ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
7 სექტემბერი 2023, 09:30
2023-09-07
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
Ernie ბოტს მეცნიერების შესახებ საკამათო შეხედულებები აქვს. ჩინეთის მთავარი ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩათბოტი, რომელიც 31 აგვისტოს გამოვიდა, მიიჩნევს, რომ covid-19 ამერიკელ მომხმარებლებს შორის 2019 წლის ივლისში გავრცელდა (მიზეზად ვეიპის მოხმარებას ასახელებს), ხოლო იმავე წლის ბოლოს ვირუსი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ამერიკული კიბორჩხალების მეშვეობით შევიდა. პოლიტიკურ საკითხებში, ჩათბოტი პირიქით, საკმაოდ მშვიდია. თუმცა, იბნევა ისეთ კითხვებზე, როგორიცაა «ვინ არის ჩინეთის პრეზიდენტი?». მას შეუძლია სი ძინპინის დედის სახელი გითხრათ, მაგრამ მისი და-ძმის სახელს ვერ გეტყვით. არაფერს პასუხობს, თუკი მას სოციალიზმის ნაკლოვანებებზე ეკითხებიან. ის ხშირად მგრძნობიარე კითხვებს არიდებს თავს ფრაზით «მოდით სხვა რამეზე ვისაუბროთ».
Ernie-ის თავშეკავება ჩინელი მომხმარებლებისთვის, რომლებიც ძლიერ ცენზურას კარგად იცნობენ, შოკისმომგვრელი არ იქნება. ისინი შეიძლება ხელოვნური ინტელექტის წარმომავლობით უფრო გაკვირვებულნი იყვნენ. Ernie ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, Baidu-ს იდეაა, რომელიც წლების განმავლობაში კონკურენტებს ერთი ნაბიჯით უსწრებდა. ახლა, AI-ის წყალობით, კომპანია ბაზარზე აქტიურად ბრუნდება. მისი წარმატების ხარისხი ბევრს იტყვის ჩინური ტექნოლოგიების პერსპექტივაზე, რომლებიც, როგორც ამერიკის ექსპორტის კონტროლით, ასევე ბატონი Xi-ს მზარდი ავტორიტარიზმით შემცირებულია.
ათი წლის წინ Baidu, რომელიც ჩინეთის უდიდეს საძიებო სისტემას მართავს, ქვეყნის ინტერნეტის ცენტრში იყო. მან ჩინეთის ორ ყველაზე ძვირადღირებულ ინტერნეტ ბიზნესთან, Alibaba-სა და Tencent-თან ერთად, ტრიუმვირატი ჩამოაყალიბა, რომელიც ცნობილია როგორც «ღამურა» (BAT). უცხოური საძიებო სისტემების აკრძალვის და ჩინეთში ძლიერი ცენზურის გამო, მას კონკურენციასთან გამკლავება თითქმის არ უწევდა.
Baidu-ს ამ ბიზნესში დომინაცია არასდროს დაუკარგავს; ის ჩინეთის საძიებო ტრაფიკის 90%-ზე მეტით კვლავ სარგებლობს. მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიური ლანდშაფტის ცვლილებებმა კომპანიას საკუთარი მეობა დაუკარგა. ჩინელი ინტერნეტ მომხმარებელთა უმეტესობა ახლა ინტერნეტს ისეთი სუპერ აპების მეშვეობით უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითად, Tencent-ის WeChat,. ყურადღება ისეთმა კომპანიებმა მიიქცია, როგორებიცაა TikTok-ის ჩინელი «ბიძაშვილი» Douyin, მიწოდების პლატფორმა Meituan და ელექტრონული კომერციის კომპანია Pinduoduo. ამ უკანასკნელმა Baidu-ს ღირებულებას, 50 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ემულაციის მცდელობისას, კომპანიამ მიწოდებისა და შოპინგის საკუთარი გადაწყვეტილებები წამოიწყო სხვა ისეთ სერვისებთან ერთად, როგორიცაა გადახდები და სოციალური მედია. იდეამ არ გაამართლა. Baidu-ს საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა Tencent-ის მერვედის ეკვივალენტურია მაშინ, როცა ხუთი წლის წინ მეხუთედი იყო.
თუმცა, Baidu-ს მიერ AI-ის გამოყენება კომპანიის მიმართ ძველ აღფრთოვანებას აბრუნებს. გამოშვებიდან 19 საათის განმავლობაში Ernie მილიონმა ადამიანმა გადმოწერა (Open AI-ის მიხედვით, Chatgpt-მ 1 მილიონ ჩამოტვირთვას ხუთი დღის შემდეგ მიაღწია,). გამოშვების დღეს Baidu-ს აქციები 4%-ზე მეტით გაიზარდა, რადგან ანალიტიკოსები, ინვესტორები და ჩვეულებრივი ხალხი ბოტს კითხვებით ბომბავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ოთხმა სხვა კომპანიამ, მათ შორის სახის ამოცნობის ბიზნესმა SenseTime-მა მსგავსი სერვისები იმავე დღეს დაიწყო, ხოლო ექვსმა სხვა კომპანიამ ჩინეთის მთავრობისგან ბიზნესის დაწყების დასტური მიიღო, Ernie მაინც ყველაზე დიდ აღტაცებას იწვევს.
გასულ თვეში Baidu-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა, რობინ ლიმ განაცხადა, რომ AI-ის გავრცელება კომპანიისთვის «მიმართულების ცვლა» იყო. თუმცა, ეს ერთ ღამეში არ მომხდარა. მრავალწლიანმა ინვესტიციებმა Baidu ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ AI კომპანიად აქცია — სისტემით, რომელიც ჩიპების დიზაინს, ღრმა სწავლის ჩარჩოს, საკუთრების მოდელებსა და აპლიკაციებს მოიცავს. კომპანიამ Ernie-ის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო, რაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ადრეული ექსპერიმენტია.
ჯერჯერობით Baidu თავს არიდებს იმაზე საუბარს, თუ რას ნიშნავს ეს ტექნოლოგია კომპანიისთვის, მაგრამ ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Ernie რეკლამებით კომპანიის შემოსავლებს გაზრდის. ყველაფერთან ერთად, Baidu ჩინეთის AI ღრუბლის უმსხვილეს პროვაიდერად ითვლება.
Baidu-ს AI-ში შეჭრის სხვა გზებიც აქვს. ავტონომიური ტაქსის ბიზნესი, რომელიც ჯერ ფართოდ ცნობილი არ არის. სერვისი ჩინეთის რამდენიმე ქალაქში ამოქმედდა. მაგრამ მოგზაურობები ჯერ კიდევ მონიტორინგის ქვეშ არის და უფრო ფართო გავრცელებას შეიძლება წლები დასჭირდეს. რამდენიმე ანალიტიკოსი ელის, რომ კომპანია მალე მნიშვნელოვან მოგებას გამოიმუშავებს.
Baidu-ს მომავლის დიდი ნაწილი პეკინსა და ვაშინგტონს შორის არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ბაიდენის ადმინისტრაციის შეზღუდვები, რომელიც ჩინეთში მოწინავე ჩიპების გაყიდვას კრძალავს, კომპანიას დიდ დარტყმას აყენებს. თითქმის ყველა ის ჩიპი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მშენებელთა უმეტესობა მოდელების მოსამზადებლად იყენებს, ჩინეთის ფარგლებს გარეთ არის წარმოებული. უფრო დიდი რაოდენობის დაბალი სიმძლავრის ჩიპების გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ძვირი ჯდება.
Baidu-ს შემთხვევაში, ყველაფერი Kunlunxin-ის ჩიპზეა აგებული. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ჩიპი თავად დააპროექტა, წარმოება TSMC-ის გადაეცემა. აშშ-ის აკრძალვები ჩიპების იმ ტიპებს ზღუდავს, რომელთა მიყიდვაც უცხოურ ქარხნებს ჩინური კომპანიებისთვის შეუძლიათ. ამასთან, ასეთი მოწინავე კომპონენტების წარმოება არც ერთ ადგილობრივ მომწოდებელს არ შეუძლია. მას შემდეგ, რაც ამერიკის შეზღუდვები გამოცხადდა, Baidu ამცირებდა Kunlunxins-ის მნიშვნელობას, რაც შეიძლება მიანიშნებდეს, რომ მას მათ შესყიდვასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.
ჩინეთის მთავრობა AI-ის რეგულირებით დაინტერესდა. ეს პროცესი ჩინეთში უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამას ქვეყნის ტექნოლოგიურ აღმასრულებლებს შორის დიდი შეშფოთება ჯერ კიდევ არ გამოუწვევია. მარეგულირებლები AI-ის კომერციულ ღირებულებას აღიარებენ და სურთ, კომპანიებმა ფული გამოიმუშაონ.
ბოლოდროინდელმა გამოცდილებამ ჩინეთის ტექნოლოგიური მენეჯერებისთვის ცხადყო, რომ ისინი მთავრობის სიამოვნებისთვის მუშაობენ, კეთილგანწყობა კი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. 2020-დან 2022 წლამდე უამრავი ინტერნეტ კომპანია მარეგულირებლის მხრიდან შეტევის მსხვერპლი გახდა. ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს კომპანიებს, რომლებმაც ტექნოლოგიაში ინვესტიცია განახორციელეს. კომპანია თავს რთულ გარემოში გამოცდის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვუყუროთ, რას ამბობს Ernie — და რას არა.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT