ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
7 იანვარი 2023, 10:00
2023-01-07
გიგანტი კომპანიებისა და მათი დამფუძნებლების დაცემა — გზა წარმატებისკენ
რთულია ცხოვრებაში, ჭეშმარიტი გამარჯვება დამარცხების გარეშე შეიგრძნო. ცოტა რამ თუ არის დაცემის შემდეგ წამოდგომაზე სასიამოვნო, მაგრამ, ამავდროულად, რთულიც. ეს გაძლიერებს და, ფაქტობრივად, ყოვლისშემძლეს გხდის.
იცით რატომ არიან ბილ გეითსი, ჯეფ ბეზოსი ან თუნდაც მარკ ცუკერბერგი, საუკეთესო და თითქმის უკონკურენტო კომპანიების დამუძნებლები? იმიტომ, რომ მათ დაცემის შემდეგ წამოდგომის, ბოლომდე ბრძოლის ფასი დაწყებიდანვე იცოდნენ.
თავიდანვე წარმატებული, კლასიკური გაგებით, არავინ იბადება. ამ «ტიტულს» შენი განვლილი გზა განსაზღვრავს. ამიტომ გიგანტი კომპანიებისა და მათი დამფუძნებლების წარმატების გზასა და დაძლეულ სირთულეებზე მოგიყვებით.
ბილ გეითსი და Microsoft
ტექნოლოგიების სფეროში ყველაზე გავლენიანი ადამიანი და ავტორიტეტი, ბევრისთვის Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსია. მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა უამრავ წარმატებას მიაღწია, თუმცა, ისეთ პიროვნებასაც კი, როგორიც გეითსია, სამყარომ დიდებისკენ მიმავალი გზა საშინლად გაურთულა.
Microsoft-ის დაარსებამდე ბილ გეითსი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან წამოსული და წარუმატებელი ბიზნესის, Traf-O-Data-ს თანამფლობელი იყო. წარმოიდგინეთ მან, პარტნიორთან ერთად, თავისი ცხოვრების დრო და ენერგია დაუთმო არასწორ იდეას, რომელსაც ფულის ხარჯვის მეტი არაფერი მოუტანია. ეს, ვგონებ, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ბიზნესში საკუთარი თავის პოვნა დროებით შეგეწყვიტათ, მაგრამ, საბედნიეროდ, ბილ გეითსს არ შეიძლება ნორმალური ადამიანი ვუწუდოთ.
Traf-O-Data-ს დაცემიდან და მისი მიტოვებიდან ზუსტად 2 წელში, ბილ გეითსმა Microsoft-ზე მუშაობა დაიწყო, რომელიც ხელმისაწვდომი 1986 წელს გახდა. მომდევნო წლისთვის კომპანიის აქციების ფასის ზრდამ 31 წლის გეითსი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად აქცია.
Microsoft აღმაფრთოვანებელ ზრდას განაგრძობდა, იყო ერთ-ერთი უდიდესი კომპანია პლანეტაზე, როდესაც, მოულოდნელად, მოწმენდილ ცაზე, 1998 წელს, Google გამოჩნდა. ღია პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპმა გეითსის ტექნოლოგიური გიგანტი უშანსოდ დაამარცხა, როდესაც საქმე სუფთა საძიებო სისტემის შექმნაზე მიდგა.
მარცხი ბილ გეითსმაც აღიარა. 2004 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ნახევრად ხუმრობით განაცხადა: «Google-მა ჩვენს უკანალს დაარტყა»
დღესდღეობით, გეითსი წარმატებას დოლარებით ან საბანკო ამონაწერებით არ ზომავს. როცა 2018 წელი დასასრულს მიუახლოვდა, ის დაფიქრდა იმაზე, რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
«საკმარისი დრო დავუთმე ჩემს ოჯახს? საკმარისად ბევრი ახალი რამ ვისწავლე? შევქმენი ახალი მეგობრობა და გავაღრმავე ძველი? ეს ჩემთვის სასაცილო იქნებოდა, როცა 25 წლის ვიყავი, მაგრამ რაც უფრო ვიზრდები, ისინი უფრო მნიშვნელოვნნი ხდებიან». — ამბობს ბილ გეითსი.
სტივ ჯობსი და Apple
სტივენ პოლ ჯობსი ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპანიის, Apple-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი იყო. ჯობსი ბოლომდე ბრძოლის ყველაზე ნათელი მაგალითია და მისი დიდებისკენ გზაც, ალბათ, სხვებთან შედარებით, უფრო რთული აღმოჩნდა.
30 წლის ასაკში სტივ ჯობსის ცხოვრება თავდაყირა დადგა. 1985 წელს, Apple-ს დაარსებიდან 10 წელზე ნაკლები იყო გასული, როცა იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. საკუთარი დაარსებული კომპანიიდან გათავისუფლება, რომელშიც მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ, შესაბრალისი და მტკივნეულია.
Apple-ის მაშინდელმა აღმარსულებელმა დირექტორმა, ჯონ სკულიმ რეორგანიზაცია და მექანიზმის სრული შეცვლა გადაწყვიტა. ის ჯობსს კომპანიის სამომავლო გეგმებში ვეღარ ხედავდა.
12 წლის შემდეგ ჯობსი Apple-ში უკვე აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნდა და რევოლუცია მოახდინა. დღეს ჩვენ ჯობსს, როგორც ტექნოლოგიის ერთ-ერთ ტიტანს, სილიკონის ველის გიგანტსა და ბიზნესის ლეგენდას ვიცნობთ.
ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც სტივ ჯობსის ცხოვრებიდან შეგვიძლია ვისწავლოთ არის, თუ როგორ ვისარგებლოთ წარმოუდგენელი და მოულოდნელი წარუმატებლობით. 12 წლიანი ხიდი, Apple-დან Apple-მდე, ჯობსს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად ჩამოყალიბებაში, ცალსახად, დაეხმარა.
«"მაშინ ამას ვერ მივხვდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ Apple-დან გათავისუფლება საუკეთესო რამ იყო, რაც კი ოდესმე გადამხდენია.» — ამბობს Სტივ ჯობსი.
Apple-დან შორს ყოფნის დროს ჯობსმა კომპანია NeXT დააარსა, რომელიც კომპიუტერულ სადგურებს ამუშავებდა, მოგვიანებით კი Pixar დააფინანსა და ანიმაციური სტუდიის განვითარებას მნიშვნელოვნად დაეხმარა.
იმის მაგივრად, რომ წარუმატებლობას ის გაეთელა, საქმის კეთების სურვილი წაერთვა, ჯობსმა თავისი ნიჭი ორი სხვა ორგანიზაციის გასაძლიერებლად გამოიყენა. ის იმაზე უკეთ დაბრუნდა, ვიდრე ოდესმე, რადგან იცოდა, რომ ის, რისი შექმნაც სურდა იყო უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელიც მსოფლიოს აუცილებლად მოეწონებოდა.
«თქვენ არ შეგიძლიათ წერტილები წინსვლისას დააკავშიროთ, მათი დაკავშირება მხოლოდ უკან სვლის დროს არის შესაძლებელი. ამიტომ, თქვენ უნდა გჯეროდეთ, რომ მომავალში წერტილები როგორმე დაუკავშირდება ერთმანეთს. რაღაცის უნდა გჯეროდეს: შენი გულის, ბედის, სიცოცხლის, კარმის, ან რაც არ უნდა იყოს». — ამბობს სტივ ჯობსი.
ჯეფ ბეზოსი და Amazon
2021 წლის ივლისში ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. კომპანიის, რომელიც მან 1994 წელს დააარსა. დღეს Amazon 1.8 ტრილიონი დოლარის ღირებულების გიგანტია, ხოლო ბეზოსი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონებაც 200 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. აქამდე მისასვლელი გზა, ცხადია, ურთულესი აღმოჩნდა.
«როდესაც 80 წლის გახდებით, იმ გადადგმულ ნაბიჯებს კი არ ინანებთ რაც გააკეთეთ, პირიქით — იმათ, რომლის განხორციელებისაც შეგეშინდათ. ეს მხოლოდ ბიზნესს არ ეხება» — ამბობს ბეზოსი 2018 წლის ინტერვიუში.
ეს იყო ფილოსოფია, რომელმაც ჯეფ ბეზოსი გადაარჩინა და «აიძულა», საუკეთესო გამხდარიყო. მან გადაწყვიტა, წიგნების ონლაინ მაღაზია დაეარსებინა. იდეა მშობლებსა და მაშინდელ უფროსს გაუზიარა, თუმცა, ეს ყველამ არასერიოზულად მიიღო. არც არის გასაკვირი, 1994 წელს მსგავსი იდეა იშვიათობა იქნებოდა.
ბეზოსს მშობლებთან კონფლიქტი მოუვიდა და სამსახურისა და შტატის დატოვება მოუწია. სიეტლში გადავიდა, სადაც გარეუბანში, პატარა ფარეხში Amazon დააარსა. უამრავ სირთულესთან და პიროვნებასთან დაპირისპირების შემდეგ, საბოლოოდ, ააშენა ის, რაც დღეს ჩვენს ცხოვრებას ამარტივებს.
«წარმოიდგინეთ მშობლეთან დაპირისპირების, სამსახურის სამუდამოდ დაკარგვის რომ შემშინებოდა, ახლა ვინ ვიქნებოდი. ყოველთვის მაწუხებდა გრძნობა, რომ საკმარისად არ ვცდილობდი, მაგრამ მე ეს შევძელი. ჩემი გადაწყვეტილებით, სირთულეების მიუხედავად, ვამაყობ». — ამბობს ბეზოსი.
უკვე ფართო მასისთვის ცნობილი Amazon-იც, ისევე როგორც ნებისმიერი კომპანია, გამოწვევებსა და წარუმატებლობას სხვადასხვა პერიოდში ებრძოდა. სამუშაო ცენტრებში მუშაკების მიმართ ადგებული დამოკიდებულებისა და მოპყრობის გამო, Amazon მარეგულირებლის ყურადღების ქვეშ რამდენჯერმე მოექცა. თუმცა კომპანიამ მოძალადის «იარლიყი» მოიშორა და, პირიქით, თანამშრომლებთან ურთიერთობაში სამაგალითო გახდა.
მრავალი მიზეზი არსებობს, რის გამოც Amazon ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესია, თუმცა ძირითად მიზეზად მიიჩნევა მისი ერთგულება და დადებითი დამოკიდებულება მომხმარებლისადმი
მარკ ცუკერბერგი და Facebook
მარკ ცუკერბერგი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook -ის დამფუძნებელია, რომელიც მან თანაკურსელებთან, დასტინ მოსკოვიჩთან, ედუარდ სევერინთან და კრის ჰაგისთან ერთად, ჰარვარდში სწავლის პერიოდში დააარსა. ცუკერბერგის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე და მას შემდეგაც ბევრჯერ დაეცა, თუმცა ჯერჯერობით წამოდგომასა და წინსვლასაც კი ახერხებს.
როგორც თავად, ამბობს დააარსების დღიდან ყველა მის ჩაძირვას ცდილობდა. ჰქონდა ურთულესი პერიოდები, რომლებსაც დეპრესიასთან ერთად ებრძოდა. საწყისი ეტაპიდანვე ცუკერბერგის წამოწყება მისთვის კოშმარი გამოდგა, თუმცა ახალგაზრდა კაცმა მტკიცე ხასიათი და მებრძოლი სული გამოავლინა. შექმნა პლატფორმა, რომელსაც თითქმის ყველა იყენებს, ვისაც ინტერნეტთან მცირედი შეხება მაინც აქვს.
«ბევრი ადამიანი დეპრესიას ებრძვის და ცდილობს ცხოვრებაში სიცარიელე შეავსოს. თქვენ ყოველთვის გაკრიტიკებენ, რომ ძალიან სწრაფად მოძრაობთ, რადგან ყოველთვის არის ვიღაც, ვისაც თქვენი შენელება უნდა. ბევრჯერ გვითხრეს, რომ ჩვენი კომპანია გაგვეყიდა, მაგრამ ეს მე არ მინდოდა. ნელ-ნელა ყველა წავიდა და მარტო დავრჩი. ეს Facebook-ის შექმნისას ჩემი ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა. ახლა, წლების შემდეგ, ვხვდები, რომ ყველაფერი ასე მუშაობს, როდესაც უმაღლესი მიზნის გრძნობა არ არსებობს. ყველაზე დიდი წარმატება წარუმატებლობის დაძლევის შემდეგ მოდის. ჩვენი თაობის გამოწვევაა შევქმნათ სამყარო, სადაც მიზნის განცდა ყველას ექნება». — განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.
Facebook-ის დამფუძნებლის დაცემის კიდევ ერთი, ნაკლებად ცნობილი, ისტორია ფაილების გაზიარების სერვისს, Wirehog-ს ეხება. ეს იყო მეგობრებს შორის ფაილების გაზიარების პროგრამა, რომელიც Facebook-თან იყო დაკავშირებული და ადამიანებს საშუალებას აძლევდა, გადაეცათ ფაილები პირდაპირ კომპიუტერებს შორის. ცუკერბერგმა სერვისი თავის პლატფორმაზე დაარსებიდან მალევე დაამატა, რამაც აურზაური და მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია.
მაშინ ამ თემაზე უამრავი სტატია დაიწერა სათაურით: «Wirehog, ცუკერბერგის პროექტი, რომელმაც Facebook თითქმის მოკლა».
ცუკერბერგზე შემთხვევამ ძალიან იმოქმედა. ფიქრობდა, რომ საკმარისად კარგი არ იყო და ბიზნესის მთლიანად პარტნიორებისთვის გადაბარებასაც აპირებდა, თუმცა გარემო პირობებმა და მისმა მტკიცე ხასიათმა მარკი ჩვეულ შემართებასა და ფორმაში დააბრუნა.
მის კომპანიას, Meta-ს 2022 წლის თებერვალში, საფონდო ბირჟაზე, არსებობის ისტორიაში, ყველაზე ცუდი თვე ჰქონდა — კომპანიამ 240 მილიარდი საბაზრო ღირებულება დაკარგა და Facebook-ის მომხმარებლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამ დანაკარგით ცუკერბერგის პირადი ქონება $31 მილიარდით შემცირდა, რითაც იგი მილიარდერთა სიაში მე-10 ადგილზე გადავიდა.
რთული პერიოდი ჯერ ახალი დაწყებულია და არ ვიცით, როგორ შეძლებს ცუკერბერგი კიდევ ერთი «წაბორძიკების» შემდეგ სრულფასოვან დაბრუნებას. შეგვიძლია, 2023 წელს ამ პროცესს დავაკვირდეთ.
საბოლოოდ, გამძლეობა, ფოკუსირება, მტკიცე ხასიათი და მიზნისკენ დაუზარელი სწრაფვა ქმნის იმ ყველაფერს, რასაც დღეს ჩვენ ასე მარტივად ვიყენებთ. ბიზნესსა და ცხოვრებაშიც თიტქმის შეუძლებელი და წარმოუდგენელია დაცემის გარეშე დანიშნულების ადგილამდე წარმატებით მიხვიდე.
როგორ აყალიბებს თქვენი ღირებულებები თქვენს კარიერულ გზას
ავტორი: ზორიანა ჩობოდა. ბლოგი თავდაპირელად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
ოდესმე გიგრძვნიათ თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ სამუშაო ვალდებულებების გამო საყვარელი ადამიანებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს ტოვებთ? ან, როცა საკუთარ თავს დაჰპირდით, რომ საღამოს ივარჯიშებდით, მაგრამ ლეპტოპთან გვიანობამდე გაჩერდით? გრძნობთ თუ არა კავშირს თქვენს პირად ფასეულობებსა და იმას შორის, თუ როგორ იმართება კომპანია, სადაც მუშაობთ? გიჭირთ კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება?