როგორ ვიყიდოთ, გავყიდოთ და "გავაქეშოთ" კრიპტოვალუტა საქართველოში
კრიპტოვალუტა, ბიტკოინი, ბლოკჩეინი, კრიპტო ბირჟა, კრიპტო საფულე — ტერმინები, რომლებიც დღევანდელ ფინანსურ და ტექნოლოგიურ სფეროებს აერთიანებს თანამედროვეობის ერთ-ერთ წამყვან ტენდენციას წარმოადგენს.
ბევრისთვის ეს თაღლითობაა, ბევრისთვის — გამდიდრების გზა. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, ფაქტია, ციფრული ვალუტა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.
ჩვენ გიხსნით, რა არის კრიპტოვალუტა, როგორ მუშაობს და როგორაა წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.
კრიპტოვალუტა, რომელსაც ზოგჯერ უბრალოდ კრიპტოს უწოდებენ, არის ვალუტის ნებისმიერი ფორმა, რომელიც არსებობს ციფრულად ან ვირტუალურად და იყენებს კრიპტოგრაფიას ტრანზაქციების დასაცავად.
კრიპტოგრაფია არის ინფორმაციისა და კომუნიკაციების დაცვის მეთოდი კოდების გამოყენებით. ამ გზით ინფორმაციის წაკითხვა და დამუშავება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისთვისაც ინფორმაციაა განკუთვნილი.
სახელი კრიპტოვალუტა სწორედ კრიპტოგრაფიიდან მომდინარეობს — ის იყენებს დაშიფვრას ტრანზაქციების გადამოწმებისთვის. ეს ნიშნავს, რომ მონაცემების შენახვასა და გადაცემაში გაფართოებული კოდირებაა ჩართული. დაშიფვრის მიზანი უსაფრთხოების და დაცულობის უზრუნველყოფაა.
კრიპტოვალუტებს არ აქვთ ცენტრალური გამცემი ან მარეგულირებელი. ისინი იყენებენ დეცენტრალიზებულ სისტემას ტრანზაქციების ჩასაწერად და ახალი ერთეულების გამოსაშვებად.
კრიპტოვალუტა ციფრული გადახდის სისტემაა, რომელიც არ არის დამოკიდებული ბანკებზე ტრანზაქციების დასადასტურებლად. ეს P2P (peer-to-peer) სისტემაა, რომელსაც გადახდების გაგზავნა ან მიღება ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. იმის ნაცვლად, რომ ფულის გადატანა და გაცვლა რეალურ სამყაროში მოხდეს, კრიპტოვალუტის შემთხვევაში ამას მხოლოდ ციფრული ჩანაწერების სახით ონლაინ მონაცემთა ბაზაში ვხვდებით.
როდესაც თქვენ გადარიცხავთ კრიპტოვალუტის თანხებს, ტრანზაქციები საჯარო დავთარში აღიწერება.
კრიპტოვალუტა ციფრულ საფულეებში ინახება.
კრიპტო საფულე VS კრიპტო ბირჟა
კრიპტოვალუტის სეგმენტში შევხვდებით როგორც კრიპტო ბირჟას, ასევე კრიპტო საფულეს. მათ შორის რამდენიმე ძირეული განსხვავებაა.
პირველი და მთავარი განმასხვავებელი ისაა, რომ კრიპტო საფულე კონკრეტულ ინდივიდს ეკუთვნის. მასზე წვდომა მხოლოდ მის მფლობელს აქვს და მასზე არსებული აქტივებით ვაჭრობა დეცენტრალიზებულ აპლიკაციასთან დაკავშირებითაა შესაძლებელი.
კრიპტო ბირჟა კი ცენტრალიზებული ორგანოა, როგორც — ბანკი. კრიპტობირჟაზე თანხის შეტანისას, კრიპტოვალუტა არა უშუალოდ ინდივიდის საფულეზე, არამედ ცენტრალიზებული ორგანოს საფულეზე თავსდება. ცხადია, კრიპტოვალუტა ინდივიდის საკუთრებაშია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ კრიპტობაზარი ჩამოიშლება, მისი აქტივებიც გაქრება.
«Not your keys not your coins» (არ არის შენი გასაღები — არ არის შენი მონეტა) — ამ გამოთქმას კრიპტო ბირჟასთან მიმართებაში ხშირად შევხვდებით. კრიპტო ბირჟას თანხის ბანკში დაბანდების პრინციპი აქვს. როდესაც თანხას ბანკში ვინახავთ, გვგონია, რომ ის ჩვენ გვეკუთვნის, თუმცა, მასზე მთავარი წვდომა ბანკს აქვს და შეუძლია, დაგვიბლოკოს ან მოგვცეს. მსგავსად — კრიპტო აქტივები ინდივიდს ეკუთვნის, თუმცა მასზე მთავარი წვდომა კრიპტო ბირჟას აქვს.
როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, უპირატესი კრიპტო საფულის გამოყენებაა, რადგან მას ჩამოშლის საფრთხე არ ემუქრება და უშუალოდ ჩვენს საკუთრებაშია.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ კრიპტო ბირჟაზე კრიპტოვალუტის შენახვა შეფარებით იაფია.
როგორ ხდება კრიპტოვალუტის თანხად ქცევა — გაქეშება
კრიპტოვალუტა ციფრული აქტივია, რომელსაც რეალურ სამყაროში რეალური თანხის სახე ეძლევა. კრიპტოვალუტის რეალურ ვალუტაში გადაცვლის პროცესს გაქეშებას ეძახიან.
კრიპტოვალუტის გაქეშება სამი გზით ხდება:
თუ თანხა კრიპტო ბირჟაზეა განთავსებული, მფლობელს შეუძლია, თანხა ბირჟიდან პირდაპირ ბარათზე დასვას. ამ დროს გასათვალისწინებელია, მაღალი პროცენტის საკომისიო გადასახადები, რომლებიც კრიპტოვალუტის გაქეშებას ძვირადღირებულს ხდის.
გაქეშება შეიძლება მოხდეს P2P გზითაც — ამ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს როგორც ინდივიდი, ასევე კომპანია. იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდს კრიპტოვალუტა საკუთარ კრიპტო საფულეზე აქვს, შეუძლია თანხა გადაიტანოს კონკრეტული კომპანიის საიტზე (საქართველოში — Cryptal, bitnet, Citypay), რომელსაც აქვს საკუთარი საფულე და ფუნქცია, რომ გადაცვალონ სასურველ ვალუტაზე. შემდეგ თანხა თქვენს ბარათზე გადაგაქვთ.
გაქეშების კიდევ ერთი P2P გზა თანხის ინდივიდთან გადარიცხვაა. ამ შემთხვევაში კრიპტოვალუტის მფლობელი ინდივიდს თანხას მითითებულ საფულეზე ან კრიპტო ბირჟის მფლობელობაში მყოფ საფულეზე ურიცხავს, ხოლო შემდეგ ინდივიდი აწვდის თანხას.
ინდივიდთან თანხის გადარიცხვა შედარებით სარისკო პრაქტიკაა, თუმცა გაცილებით იაფი, ვიდრე თანხის ბირჟიდან გამოტანა. რაც შეეხება კომპანიებთან ურთიერთობას — სარისკო არ არის, თუმცა ინდივიდთან შედარებით, ძვირადღირებულია.
კრიპტოვალუტის ქართული ბაზარი
კრიპტოვალუტის ქართული ბაზარი საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე კომფორტული პირობებით გამოირჩევა. ქართულ ბაზარზე ხარისხი მაღალია, ხოლო ფასები — დაბალი.
მაგალითად, თუ უცხოურ ბაზარზე კრიპტოვალუტის ფასი 7%-ია, საქართველოში საფასური 0.6-0.5%-ზე მერყეობს. ამასთან, კრიპტოვალუტის სექტორი 24/7 საათიან რეჟიმში მუშაობს. ნაკლებია შანსი, რომ კრიპტოვალუტის თაღლითურ სქემაში მოყვე.
ქართულ ბაზარზე არსებობენ კომპანიები, რომლებიც კრიპტოვალუტის მფლობელებს თანხის გაქეშებაში ეხმარებიან. ამასთან, ვხვდებით კრიპტო ბირჟებსაც.
Cryptal არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს როგორც კრიპტო ბირჟას, ისე — საფულეს, ასევე, აქვს ანაბრების მომსახურება ტრადიციულ ბანკებთან შედარებით ბევრად მაღალი სარგებლით.
კრიპტალით შესაძლებელია კრიპტოვალუტის ფართო ასორტიმენტის გადაცვლა.
მომხმარებელს სჭირდება პლატფორმაზე დარეგისტრირება და ვერიფიკაციის გავლა.
«გვჯერა, რომ დაცულობა აღნიშნული სფეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია, სწორედ ამიტომ ვიცავთ უსაფრთხოების პროტოკოლებს. მომხმარებლების აქტივების დაცულობა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია». — ვკითხულობთ კრიპტალის ვებგვერდზე.
კომპანიის პროდუქტებს შორის არის ბანკომატები და ჩარიცხვის აპარატები, რაც კრიპტოს ქონის საშუალებას იმათაც აძლევს, ვისაც საბანკო პროდუქტები არ აქვს.
Citypay არის ციფრული გადახდების მიღების საშუალება ბიზნესებისთვის, რომელიც მათ სთავაზობს გადახდების მიღებას კრიპტოვალუტით. Citypay-ს გუნდის მიზანია ციფრული ვალუტით ტრანზაქციების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის გაზრდა და გადახდის მიღების ინოვაციური პლატფორმის დანერგვა ადგილობრივ ბაზარზე.
კრიპტო გადახდების განხორციელება მოითხოვს შუამავალი ელექტრონული საფულის გადმოწერას და დანერგვას. Citypay-ის თქმით, პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ, პირდაპირაა შესაძლებელი გადარიცხვების მიღება შუამავალი პლატფორმების გარეშე ეროვნულ ვალუტაშიც კი.
CityPay ქმნის გადასახადების მიღების მარტივ შესაძლებლობას და სთავაზობს ბიზნესებს მომხმარებლების გადახდის მიღების არხის შექმნას, სადაც გადახდა მომხმარებლის საფულიდან ტრანზაქციით ან უნიკალური QR კოდის სკანირებითაა შესაძლებელი.
Citypay-ს მიღებული აქვს Enterprise Forum, StartupIstambul, Startup Yard Seed Accelerator, Global Startup, GITA, TBC, BTU და Startup World Cup-ის ჯილდოები.
CityPay-ის დამფუძნებლები ბექა ქემერტელიძე და ერალპ ჰატიპოღლუ არიან.
Bitnet ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა იმ იდეით, რომ ნებისმიერ ადგილას ყოფილიყო შესაძლებელი ადვილად და უსაფრთხოდ Bitcoin-ების მიღება და გაგზავნა. მათი თქმით, ისინი მომხმარებელს სთავაზობენ სანდო და ადვილად გამოსაყენებელ პლატფორმას ფართო კრიპტოეკონომიკაზე წვდომისთვის.
«ჩვენ ვაშენებთ კრიპტოეკონომიკას — უფრო სამართლიან, ხელმისაწვდომ, ეფექტურ და გამჭვირვალე ფინანსურ სისტემას». — ნათქვამია Bitnet-ის საიტზე.
ანგარიშის რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს Bitnet-ის სხვადასხვა სერვისები, მათ შორის, რეალური ვალუტის ციფრულ ვალუტაში გადაცვლა, კრიპტოს რეალურ თანხაში კონვერტაცია და დეპოზიტის აღება.
Bitnet-ის დამაარსებლები თინათინ კვინტრაძე, გიორგი დაუშვილი, რევაზ ლაშქარავა და გიორგი თუშურაშვილი არიან.
კომპანიის პარტნიორები არიან: Kraken, Binance, FIA (Fintech Association Of Georgia), GITA, Fireblocks და საქართველოს ბანკი.
«ჩვენი ვალია, დავაჩქაროთ კრიპტოვალუტის საყოველთაო გავრცელება. მსოფლიო უკეთესი იქნება მეტი ფინანსური თავისუფლებითა და ჩართულობით». — ნათქვამია Coinmania-ს ვებ გვერდზე.
Coinmania 2017 წლის 8 თებერვლიდან მოქმედებს და საშუალებას გაძლევთ იყიდოთ ან გაყიდოთ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები. ის TBC ბანკის პროგრამა «სტარტაპერის» დახმარებით შეიქმნა.
საიტზე რეგისტრაციისთვის საჭიროა თქვენი ელექტრონული ფოსტის გამოყენება, სადაც მიიღებთ აქტივაციის ბმულს.
Whitebit უმსხვილესი ევროპული კრიპტო-ნაღდი ფულის ბირჟაა უკრაინიდან. მათი თქმით, შექმნეს უსაფრთხო, მკაფიო და ადვილად გამოსაყენებელი პლატფორმა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გავრცელებისა და კრიპტოვალუტის საზოგადოების გაფართოებისთვის.
Whitebit-ის მთავარ მიზანს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მასობრივი მიღება წარმოადგენს.
Whitebit-ის ბირჟა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტრადიციული ვაჭრობით. ის მომხმარებლებს სთავაზობს:
Mycoins წარმოადგენს eMoney-ს შვილობილ კომპანიას. ის არის კრიპტოსივრცე და ვებ გვერდი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მართონ კრიპტოსავალუტო ოპერაციები — იყიდონ, გაყიდონ, მიიღონ ან გაგზავნონ სასურველი კრიპტოვალუტა.
Mycoins.ge შექმნილია სპეციალურად კრიპტოვალუტის მომხმარებლებისთვის და არ არის გადატვირთული არარელევანტური სერვისებითა და ფუნქციებით, რაც ამარტივებს მის გამოყენებას, მოსახერხებელს ხდის სასურველი ოპერაციების განხორციელებას და საშუალებას გაძლევთ უფრო მარტივად აკონტროლოთ თქვენი ტრანზაქციები. MyCoins.ge სხვა პოპულარულ კრიპტოსერვისებთან ერთად საქართველოში პირველად გთავაზობთ შეჩერების დავალების დარეგისტრირების შესაძლებლობას, რაც დაგეხმარებათ დააზღვიოთ კრიპტოსავალუტო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები და დაზოგოთ დრო.
MyCoins.ge-ს გამოყენება შესაძლებელია როგორც ახალი, ასევე eMoney.ge-ზე უკვე დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის არსებული მომხმარებლის სახელის და პაროლის გამოყენებით, საიდანაც უცვლელად გადმოვა ყველა კრიპტოვალუტის მისამართი, ყოველგვარი დამატებითი ხარჯებისა და პირობების ცვლილებების გარეშე.
Mycoins-ის მთავარი კომერციული ოფიცერი 2022 წლიდან ლუკა ლომსაძეა.
აღსანიშნავია, რომ ქართულ კრიპტო ბაზარზე გამოჩენას აპირებს Binance, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემისა და კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წამყვანი პროვაიდერია მსოფლიოში. 2022 წელს TBC ბანკმა Binance-სთან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა.
ამასთან, Binance ქართული პლატფორმა CityPay-ს პარტნიორია.
Binance-სა დაCityPay.io-ს პარტნიორობის შედეგად ყოველდღიური პროდუქტების შეძენა კრიპტოვალუტით, BinancePay-ის დახმარებითაა შესაძლებელი.
Binance-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს თქმით, კომპანია საქართველოში ოფისის გახსნას «აუცილებლად გეგმავს». კომპანიას უკვე ჰყავს თანამშრომლები ქართულ ბაზარზე.
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები”
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა.