ანა ნაკაშიძე — AzerTelecom-ის CEO და ქალი Women to Watch-ის საუკეთესო 20-ეულიდან
ჯერ კიდევ, ქალები ბიზნეს სამყაროში უმცირესობას წარმოადგენენ, ეს კი განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სივრცეს ეხება. ილუსტრაციისთვის, 2023 წლის მონაცემებით, ქალებს ტექნოლოგიური სამუშაოს 26,7% უჭირავთ. აღსანიშნავია, რომ გენდერული ბალანსის მხრივ, ვითარება ყოველწლიურად უმჯობესდება, რასაც დიდწილად წარმატებული ისტორიები და მაგალითები უწყობს ხელს.
სწორედ ასეთი მაგალითი და წარმატების ისტორია აქვს AzerTelecom-ის გენერალურ დირექტორს, ანა ნაკაშიძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ პრესტიჟულმა გამოცემა Capacity Magazine-მა იმ 20 საუკეთესო ქალს შორის შეიყვანა, ვინც მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს ტელესაკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
გამოცემა Capacity-მ რიგით უკვე მეექვსე ყოველწლიური სია «Women to Watch» გამოაქვეყნა, თუმცა, როგორც ანა ნაკაშიძე ამბობს, ოცეულში ჩვენი რეგიონის წარმომადგენელს იშვიათად შეხვდებით. dev.ge-სთან მან ამ მიღწევის მნიშვნელობასა და განცდილ ემოციებზე დეტალურად ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ Capacity-მ მიმდინარე წელს «Women to Watch“-ის სიისთვის რეკორდული რაოდენობის განაცხადი მიიღო, რაც ანა ნაკაშიძის მიღწევას კიდევ უფრო მომხიბვლელსა და სრულყოფილს ხდის.
ცხადია, სანამ ტელეკომუნიკაციების ან სხვა ნებისმიერი სფეროს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდები და საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებ, უნდა გაიარო გზა, რომელიც უამრავი დაბრკოლებისა და სირთულის გადალახვას მოითხოვს. უნდა დააგროვო საჭირო და მნიშვნელოვანი გამოცდილება და შენი მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იარო.
ანა ნაკაშიძეს ეს კარიერის დაწყებისთანავე გააზრებული და გათავისებული ჰქონდა, რაზეც მისი საინტერესოდ განვლილი გზაც მეტყველებს, რომელიც ჯერ დასრულებისგან შორსაა. ანა ნაკაშიძე ტელეკომის ინდუსტრიაში უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს. როგორც თავად ამბობს, განათლებით სატელეკომუნიკაციო ინჟინერია და ეს სფერო მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იყო.
აზერბაიჯანში წასვლამდე ანა ნაკაშიძე საქართველოში რამდენიმე წამყვან კომპანიაში მუშაობდა. მათ შორის, სილქნეტსა და ჯეოსელში მთავარი ტექნოლოგიური დირექტორი და მთავარი ტექნოლოგიური დირექტორის მოადგილე იყო. ასევე ტელენეტის საოპერაციო დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა, სადაც, როგორც თავად ამბობს, საჭირო გამოცდილება მიიღო.
Capacity Magazine AzerTelecom-ში ანა ნაკაშიძის როლსა და მნიშვნელობას საინტერესოდ აფასებს. იგი AzerTelecom-ს 2018 წელს, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდა, 2022 წელს კი ის კომპანიის გენერალურ დირექტორად აირჩიეს. ანა ნაკაშიძე კომპანიას წარმატებით ხელმძღვანელობდა კორონავირუსის პანდემიის გავლენიდან გამოსვლის პერიოდსა და გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე. ამას ისიც მოწმობს, რომ ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მეშვეობით, AzerTelecom მოგების მარჟის ზრდისა და კომპანიის პროდუქტის პორტფოლიოს გაფართოების კუთხით გამორჩეულ შედეგებს აჩვენებს.
ყოველთვის მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანის რჩევა მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ, რომელიც ჩვენს სასურველ სფეროში იმ საფეხურზე იმყოფება, რომლამდე მიღწევაც ყველას არ შეუძლია. ანა ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ ტელესაკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში რჩევის მიცემა უკვე შაბლონური და სტანდარტულია. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებითაც წარმატების ალბათობის გაზრდას შევძლებთ.
ამასთან, მისი აზრით, ბრძოლისუნარიანობისა და შრომისმოყვარეობის გარდა, უდიდესი გავლენა მაგალითს აქვს. შესაბამისად, მისი მთავარი პრინციპის ამ შეხედულებას ემყარება და გარკვეულწილად მოტივაციას აძლევს, სხვებისთვის საუკეთესო მაგალითი გახდეს.
ანა ნაკაშიძე ასევე განმარტავს, რომ IT სფეროს პატრიარქალურ გარემოში ხშირად ცდილობენ, უცხო მოთამაშეებს კონკურენტუნარიანად გახდომის საშუალება არ მისცენ.
როგორც თავად გვეუბნება, პრობლემის აღმოსაფხვრელად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება. ერთ-ერთი — სქესნეიტრალური CV-ების შერჩევაა, რომელიც შესაძლოა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების საწინდარი აღმოჩნდეს. კერძოდ, მენეჯერს მენეჯერს საშუალება არ აქვს, აპლიკანტის სქესი ნახოს. სახელი დაფარულია, რაც ბევრად უფრო ობიექტური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა.
„კაცის ტვინი სხვანაირია” — ქალები ტექნოლოგიების სფეროში გენდერული სტერეოტიპების პირისპირ
«ასეთი კითხვა მხოლოდ მე მიჩნდება? რატომ ხდება გოგოების და ბიჭების დიფერენცირება და გოგოების წახალისება?» — იკითხა dev.ge-ის მკითხველმა ერთ-ერთი ახალი ამბის კომენტარში. ამბავი საერთაშორისო პროექტ Technovation Girls საქართველოს ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც 13-18 წლის ასაკის რამდენი ასეული გოგო მომზადდა პროგრამირებასა და მეწარმეობაში. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არსებობს და ჩვენ მას ამ სტატიით ვუპასუხებთ.