ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
11 ივლისი 2023, 13:24
2023-07-11
ექსპერტების აზრით, Meta-ს მშობელთა კონტროლმა შეიძლება მოზარდები საფრთხეში ჩააგდოს
Meta-ს კონტროლის ახალ სისტემას, რომელიც მშობლების მხრიდან მოზარდებისთვის მეტი ზედახედველობის დაწესებას ისახავს მიზნად, ტექნოლოგიური ექსპერტები ფართოდ მიესალმებიან, მაგრამ ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამ მახასიათებლებმა შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს ახალგაზრდები, რომლებიც ონლაინ საზოგადოებებში არიან გაწევრიანებულები.
ახალი ფუნქცია მეურვეებს საშუალებას აძლევს, Messenger-ზე მოზარდების კონტაქტები ნახონ, დააკვირდნენ, Instagram-ზე ვის მიჰყვებიან და ნახონ, რამდენი საერთო მეგობარი ჰყავთ ამ ანგარიშებთან. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც Meta-მ უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის ფუნქციები გაავრცელა, მათ შორის «მშვიდი რეჟიმი», რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აპლიკაციების შეტყობინებებისგან დაისვენონ.
ტექნოლოგიური ექსპერტები აცხადებენ, რომ ახალი ინსტრუმენტი, რომელიც მშობლებს მოზარდების შეტყობინებების წაკითხვის საშუალებას არ აძლევს, დიდი ალბათობით გაამართლებს. თუმცა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ახალმა ფუნქციებმა შეიძლება ზოგიერთი დაუცველი მოზარდი რისკის ქვეშ დააყენოს — მაგალითად, ისინი, ვისაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ და მათი სახლში არ ესმით (მაგალითად, ახალგაზრდა LGBTQ+ ადამიანები).
«სასიამოვნოა, რომ არსებობს დამატებითი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ გავხადოთ სოციალური მედია უფრო უსაფრთხო ახალგაზრდებისთვის». — ამბობს ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი, შელი კრეიგი, რომლის კვლევა ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ მოქმედებენ ახალგაზრდა LGBTQ+ ადამიანები ონლაინ სივრცეში. — «ჩვენ უბრალოდ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და მშობლებს გადამეტებული კონტროლის საშუალება არ უნდა მივცეთ».
როდესაც «ონლაინი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ოფლაინი»
ბოლო წლებში, Meta მოზარდებზე უარყოფითი გავლენის გამო მზარდი კრიტიკას აწყდება. 2021 წელს Meta-ს ყოფილმა თანამშრომელმა, ფრენსის ჰაუგენმა შიდა დოკუმენტები გაასაჯაროვა. როგორც ჩანს, კომპანიამ იცოდა, რომ Instagram მოზარდი გოგოების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებდა, მაგრამ დასკვნები გაანადგურა. Meta-მ ბრალდება უარყო.
ყველაფრის მიუხედავად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სოციალური მედია შეიძლება ზოგიერთი მოზარდისთვის, რომლებიც ცხოვრებას ოფლაინში ებრძვიან, სამაშველო რგოლი იყოს. ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგიის ჟურნალში 2020 წლის მოხსენებამ დაადგინა, რომ ონლაინ მეგობრობა ხშირად მოზარდებს სუიციდური აზრებისგან იცავს. ამასთან ერთად, 2022 წლის Pew Research-ის გამოკითხვამ დაადგინა, რომ მოზარდების 67% ფიქრობს, რომ ონლაინში ჰყავთ ადამიანები, რომლებსაც რთულ დროს მათი მხარდაჭერა შეუძლიათ.
ხშირ შემთხვევაში, ქვიარ ახალგაზრდებისთვის «ონლაინი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ოფლაინო». — ამბობს კრეიგი, რომელიც აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი ანგარიშის კონფიდენციალურობის პარამეტრები შეცვალონ ან მავნე მომხმარებლები დაბლოკონ — ვარიანტები, რომლებიც რეალურ სამყაროში ხელმისაწვდომი არ არის. «ჩვენი დაკვირვებით, თვითმკვლელობების რიცხვი, [LGBTQ+ მოზარდებს შორის] სოციალური მედიის დახმარებით, შემცირდა. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ოფლაინში ბევრი რისკფაქტორი აქვს, როგორიცაა პოტენციურად მოძალადე მშობლები ან სახიფათო გარემო.
მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციები გამჭვირვალობის წახალისებას ისახავს მიზნად, მშობლის წვდომამ იმაზე, თუ ვის უგზავნის ახალგაზრდა მომხმარებელი შეტყობინებას ზოგიერთ მოზარდს შეიძლება პრობლემები შეუქმნას. «არსებობს სიტუაციები, როდესაც მშობელმა იცის, თუ ვისთან ჰქონდათ მოზარდებს კონტაქტი, ან რა სახის დახმარებას ეძებენ, თუმცა ეს პოტენციურად ახალგაზრდებს ზიანს აყენებს». — ამბობს პროფესორი, ნია ვესტ-ბეი.
Instagram-ის ერთ-ერთი ფუნქცია მშობლებს საშუალებას მისცემს, საერთო კავშირების რაოდენობა დაინახონ იმ ანგარიშებს შორის, რომლებსაც მათი შვილი მიჰყვება. ეს გაადვილებს იმ ანგარიშები ამოცნობას, რომლებიც მომხმარებლის არცერთ მეგობართან არ არიან დაკავშირებულნი. Meta ამბობს, რომ ინსტრუმენტი «მშობლებს აპში მოზარდების გამოცდილების შესახებ მეტ ინფორმაციას მიაწვდის».
ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ Meta ამ ფუნქციების დამატებით თითქოს პასუხისმგებლობას იხსნის და ყველაფერს მშობლებს აბარებს.
«Meta-ს შეუძლია, რომ სისტემა მთლიანად შეცვალოს — იმის ნაცვლად, რომ მშობლებს ცალკეული მოზარდების დაცვა მოსთხოვოს და ამის საშუალება მისცეს, კომპანიას შეუძლია ეს ყველასთვის, თავისივე რესურსით გააკეთოს «. — ამბობს ვესტ-ბეი. «ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რეალურად დავეხმაროთ ყველა ბავშვს».
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.