Meta ხელოვნურ ინტელექტს სტრატეგიის შემუშავებასა და ტყუილს ასწავლის
Meta-მ ხელოვნურ ინტელექტს სამაგიდო თამაში ასწავლა, რომელშიც AI-ს სხვა მოთამაშეებთან კომუნიკაცია, სტრატეგიების სისწორეში მათი დარწმუნება, ნდობის მოპოვება და ბოლოს ღალატი ევალება.
Meta-მ ხელოვნურ ინტელექტს სამაგიდო თამაში ასწავლა, რომელშიც AI-ს სხვა მოთამაშეებთან კომუნიკაცია, სტრატეგიების სისწორეში მათი დარწმუნება, ნდობის მოპოვება და ბოლოს ღალატი ევალება.
Facebook-ის, Instagram-სა და WhatsApp-ის მფლობელი კომპანია ამბობს, რომ თავის მიერ შექმნილ CICERO AI-ს უახლოეს მომავალში შეიძლება ე.წ ფართოდ გავრცელებული აპლიკაციები ჰქონდეს. ეს უფრო ჭკვიანი და მოსახერებელი ვირტუალური ასისტენტების შემუშავებას მოიცავს ისეთი ტექნოლოგიების კომბინირებული გამოყენებით, როგორებიცაა ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP) და სტრატეგიულად მსჯელობა.
Meta-მ აღნიშნა, რომ CICERO AI-მ სტრატეგიულ სამაგიდო თამაშში Diplomacy ადამიანის დონეს მიაღწია. ონლაინ ლიგაში მან 40 თამაში ჩაატარა, ჯამში 80 ადამიანის წინააღმდეგ და საუკეთესო 10%-ში მოხვდა.
Diplomacy-ში ევროპის რუკის კონტროლისთვის ერთმანეთს შვიდი მოთამაშე უპირისპირდება. ყოველი რაუნდი მოთამაშეთა მოლაპარაკებით იწყება, სადაც ისინი მხარს უჭერენ ერთმანეთის გეგმებს და მთავრდება იმით, რომ ერთდროულად აკეთებენ სვლებს, ამჯერად უკვე მხარდაჭერის გარეშე, რაც ბევრ წარუმატებელ სვლას იწვევს.
მთავარი გამოწვევა Meta-სთვის ხელოვნური ინტელექტისვის ემპათიის დონის გაფართოება აღმოჩნდა. ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ AI-ს სხვა მოთამაშეებთან ეთანამშრომლა. ეს ინოვაციაა — ხელოვნურ ინტელექტებს აქამდე ეს უნარი არ სჭირდებოდათ, რადგან ისინი თამაშობდნენ მხოლოდ ისეთ თამაშებს, როგორიცაა ჭადრაკი ან ბანქო.
ხელოვნური ინტელექტის აგენტები სტრატეგიულ თამაშებში წლების განმავლობაში უმჯობესდებიან: 1997 წელს IBM-ის Deep Blue-ის პროგრამამ მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი დაამარცხა, ხოლო 2016 წელს DeepMind-ის AlphaGo-მ — საუკეთესო Go-ს მოთამაშე ლი სედოლი.
CICERO ორ ძირითად ტექნოლოგიურ კომპონენტზეა აგებული: სტრატეგიული მსჯელობა და ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP). სტრატეგიული მსჯელობის ძრავა სხვა მოთამაშეების პოტენციურ გადაწყვეტილებებს პროგნოზირებს და ამას თავის სასიკეთოდ იყენებს, ხოლო NLPi-ის ძრავა ხელოვნურ ინტელექტს სხვა მოთამაშეებთან კომუნიკაციასა და მოლაპარაკებაში ეხმარება.
მკვლევრების თქმით, მათ შემუშავეს ტექნიკა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსა და პარტნიორებს შორის სასურველ კომუნიკაციას აკონტროლებს.
Meta-მ CICERO-ს კოდი სხვა მკვლევარებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადა, რათა მის გაუმჯობესებაზე იზრუნონ.
Meta-ს მკვლევარები ფიქრობენ, რომ ციცერონის წარმატება დიპლომატიაში უსწრებს სხვა ვირტუალური ასისტენტების შესაძლებლობებს, რომლებიც დღეს ხელმისაწვდომია.
«მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის ამჟამინდელ ასისტენტებს შეუძლიათ, შეასრულონ მარტივი კითხვა-პასუხის დავალებები, როგორიცაა ამინდის შესახებ ინფორმაცია. მაგრამ ვერ ახერხებენ ახალი უნარის განვითარების მიზნით გრძელვადიანი საუბარი გამართონ». — აცხადებს Meta.
მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Microsoft, Google, Amazon, ერთმანეთის წინააღმდეგ რბოლაში არიან, თუ ვინ განავითარებს უფრო ჭკვიან, დამოუკიდებელ ვირტუალურ ასისტენტებს, რათა ეს სხვადასხვა მიზნით გამოიყენონ. შეიძლება ითქვას, რომ რბოლაში წინ Meta-მ წაიწია.