ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
26 აპრილი 2023, 14:49
2023-04-26
Google-ის AI პროდუქტები - წარსული, აწმყო და მომავალი
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები ხელოვნური ინტელქტისთვის რბოლაში არიან ჩართულნი. პირველობის დაუოკებელი სურვილი მათ ყურადღებას, მოტივაციას, ენერგიასა და რაც მთავარია ფინანსებს AI-სკენ მიმართავს. ექსპერტები თვლიან, რომ ამ საკითხში Microsoft, ცალსახად, ლიდერია, რომელსაც ყველაზე დიდ კონკურენციას Google-ის მშობელი კომპანია, Alphabet უწევს.
სტატიაში, სწორედ, Alphabet-ისა და Google-ის ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ პროდუქტებზე, სერვისებსა და პლატფორმებზე ვისაუბრებთ, რომელთაგან ზოგი ბევრისთვის ნაცნობია, ზოგიც კი თავის დამკვიდრებას ახლა ცდილობს.
Alphabet Inc 2015 წელს დაარსდა. როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, ხელოვნურ ინტელექტში მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება შეძლო და შვილობილი კომპანიის, Google-ის მეშვეობით წარმატებული AI პროდუქტები და სერვისები შექმნა.
თავდაპირველად, კომპანიის იმ შემოქმედებაზე ვისაუბროთ, რომელიც ბევრისთვის ნაცნობია და უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენს ცხოვრებას ამარტივებს.
Google Assistant: ეს ხელოვნური ინტელექტის მქონე პერსონალური ასისტენტია, რომელსაც ხმოვანი ბრძანებების საფუძველზე კითხვების პასუხი, რეკომენდაციების გაცემა და ამოცანების შესრულება შეუძლია.
Google Translate: ხელოვნური ინტელექტის მქონე სერვისი, რომელიც 100-ზე მეტ ენას ერთიანებს და წლებია მომხმარებლების კომფორტზე ზრუნავს.
Google Cloud Vision API: გამოსახულების ანალიზის ხელსაწყო, რომელიც ვიზუალური შინაარსის იდენტიფიკაციისა და ანალიზისთვის მანქანურ სწავლებას იყენებს.
Google Cloud Speech-to-Text API: მეტყველების ამოცნობის ინსტრუმენტი, რომელიც აუდიო ჩანაწერს ტექსტად მაღალი სიზუსტით აქცევს.
ChatGPT-ის წარმატებიდან მალევე დააანონსდა, რომ Google OpenAI-ის მიერ შემუშავებული პროდუქტის კონკურენტის, Bard-ის გამოშვებას აპირებდა. ეს ხელოვნური ინტელექტის ჩათბოტია, რომელსაც თითქმის ნებისმიერ კითხვაზე ადამიანის მსგავსი პასუხის გაცემა შეუძლია. Bard ტექსტზე დაფუძნებულ ამოცანებს ზედმიწევნით ასრულებს, როგორიცაა კონტენტი სხვადასხვა ფორმის შექმნა, ტექსტის შეჯამება და თარგმნა. შეგიძლიათ სთხოვოთ, ლექსი დაწეროს, ფარდობითობის თეორია ახსნას ან რჩევა მოგცეთ.
«Bard მსოფლიო ცოდნის მასშტაბების გაერთიანებას ჩვენი დიდი ენობრივი მოდელების ძალასთან, ინტელექტთან და კრეატიულობასთან ცდილობს». — წერს Google-ის აღმასრულებელი დირექტორი, სუნდარ პიჩაი.
Bard Google-ის მსხვილ ენობრივ მოდელ Lamda-ზეა აგებული. მასსა და ChatGPT-ს შორის მთავარი განსხვავება ისაა, რომ Bard-ს ინფორმაციის დამუშავება Google Search-ის საშუალებით შეუძლია, რაც თქვენ განახლებული ინფორმაციის მიღების საშუალებას გაძლევთ.
უფრო კონკრეტულად, ChatGPT-ის ცოდნის მონაცემთა ბაზა მხოლოდ 2021 წლამდე ვრცელდება, ამიტომ მას არ შეუძლია, მაგალითად, თურქეთსა და სირიაში ბოლო მიწისძვრის შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხოს. Bard-ს კი ამ ინფორმაციაზეც აქვს წვდომა.
«ის დაპროგრამებულია ისე, რომ შეურაცხმყოფელ მოთხოვნებს არ უპასუხოს და აქვს ფილტრები, რათა მავნე, უკანონო, სექსუალურად გამოხატული ან პერსონალურად იდენტიფიცირებული ინფორმაციის გაზიარება თავიდან აიცილოს. თუმცა ხარვეზები აუცილებლად იქნება». — თქვა Google Research-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ზუბინ ღაჰრამანმა მაშინ, როცა Bard პირველ ნაბიჯემს დგამდა.
ღაჰრამანის წინასწარმეტყველება მალევე გამართლდა, ფაქტობრივად, პროდუქტი აქტიურად არც იყო ჩაშვებული, როდესაც კომპანიას 100 მილიარდი აშშ დოლარი დააკარგვინა. რეკლამა, რომელიც Google-მა ხელოვნური ინტელექტის შესახებ შექმნა და გაავრცელა, აჩვენებდა, რომ Bard კითხვას არასწორად პასუხობდა. ამის გამო Alphabet-ის აქციები 7%-ზე მეტით დაეცა, რის გამოც კომპანიის საბაზრო ღირებულება $100 მილიარდით შემცირდა.
Google ჯერ კიდევ დაკვირვების ფაზაშია. კომპანია ამბობს, რომ Bard-ს ყურადღებით დააკვირდება, რათა დარწმუნდეს, რომ ის AI პრინციპებს იცავს, რომელიც მიკერძოებისა ან დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებას გულისხმობს.
ექსპერტები თვლიან, რომ Google-ის ამჟამინდელი მდგომარეობა არც ისე მარტივია. გავრცელებული ინფორმაციით, Samsung Google-ის Bing-ით ჩანაცვლებას განიხილავს. ამას კომპანიაც იაზრებს და ისეთი პროდუქტების გამოშვებას ცდილობს, რომლებიც Bard-ისა და მთლიანად კომპანიის წარმატებასა და პოპულარობას გაზრდის.
Google ახალი AI საძიებო ინსტრუმენტის, Magi-ის გამოშვებას აპირებს. ფუნქციები ექსკლუზიურად აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი და თავდაპირველად მაქსიმუმ ერთი მილიონი მომხმარებლისთვის იმუშავებს. უცნობია, ზუსტად რას შესთავაზებს Magi მომხმარებლებს, მაგრამ ის სავარაუდოდ Google-ის ექსპერიმენტულ Bard ჩათბოტზე იქნება დაფუძნებული.
Google სხვა AI ინსტრუმენტებსაც ავითარებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოსახულების გენერატორს, სახელად GIFI, ენის სწავლის სისტემას, Tivoli Tutor-სა და ფუნქციას, სახელწოდებით Searchalong — ეს Google Chrome ბრაუზერში ინტეგრირებული ჩათბოტი იქნება, რომელიც ვებ-გვერდებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს.
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შესყიდვებით Alphabet Microsoft-ს 2019 წლიდან ჩამორჩება, თუმცა, Google-მა 2014 წელს ლონდონში დაფუძნებული AI ლაბორატორია, DeepMind იყიდა, რომლის განვითარებაზეც დიდ ფულს ხარჯავს.
DeepMind-ის პოპულარობა ყველაზე მეტად მაშინ გაიზარდა, როცა მის მიერ შემოშავებულმა AlphaGo-ს პროგრამამ Go-ს პროფესიონალი მოთამაშე, ლი სედოლი ხუთრაუნდიან მატჩში დაამარცხა.
DeepMind-მა 2022 წლის აპრილში ვიზუალურ ენობრივ მოდელზე (VLM), სახელად Flamingo-ზე დაიწყო მუშაობა, რომელსაც სურათის აღწერა დეტალებში შეუძლია. ამავე წლის ივლისში ლაბორატორიამ DeepNash გამოუშვა, რომელიც რამდენიმე სამაგიდო თამაშს ექსპერტის დონეზე თამაშობს.
2023 წლის აპრილში Google-მა Google DeepMind-ის შექმნა დააანონსა. Google DeepMind Google-ის ახალი ბიზნეს ერთეულია, რომელიც ადრე განცალკევებულ AI გუნდს, Google Research’s Brain-სა და DeepMind-ს აერთიანებს.
«ხელოვნური ინტელექტის გაბედული განვითარების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვქმნით ერთეულს, რომელიც უფრო უსაფრთხო და ეფექტური სისტემების შექმნაში დაგვეხმარება». — განაცხადა Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ.
საერთო ჯამში, Google შეიძლება ხელოვნური ინტელექტისთვის რბოლაში პირველი არ იყოს, თუმცა ამ სტატუსისგან ძალიან შორს არ არის. ფაქტია, კომპანია ცდილობს ისეთი პროდუქტებისა და სერვისების გამოშვებას, რომლებიც მომხმარებლის კომფორტზე, მოთხოვნებსა და სურვილებზე იქნება ორიენტირებული.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT