როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.
ძლიერი და უნიკალური პაროლი ყველა ანგარიშზე უნდა ეყენოს. ძლიერი პაროლი მინიმუმ 15 სიმბოლოსგან შედგება — ის სრულიად შემთხვევით არჩეულ დიდ და პატარა ასოებს, რიცხვებსა და სიმბოლოებს შეიცავს. ეს ნიშნავს, რომ ძლიერი პაროლები თქვენთან დაკავშირებულ პერსონალურ ინფორმაციას: თქვენს დაბადების თარიღს ან თქვენი მშობლიური ქალაქის სახელს, მეგობრების, ოჯახის წევრების ან საყვარელი შინაური ცხოველების სახელებს არ უნდა შეიცავდეს.
ძლიერი პაროლის მაგალითია: m#P52s@ap$V
ამასთან, აუცილებელია, გვქონდეს პაროლების მენეჯერი, რომელიც ყველა უნიკალურ პაროლს შეინახავს.
ტელეფონში ვაყენებთ აპლიკაციას Google Authenticator, რომელიც როგორც Android-ზე, ისე iOS-ზეც ხელმისაწვდომია. აღნიშნულ აპლიკაციაში ჩვენი Google-ს ანგარიშით შევდივართ.
როგორ დავაყენოთ Google Authenticator გუგლის ანგარიშზე?
Google-ს ანგარიშზე შესვლისას მარჯვენა ზედა კუთხეში ფოტოს ან ჩვენი სახელის ინიციალებს ვაჭერთ. გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ: Manage your Google account — Security — 2-Step Verification — Turn On.
მარტივად, ეკრანზე გამოსულ ინსტრუქციას მივყვებით და Authentication App-ს ვირჩევთ. ტელეფონში უკვე დაყენებულ აპლიკაციას ვრთავთ, მარჯვენა ქვედა კუთხეში + ნიშანს ვაჭერთ, ხოლო თუ Google-ის ანგარიშის სეთინგებში კომპიუტერიდან ვართ შესულები, Scan QR Code-ს ვაჭერთ და ეკრანზე გამოსულ QR კოდს ვასკანერებთ.
ამის შემდეგ ტელეფონის აპლიკაციაში ჩანაწერი გამოჩნდება, სადაც მითითებული Google-ისა და თქვენი მეილის მისამართი იქნება, ქვეშ კი — 6-ნიშნა კოდი, რომელიც თავის მხრივ, Google-ის ანგარიშში უნდა შეიყვანოთ. აპლიკაციაში კოდი ავტომატურად გენერირდება და ყოველ 30 წამში იცვლება.
იმ შემთხვევაში, თუ Google-ის ანგარიშის სეთინგებში ტელეფონიდან ვართ შესულები, Google Authenticator აპლიკაციაში + ნიშანს ვაჭერთ და Enter a setup key-ს ვირჩევთ. ეს QR კოდის გვერდით დაწერილი კოდია, რომელსაც აპლიკაციაში ვაკოპირებთ.
ორეტაპიანი ავტორიზაციის ჩართვის შემდეგ, თუ თქვენი ტელეფონი დაიკარგა ან გაფუჭდა, ანგარიშის აღსადგენი კოდები უნდა დააგენერიროთ, რომლებიც, თვის მხრივ, პაროლის მენეჯერში იქნება შენახული.
ამისთვის, შევდივართ: Manage your Google account — Security — 2-Step Verification — Backup Codes და კოდებს ვაგენერირებთ. Google-ის შემთხვევაში ეს ათი 6 ნიშნა კოდი იქნება. თითოეულის გამოყენება მხოლოდ ერთხელ შეიძლება.
Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაციის ჩართვა
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი Facebook-ის ანგარიშზე შევდივართ და მარჯვენა ზედა კუთხეში ჩვენი პროფილის ფოტოს ვაჭერთ. გამოსულ ფანჯარაში ვირევთ: Settings & Privacy — Settings — Accounts Center — Password and Security — Two-factor Authentication. შემდეგ Facebook-ის პაროლი შეიყვანეთ და გამოსულ ფანჯარაში დააჭირეთ Authentication App-ს.
შემდეგ ეკრანზე გამოსულ ინსტრუქციას მივყვებით და Authentication App-ს ვირჩევთ.
ტელეფონში უკვე დაყენებულ Google Authenticator-ს ვრთავთ, მარჯვენა ქვედა კუთხეში ვაჭერთ + ნიშანს და თუ Facebook-ის ანგარიშის სეთინგებში კომპიუტერიდან ვართ შესული, Scan QR Code-ს ვაჭერთ და ეკრანზე გამოსულ QR კოდს ვასკანერებთ.
ამის შემდეგ ტელეფონის აპლიკაციაში ჩანაწერი გამოჩნდება, სადაც მითითებული იქნება Facebook — ქვეშ კი 6 ნიშნა კოდი, რომელიც თავის მხრივ, Facebook-ის ანგარიშში უნდა შეიყვანოთ. აპლიკაციაში კოდი ავტომატურად გენერირდება და ყოველ 30 წამში იცვლება.
მას შემდეგ რაც აპლიკაციას დავამატებთ, ერთი ნაბიჯით უკან ვბრუნდებით და ვირჩევთ: Additional Methods — Recovery Codes და ხუთ 8 ნიშნა კოდს ვაგენერირებთ, რომლებსაც თავის მხრივ, პაროლის მენეჯერში ვინახავთ.
ამავე მეთოდით, ორეტაპიანი ავტორიზაციის ჩართვა ნებისმიერი ანგარიშის პარამეტრებიდან შეგიძლიათ.