ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებასოციალური მედია
5 სექტემბერი 2023, 10:19
2023-09-05
ღირს თუ არა Facebook-ის ლურჯი ნიშნის ყიდვა — ქართველი მომხმარებლების გამოცდილება
2023 წლის მარტში Meta-მ ფეისბუქისა და ინსტაგრამის მომხმარებლებს ფასიანი ვერიფიკაცია შესთავაზა. ზაფხულში სერვისი საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდა. თვეში $11.99-ად ვებზე და $14.99-ად მობილურზე მომხმარებლებს შეუძლიათ, თავიანთ პროფილებს დამაჯერებლობა და დაცულობა შემატონ.
ლურჯი ნიშნის მიღებას ვერიფიკაცია და ვინაობის პირადობის მოწმობით დადასტურება სჭირდება. ბენეფიტები კი, Meta-ს თანახმად, გაზრდილი აუდიტორია, ყალბი ანგარიშების შექმნისგან დაცვა და მომხმარებლის მხარდაჭერასთან პირდაპირი და სწრაფი წვდომაა.
ლურჯი ნიშანი ფეისბუქის აქტიურმა ქართველმა მომხმარებლებმაც შეიძინეს. ჩვენ რამდენიმე მათგანს მათი გამოცდილებების შესახებ ვკითხეთ. შეფასებები არაერთგვაროვანია.
სოციალური ქსელების გავლენა ჩვენს ცხოვრებაში დღითი დღე იზრდება. ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ინფორმაციის მიღების და გაცემის საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, ამას დადებითთან ერთად, უარყოფითი მხარეებიც აქვს. ზღვა ინფორმაციის ფონზე ძალიან ძნელია, გამიჯნო, რა არის ნამდვილი და რა — ყალბი.
სანამ ლურჯს ნიშანს ავიღებდი, მეც მყავდა დახარისხებული ადამიანები — ვის გამოქვეყნებულ ინფორმაციას ვენდობოდი და ვისას — არა. ეს ვრცელდებოდა ყველა საკითხზე, საკვები ობიექტის, ბრენდის დახასიათება თუ სხვა.
სოციალური ქსელების ძალიან აქტიური მომხმარებელი ვარ. ძალიან მიყვარს სხვებისთვის იმ ინფორმაციის გაზიარება, რასაც მე ვფლობ. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებში ვიწვევდე ნდობას და არ ვასოცირდებოდე ყალბ ამბავთან ან თუნდაც ბრენდის ყალბ ქებასთან.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე, ლურჯი ნიშანი ამეღო, სწორედ სანდოობის გაზრდაა.
მეორე მიზეზი ის არის, რომ ლურჯი ნიშანი საშუალებას გაძლევს, შენი სათქმელი გაცილებით დიდ აუდიტორიამდე მიიტანო. გამოქვეყნებული პოსტები პრიორიტეტული ხდება და გაცილებით მეტ ადამიანს აქვს მასზე წვდომა.
ჩემთვის საინტერესოა სხვა ადამიანების მოსაზრებები. ჩემი პოსტები ხშირად არის კითხვა-პასუხის რეჟიმში. მე მართლა გულწრფელად მაინტერესებს მათი აზრი სხვადასხვა საკითხზე, შეიძლება ვიმსჯელოთ რომელიმე ფილმზე, წიგნზე და ა.შ
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩემ მიერ დასმული კითხვა დიდ აუდიტორიამდე მისულიყო, ბევრ ადამიანს ენახა და გაეცა პასუხი.
ამიტომ, ლურჯი ნიშანი ასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც შევიძინე და ვაპირებ, მის მომხმარებლად დავრჩე.
ვმუშაობ ერთ-ერთი ორგანიზაციის კომერციულ შესყიდვებში. ჩემს საქმიანობაში დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემს ფეისბუქ ანგარიშს. ჩემი ამჟამინდელი დამსაქმებელი ფეისბუქიდან მიცნობდა, ჰქონდა დადებითო წარმოდგენა ჩემ შესახებ. მან მე ეს პოზიცია მანდო. ასევე, როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, მყავდეს კონტრაქტორი და მქონდეს მასთან მოლაპარაკება, ყოველთვის ვიძიებ სოციალურ ქსელში, რა შეფასებებია მომხმარებლების მხრიდან, რა პოსტებია მათ შესახებ დაწერილი, მაინტერესებს, როგორი დამსაქმებლები არიან, როგორ უდგებიან თანამშრომლების უფლებებს და სხვა.
სანამ ლურჯი ნიშნის აღება შესაძლებელი გახდებოდა, საზოგადოება 2 ნაწილად იყო გაყოფილი, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში: იყვნენ ინფლუენსერები, რომლებიც ამა თუ იმ პროდუქტს, კომპანიას ან მომსახურებას რეკლამას უკეთებდნენ და ჩვეულებრივი მომხმარებლები.
ინფლუენსერებმა საკუთარი თავი ამოწურეს, იმიტომ, რომ ზედმეტად დიდი კომერციალიზაცია მოხდა მათი და მათმა სიტყვამ სანდოობა მეტ-ნაკლებად დაკარგა.
სამაგიეროდ, ვენდობოდით სხვა მომხმარებლებს აზრს, რომლებიც უბრალოდ აქტიურები იყვნენ — მათ რევიუებს ვეყრდნობოდით და მათი ნათქვამი აღმოჩნდებოდა ხოლმე უფრო მართალი.
ჩემს სანაცნობოში ხშირად ვაწყდები, რომ მათი ანგარიშების ფეიკ ასლები კეთდება, მათი სახელით წერენ სხვა ადამიანებს, სთხოვენ ფულს და ა.შ. ლურჯი ნიშანი არის თავის დაცვის საშუალებაც, იმიტომ, რომ ნაკლებია შანსი, შენი ყალბი ანგარიში გააკეთონ, ნაკლებია რისკი, შენი ნაცნობები პროვოკაციაზე წამოეგონ და თაღლითებს ჩაურიცხონ ფული, ასევე, ხშირად არის, როცა ფეისბუქ საფორთთან გვაქვს გარკვეული სახის კითხვა. ყოფილა, მქონია კუთხვა და დრო დამჭირვებია პასუხის მიღებამდე. ლურჯი ნიშნის შემთხვევაში პირველი შენ გიპასუხებს.
ამიტომ, ლურჯი ნიშნის მოხმარებას გავაგრძელებ.
ალექსანდრე ჩომახიძე, ციფრული მარკეტერი
დიდი ხანია, ლურჯი ნიშანი მინდა. 2 წლის განმავლობაში ყოველ თვე ვაგზავნიდი მოთხოვნას უფასო ლურჯ ნიშანზე. თვე-ნახევრის წინ დასტური მომივიდა და მომანიჭეს კიდეც.
მაგრამ, უფასოსთან ერთად, ფასიანი ვარიანტის ჩართვაც შემეძლო.
უფასო ვერსია არაფერს გთავაზობდა, იყო მხოლოდ ლურჯი ნიშანი, სხვა ფუნქციონალი არ ჰქონდა. ამიტომ, გადავწყვიტე, ფასიანიც მიმემატებინა და გამომეცადა.
ფასიანს კარგი ის აქვს, რომ იდენტიფიცირებული ხარ, შენი ყალბი ანგარიში ვერ შეიქმნება, შენს ფოტოებს ვერ ატვირთავენ, იმიტომ, რომ შენი სახის ყველა ნაწილი 3D-ში თავად აქვთ ატვირთული. მომხმარებლის კარგი მხარდაჭერა აქვს — კონსიერჟ საფორთთან გაქვს კავშირი და თუ რამე პრობლემა გაქვს, უფრო მარტივად გიგვარებენ.
არის ასევე ანალიტიკის გარკვეული ინსტრუმენტები, რომელიც გეხმარება, მეტი დაინახო, თუ კრეატორი ხარ.
მაგრამ უმრავლესობამ, ვინც ჩემ გარშემო ლურჯი ნიშანი შეიძინა, საერთოდ არ იციან ამ ბენეფიტების შესახებ, არც გადაუმოწმებიათ, უბრალოდ უნდოდათ, ლამაზი ნიშანი ჰქონოდათ.
თუ ფეისბუქ გვერდებს არ მართავ, ამაში ფულის გადახდა უმიზნო ხარჯი იქნება.
მე ძალიან ვფრთხილობ ინტერნეტში, რამე ისეთს არ დავაჭირო, შემთხვევით ვირუსი არ ავიკიდო ჩემს კომპიუტერში ან პროფილზე. მაგრამ რამდენიმე კვირის წინ ისეთი ლამაზი ფეიკი მომოვიდა, კინაღამ მოვტყუვდი და პრობლემა შემექმნა. ამიტომ, ჩემთვის ეს ხარჯი ფუჭი არ იქნება.
დავით ბირმანი, მარკეტერი, ბიზნეს კონსულტანტი
ფეისბუქზე დიდი ხანია, ვარ — 2007 ან 2008 წლიდან და როცა რამე სიახლე გამოდის, ვცდილობ, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამას გამოცდის. ლურჯი ნიშნის შეძენის ძირითადი მიზეზიც სიახლის გამოცდა იყო.
თუმცა, ამ ლურჯი ნიშნის ქონის აზრი ვერ გავიგე.
ადრე ვერიფიცირებული პროფილები, ერთი მხრივ, ნიშანი იყო, რომ პროფილი ნამდვილად იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც სახელით და გვარით არის წარმოდგენილი და რომ ეს არის საინტერესო პროფილი.
გარდა ამისა, საზოგადოებაში ამან ნეგატიური განწყობა შეიძინა, იმიტომ, რომ ვერანაირი სხვა დანიშნულება ვერ იპოვეს, გარდა იმისა, რომ ვიღაცა «პწიჩკით მარიაჟობდა».
ამიტომ, ლურჯ-ნიშნიანმა პროფილმა აზრი დაკარგა, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავება ჩანს — შეგიძლია, გაარჩიო, რომელია ნაყიდი და რომელი — ორგანულად ვერიფიცირებული.
რაც შეეხება ბენეფიტებს, რომელიც ითქვა — რომ ნაკლებ რეკლამას ნახავ ან შენს პოსტებს მეტი პრიორიტეტი ექნება — ერთი თვის განმავლობაში არანაირი განსხვავება არ ყოფილა.
ფუნქციონალურად არავითარი სიკეთე არ მოუტანია.
ერთადერთი, მეგობარს ვურჩიე, რომ ფეისბუქის საფორთთან დაკავშირებისთვის შეეძინა — ვთქვათ, პროფილს აქვს რამე პრობლემა, ამ სერვისის ყიდვა გეხმარება მაღალი რანგის საფორთთან მიმოწერაში.
მაგრამ აქაც — 2 შემთხვევა იყო, ერთ შემთხვევაში გაამართლა, მეორე შემთხვევაში — არა. ძალიან ზედაპირული ოპერატორი შეგვხვდა. ამიტომ, ეს ბენეფიტიც საკამათოა.
მაგალითად, ტელეგრამსაც აქვს ფასიანი გამოწერის ფუნქცია. იქაც ეფემერული ბენეფიტებია, მაგრამ ისინი გეუბნებიან, რომ ამ თანხის გადახდით ტელეგრამის დეველოპერებს ეხმარები.
როცა საქმე ფეისბუქს ეხება — ამხელა კომპანიაა, მსოფლიო ლიდერი, გაუგებარია — თუ ეს არის დონაცია, მეცოდინებოდა, რომ დონაციაში ვმონაწილეობ. მაგრამ არ მიესადაგება მსოფლიო ტოპ კომპანიას არაფერში ფულის გამორთმევა — მხოლოდ იმაში, რომ «პწიჩკა». გქონდეს დასმული, თანხას გართმევს.
ფულს იხდიდი მხოლოდ იმაში, რომ შენს პროფილს დეკორაცია ჰქონდეს. მე აზრი ვერ დავინახე. ცხადია, არ ვიყიდი. სრული უაზრობაა.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.