ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ნათია ხუხუნაიშვილი — ქალი, რომელიც IT გუნდებს მსოფლიოს სამ კონტინენტზე მართავს

ნათია ხუხუნაიშვილი უკვე 20 წელია, IT სფეროშია. ახლა საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს, ხელმძღვანელობს გუნდებს, მსოფლიოს სამ კონტინენტზე და მათთან ერთად 15 სხადასხვა ქვეყანაში IT სერვისების უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. ნათიას დიდი წვლილი მიუძღვის მაღალი დონის სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში, მათ შორის პორტალ My.gov.ge-ის შექმნაში. 2021 წელს ის «გრეის ჰოპერის ჯილდოს» ფინალისტიც იყო კატეგორიაში, რომელიც ICT სფეროში ქალების როლის გაძლიერებას ეხება.

ნათია ხუხუნაიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მფლობელია კომპიუტერულ მეცნიერებებში. თუმცა, სწავლას კვლავ აგრძელებს და ახლა ლუქსემბურგის ბიზნეს უნივერსიტეტში MBA თეზისზეც მუშაობს.

dev.ge ნათიას მისი გამოცდილების შესახებ ელაპარაკა და რჩევებიც ჰკითხა.

კომენტარის დატოვება
ნათია ხუხუნაიშვილი — ქალი, რომელიც IT გუნდებს მსოფლიოს სამ კონტინენტზე მართავს

ნათია ხუხუნაიშვილი უკვე 20 წელია, IT სფეროშია. ახლა საერთაშორისო კომპანიაში მუშაობს, ხელმძღვანელობს გუნდებს, მსოფლიოს სამ კონტინენტზე და მათთან ერთად 15 სხადასხვა ქვეყანაში IT სერვისების უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. ნათიას დიდი წვლილი მიუძღვის მაღალი დონის სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში, მათ შორის პორტალ My.gov.ge-ის შექმნაში. 2021 წელს ის «გრეის ჰოპერის ჯილდოს» ფინალისტიც იყო კატეგორიაში, რომელიც ICT სფეროში ქალების როლის გაძლიერებას ეხება.

ნათია ხუხუნაიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მფლობელია კომპიუტერულ მეცნიერებებში. თუმცა, სწავლას კვლავ აგრძელებს და ახლა ლუქსემბურგის ბიზნეს უნივერსიტეტში MBA თეზისზეც მუშაობს.

dev.ge ნათიას მისი გამოცდილების შესახებ ელაპარაკა და რჩევებიც ჰკითხა.

როდის და როგორ დაინტერესდით IT ტექნოლოგიებით და როგორ დგამდით პირველ ნაბიჯებს ამ სფეროში?

თითქმის 20 წელია, IT სფეროში ვარ. ტექნოლოგიებით ბავშვობიდან დავინტერესდი. მაშინ ჯერაც არ მქონდა სახლში კომპიუტერი. მაგრამ, პირველად, როდესაც გაზეთში გადავაწყდი სტატიას ბილ გეიტსის და მის კომპანიის შესახებ, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას შემდეგ ყოველთვის ვიცოდი, რომ მომავალში ჩემი პროფესია ტექნოლოგიებთან იქნებოდა დაკავშირებული.

სკოლის პერიოდშივე დავიწყე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ინფორმატიკის წრეზე სიარული. კომპიუტერი კვლავ არ მქონდა სახლში, ამიტომ ვცდილობდი, მაქსიმალურად დიდი დრო გამეტარებინა ადგილზე და რაც შეიძლება მეტი ცოდნა დამეგროვებინა.

მათემატიკის, ინფორმატიკის და პროგრამირების სიყვარულმა განაპირობა ჩემი მომავალი პროფესია.

სტუდენტობაც კომპიუტერული მეცნიერებების დავუკავშირე — როგორც ბაკალავრიატი, ისე — მაგისტრატურა. სწავლის პარალელურად მუშაობაც დავიწყე, ვინაიდან მეტი დამოუკიდებლობა, შემოსავალი და სამუშაო გამოცდილებიდან მეტის სწავლა მინდოდა.

რა იყო თქვენი პირველი სამსახური?

ჩემი პირველი სამსახური იყო სეისმური მონიტორინგის ცენტრი. მათ რუკების დიგიტალიზაციაში ვეხმარებოდი. თვითონაც ვცდილობდი, იმაზე მეტი მემუშავა, ვიდრე მევალებოდა და ბევრი მესწავლა.

ჩემი სწრაფი განვითარება განაპირობა იმას იმანაც, რომ თვითონ სტუდენტობის პერიოდშივე DAAD-ის გრანტით მოვხვდი გერმანიაში, საზაფხულო სკოლაში, სადაც გვყავდა ამერიკელი ლექტორი და იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული არაერთი სტუდენტი. იქ მივხვდი, რომ ჩემი ცოდნით არავის ჩამოვრჩებოდი. დავინახე, რომ ჩემი საუნივერსიტეტო ცოდნით და უკვე მიღებული სამუშაო გამოცდილებით იმაზე მეტი შემეძლო, ვიდრე სხვა სტუდენტებს. ამან მომცა მოტივაცია, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო მეტი მესწავლა.

2010 წელს გავიგე, რომ EBRD აცხადებდა კონკურსს IT პროექტების მენეჯმენტის კურსზე ტაივანში. ამ მოგზაურობამ საერთოდ შეცვალა ჩემი წარმოდგენა ტექნოლოგიების შესახებ. იქ ძალიან განვითარებული იყო ყველაფერი. მომიწია ვიზიტი ძალიან საინტერესო როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებში. ფაქტობრივად, თვალები ამეხილა და სხვა სამყარო დავინახე.

მას შემდეგ კომერციულ ბანკებში დავიწყე მუშაობა. ჯერ პროკრედიტ ბანკში, შემდეგ — თიბისიში, ვიყავი IT ტექნიკური დახმარების და პროგრამული დახმარების სფეროში, პროგრამული მხარდაჭერის ჯგუფის უფროსი. შემდგომი კარიერული ნაბიჯი იყო კავკასუს ონლაინი, სადაც ვიყავი პროგრამული განვითარების უფროსი.

ძალიან დიდი გარდატეხა ჩემს კარიერაში მოხდა 2013 წელს, როცა მუშაობა დავიწყე Microsoft-ის ოფისში საქართველოში, ვიყავი ტექნიკური მენეჯერი. მებარა 3 ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და ამ ქვეყნების როგორც სამთავრობო, ისე კომერციული ორგანიზაციები.

სწორედ მაიკროსოფტის ფარგლებში, როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანის მთავრობებთან და კომერციულ ორგანიზაციებთან მომიწია სხვადასხვა სტრატეგიული პროექტების განხორციელება.

საქართველოში ვიყავი მაიკროსოფტის პირველი თანამშრომელი ქალი, სრულ სამუშაო განაკვეთზე,  იმ პერიოდისთვის.

თქვენ მონაწილეობდით my.gov.ge-ის — ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის შექმნაში. მოგვიყევით ამის შესახებ.

Microsoft-ში მუშაობის პერიოდში ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით საქართველოს მთავრობასთან, კონკრეტულად, სერვისების განვითარების სააგენტოსთან. პლათფორმა, რომელიც მთლიანად მონაცემების მიმოცვლას უზრუნველყოფს, მაიკროსოფტის ინჟინრების მიერ იყო აწყობილი. მე,  ჩემი მხრივ, ვახდენდი კოორდინაციას, რომ საჭირო დროს საჭირო რესურსების მობილიზება მოგვეხდინა და მთლიანად პროგრამულ გადაწყვეტას ემუშავა შეფერხებების გარეშე. ვფიქრობ, მიზანს მივაღწიეთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად მინიმუმამდე იყო დაყვანილი შეცდომების და შეფერხებების ალბათობა და საკმაოდ წარმატებული პროექტი იყო იმ დროისათვის, რომელიც დღემდე მუშაობს. 

რაც შეეხება თქვენს ამჟამინდელ სამუშაოს — რას საქმიანობთ ახლა?

ვმუშაობ საერთაშორისო კომპანია FINCA Impact Finance-ში და ვხელმძღვანელობ გუნდს, რომელიც მსოფლიოს სამ კონტინენტზეა განაწილებული და 15 სხვადასხვა ქვეყნის IT სერვისების უწყვეტ მიწოდებაზე ვართ პასუხისმგებელი. უზრუნველვყოფთ ბიზნეს-კრიტიკული  აპლიკაციების მხარდაჭერას. ვმუშაობთ აფრიკის, ლაინთო-ამერიკის, აზიის ქვეყნებში, იქ არიან ჩემი გუნდები. ფაქტობრივად ყველა დროით სარტყელში მიწევს მუშაობა დღე-ღამის განმავლობაში.

რამდენიმე თვის წინ, ჩემს მეუღლესთან ერთად დავაფუძნე IT კომპანია, რომელიც ქმნის მობილურ და ვებ აპლიკაციებს, უახლესი ტექნოლოგიებით, სხვადასხვა კომპანიისთვის.

თქვენ ხართ ქალი ტექნოლოგიების სფეროში და ალბათ, გამხდარხართ გენდერული სტერეოტიპების მსხვერპლი — გაგვიზიარეთ ეს გამოცდილება და მასთან გამკლავების თქვენეული გზაც.

სტერეოტიპულ დამოკიდებულებას მუდმივად ვგრძნობდი, განსაკუთრებით, როცა ტექ დახმარების გუნდში ვიყავი კარიერის ადრეულ ეტაპზე. მუდმივად, თუ პირდაპირ არა, ირიბად მესმოდა: აი ეს გოგოა და შეძლებს, რომ მაგალითად, შეაკეთოს პრინტერი? ან დააყენოს ვინდოუსი? და ა.შ მერეც, როცა სხვა ეტაპებზე გადავედი და საფეხურებზე ავედი, ყოველთვის ვგრძნობდი, შეხვედრების დროს, კლიენტებთან, სხვადასხვა სიტუაციაში, რომ თავიდან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები, რომ აი გოგოა, ქალია და შეძლებს?

თუმცა, ეს ყველაფერი მოტივაციას მაძლევდა, მეტი მემუშავა, თავი მეტად წარმომეჩინა და ჩემი პროფესიული ცოდნით, გამოცდილებით და, რაც მთავარია, გამძლეობით დამემტკიცებინა, რომ იმაზე გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე ნებისმიერ კაცს იმავე სიტუაციაში.

ადრე გაცილებით უკვირდათ, განსაკუთრებით საქართველოში, ქალი IT სფეროში. მიხარია რომ დღეისთვის სიტუაცია მკვეთრად არის გაუმჯობესებული ამ მხრივ.

ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, რომ ქალებს ზოგ ვითარებაში მეტად და ბუნებრივად აქვთ ანალიტიკური აზროვნების თუ სირთულეებთან გამკლავების და გამძლეობის უნარი.

დღეს თავად ორგანიზაციები უწყობენ ხელს ქალების მეტ ჩართულობას ტექნოლოგიებში. არის უამრავი სხვადასხვა პროგრამა და მეც ყოველთვის ვცდილობ, მოტივაცია მივცე სხვა გოგოებს და ქალბატონებს, რათა ამ სფეროს უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ და თავიანთი კარიერა ტექნოლოგიებს დაუკავშირონ.

რა რჩევები გაქვთ იმ გოგოებისთვის, ქალებისთვის როგორც ტექნოლოგიების სფეროში, ისე მის მიღმა?

დღეს იმდენად არის გაზრდილი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, მისწვდეს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის რესურსებს და მეტი ისწავლოს. ჩემი რჩევაა, ასე მოიქცნენ და დრო არ დაკარგონ, არ მოცდნენ იმ ცდუნებებით, რომლებიც მრავლად გვხვდება ინტერნეტში, მაგალითად, სოციალური ქსელები.

თუ კონკრეტულ მიზანს დაისახავენ, მათი თითოეული ყოველდღიურად გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ მიზნისკენ ნელ-ნელა სვლა. მინიმუმამდე დაიყვანონ არასაჭირო მიმართულებებით დროის კარგვა. მაქსიმალურად იმუშაონ საკუთარ თავზე. არასდროს დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ზედაპირული ინფორმაციით, ჩაუღრმავდნენ, დასვან კითხვა — რატომ? 

ვიყოთ პასუხისმგებელი ჩვენი დროის განაწილებაზე. სწორედ ამას ვაკეთებ მე. სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა, მაგალითად, ოჯახის და კარიერის შეთავსება. 3 შვილი მყავს.

დედობას თან არაერთი სირთულე ახლავს. როგორ გაუმკლავდით მათ თან ისე, რომ თქვენი კარიერული წინსვლა არ შეფერხებულა?

პირველი ქორწინებიდან მყავს თხუთმეტი წლის გოგო. რამდენიმე წლის განმავლობაში მარტოხელა დედა ვიყავი და ვფიქრობ რომ, რომ არა ჩემი პროფესია და ჩემი ეკონომიკური თავისუფლება, ჩემს თავს და ბავშვს ვერ შევუქმნიდი იმ ღირსეულ გარემოს, რომელიც იმ დროს ძალიან მჭირდებოდა.

ახლაც ჩემს შვილებზე მე მაქვს ყველანაირი პასუხისმგებლობა აღებული, ჩემს მეუღლესთან გადანაწილებული.

მქონდა პოსტ მშობიარობის დეპრესიაც. ყველანაირი ეტაპი გავიარე. თუმცა, ამ პერიოდში, მით უმეტეს, როცა საკუთარ თავთან და მოზღვავებულ ემოციებთან მარტო ვრჩებოდი, ვფიქრობდი, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, დავბრუნებოდი ჩემს საქმიანობას. რა თქმა უნდა, ოჯახი და ბავშვები მნიშვნელოვანია. თუმცა, ის პატარ-პატარა წარმატებები, რაც ამ პროფესიულ საქმიანობას მოჰყვა, ჩემზე, ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, ეს კი ბავშვებსა და ოჯახზე ახდენს დადებით გავლენას.

ახლა უფრო მეტი ხელშემწყობი ფაქტორია იმ კუთხით, რომ რაღაც ისწავლო, განვითარდე და შენ თავი წარმოაჩინო. თუმცა, თუ ადამიანი დამოუკიდებლად მუშაობას არ არის მიჩვეული, ალბათ ყოველთვის უჭირს ნებისმიერ მიმართულებით განვითარება. კიდევ ერთხელ ვიტყვი — როგორი კარგი გარემოც არ უნდა იყოს, როგორ კარგ უნივერსიტეტშიც არ უნდა ისწავლო, როგორი კარგი ტრენინგიც არ უნდა გაიარო — თუ საკუთარ თავზე არ იმუშავე, არ წაიკითხე იმაზე მეტი, ვიდრე გევალებოდა, წარმატების მიღწევა ალბათ ძალიან გაგიჭირდებათ.

თქვენც ახლაც სწავლობთ….

დისტანციურად ვამთავრებ MBA-ს ლუქსემბურგის ბიზნეს უნივერსიტეტში, ვმუშაობ თემაზე «ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მენეჯმენტსა და საერთაშორისო გუნდების მართვაში».

ასევე, მინდა როლური მოდელების წარმოჩენას შევუწყო ხელი. ჩემი დიდი სურვილი და ჩანაფიქრია უფრო მეტი ქალი გამოჩნდეს, ვინც ტექნოლოგიების მიმართულებით წარმატებას მიაღწია, ვფიქრობ პლატფორმის შექმნასა და პოდკასტის ტიპის ჩანაწერების გაკეთებაზე. მედიაში ნებისმიერი მიმართულებით ძალიან ბევრი არასაჭირო ინფორმაცია ვრცელდება და ხშირად საჭირო რაღაცები იკარგება.

მინდა ხაზგასმა, რომ სწავლა, განათლება, შრომა და ტექნოლოგიები ძალიან მოდურია და რომ გოგოებს შეუძლიათ, ამ მიმართულებით მეტი მოტივაციით და მეტი რესურსებით, დაკავდნენ.

ტექნოლოგიების სფეროში წარმატების მიღწევა მარტივი არ არის. ძალიან ბევრი სწავლა და შრომაა საჭირო, თუმცა ახლო მომავალში ტექნოლოგიების სფერო იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, საინტერესო და დაფასებული, ვიდრე ახლა. ტექნოლოგიების სფერო საინტერესო და ფართოა — ეს არ არის მხოლოდ ერთი მიმართულება. 

სწავლის დაწყებიდან რამდენიმე თვეში შესაძლოა შედეგი ვერ დაინახო. საჭიროა გამძლეობა და უნარი, რაღაც მუდმივად, სისტემატურად აკეთო, შენს თავზე იმუშაო, არ დაკარგო ენთუზიაზმი და იცოდე, რომ შედეგამდე აუცილებლად მიხვალ.

AI პროექტების მართვაში — ინტერვიუ ნინო გორგაძესთან რომელიც ამ თემაზე დისერტაციას წერს
AI პროექტების მართვაში — ინტერვიუ ნინო გორგაძესთან, რომელიც ამ თემაზე დისერტაციას წერს
თემის მიხედვით
AI პროექტების მართვაში — ინტერვიუ ნინო გორგაძესთან, რომელიც ამ თემაზე დისერტაციას წერს
ანა ნაკაშიძე — AzerTelecom-ის CEO და ქალი Women to Watch-ის საუკეთესო 20-ეულიდან
ანა ნაკაშიძე — AzerTelecom-ის CEO და ქალი Women to Watch-ის საუკეთესო 20-ეულიდან
თემის მიხედვით
ანა ნაკაშიძე — AzerTelecom-ის CEO და ქალი Women to Watch-ის საუკეთესო 20-ეულიდან
გაიცანით  თამთა ასათიანი — თამაშების 21 წლის დეველოპერი
გაიცანით თამთა ასათიანი — თამაშების 21 წლის დეველოპერი
თემის მიხედვით
გაიცანით თამთა ასათიანი — თამაშების 21 წლის დეველოპერი


ასევე წაიკითხეთ
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
«ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება? რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება?» — იკითხა dev.ge-ის მკითხველმა ერთ-ერთი ახალი ამბის კომენტარში. ამბავი საერთაშორისო პროექტ Technovation Girls საქართველოს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 13-18 წლის ასაკის რამდენი ასეული გოგო მომზადდა პროგრამირებასა და მეწარმეობაში. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ მას ამ სტატიით ვუპასუხებთ. 
ტექში ქალების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია WWC მოულოდნელად დაიხურა
ტექში ქალების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია WWC მოულოდნელად დაიხურა
ტექში ქალების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია WWC მოულოდნელად დაიხურა
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება. 
ანი ჩაგელიშვილი: მთავარია, გესმოდეს საკუთარ თავის 
ანი ჩაგელიშვილი: მთავარია, გესმოდეს საკუთარ თავის 
ანი ჩაგელიშვილი: მთავარია, გესმოდეს საკუთარ თავის 
ანი ჩაგელიშვილი პროდუქტის მენეჯერი და ქოუჩია. უკვე 10 წელია, აზიაში ცხოვრობს და მუშაობს. საზღვარგარეთ 16 წლის ასაკში წავიდა — სკოლა და უნივერსიტეტი ლონდონში დაამთავრა, მუშაობა კი ტაილანდში დაიწყო. ახლა სინგაპურშია და მეგობართან ერთად თავისი კომპანიის დაფუძნებაზე მუშაობს. თუმცა, მანამდე იყო პროდუქტის მენეჯერი რამდენიმე უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიაში.  ანი თავის გამოცდილებას dev.ge-ის მკითხველს უზიარებს. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.