ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
17 ივლისი 2023, 12:14
2023-07-17
Twitter-მა ილონ მასკის მმართველობის პერიოდში სარეკლამო შემოსავლის ნახევარი დაკარგა
Twitter-მა სარეკლამო შემოსავლის თითქმის ნახევარი დაკარგა მას შემდეგ, რაც ის ილონ მასკმა გასული წლის ოქტომბერში 44 მილიარდ აშშ დოლარად იყიდა. მასკმა თქვა, რომ კომპანიას გაყიდვები, რომელიც ივნისში იყო მოსალოდნელი, არ შესრულდა, მაგრამ დასძინა, რომ პერსპექტივა არსებობს.
ილონ მასკმა 2022 წელს ხარჯების შემცირების მიზნით,Twitter-ის 7500 თანამშრომელი (დაახლოებით ნახევარი) გაათავისუფლა.
ამასთან ერთად, კონკურენტ აპლიკაცია Threads-ს უკვე 150 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.
ამავდროულად, Twitter-ს ვალებიც აქვს. ილონ მასკის განცხადებით, ფულადი სახსრების ნაკადი ნეგატიურია.
«საჭიროა პოზიტიურ ფულად ნაკადებს მივაღწიოთ იქამდე, სანამ სხვა რამის ფუფუნება გვექნება». — დატვიტა მასკმა.
ათასობით თანამშრომლის გათავისუფლებისა და ღრუბლოვანი სერვისის გადასახადების შემცირების შემდეგ, მასკმა თქვა, რომ Twitter-ს 2023 წელს 3 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი ექნება — 2021 წელს ეს თანხა 5,1 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
მოვლენათა ეს განვითარება მიანიშნებს, რომ ხარჯების შემცირების ზომები არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ რეკლამის განმთავსებლები, რომლებიც შინაარსის მოდერაციის წესების ცვლილების შემდეგ გაიქცნენ, პლატფორმაზე დაბრუნებულყვნენ.
Snap-ისა და Meta-ს პარტნიორობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მეგან დჰარმა, რომელიც Twitter-ის ახალ კონკურენტ Threads-ს მართავს, თქვა, რომ კომპანიას მასკის მართველობამდეც უჭირდა.
«ილონი და Twitter ახლა აშკარად რთულ მდგომარეობაში არიან». — განუცხადა მან BBC-ის «ილონის მიმართ სამართლიანები რომ ვიყოთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ Twitter-ის შემოსავლების შემცირება ილონ მასკის მართველობის პერიოდამდე დაიწყო».
JM Finn-ის საინვესტიციო დირექტორმა, ლუსი კოუტსმა თქვა: «თქვენ მასკის წინააღმდეგ ფსონის დადება არ შეგიძლიათ. ის განსაკუთრებულია და ვფიქრობ, რომ ყველაფერს შეცვლის, მაგრამ ამისთვის დრო სჭირდება».
«სამწუხაროდ, მას 13 მილიარდი აშშ დოლარის ვალი აქვს, რომელიც ივლისის ბოლომდე უნდა გადაიხადოს, ასე რომ, ჩვენ შეიძლება Tesla-ს აქციებზე მეტი ზეწოლა ვიხილოთ — შეიძლება მასკს ამ კომპანიაში თავისი აქციების გაყიდვა მოუწიოს».
მასკი ელექტრომობილების მწარმოებელლის, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი და აქციონერიც არის. კომპანია ამ კვირაში თავის უახლეს კვარტალურ ფინანსურ შედეგებს გამოაქვეყნებს.
წარსულში NBCUniversal-ის სარეკლამო ხელმძღვანელი, ლინდა იაკარინო ივნისში Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა — ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს, რომ სარეკლამო გაყიდვები კომპანიისთვის კვლავ პრიორიტეტულია.