ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიამსოფლიო
26 დეკემბერი 2022, 11:38
2022-12-26
Meta-ს და Cambridge Analytica-ს საქმე იხურება, Meta $725 მილიონს გადაიხდის
Meta დათანხმდა, გადაიხადოს $725 მილიონი, რათა დასრულდეს სამართლებრივი დავა, რომელიც ანალიტიკურ კომპანია კენბრიჯ ანალიტიკას და Facebook-ის მომხმარებლების პირადი მონაცემების გაცემას უკავშირდება.
იურისტები ამბობენ, რომ ეს თანხა აშშ-ში, კონფიდენციალურობის პოლიტიკის დავების კლასში ყველაზე დიდია.
Meta, რომელიც მის მიმართ არსებულ ბრალდებებს არ აღიარებს, აცხადებს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში კონფიდენციალურობის პოლიტიკა განაახლა.
განცხადებაში, რომელიც კომპანიამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ საქმის დახურვა როგორც მომხმარებლების, ისე აქციონერების საუკეთესო ინტერესში შედის.
«ჩვენ მოუთმენლად ველით, გავაგრძელოთ სერვისების შექმნა, რომლებიც ხალხს უყვარს და ენდობა, კონფიდენციალურობა კი წინა პლანზე იქნება წამოწეული».
ჟურნალისტი ჯეიმს ბოლი, რომელიც ტექნოლოგიებს აშუქებს, BBC-სთან ამბობს, რომ მისთვის Meta-ს ამ თანხის გადახდაზე თანხმობა გასაკვირი არ არის, თუმცა, ტექნოლოგიური გიგანტისთვის ეს ფული ცოტაა.
«ეს მხოლოდ გასულ წელს მეტავერსის შექმნაზე დახარჯული ძალისხმევის მეათედზე ნაკლებია. Meta ალბათ მაინც უკმაყოფილოა ამ შეთანხმებით, თუმცა, ეს არის გაფრთხილება სოციალური მედიის კომპანიებისთვის, რომ შეცდომები შესაძლოა ძვირი დაჯდეს». — თქვა მან.
საჩივარი, რომლის განხილვის დასრულებაც მეტას $725 მილიონად უჯდება, ფეისბუქის მომხმარებელთა დიდი ჯგუფის სახელით შევიდა, იმ ადამიანების, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი პერსონალური მონაცემები სოციალურ ქსელში მათი თანხმობის გარეშე გავრცელდა. ეს ჯგუფი 280 მილიონი ადამიანისგან შედგება და ფარავს Facebook-ის ყველა ამერიკელ მომხმარებელს.
უცნობია, როგორ გაინაწილებენ ისინი ამ თანხას.
ამასთან, $725 მილიონი არ ფარავს დიდი ბრიტანეთის დაზარალებულ მოქალაქეებს და ის მხოლოდ ამერიკელებს ეხება.
კემბრიჯ ანალიტიკა ბრიტანული კერძო კომპანია იყო, რომელიც მონაცემთა მოპოვებისა და გადამუშავების გზით საარჩევნო პროცესებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციების შექმნაში მონაწილეობდა. 2016 წელს ის დონალდ ტრამპთან თანამშრომლობდა, ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს.
2018 წელს New York Times-ის, Channel 4-სა და The Guardian-ის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ Facebook-ის 87 მილიონი მომხმარებლის ანგარიში დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულმა კომპანია Cambridge Analytica-მ საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა.
კერძოდ:
2014 წელს ფეისბუქზე გამოჩნდა ქვიზი, სახელად this is your digital life, რომელიც ადამიანებს მათი პერსონალური ტიპის დადგენას სთავაზობდა. აპლიკაცია ალექსანდრ კოგანის მიერ იყო შექმნილი.
თუმცა, რეალურად, აპლიკაცია შექმნილი იყო როგორც მომხმარებლების, ასევე მათი მეგობრების და ახლობლების ფსიქოლოგიური მონაცემებს, ასევე მათი მისამართისა და სხვა პერსონალური მონაცემების შეგროვებისთვის.
ქვიზით 270 000-მა ადამიანმა ისარგებლა, თუმცა, ვინაიდან მომხმარებლები თანხმდებოდნენ, აპლიკაციას წაეღო ინფორმაცია მათი მეგობრების შესახებაც, ალექსანდრ კოგანმა შეაგროვა 87 მილიონი მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია მათი თანხმობის გარეშე.
შეგროვებული მონაცემები კემბრიჯ ანალიტიკამ დაამუშავა და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს ტარგეტირებული რეკლამებისთვის გამოიყენა.
სკანდალის შემდეგ კემბრიჯ ანალიტიკა დაიხურა.
Facebook-ის შემქმნელი, მარკ ცუკერბერგი კი აშშ-ის კონგრესში დაიბარეს.
2019 წელს Facebook დათანხმდა, გადაეხადა 5 მილიარდი აშშ დოლარი მას შემდეგ, რაც გამოძიება აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ დაიწყო.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა ასევე გადაიხადა $100 მილიონი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის პრეტენზიების საპასუხოდ, რომ კომპანიამ ინვესტორები მომხმარებლების მონაცემების ბოროტად გამოყენების შესახებ შეცდომაში შეიყვანა.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.