ილონ მასკი სამი წლის შემდეგ ჩინეთში პირველად ჩავიდა
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ჩინეთში იმყოფება. ეს ქვეყანაში ბოლო სამი წლის მანძილზე ბიზნესმენის პირველი ვიზიტია.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი ჩინეთში იმყოფება. ეს ქვეყანაში ბოლო სამი წლის მანძილზე ბიზნესმენის პირველი ვიზიტია.
მასკი ბეიჯინგში 30 მაისს ჩავიდა და სავარაუდოდ, შანხაიში Tesla-ს უზარმაზარ საწარმოო ქარხანასაც ეწვევა.
მულტიმილიარდერი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ქინ განგს ქვეყანაში ჩასვლიდან რამდენიმე საათში შეხვდა.
მასკს მოგზაურობის შესახებ საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ვიზიტს უფრო საინტერესოს აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობა ხდის.
მან მოგზაურობის გეგმებზე რაიმე კომენტარის გაკეთებაზეც უარი განაცხადა — ჟურნალისტმა კითხვა მაშინ დაუსვა, როდესაც მასკი ბეიჯინგში სასტუმროს ტოვებდა.
ილონ მასკი ჩინეთის ინდუსტრიის მინისტრს, ჯინ ჟუანლონგს შეხვდა და ელექტრო მანქანების განვითარებაზე ისაუბრა.
30 მაისს გავრცელებულ განცხადებაში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მასკი მზად არის ქვეყანაში ავტომობილების მწარმოებლის ბიზნესი გააფართოვოს, ჩინეთი აშშ-ის შემდეგ Tesla-ს უდიდესი ბაზარია.
Tesla-ს კომენტარი არ გაუკეთებია. ასევე, მასკიც გამორჩეულად მშვიდი იყო Twitter-ზე, სადაც მას 141 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
მულტიმილიარდელი თავისი გაუთავებელი ტვიტებით არის განთქმული. თუმცა, ჩინეთში ჩასვლის შემდეგ მისგან გამომწერებს არაფერი სმენიათ.
სოციალური მედიის პლატფორმა ჩინეთში აკრძალულია, მაგრამ მასზე წვდომა VPN-ების ან ვირტუალური პირადი ქსელების საშუალებით შესაძლებელია.
მასკი აშშ-ის უკანასკნელი მაღალი დონის აღმასრულებელია, რომელიც ჩინეთში გაემგზავრა. ქვეყანაში JP Morgan-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმი დიმონიც იმყოფება, ხოლო Apple-ის ბოსი, ტიმ კუკი ჩინეთს მარტში ეწვია.
საინვესტიციო კომპანიის, Wedbush Securities-ის წარმომადგენელმა, დენ აივსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, Tesla რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
2019 წლის იანვარში Tesla-მ შანხაიში ე.წ. გიგაქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც აშშ-ის გარეთ კომპანიის პირველი საწარმოო ქარხანა იყო.
თუმცა, პანდემია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის შანხაის ფინანსურ, საწარმოო და გადაზიდვის კერაში, მუშაობას სულ უფრო ართულებდა.
გასულ წელს მასკმა თქვა, რომ კარანტინი Tesla-სთვის რთული გადასატანი აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ წარმოების უმეტესი ნაწილი რამდენიმე კვირით შეაჩერა.
გასულ თვეში კომპანიამ განაცხადა, რომ ჩინეთში ახალი ქარხნის აშენებას აპირებს, სადაც ფართომასშტაბიან Megapack ელემენტებს დაამზადებს.
ბაზრის კვლევის კომპანიის, JATO-ს მიხედვით, ჩინეთი Tesla-ს Model Y-ის მწარმოებელი უმსხვილესი ბაზარი გახდა.
JATO-ს მონაცემები გვიჩვენებს, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ჩინეთში 94000-ზე მეტი Model Y ავტომობილი გაიყიდა, რაც აშშ-სა და ევროპის მაჩვენებელს საგრძნობლად უსწრებს.
ბოლო წლების განმავლობაში, ელექტრომობილების ბაზარზე Tesla-ს ლიდერობას ეჭვქვეშ აყენებენ მანქანების მწარმოებელი ისეთი გიგანტები, როგორიცაა Ford და General Motors-ს. ასევე ახალბედები — ჩინეთის BYD და Nio.