ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნინი ვანიშვილიახალი ამბები
19 აპრილი 2023, 11:00
2023-04-19
ილონ მასკი მედიის წინააღმდეგ
Twitter საერთაშორისო საინფორმაციო მედიებს «სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიის» იარლიყებს ანიჭებს. მათ შორისაა ავსტრალიური სამაუწყებლო კომპანია (ABC Australia), ავსტრალიის სპეციალური მაუწყებლობის სამსახური (SBS), ახალი ზელანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RNZ, შვედეთის SR Ekot და SVT და კატალონიის TV3.cat. ამ სიაში არ შედის New York Times, მაგრამ ტვიტერმა მას ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი გაუთიშა.
«90 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ABC ყოველთვის იყო და რჩება დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციად, თავისუფალი პოლიტიკური და კომერციული ინტერესებისგან» — წერს ABC ტვიტერზე ცვლილებების საპასუხოდ.
SBS-ის წარმომადგენლები შიშობენ, რომ იარლიყმა შეიძლება მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანოს და იფიქრონ, რომ კონკრეტული მედია მთავრობის მიერ იმართება, რაც სიცრუეა.
«მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებთ ტვიტერის მოტივებს პლატფორმაზე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვჯერა, რომ იარლიყი — „საჯარო-დაფინანსებული მედია“ უკეთ ასახავს ჩვენი დაფინანსების მოდელის საზოგადოებრივ-კომერციულ ხასიათს და იმ ფაქტს, რომ SBS სრულიად დამოუკიდებელია მთავრობისგან» — ნათქვამია SBS-ის სპიკერის განცხადებაში.
ტვიტერმა BBC-ს «საჯარო დაფინანსებული» იარლიყი მიანიჭა, რომელიც ნაკლებად შეცდომაში შემყვანი ჩანს, ვიდრე «მთავრობის მიერ დაფინანსებული».
გარდა ამისა, ტვიტერმა გამოიყენა «სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული» იარლიყი NPR-ზე. NPR (ამერიკის საზოგადოებრივი მაუწყებელი) არის ქსელი, რომელიც დაფინანსების 1%-ს აშშ-ის მთავრობისგან იღებს.
კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ილონ მასკის ორი ყველაზე წარმატებული კომპანია, SpaceX და Tesla, ასევე მთავრობისგანაა დაფინანსებული და ბევრად მეტ ფულს იღებენ, ვიდრე NPR.
თავდაპირველად ტვიტერმა NPR-ს მიანიჭა იარლიყი — «სახელმწიფოს შვილობილი», რაც ხშირია ისეთი გამოცემებისთვის, როგორიცაა რუსული RT.
შედეგად NPR-მა ტვიტერი დატოვა.
«ამ ეტაპზე მე ტვიტერის გადაწყვეტილებებზე რწმენა დავკარგე. გარკვეული დრო მჭირდება, რათა გავიგო, შეიძლება თუ არა ტვიტერის ისევ ნდობა» — ამბობს NPR-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ლანსინგი.
ამ მოხსენების შემდეგ, NPR-ს, PBS-ს და სხვა ნიუსრუმებს CBC-იც შეუერთდა. მათი თქმით, «ჟურნალისტიკა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელია. სხვა ვარაუდები სიმართლეს არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას ტვიტერზე».