არ შეუძლია, მასკი თვლის, რომ პროგრესი მიღწეულია და მოცულობითი წარმოებისას მისი ფასი შეიძლება დაახლოებით $20 000-მდე დაეცეს.
ეს Ameca-ს ღირებულების თითქმის მეათედია. უილ ჯექსონი, რომელიც Optimus-ის პრეზენტაციას დაესწრო, ეთანხმება მოსაზრებას, რომ ფასები დაიწევს. თუმცა, აინტერესებს, ილონ მასკი კონკრეტულად რას გვთავაზობს. გამოფენაზე ნაჩვენები იყო Tesla-ს ქარხანაში Optimus-ის მოძრავი ნაწილების ვიდეო. ავტომობილების ქარხნები მსოფლიოში წარმატებული რობოტებით უკვე სავსეა — მათ ნაწილების შედუღება და ტრანსპორტირება, შეღებვა და მანქანების აწყობა შეუძლიათ. ისინი ადამიანებს არ ჰგვანან, რადგან მათ ეს არ სჭრიდებათ.
ჯექსონის მტკიცებით, ჰუმანოიდი რობოტების აშენების მთვარი მიზეზი ადამიანებთან მაღალი ხარისხის ინტერაქციის დამყარებაა. მცირე განვითარებით Ameca-ს შეუძლია, მაგალითად, ხანდაზმული ადამიანის კომპანიონი გახდეს — მათ ყოველდღიურ ცხოვრებას თვალყური ადევნოს, უთხრას, რომ მათი საყვარელი სატელევიზიო პროგრამა იწყება, თანაც ამის შეხსენება არასოდეს მობეზრდება. Engineered Arts მიზნად ისახავს, თავის რობოტებს სამაგიდო თამაშები, მაგალითად, ჭადრაკი ან მონოპოლია, ასწავლოს. ოღონდ ისე, რომ ისინი შეუცდომლები არ იყვნენ და მათი დამარცხება რეალური იყოს.
ჯექსონი ამბობს, რომ ადამიანებთან წარმატებული და ხარისხიანი ურთიერთობისთვის რობოტს სახე სჭირდება.
«ადამიანის სახე ყველაზე მაღალი გამტარუნარიანობის საკომუნიკაციო ინსტრუმენტია, რომელიც ჩვენ გვაქვს, გამომეტყველებით უფრო მეტის თქმა შეგიძლია, ვიდრე შენი ხმით» — თქვა მან.
ამიტომ, Ameca-ს სახე ძალიან ექსპრესიულია.
ჯექსონის კომპანიას, რომელიც თავდაპირველად თავის დამკვიდრებას ანიმაციური ფიგურების გასართობ ინდუსტრიაში ცდილობდა, უაღრესად რეალისტური სახეების შექმნა შეუძლია. მიუხედავად ამისა, Ameca, მიზანმიმართულად, ისეთ რობოტს გავს, რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში ვხვდებით. ის ნაცრისფერია, გამოკვეთილი სახსრები აქვს და ჟარნის კლასიკის მიხედვით, უთმოა.
ჯექსონი თავს არიდებს დისკომფორტს, რომელიც მაშინ იქმნება, როცა ხელოვნურად შექმნილი არსება რაღაც რეალურს აკეთებს, მაგრამ თავად საკმარისად რეალური არ არის. ამ დროს ადამიანები თავს კომფორტულად არ გრძნობენ. Ameca-ს შემხვევაში, კომფორტის დონე კვლავ იზრდება, რადგან ადამიანთან მსგავსება თითქმის სრულყოფილია.
ადამიანების დახმარების გარდა, რობოტებს მათი ავატარების მორგებაც შეუძლიათ. იაპონიის ოსაკას უნივერსიტეტის ინტელექტუალური რობოტიკის ლაბორატორიის დირექტორმა, იშიგურო ჰიროშიმ რობოტი საკუთარი იმიჯით შექმნა. ცოტახსნის წინ კი კიდევ ერთი რობოტი წარადგინა, რომელიც იაპონიის ციფრულ მინისტრს, კონო ტაროს წააგავს. კონოს ავატარი, სავარაუდოდ, საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის იქნება გამოყენებული.
თუმცა, შედარებით ნაკლებად ადამიანურ Ameca-ს ავატარად მუშაობაც შეუძლია. მისი საუბარი დამაჯერებელია — ლაპარაკის შესაძლებლობას AI პროგრამა უზრუნველყოფს, რომელსაც დიდი ენის მოდელი (LLM) ეწოდება და რომელთანაც რობოტი Wi-Fi-ით და ინტერნეტით ურთიერთქმედებს.
Engineered Arts აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზეც მუშაობს, რათა კომპიუტერულ ხედვაში განხორციელებული უახლესი ცვლილებები რობოტებზეც მალე აისახოს. ჯექსონი აღიარებს, რომ Ameca-ს მუშაობა და კიდევ უფრო დახვეწა სჭირდება.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა გამართულად სიარული, რობოტი პასუხობს: «სამწუხაროდ, არა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე შეძლებს». — ექსპერიმენტული ახალი ფეხების ნაკრები უკვე მზად არის.
ჰუმანოიდი რობოტების აშენებისას ყველა კომპანიას განსხვავებული მიდგომა აქვს. ჯექსონი, რომელიც ხელოვანთა ოჯახში დაიბადა, რობოტებს, ძირითადად, თემატური პარკებისთვის, მუზეუმებისთვისა და კინოინდუსტრიისთვის ამზადებს. ზოგიერთი გიდად მუშაობს. დანარჩენებს კი უნივერსიტეტები კვლევებისთვის იყენებენ. Covid-ის აკრძალვების დროს, როდესაც ბიზნესი, ფაქტობრივად, განადგურდა, კომპანიამ მთელი თავისი რესურსი Ameca-ს მოწინავე მოდელის განვითარებაზე დახარჯა.
სხვა კომპანიებს, როგორიცაა, მაგალითად, Tesla, საქმეში ბევრად დიდი ძალისხმევის ჩადება შეუძლიათ. თუმცა, ეს ყოველთვის წარმატების საწინდარი არ არის, როგორც ეს იაპონური ავტომობილების მწარმოებლის, Honda-ს შემთხვევაში მოხდა.
რაღაც პერიოდში, Honda-ს ჰუმანოიდი რობოტი Asimo (ასე ისააკ აზიმოვის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც რობოტებზე სამეცნიერო ფანტასტიკის მოთხრობებს წერდა) ყველაზე მოწინავედ ითვლებოდა. კომპანიამ ამ პროექტზე მუშაობა 1980-იან წლებში დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ რობოტს სიარული, ხმოვანი ბრძანებების ინტერპრეტაცია და ობიექტების გადაადგილება შეეძლო, პროექტი 2018 წელს შეჩერდა.
ზოგიერთმა ჰობი ბიზნესად აქცია. ლონდონში დაფუძნებული კომპანია, Shadow Robot, რომელიც რობოტის ხელებს ამზადებს, სათავეს მისი დამფუძნებლის სახლის სხვენში ჰობისტების შეხვედრიდან იღებს. ასევე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ჩამოყალიბებული Boston Dynamics ჰუმანოიდ რობოტს, Atlas-ს აწარმოებს, რომელიც Marvel-ის პერსონაჟს, ჰალკს ჰგავს. ის ძირითადად კვლევითი პროექტია და წარმოებაში გასატანად ზედმეტად ძვირია.
ორფეხა რობოტის მთავარი უპირატესობა ის უნდა იყოს, რომ იქ წასვლა შეძლოს, სადაც გადაადგილება ადამიანს შეუძლია. ეს უსწორმასწორო ზედაპირებზე ნავიგაციასა და საფეხურებზე ასვლასაც გულისხმობს. Agility Robotics-ის მიერ დამზადებულ რობოტებს Corvallis-სა და Oregon-ს, ამის გაკეთება რეალურად შეუძლიათ.
დღესდღეობით რობოტების გამოყენება უსაფრთხოების სტანდარტული წესებით რეგულირდება, თუმცა ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოდ თანაცხოვრებისთვის სპეციფიკური კანონების შემოღება იქნება საჭირო. სამეცნიერო ფანტასტიკის ყველა მოყვარულმა იცის წესები, რომლებიც აზიმოვმა რვა ათეული წლის წინ შექმნა:
რობოტმა ადამიანს ზიანი არ უნდა მიაყენოს.
რობოტი ადამიანის ბრძანებებს უნდა დაემორჩილოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრძანება პირველ კანონს ეწინააღმდეგება.
რობოტმა უნდა საკუთარი არსებობა უნდა დაიცვას მანამ, სანამ ასეთი დაცვისთვის პირველი ან მეორე კანონის დარღვევა არ მოუწევს.
თუმცა ყველამ იცის, რომ აზიმოვის მოთხრობებში ეს კანონები ისე არ მოქმედებს, როგორც დაგეგმილი იყო.
უსაფრთხოების დასამტკიცებლად, ილონ მასკმა თქვა, რომ Optimus-ს მოწყობილობა აქვს ჩაშენებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში რობოტს გამორთავს.
რაც შეეხება Ameca-ს, ჯექსონი საინჟინრო მიდგომას იყენებს. იგი ცდილობს ჰუმანოიდი რობოტის ხელები ერთდროულად მტკიცე და მოქნილი გახადოს, ამავდროულად კი მათი უსაფრთხოდ გამოყენება ასწავლოს.
სამწუხაროდ, რობოტებში ამის დანერგვისთვის საჭირო აქტივობები ჯერ არ არსებობს.
რევოლუციური მედიცინა — დოქტორ პიერ ჯუზეპე ჯულიანოტის რობოტული ქირურგია
დოქტორი პიერ კრისტოფორო ჯულიანოტი UI Health-ის ზოგადი, მინიმალურად ინვაზიური და რობოტული ქირურგიის ხელმძღვანელია. ის რობოტული ქირურგიის სფეროში პიონერი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქირურგია. ჯულიანოტი იყო პირველი მსოფლიოში, ვინც რობოტული პროცედურების მნიშვნელოვანი სერია დაიწყო რთული დაავადებებისა და კიბოს სამკურნალოდ და რობოტის დახმარებით უამრავი ოპერაცია ჩაატარა.