ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
27 მარტი 2023, 17:23
2023-03-27
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
GPT-4-ის უსაზღვრო შესაძლებლობებმა თითქმის ყველა დაარწმუნა, რომ მალე ჩვენი ცხოვრების სტილი, დამოკიდებულება, მიდგომები სამუდამოდ შეიცვლება. ამ ყველაფრის უკან კი, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი დგას, რომელიც განვითარებას არ წყვეტს. ამ აზრს გიგანტი კომპანიის, Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსიც იზიარებს, რომელმაც 21 მარტს შვიდგვერდიანი მოხსენება გამოაქვეყნა, რომელშიც ხელოვნურ ინტელექტსა და მის შესაძლებლობებზე დეტალურად საუბრობს. ორიგინალი ვერსია იხილეთ ბმულზე.
ბილ გეითსის მხრიდან აზრის საჯაროდ გამოხატვა შემთხვევითი ან უმიზეზო არ ყოფილა. ბიზნესმენი OpenAI-ის მუშაობით აღფრთოვანებულია და მათ საქმიანობას რევოლუციურს უწოდებს. მისი თქმით, მსგავსი შეგრძნება პირველად 1980 წელს დაეუფლა, როდესაც პროგრამისტმა, ჩარლზ სიმონმა თანამედროვე გრაფიკული მომხმარებლის ინტერფეისი (GUI) პირველად გააცნო.
ბილ გეითსი GPT ტექნოლოგიას პირველად 2022 წლის სექტემბერში გაეცნო, როდესაც OpenAI ჩათბოტს სცდიდა. როგორც წერს, სწორედ ამ დროს გააცნობიერა, რომ კაცობრიობა რაღაც მნიშვნელოვანისა და საინტერესოს წინაშე იდგა.
ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების რამდენიმე შესაძლო ვარიანტს გვთავაზობს. როგორც ქველმოქმედი, ფიქრობს, რომ AI-ის იმ დაავადებების შეჩერება შეუძლია, რომლითაც ყოველწლიურად 5 მილიონი ბავშვი იღუპება. იგი ხელოვნური ინტელექტის პოტენციალს უთანასწორობის შემცირებასა და გლობალურ გამოწვევებთან გამკლავებაშიც ხედავს, როგორიცაა განათლების გაუმჯობესება და კლიმატის ცვლილების მოგვარება.
ყველაფრის მიუხედავად, Microsoft-ის დამფუძნებელი, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და სირთულეებს იაზრებს. თუმცა, AI-ის პოტენციალს მაინც პოზიტიურად უყურებს.
ამ ტექნოლოგიის პოტენციალი და გამოწვევები სრულად ვერც იქნება გამოკვლეული, სანამ ხალხი მის შესახებ ყველაფერს არ გაიგებს. ადამიანისთვის, რომელსაც გამოცდილება არც მანქანათმცოდნეობისა და არც კომპიუტერული მეცნიერების სფეროში არ აქვს, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იდუმალი, დაუჯერებელი და ზოგჯერ საშინელიც კი იყოს.
ამ აზრს, ბილ გეითსიც იზიარებს, რომელიც ამბობს, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს ხელოვნური ინტელექტის შესახებ დამახინჯებული ინფორმაცია მხოლოდ პოპკულტურიდან აქვს.
მისი ხალხის რეაქცია დაახლოებით აღფრთოვანებისა და შიშის მიქსია, რაც კომენტარების კითხვისას და ე.წ. მიმების ყურებისას ნათელი ხდება. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ჩვენი მომავალია, ზოგი კი თვლის, რომ ეს დასასრულის დასაწყისია.
თავის მოხსენებაში ბილ გეითსი ხელოვნურ ინტელექტს მოდელს უწოდებს, რომელიც კონკრეტული ამოცანების ან სერვისებისთვის გამოიყენება. ის განმარტავს, თუ როგორ განსხვავდება ეს ხელოვნური ზოგადი ინტელექტისგან (AGI), რომელსაც დავალებების შესრულება და ყველაფრის ათვისება დამოუკიდებლად შეუძლია. AGI ჯერ არ არსებობს და მისი შექმნა ტექნოლოგიურ სამყაროში საკამათო თემად რჩება. ბილ გეითსი თითქოს ადამიანების დამშვიდებას ცდილობს. თუმცა, გარკვეულ ინტრიგასაც ტოვებს.
ბილ გეითსს სურს, მკითხველმა ყურადღება ხელოვნური ინტელექტის დადებით ასპექტებზე გაამახვილოს, ამიტომ მისი წერილის კითხვისას მშვიდად და კომფორტულად ხარ. მას სჯერა, რომ ChatGPT-ს შეუძლია სამუშაოს ეფექტურობა ისეთ სფეროებში გააუმჯობესოს, სადაც უწყვეტი სწავლა გადამწყვეტი არ არის. მაგალითად, გაყიდვები, მომსახურება და დოკუმენტების დამუშავება.
კიდევ ერთი სფერო, სადაც გეითსი ხელოვნური ინტელექტის საოცარ განვითარებას ვარაუდობს, ჯანდაცვაა. მისი ხედვით, AI ჯანდაცვის მუშაკების ეფექტურობას ზრდის, ამოცანების შესრულებაში ეხმარება და ინოვაციების განვითარებასაც უწყობს ხელს. ბილ გეითსი თვლის, რომ AI სამედიცინო მიღწევებს საგრძნობლად დააჩქარებს.
განათლების კუთხით, გეითსი პროგნოზირებს, რომ AI-ზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა სწავლის პროცესის სრულ გარდაქმნას გამოიწვევს. მაგრამ აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის მნიშვნელობას ვერასდროს ჩაანაცვლებს.
როგორც უკვე ვთქვით, AI-ს ჯერ კიდევ აქვს პრობლემები და შეზღუდვები გადასალახი — ბილ გეითსი ამას აღიარებს. ჩათბოტებს ჰალუცინაციები აქვთ და კონტექსტს ხშირად დამახინჯებულად აღიქვამენ, აბსტრაქტული მსჯელობაც ახასიათებთ. ასევე კონფიდენციალურობის, მიკერძოების და თაღლითობის რისკები არსებობს, რაც მთავრობებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას მოითხოვს.
გეითსი ამ საშიშროებას აცნობიერებს და კითხვას სვამს — «შეიძლება თუ არა, მანქანამ გადაწყვიტოს, რომ ადამიანები მისთვის საფრთხეს წარმოადგენენ? დაასკვნას, რომ მისი ინტერესები განსხვავებულია და უბრალოდ ჩვენზე ზრუნვა შექვიტოს?».
პასუხს, ცხადია, თავადვე სცემს: «შესაძლოა, მაგრამ ეს პრობლემა დღეს აქტუალური არ არის. ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ დაგვანახა, რომ მსგავსი რეალობა ჯერ კიდევ შორსაა».
Microsoft-ის დამფუძნებელი თავის მოხსენებას საინტერესო მოსაზრებით ასრულებს იმის შესახებ, თუ როგორ იტვირთება ხელოვნური ინტელექტის ეპოქა როგორც შესაძლებლობებით, ასევე პასუხისმგებლობებით.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.