ილონ მასკს სურს, X(Twitter) მთლიანად ფასიანი გახადოს
ილონ მასკის ინიციატივით, X-ის, ყოფილი Twitter-ის, ყველა მომხმარებელს, შესაძლოა პლატფორმაზე წვდომისთვის თანხის გადახდა მოუწიოს.
ილონ მასკის ინიციატივით, X-ის, ყოფილი Twitter-ის, ყველა მომხმარებელს, შესაძლოა პლატფორმაზე წვდომისთვის თანხის გადახდა მოუწიოს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენჟამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას მილიარდერმა აღნიშნა, რომ გადახდის სისტემის შემოღება ბოტებთან დაპირისპირების ერთადერთი გზაა.
«ჩვენ ვაპირებთ, სისტემის გამოყენებისთვის მცირე ყოველთვიურ გადასახადზე გადავიდეთ. — თქვა მან.
გაურკვეველია, ეს უბრალოდ კომენტარი იყო, თუ აუცილებლად განსახორციელებელი გეგმების სიგნალი, რომელიც ჯერ ოფიციალურად დაანონსებული არ არის.
მასკი დიდი ხანია ამბობს, რომ მისი აზრით, სოციალური მედიის პლატფორმაზე ბოტებისა და ყალბი ანგარიშების მოშორების ერთადერთი გზა მცირე ყოველთვიური გადასახადის დაწესებაა.
გასულ წელს, Twitter-ის დაუფლების შემდეგ, მასკმა მომხმარებლებს გაუმჯობესებული სერვისისთვის, რომელსაც ახლა X Premium ჰქვია, თანხის გადახდა შესთავაზა.
აბონენტები, რომლებიც X Premium-ს შეიძენენ პრივილეგიებით სარგებლობენ, როგორიცაა გრძელი პოსტები და პლატფორმაზე გაზრდილი ხილვადობა.
თუმცა, მომხმარებლებს X-ის უფასოდ გამოყენება ჯერ კიდევ შეუძლიათ.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური ინტერესი აშკარაა, ილონ მასკი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მომხმარებლებისთვის ყოველთვიური გადასახადის დაწესება ბოტების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.
X Premium აშშ-ში ამჟამად თვეში $8 (£6.50) ღირს. ფასი იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რომელ ქვეყანაში იმყოფება აბონენტი.
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თქვა, რომ ახლა მომხმარებლებისთვის უფრო იაფ ვარიანტებს ეძებს.
«ჩვენ ამჯერად უფრო დაბალი ფასების შემოღებას ვაპირებთ. ეს რეალურად ბოტების უზარმაზარი არმიისგან ერთადერთი თავდაცვაა». — თქვა მან.
თუმცა, რისკიც არსებობს — პლატფორმამ შესაძლოა მომხმარებლების დიდი ნაწილი დაკარგოს. ამან, თავის მხრივ, შეიძლება სარეკლამო შემოსავლები შეამციროს, რაც ამჟამად კომპანიის შემოსავლის დიდ ნაწილს შეადგენს.
მასკის საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან X-ზე ანტისემიტიზმსაც შეეხო.
Anti-Defamation League (ADL) კამპანიის ჯგუფი პლატფორმას იმაში ადანაშაულებს, რომ ანტისემიტური შინაარსის შესაჩერებლად ბევრს არაფერს აკეთებს.
ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ბალანსი სიტყვის თავისუფლებასა და შინაარსის ზომიერებას შორის გამოწვევა იყო, მაგრამ მასკს სწორი ბალანსის დამკვიდრებისკენ მოუწოდა.
«იმედი მაქვს, პირველი შესწორების ფარგლებში შეძლებთ, შეაჩეროთ არა მხოლოდ ანტისემიტიზმი, არამედ ნებისმიერი კოლექტიური სიძულვილი ხალხის მიმართ.». — თქვა მან.