ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
8 სექტემბერი 2023, 14:00
2023-09-08
ილონ მასკმა უკრაინის კონტრშეტევის დროს, სავარაუდოდ, სტარლინკის გათიშვის ბრძანება გასცა
ილონ მასკმა უკრაინის კონტრშეეტვის დროს ინჟინრებს სტარლინკის გათიშვა უბრძანა — ამის შესახებ მის ბიოგრაფიულ წიგნში წერია. საქმე ოკუპირებულ ყირიმს ეხება, სადაც, გასულ წელს, უკრაინა რუსულ საზღვაო ფლოტზე შეტევისთვის ემზადებოდა. წიგნი უოლტერ აიზექსონმა დაწერა.
«როდესაც უკრაინული წყალქვეშა თვითმფრინავები ასაფეთქებელი ნივთიერებებით მიუახლოვდნენ რუსულ ფლოტს, მათ «დაკარგეს კავშირი და სანაპიროზე არაფერი მომხდარა». — წერს აიზექსონი.
წიგნის თანახმად, მასკმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან ეშინოდა, რომ უკრაინის თავდასხმის შემდეგ რუსეთი მას ბირთვული იარაღით უპასუხებდა. მასკის შიში რუს მაღალჩინოსნებთან საუბარმა გამოიწვია.
მასკის შფოთვა, რომ ყირიმში «მინი პერლ ჰარბორი» მოხდებოდა, არ გამართლდა. თუმცა, ეს ეპიზოდი აჩვენებს პოზიციას, რომელშიც ის რუსეთ-უკრაინის ომში აღმოჩნდა — სურდა თუ არა, ის ძალაუფლების გამტარია, რომელსაც აშშ-ის მაღალჩინოსნები ვერ უგულებელყოფდნენ.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, უკრაინის საკომუნიკაციო სისტემები შეფერხდა. ილონ მასკმა უკრაინას მილიონობით დოლარის სტარლინკის მიწოდება აღუთქვა. ეს უკრაინული სამხედრო ოპერაციებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდა — მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის ქსელები განადგურდა, Starlink-ის ტერმინალები უკრაინას საშუალებას აძლევდა, ყოფილიყო კავშირზე და ბრძოლა გაეგრძელებინა.
მაგრამ როცა უკრაინამ კონტრშეტევები დაიწყო, ილონ მასკს თავისი გადაწყვეტილების სისწორეში ეჭვი შეეპარა.
«რატომ ვარ ამ ომში? სტარლინკი არ უნდა ყოფილიყო ომში. ის იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებმა Netflix-ს უყურონ და დაისვენონ, ონლაინ სკოლებში იარონ და კარგი, მშვიდობიანი საქმეები აკეთონ — არა დრონით თავდასხმები».
აიზეკსონი წერს, რომ სტარლინკების გათიშვის შემდეგ მან ტელეფონით აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანთან, გენერალ მარკ მაილისთან და აშშ-ში რუსეთის ელჩთან ისაუბრა.
პარალელურად, უკრაინის ვიცე პრემიერი, მიხაოლო ფედოროვი ილონ მასკს სთხოვდა, კომუნიკაციის საშუალება აღედგინა წყალქვეშა დრონებისთვის.
მასკმა ამაზე უარი თქვა, ვინაიდან «უკვე ყველაფერი ძალიან შორს წავიდა და რომ ეს სტრატეგიულ დამარცხებას გამოიწვევდა».
უკრაინაში სტარლინკის მუშაობისთვის ფულს აშშ-ის ხელისუფლება იხდიდა.
ილონ მასკზე გაბრაზებულია Space X-ის დირექტორი, გვენ შოთველი.
«აშშ-ის ხელისუფლება მზად იყო, $145-მილიონიანი ჩეკი გადმოეცა. მაგრამ ილონმა ტვიტერზე დაწერილ სისულელეებს და პენტაგონის მოძულეებს დაუჯერა». — თქვა მან, აიზეკსონის წიგნის თანახმად.
თუმცა, ისევ წიგნის თანახმად, SpaceX-მა საბოლოოდ შეძლო შეთანხმების მიღწევა აშშ-სა და ევროპული ქვეყნების მთავრობებთან, რათა უკრაინას 100,000 ახალი სატელიტური თეფში გადაეცეს. ეს 2023 წლის დასაწყისში მოხდა».