ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
22 მარტი 2024, 12:25
2024-03-22
LinkedIn პლატფორმაზე თამაშების დამატებას გეგმავს
LinkedIn-მა სახელი გაითქვა, როგორც პლატფორმამ, რომელიც საზოგადოებას კავშირების შექმნასა და დასაქმებაში ეხმარება — მას უკვე 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ახლა, პლატფორმაზე ხალხის მიერ გატარებული დროის გასაზრდელად, კომპანია ახალ ფუნქციას, გეიმინგს ამატებს.
TechCrunch-მა დაადასტურა, რომ LinkedIn ახალი თამაშების შექმნაზე მუშაობს. ის მარტივი ფაზლ თამაშის, Wordle-ის მსგავსი იქნება, რომელმაც ვირუსული წარმატება და მილიონობით მოთამაშე მოიპოვა.
აპლიკაციის მკვლევრებმა იპოვეს კოდი, რომელიც იმ სამუშაოს შიფრავს, რომელსაც LinkedIn სწევს. ერთ-ერთმა მათგანმა, ნიმა ოვჯიმ, თქვა, რომ ერთ-ერთი იდეა, რომელსაც LinkedIn ექსპერიმენტის სახით ახორციელებს, გულისხმობს მოთამაშეთა ქულების ორგანიზებას სამუშაო ადგილების მიხედვით, ხოლო კომპანიები «რეიტინგს» ამ ქულების მიხედვით მიიღებენ.
LinkedIn-ის სპიკერმა დაადასტურა, რომ პლატფორმა თამაშებზე მუშაობს, მაგრამ თქვა, რომ გაშვების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.
«ჩვენ LinkedIn-ის გამოცდილებაში თავსატეხებზე დაფუძნებული თამაშების დამატებას ვცდილობთ, რათა ცოტათი განვიტვირთოთ, ურთიერთობები გავაღრმავოთ და საუბრის ახალი შესაძლებლობა გავაჩინოთ». — თქვა სპიკერმა TechCrunch-ისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.
მან დასძინა, რომ X-ზე მკვლევრის მიერ გაზიარებული სურათები უახლესი ვერსიები არ არის.
LinkedIn-ის მფლობელი Microsoft სათამაშო ინდუსტრიის გიგანტია. მისმა თამაშების ბიზნესმა — რომელიც მოიცავს Xbox-ს, Activision Blizzard-სა და ZeniMax-ს — გასულ კვარტალში 7.1 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მოიტანა, რითაც Windows-ის შემოსავალს პირველად გადააჭარბა.
LinkedIn-ის სპიკერმა არ ისაუბრა იმაზე, რამდენად არის ჩართული Microsoft LinkedIn-ის სათამაშო პროექტში.
წლების განმავლობაში, LinkedIn-მა უამრავი ახალი ფუნქცია სცადა, რათა პლატფორმის გამოცდილება გაეუმჯობესებინა — სტრატეგიით, რომელიც, შესაძლოა, საუკეთესოდ არის აღწერილი: «როგორ შეგვიძლია ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტები, რომლებსაც ადამიანები ახლა იყენებენ ავიღოთ და ისინი LinkedIn-ის აუდიტორიისთვის შესაბამისი გავხადოთ?».
15 დისტანციური ფრილანს პროფესია ციფრული მომთაბარეებისთვის
ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა მოგზაურობა და სამყაროს შემეცნება საკუთარი პირობებით? წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობა იქნება ისეთ მოქნილ სფეროში მუშაობა, რომელიც სიამოვნებას ყოველ წუთს განიჭებთ — აღმოაჩენთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამზარეულოებს, იგრძნობთ კავშირს ბუნებასთან და გაეცნობით ახალ კულტურას.
ციფრული და სოციალური მედია მარკეტინგის ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და მაღალანაზღაურებად სფეროდ ითვლება. აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს კვლევამ აჩვენა, რომ მარკეტინგული პროფესიები ყოველწლიურად 6%-ით იზრდება, რაც სამუშაო ადგილების ზრდისთვის საშუალოზე სწრაფია.