Twitter-ის მფლობელი ილონ მასკი ცდილობს, სოციალური მედიის კომპანიას რთულ პერიოდში დამატებითი შემოსავალი გაუჩინოს.
მომხმარებლებმა, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთ სახელს ლურჯი ნიშანი ამშვენებდეს, Twitter Blue-ის გამოსაწერად წელიწადში 84 აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ.
ცნობილი ადამიანების უმრავლესობა გადაწყვეტილებას ირონიულად შეხვდა. ამერიკელმა ოლიმპიელმა, ლოლო ჯონსმა აღნიშნა, რომ ცვლილება მისთვის სასაცილოა და არაფერს აკლებს.
სხვა მომხმარებლებმა იხუმრეს, რომ მსახიობმა ჯეისონ სუდეიკისმა ვერიფიკაცია დაკარგა, ხოლო გამოგონილმა პერსონაჟმა, ტედ ლასომ, რომელსაც ის განასახიერებს — არა.
ამერიკელმა რეპერმა, Ice T-მა თქვა, რომ ლურჯი ნიშნის გამო ასეთი აჟიოტაჟი საჭირო არ იყო.
«ის, რომ ჩვენ ლურჯ ნიშანს ასე განვხილავთ, საზოგადოებაზე ცუდად მეტყველებს». — თქვა მან.
კომპანიამ ვერიფიკაციის ფუნქცია 2009 წელს შემოიტანა, მას შემდეგ, რაც ბეისბოლის ყოფილმა მოთამაშემ სოციალური მედიის გიგანტს გაყალბებული ანგარიშების გამო უჩივლა.
ლურჯი ნიშანი ეტაპობრივად სტატუსის სიმბოლო და ავტორიტეტის მიმანიშნებელი გახდა. თუმცა, Twitter-ის ახალ თავგადასავალში მასკს სურს, მომხმარებლებმა ამისთვის თანხდა გადაიხადონ.
ვერიფიკაციის მონეტიზაციის გადაწყვეტილებამ შეიძლება პლატფორმაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს.
ცვლილებამდე რამდენიმე დღით ადრე, კანიე უესტი, შაკილ ონილი და ევან მაკგრეგორი იმ ცნობილ ადამიანთა შორის იყვნენ, რომლებმაც Twitter გააკრიტიკეს. ახლა, როდესაც ლურჯი ნიშანი ეტაპობრივად ქრება, ცნობილი ადამიანების მიმდევრების რაოდენობა შეიძლება ერთადერთი გზა გახდეს, რომ მათი ანგარიშები თვთმმარქვიებისგან განვასხვავოთ.
ვერიფიკაციის დაკარგვიდან რამდენიმე საათში, ჰილარი კლინტონის სახელით დარეგისტრირებულმა ანგარიშმა, დატვიტა, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს კვლავ იყრიდა.
ცვლილებას კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ინიციატივა სისულელეა, ის თანხის გადახდას არ აპირებდა და მზად იყო, ლურჯი ნიშანი დაეთმო.
დღეს ილონ მასკმა განაცხადა, რომ რამდენიმე ვარსკვლავისთვის, მათ შორის ლებრონ ჯეიმსისთვის ვერიფიკაციის თანხა თავად გადაიხადა.
სოციალური მედიის ექსპერტები შიშობენ, რომ ფასიანი ვერიფიკაციის ზრდა პლატფორმაზე დეზინფორმაციის გავრცელებას გაზრდის. თუ ასე მოხდებოდა, ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტი რეკლამის განმთავსებელი შეაშინოს და დამატებით შემოსავალს, რომელსაც Twitter რეკლამებიდან იღებს, ძირი გამოუთხაროს.
თუმცა მასკმა თქვა, რომ ტკივილი ცვლილების ნაწილია.
«ვგრძნობ, რომ სწორ ადგილას მივდივართ,» — განუცხადა მან BBC News-ს.