ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგრძლად საკითხავი
9 იანვარი 2024, 11:00
2024-01-09
Steam-მა რუსული Atomic Heart დააჯილდოვა — უკრაინელები თამაშის ბოიკოტისკენ მოგვიწოდებენ
2024 წლის 2 იანვარს Steam-ის მომხმარებლებმა რუსული თამაში Atomic Heart-ს კატეგორიაში «უნიკალური ვიზუალური სტილი» გამარჯვებულად დაასახელეს. ამ და ყველა სხვა კატეგორიაში გამარჯვებულები სწორედ გეიმერებმა აირჩიეს.
«ვიზუალური სტილის ამოცანა არაა რეალობის ზუსტი რეპროდუქცია (თუმცა, ეს კეთილშობილური მიზანია)… ამის ნაცვლად, მან თამაშს უნდა შესძინოს უნიკალური იერსახე და შეგრძნებები, რომლითაც შეგიძლიათ სრულად და მთლიანად ჩაეფლო მასში», — ნათქვამია კატეგორიის აღწერაში.
dev.ua შეგვახსენებს, როგორ გაჟღენთილია Atomic Heart რუსული პროპაგანდით.
2022 წლის 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების «დამოუკიდებლობა აღიარა». რამდენიმე დღეში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ზუსტად ერთი წლის თავზე, 2023 წლის თებერვალში რუსულმა სტუდია Mundfish-მა გამოუშვა თამაში Atomic Heart. მასში მოთამაშე, როგორც KGB-ს აგენტი, ჯერ კიდევ არდანგრეული სსრკ-ის ტერიტორიაზე დარბის და რობოტებზე ნადირობს.
Atomic Heart (AH) — ეს პოსტაპოკალიფსური თამაშია. მისი სიუჟეტი ვითარდება სსრკ-ში, რომელიც რატომღაც არ დაშლილა. თამაშის დროს მთავარი გმირი — მაიორი ნეჩაევი — რობოტი მეამბოხეების მიერ დაკავებულ ობიექტს იკვლევს. თამაში მოიცავს ბრძოლებს პირველ პირში, სადაც მთავარ გმირს სხვადასხვა იარაღის პოვნა და შექმნა შეუძლია.
რუსული პროპაგანდა უკვე სიუჟეტის ეტაპზე იწყება.
საბჭოთა კავშირი. განდიდება საბჭოთა მეცნიერებისა, რომლებმაც, თამაშის სიუჟეტის მიხედვით, 1930-იანებში პოლიმერი აღმოაჩინეს — პლასტიკური ელექტრონული შესანახი მოწყობილობა, რომლისგანაც 1939 წელს ალტერნატიულ საბჭოთა კავშირში პირველი ნამუშევარი გააკეთეს. «რა ჰოლოდომორი უკრაინაში ან სტალინური რეპრესიები? აქ რობოტებს ვაწარმოებთ», — თითქოს მიგვანიშნებენ თამაშის შემქმნელები.
მთავარი გმირი საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტია. AH-ის საიტზე მას «განსაკუთრებულ დავალებათა ოფიცერს» უწოდებენ. ეს იგივეა, რაც ომისთვის «სპეციალური სამხედრო ოპერაციის» დარქმევა. ამასთან, თამაშში ისმის ნიკოლაი ბასკოვის საუნდტრეკი — რუსი მომღერლისა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ომს, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გააჩაღა.
ასე გამოიყურება Atomic Heart-ის ტრეილერი:
ტრეილერში მონაწილეობა მიიღო ამერიკელმა მსახიობმა ჯენსენ ეკლსმა, რომელიც სერიალ «ზებუნებრივში» (2005-2020) დინ ვინჩესტერის როლით არის ცნობილი.
Atomic Heart-ის დეველოპერებს ძალიან უნდათ უკრაინასთან მეგობრობა და ჩვენი ქვეყნის ერთ საინფორმაციო სივრცეში მოხვედრა. სწორედ ამიტომ, საიტზე უკრაინულენოვანი განლაგებაა. თუმცა, იქ უკრაინული თარგმანი რატომღაც რუსულენოვან ჩანართების გვერდითაა:
გარდა ამისა, AH-ის რელიზს უკრაინული ენა დაუმატეს:
თამაშის პრემიერა 2023 წლის 21 თებერვალს გაიმართა. ერთი წლით ადრე ამ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების «დამოუკიდებლობა აღიარა». რამდენიმე დღეში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. Mundfish-ის კარგი საჩუქარი თავისი პრეზიდენტისთვის.
Mundfish — Atomic Heart-ის რუსი მწარმოებელი, რომელიც კვიპროსიდან მუშაობს
Mundfish — Atomic Heart-ის დეველოპერი კომპანიაა, რომლისთვის ეს სადებიუტო თამაშია. ოფიციალურად ის კვიპროსშია დარეგისტრირებული და თითქოს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთთან. მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.
ეს კომპანია 2017 წლიდან არსებობს, როდესაც თანამოაზრეების გუნდმა კვიპროსში სტუდია დააარსა, რათა ოცნების თამაში შეექმნა — ასე ჟღერს მისი შექმნის ოფიციალური-პათოსური ვერსია.
დამფუძნებლებს შორის 4 სახელია — არტიომ გალეევი, რობერტ ბაგრატუნი (მაქსიმ ზაცეპინი), ევგენია სედოვა და ოლეგ გოროდიშენინი.
არტიომ გალეევი — კომპანიის არტდირექტორი. სწორედ მან მოიფიქრა AH-ის მთელი სიუჟეტი. ეს ჯერ კიდევ 2012 წელს მოხდა. მაშინ არტიომი თამაშზე ფარულად მუშაობდა «რუსული საზოგადოების ზეწოლის» გამო, რომელიც თამაშებს სერიოზულად არ აღიქვამდა. დღეს არტიომი Mundfish-ის პარალელურად უმსხვილეს რუსულ CG-კომპანიასთან მუშაობს, რომელიც კომპიუტერულ გრაფიკას აკეთებს. მისი ოფისი მოსკოვში მდებარეობს.
რობერტ ბაგრატუნი, იგივე მაქსიმ ზაცეპინი — კომპანიის პრეზიდენტი. გალეევს ის 20 წელზე მეტია იცნობს. მას «კარგ რეკლამის გამკეთებელს» უწოდებენ, რომელმაც Atomic Heart-ის გარშემო ჰაიპი შექმნა. გარდა ამისა, ის Mail.ru-ს ყოფილი ტოპ-მენეჯერია, სადაც თამაშის განყოფილების მარკეტინგის გუნდში მუშაობდა.
ევგენია სედოვა — Mundfish-ში ფინანსებს ხელმძღვანელობს. 2000-იანების დასაწყისში მოდელი იყო და საკუთარი სამოდელო სააგენტო ჰქონდა. ბიზნესის დატოვების შემდეგ კომპანია Newmedia Stars-ში მუშაობდა, რომელიც კონსტანტინ რიკოვს ეკუთვნის — რიგი რუსული ეროტიკული საიტების შემქნელი და მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდის რუსეთის დუმის დეპუტატი. კომპანიაში ევგენია კომპიუტერული გრაფიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. Newmedia Stars-ში გაიცნო ზაცეპინი, რომელიც მისი კოლეგა იყო.
ოლეგ გოროდიშენინი - თამაშების შექმნის სფეროში გამოცდილების მქონე პროდიუსერ. საერთო ჯამში, მასზე მწირი ინფორმაციაა. ოლეგს აქვს პროფილიDjinni-ზე, სადაც ნათქვამია, რომ მუშაობს «მოსკოვში მდებარე კომპანია Mundfish-ში, რომელიც თამაშების შექმნითაა დაკავებული». ის, როგორც კომპანიის სხვა ტოპ სამეული, რუსეთიდანაა.
Mundfish-ის ერთ-ერთი ხერხი, «დაახლოვოს» რუსეთი და უკრაინა — თამაშზე ერთობლივი მუშაობაა. იანვრის ინტერვიუში მაქსიმ ზაცეპინმა თქვა, რომ Atomic Heart-ზე მუშაობს 130 სპეციალისტი პოლონეთიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან, ყაზახეთიდან, საქართველოდან, ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან.
dev.ua-მ მათ წერილობით ჰკითხა: «როგორია რუსულ კომპანიაზე მუშაობა, როდესაც რუსეთი უკრაინულ ქალაქებს ბომბავს და უკრაინელებს კლავს?». სტატიის დაწერის მომენტისთვის გამოცემას პასუხი არ მიუღია.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კომპანია რამენაირად მხარს უჭერს უკრაინას. მაგრამ ეს ასე არაა. უკრაინაში სრულმასშტაბიან ომთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთმა დაიწყო, Mundfish-ს აქვს ცალსახა პოზიცია: «მშვიდობა მთელ მსოფლიოში».
Mundfish არა მხოლოდ არ ახსენებს უკრაინას, არამედ რუსეთს აგრესორსაც არ უწოდებს.
Mundfish-ის დონორებს შორის რუსული კომპანია «გაზპრომია»
სტუდიის ინვესტორებს შორის არიან ჩინური Tencent და რუსული GEM Capital და Gaijin Entertainment. GEM Capital — ესაა რუსული ფონდი, დაფუძნებული ანატოლი პალის მიერ, რომელიც «გაზპრომის» შვილობილ კომპანია «გაზენერგოსეტში» მუშაობდა. ინვესტიციები სტუდიამ მათგან 2021 წელს მიიღო.
რუს ანატოლი პალის დასავლური განათლება აქვს და აუდიტორული კომპანია PwC-ის პარიზის ოფისში მუშაობდა. საბოლოოდ ის რუსეთში დაბრუნდა. და მაშინვე «გაზენერგოსეტის» ტოპ-მენეჯერის პოზიციაზე მოეწყო, სადაც 8 წელი იმუშავა.
მოგვიანებით, პალიმ ნავთობმომპოვებელი კომპანია 1Oil დააარსა, PwC-ს ყოფილ კოლეგასთან დიმიტრი ზუბატიუკთან და კორპორაცია Rusal-ის დირექტორთა საბჭოს წევრთან, მარკ გარბერთან პარტნიორობით. Rusal ცნობილ რუს ოლიგარქს, ოლეგ დერიპასკა ეკუთვნის.
2016 წელს, როდესაც უკრაინაში ომის გამო რუსი ოლიგარქები თანდათანობით სანქციების სიაში ხვდებიან, პალი ქმნის საინვესტიციო კომპანია GEM Capital-ს, სადაც ბევრ აქტივს უყრის თავს, მათ შორის 1Oil-ს. 2019 წელს GEM Capital მიყიდის 1Oil-ს რუს ოლიგარქსა და მენეჯერს 90-იანი წლებიდან იაკობ გოლდოვსკის.
გოლდოვსკიმ გაყიდა ქიმიურ ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კომპანიას GEM Capital ასევე VTB-ის მეშვეობით. ასევე, მოხდა აქტივების გაცვლა, რომელიც VTB-ის მიერ ყო დაფინანსებული. ეს თვითონ პალმა დაადასტურა. ამის შემდეგ GEM Capital-მა ვიდეოთამაშებში ინვესტირება დაიწყო, ინოვაციურ სფეროებზე ფოკუსის გადატანით.
ამ ყველაფრის შესახებ ჩვენთვის ცნობილია უკრაინული გეიმ საზოგადოებისგან, რომელმაც ანატოლი პალის ისტორია დასავლურ აუდიტორიას გაუზიარა.
როგორი რეაქცია აქვს უკრაინულ გეიმ-საზოგადოებას
უკრაინული გეიმ დეველოპერების გამოხმაურება Atomic Heart-ის რელიზზე საკმაოდ ხმამაღალი იყო. 2023 წლის იანვრიდან დაწყებული უკრაინული გეიმ დეველოპერების ქომიუნიტი გაერთიანდა და აქტიურ კამპანიას აწარმოებს, რათა განუმარტოს დასავლურ აუდიტორიას, რა სჭირს Atomic Heart-ს და მის დეველოპერებს. პირველ რიგში ეს ეხება Twitter-სა და Reddit-ს.
სანამ რუსი მიმომხილველები ისე იქცევიან, თითქოს «ვერ ხვდებიან» რატომ აქენსელებენ Atomic Heart-ს, უკრაინულმა ქომიუნიტიმ გაარკვია, რომ Mundfish-ის ოფიციალური საიტი აგროვებს და ინახავს მომხმარებლების ინფორმაციას, და ასევე, მისი მესამე პირებისთვის გადაცემის უფლება აქვს. ამის შესახებ საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია ნათქვამი. კერძოდ: სრული სახელი, მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი, მდებარეობა და IP მისამართიც კი.
აქ სლავა პრიშჩეპამ, რომელიც «უკრაინის თამაშის ჯარების» საზოგადოებას წარმოადგენს, დეტალური ინსტრუქცია შექმნა, როგორ შეიძლება ხელი შეუშალო რუსული თამაშის გავრცელებას. მთავარი ამოცანა დასავლური აუდიტორიისთვის ახსნაა, რომ ფული, რომელსაც რუსული თამაში გამოიმუშავებს, უკრაინელების დახოცვაზე დახარჯება.
ამერიკული საიტი Polygon, რომელიც ვიდეოთამაშებს მიმოიხილავს, წერს, რომ «Mundfish სტუდია-დეველოპერის რუსული ფესვები არის „ოთახში სპილო“, რომლის იგნორირება არ შეიძლება». პასუხად რუსულმა კომპანიამ თქვა, რომ ისინი «პოლიტიკის მიღმა არიან».
პროფილური ვებრესურსი GamesRadar, რომელიც 1999 წლიდან არსებობს, წერს, რომ მთავარი კითხვაა — აიღეს თუ არა დეველოპერებმა თამაშისთვის ფული რუსეთის მთავრობისგან.
პროფილური გამოცემა The Gamer თავისი რეცენზიის ცენტრში პოლიტიკურ კონტექსტს აყენებს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დეველოპერები საჯაროდ არ გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და Twitter-ზე ბლოკავენ მათ, ვინც პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებენ.
სხვათა შორის, ჯენსენ ეკლსის უკრაინულ Wikipedia-ზე ნათქვამია, რომ ის «პრორუსი» მსახიობია, რაც სრულად შეესაბამება რეალობას.
რისი იმედი შეიძლება იქონიო Atomic Heart-ის დაქენსელებით?
რუსეთში, ბელარუსსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში თამაშს გასცემს VK Play, რომლის მფლობელებს შორის «გაზპრომია». ეს კი ნიშნავს, რომ რელიზიდან თანხები რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში წავა, რომელიც უკრაინელების დახოცვაზე იხარჯება. საერთო ჯამში Atomic Heart-ს გამოაქვეყნებენ პერსონალურ კომპიუტერზე, PS4-ზე, PS5-ზე, Xbox One-ზე, Xbox Series X-სა და S-ზე. ასევე ხელმისაწვდომი იქნება Steam-სა და Xbox Gamepass-ზე.
მსგავსი სიტუაცია იყო თამაშ Hogwarts Legacy-სთან დაკავშირებით, ამბობს ნიკიტა. ტრანსგენდერ ადამიანებზე ჯოან როულინგისშეხედულებების გამო მას ბოიკოტი გამოუცხადეს. თამაშის ერთ-ერთმა დეველოპერმა ხმამაღლაც კი განაცხადა, რომ მას არ იყიდის. მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა თამაშს, ასობით ათასი მოთამაშე მოეზიდა.
Atomic Heart-ის დაქენსელების შემდგომი წარმატებისთვის უკრაინული გეიმ-საზოგადოებაში ისმის მოწოდებები იმის შესახებ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ საჯაროდ მიმართოს კომპანიებს: Valve-ს, Sony-ისა და Microsoft-ს მოთხოვნით, რათა მათ კონტენტ-პლატფორმებზე უკრაინული რეგიონისთვის Atomic Heart-ის ციფრული ვერსიების გაყიდვა სრულად აიკრძალოს.
ეს მოთხოვნა ლოგიკური ჩანს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სამინისტროს არა მხოლოდ აქვს გეიმ დეველოპერების სამყაროსთან კომუნიკაციის მსგავსი გამოცდილება, არამედ ტექნოლოგიურ სამყაროსთან მოლაპარაკებების ცალკე მიმართულებას ავითარებს.
გეიმდევ-კომიუნიტიში სამინისტროს სთავაზობენ, რომ მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენოს Mundfish-ის, Gaijin Entertainment-ის, GEM Capital-ისა და მათი პარტნიორების საქმიანობის ინსპექტირების დასაწყებად. ყველა მათგანს შეუძლია მედიით ან/და ფინანსურად მხარი დაუჭიროს რუსეთის აგრესიას მათ მიერ წარმოებული ციფრული პროდუქტების მეშვეობით და ასევე საფრთხე შეუქმნას უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოებას.
«ყველაზე მარტივია — თამაშის გაყიდვის აკრძალვა უკრაინის ტერიტორიაზე. ეს რეგულარული პრაქტიკაა, როდესაც ცალკეული სახელმწიფოების კანონების გამო თამაში ამა თუ იმ რეგიონებში არ იყიდება. მაგრამ აქაცაა თავისი ნიუანსები», — ამბობს გეიმვედ-ჟურნალისტი ნიკიტა კაზიმიროვი.
ის განმარტავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას თამაშის გაყიდვებიდან მოხსნა დამოუკიდებლად არ შეუძლია. პლატფორმები, როგორიცაა Steam, PS Store და Microsoft Store, რეგულირდება შესაბამისად Valve-ს, Sony-ისა და Microsoft-ის მიერ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამინისტროს მეტი ბერკეტი ექნება კომპანიებთან დასაკავშირებლად, ბოლო სიტყვა მაინც მათზეა.
Atomic Heart-ის შემთხვევა — გამორჩეული და მნიშვნელოვანია, ამბობს გეიმვედ-ჟურნალისტი ნიკიტა კაზიმიროვი. ამიტომ, კვლავაც საჭიროა სიმართლის გავრცელება იმ საეჭვო მომენტებისა და რუსული რეჟიმის ფულის შესახებ, რომელიც თამაშის უკან დგას. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინაში თამაშები არასდროს იქნება პოლიტიკის მიღმა.
წითელქუდა — ზღაპარზე დაფუძნებული ქართული თამაში სიძულვილის და ბულინგის დასაძლევად
«წითელქუდა» — ასე ქვია თამაშს, რომელიც მირანდა ნამიჭეიშვილმა ვაჟა კავლელიშვილთან ერთად სიძულვილისა და ბულინგის დასაძლებვად შექმნა. თამაშის შექმნის იდეა Forset-ის ჰაკათონის ფარგლებში გაჩნდა მათთვის, ვისაც ვისაც ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მეტის გაგება სურს.
მირანდა ნამიჭეიშვილმა dev.ge-სთან თამაშის არსზე, მნიშვნელობასა და საინტერესო ასპექტებზე დეტალურად ისაუბრა.