გური ქოიავა: რუსული კანონით, ის ყველაფერი, რაც მუშაობს, შეიძლება წყალში ჩაიყაროს
საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი აქსელის დამფუძნებელი გური ქოიავა რუსულ რესპრესიულ კანონს ევროკავშირისგან ინვესტიციების დაკარგვის პერსპექტივად ხედავს.
საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი აქსელის დამფუძნებელი გური ქოიავა რუსულ რესპრესიულ კანონს ევროკავშირისგან ინვესტიციების დაკარგვის პერსპექტივად ხედავს.
საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი აქსელის დამფუძნებელი გური ქოიავა რუსულ რესპრესიულ კანონს ევროკავშირისგან ინვესტიციების დაკარგვის პერსპექტივად ხედავს.
«აქსელი წარმოადგენს საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელს, სადაც ვაერთიანებთ ბევრ ქართველ და უცხოელ ინვესტორს, რომლებიც ახდენენ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებას. აქსელი არის იბანის წევრი, რომელიც არის ევროპული ბიზნეს ანგელოზი ქსელების გაერთიანება.
შესაბამისად, ნებისმიერ სფეროზე, მათ შორის IT და ტექნოლოგიურ სფეროზე, რომელიც ძალიანაა დამოკიდებული ევროპულ მხარდაჭერაზე, გრანტებზე, ნებისმიერ ფინანსურ მხარდაჭერაზე, ექნებათ ძალიან დიდი ნეგატიური გავლენა — როგორც ჩვენნაირ ქსელებზე, ისე, თუნდაც, ევროპის გადმოსახედიდან სამომავლოდ. საქართველო ჯერჯერობით ისედაც არ არის დიდად მიმზიდველი ინვესტირებისთვის და ამის შემდეგ კიდევ უფრო შემცირდება ეს არეალი. რეალურად ის ყველაფერი, რაც მუშაობს, შეიძლება წყალში ჩაიყაროს.
ჩვენ აქსელის გუნდი, დამფუძნებლებიც, ადმინისტრაციული გუნდიც წლებია, ამ ეკოსისტემაში ვართ. მისი გაძლიერებისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა მოდის ევროპიდან, რაც ბუნებრივია, საქართველოში რთულად მოძიებადია ფინანსური თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენნაირი და სხვა სტარტაპ ორგანიზაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გრანტები მოდის ევროპიდან, რომლებიც ახალისებს ამ ეკოსისტემის განვითარებას, რაც პირდაპირპროპორციულია იმის, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება და ძლიერდება. მათ შორის, მსოფლიო ბანკის დაფინანსება, ევროკავშირის არაერთი პროექტი არის ინოვაციებზე და ტექნოლოგიებზე მიმართული, მეცნიერების განვითარებაზე, კომერციალიზაციაზე და მთლიანობაში ამ ყველაფერს ხელს შეუშლის, შეაფერხებს და პროცესებს თავდაყირა დააყენებს». — თქვა გური ქოიავამ.
საქართველოს ხელისუფლება და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ჯგუფი გეგმავს, დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც «უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებს» ეხება.
ე.წ ხალხის ძალის კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაიწყო, არსით რუსული და რეპრესიულია. დოკუმენტის თანახმად, უცხო ქვეყნის აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები და სხვა იურიდიული პირები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის «წყარო უცხოური ძალაა».
ამ ვერსიის თანახმად, ყველა ზემოთჩამოთვლილი სუბიექტი საჯარო რეესტრში თავად უნდა დარეგისტრირდეს აგენტად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» მოიწონა და თავადაც დაარეგისტრირა მისი გაუარესებული ვარიანტი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და პატიმრობას ითვალისწინებს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
კანონპროექტის გაუარესებულ ვერსიაში უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს და არ არის დიპლომატი, კონსული, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი. კანონი არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას «კეთილსინდისიერად» ეწევა. თუმცა, არ ვიცით, კანონპროექტის ავტორები როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ «კეთილსინდისიერ» საქმიანობას.
ქართველმა მეწარმეებმა და სტარტაპერებმა რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს.
მასში მითითებულია, რომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მმართველი პარტიის და «ქართული ოცნებიდან» ფორმალურად გასული დეპუტატების ამ ინიციატივის კანონად ქცევას.
მათი თქმით, კანონი საქართველოს განვითარების შესაძლებლობას ართმევს და პარტნიორებისადმი მტრულ დამოკიდებულებას ავლენს.